შინაარსზე გადასვლა

ჰატერიის სამარხი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰატერიას ბიუსტი

ჰატერიის სამარხი (იტალ. tomba degli Haterii) — რომაული სამგლოვიარო ძეგლი, აშენებული ახ. წ.100 წელს, ვია ლაბიკანასთან ახლოს, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით. იგი აღმოაჩინეს 1848 წელს და  ცნობილია მრავალი ნამუშევრით, განსაკუთრებით ინტერიერის რელიეფებით.

სამარხში განისვენებს ჰატერია, წარმართთა მოძღვარი ქალი, და მისი მეუღლე კვინტუს ჰატერიუსი, რომელიც იმ პერიოდის რომში ცნობილი და პატივსაცემი არქიტექტორი იყო. ზოგიერთი ძეგლი მისი ავტორობით სწორედ სამარხის კედლის რელიეფებზეა ამოტვიფრული. ყველაზე დიდი რელიეფი გამოსახავს დაკრძალვის სცენას, რომლის შუაგულშიც წევს გარდაცვლილი ჰატერია. საფლავში ნაპოვნი წარწერების მიხედვით, წყვილს ოთხ შვილი და საკმაოდ ძლიერი საგვარეულო ჰყავდა.

სამარხი ჰატერიას შთამომავლებმა აღადგინეს რომის რესპუბლიკური პერიოდის ბოლოს. უკვე აღდგენილი ნაგებობა მეცნიერებმა აღმოაჩინეს 1848 წელს და ნაწილობრივ, მხოლოდ ზედაპირულად გათხარეს, ამოღებული ქანდაკებები და სხვა ანტიკური ნამუშევრები კი ვატიკანის მუზეუმებში გამოფინეს. ამის შემდეგ სამარხის ადგილმდებარეობა დავიწყებას მიეცა 1970 წლამდე, როდესაც დამატებითი გათხრების შემდეგ აღმოაჩინეს საფლავის მიწისქვეშა ფენა.

კვინტუს ჰატერიუსი

ჰატერიუსი რომაელი პლებეების გვარი იყო. დღემდე შემონახული წარწერის მიხედვით, სამარხში სწორედ ამ გვარის წარმომადგენლები განისვენებენ: კვინტუს ჰატერიუსი, ცნობილი არქიტექტორი და მისი მეუღლე, ჰატერია. წარწერა მიუთითებს იმაზეც, რომ ჰატერია ქორწინებამდე იყო მონა, ხოლო კვინტუსი მისი ყოფილი მფლობელი, რომელმაც ქალი ცოლად მოყვანის მიზნით გაათავისუფლა. ჰატერიას ასევე ჰელიფსის სახელით მოიხსენიებდნენ.

კედელზე ამოტვიფრული წარწერები ასევე გვიამბობენ კვინტუს ჰატერიუს რუფინუსსა და კვინტუს ჰატერიუს ანიცეტუსსზე, კვინტუსის ვაჟებზე, და ქორწინებამდე გარდაცვლილ ორ ქალიშვილზე, ჰატერია მაგნაზე და ჰატერია კვინტილაზე. ოთხივე ბავშვის სახელი დიდი სიფრთხილითაა ამოტვიფრული. ეს სტილი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი დაიბადნენ თავისუფალ მოქალაქეებად, შესაბამისად, ჰატერიას გათავისუფლების შემდეგ. წყვილს შეეძინა მეხუთე შვილიც, მაგრამ მან მხოლოდ ხუთი წელი იცოცხლა.

იტალიელი არქეოლოგი, ფილიპო კოარელი ამტკიცებდა, რომ რამდენიმე რელიეფი ხოტბას ასხამს კვინტუსის არქიტექტურულ ნიჭსა და მის აგებულ გრანდიოზულ ძეგლებს.

დეკორი და რელიეფები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამარხის გეგმა

საფლავი მძიმედ დაზიანებული იყო, როცა ხელახლა აღმოაჩინეს.[1]წარსულში ის ტაძრის ფორმის, ორსართულიან მავზოლეუმს წარმოადგენდა, რომელსაც მეორე სართულზე ასასვლელად კიბეც ჰქონდა[2].

ნაგებობა შემკული იყო სხვადასხვა მარმარილოს რელიეფითა და მასზე ამოტვიფრული წარწერებით. 1970 წელს აღმოჩენილი მიწისქვეშა სართული შედგებოდა 3,5 × 3,5 მ [3] ზომის ნახევრად ჩაღრმავებული ორი ოთახისგან.  ორივე მათგანს ჰქონდა მარმარილოს იატაკსი, იმავე მასალით მოპირკეთებული კედლები და გრანდიოზული ქანდაკებები. სამარხს მგლოვიარეებმა ბაღიც კი გაუშენეს, ცენტრში განთავსებული ძროხის ქანდაკებით. აქ ასევე იყო საკურთხეველი, რომელიც ეძღვნებოდა რომაულ ქვესკნელის ღმერთს.[4]

არქეოლოგებმა ორივე სართული გამოიკვლიეს, თუმცა ვერ მიაგნეს სარკოფაგის ნატეხსაც კი. ეს მოწმობს იმაზე, რომ ოჯახის წევრებმა გარდაცვლილები კრემაციის შემდეგ, წარმართული ტრადიციით დაასაფლავეს.[5]

სამარხში იპოვეს მერკურის, ცერესის, პერსეფონესა და პლუტონის ბიუსტებიც, ვენერას მთლიან ქანდაკებასთან ერთად. მეცნიერების აზრით, ვენერა თავად ჰატერიას სიმბოლური გამოსახულება იყო. ვენერას გვერდით, კედელზე, ამოტვიფრულია პერსეფონეს თემატიკის მეორე რელიეფი, მისი გატაცებისა და ქვესკნელში ჩაყვანის სცენა. ეს შესაძლოა ჰატერიას ქალიშვილების სიკვდილის სიმბოლიზმად მივიჩნიოთ.

ხუთი ნაგებობა

ერთ-ერთი რელიეფი წარმოადგენს წაგრძელებულ, მართკუთხა დაფას, რომელზეც ხუთი ნაგებობაა გამოსახული. ერთი თაღის გამონაკლისით, ყველას ქვეშ წარწერებია გაკეთებული. ეს შენობები სწორედ ის არქიტექტურული ძეგლებია, რაზეც კვინტუს ჰატერიუსი მუშაობდა[6]:

სამარხის მშენებლობის რელიეფი

კიდევ ერთი ნამუშევარი ასახავს ნეკროპოლისის მშენებლობას[7], რომლის ზემოთაც, ზეცაში, უკვე სამოთხეში მყოფი, გარდაცვლილი მამაკაცია დაჩოქილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ რელიეფზე გამოსახული ნეკროპოლისი უფრო დიდია, ვიდრე ჰატერიების სამარხი და მისი დეკორი არ ემთხვევა სამარხში აღმოჩენილს, მკვლევარების აზრით, ის სწორედ ჰატერიის სამარხის „ამაღლებული, დახვეწილი ხედვაა“. რელიეფი აგრეთვე არის მტკიცებულება იმისა, რომ ჰატერიების საგვარეულომ სიმდიდრე არქიტექტორობით მოიხვეჭა[8].

სხვა გამოსახულებები, რომლებიც სამარხში აღმოაჩინეს, არის:

  • ვაზა ზღვის პეიზაჟის დეკორით
  • პატარა სვეტები, ერთი ვაზის ყლორტებითა და ყურძნის  ორნამენტებით, მეორე შემკული ვარდებითა და ჩიტებით.
  • რელიეფი ყურძნის მჭამელი ხარების გამოსახულებით.
  • დიდი შადრევნის ნახატი, სავსე თევზებით, სანაპიროს ფრინველებითა და დელფინებით.  ვარაუდობენ, რომ ეს გამოსახულება წარმოადგენს სულიერ გამობრწყინებას, რაც ელოდება გარდაცვლილის სულს სასუფეველში.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Trimble 2018, p. 330.
  2. Borg 2019, p. 253.
  3. Trimble 2018, p. 332.
  4. Mayer 2012, p. 133.
  5. Trimble 2018, pp. 330–331.
  6. Lancaster 2005, p. 19.
  7. Trimble 2018, p. 338.
  8. Stambaugh 1988, p. 155.