ჰასან შაჰიდ სუჰრავარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰასან შაჰიდ სუჰრავარდი

ბენგ. হাসান শহীদ সোহরাওয়ার্দী
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი 1890
გარდაცვალების თარიღი 5 მარტი 1965 (74 წლის)
განათლება კალკუტის უნივერსიტეტი
ოქსფორდის უნივერსიტეტი
საქმიანობა მწერალი, პოეტი
მშობლები მამა: ზაჰიდ სუჰრავარდი
ნათესავები ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი (ძმა)

ჰასან  შაჰიდ სუჰრავარდი (ინგლ. Shahid Suhrawardy დ. 24 ოქტომბერი, 1890, კალკუტა — გ. 1965 კარაჩი) — პაკისტანელი პოეტი, ისტორიკოსი, ლექტორი, დიპლომატი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასან რაშიდ სუჰრავარდი დაიბადა კალკუტაში მუსლიმურ ოჯახში. მისი მამა გახლდათ კალკუტის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჰასანის უფროსი ძმა, ჰუსეინ სუჰრავარდი  —  შემდგომში პაკისტანის პრემიერ მინისტრი. ჰასანი სწავლობდა კალკუტის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ სწავლა განაგრძო ოქსფორდის უნივერსიტეტში. იქ ეუფლებოდა სამართალს, უცხო ენებს და კულტურის ისტორიას. 1916 წელს ჩავიდა რუსეთში რუსული ენის ცოდნის გასაღრმავებლად. ეწვია პეტროგრადს, კიევს, ყირიმს და 1917 წლის ბოლოს მოსკოვში აღმოჩნდა.[2][3]

მუშაობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც იყო დირექტორთა საბჭოს წევრი. ის ასწავლიდა ინგლისურ ენას მოსკოვის უნივერსიტეტში და ქალთა უმაღლეს კურსებზე. იგი ცნობილი იყო მოსკოვის ლიტერატურულ და თეატრალურ წრეებში. 1918 წელს თანამშრომლობდა სოციალისტურ-რევოლუციურ გაზეთ „ვოზროჟდენიესთან“.

ჰასან შაჰიდი დაავადებული იყო ტიფით.

1920 წელს მივლინებით ეწვია საქართველოს. მან საბჭოთა რუსეთი კონსტანტინოპოლის გავლით დატოვა. ცხოვრობდა პრაღაში, სადაც თანამშრომლობდა ე.წ. მოსკოვის სამხატვრო თეატრის "პრაღის ჯგუფთან“, 1924 წელს იგი დასახლდა პარიზში, რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა პროფესორ-არქეოლოგ ა.კალიტინსკის და მისი მეუღლის, მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობის მ .გერმანოვას ბინაში. მუშაობდა ერთა ლიგის ხელოვნების განყოფილებაში. 1928 წლიდან გახლდათ საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის  პარიზის რუსული მასონთა ლოჟის „ჩრდილოეთის ვარსკვლავის“ წევრი.

1932 წელს ინდოეთის სუბკონტინენტზე დაბრუნების შემდეგ, ჰაიდარაბადის ოსმანიას უნივერსიტეტის დავალებით დაწერა წიგნი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების  ისლამური ხელოვნების შესახებ.  ვიშვა ბჰარატის უნივერსიტეტში რაბინდრანათ თაგორის მოწვევით იკვლევდა ირანის ხელოვნებას იკვლევდა შანტინიკეტანში, როგორც ნიზამის პროფესორი. იგი თანამშრომლობდა გაზეთ The Statesman -თან, როგორც ხელოვნების კრიტიკოსი. მისი დამსახურებით  ბენგალელი მხატვრის ჯამინი როის ნამუშევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.[4]

სუჰრავარდი 1943-46 წლებში  ბენგალის საჯარო სამსახურის კომისიის შემადგენლობაში შედიოდა. 1947 წელს პაკისტანის შექმნის შემდეგ ის 1948 წლის ბოლოს ყარაჩიში გაემგზავრა. 1952 წლამდე იყო პაკისტანის ფედერალური საჯარო სამსახურის კომისიის წევრი. 1952 წლიდან ორი წლის განმავლობაში გახლდათ კოლუმბიის უნივერსიტეტის აღმოსავლური ხელოვნების მოწვეული ლექტორი. იმ დროს პარიზში იუნესკოს ახალი სასახლე აშენდა და საერთაშორისო ხელოვნების ისტორიკოსებისგან  ჩამოყალიბდა სპეციალური შერჩევის  კომიტეტი. კომიტეტი დაკომპლექტდა საერთაშორისო ხელოვნებათმცოდნეებისგან. მათ საქმიანობას წარმოადგენდა ნახატების შერჩევა,  რომლებიც დაამშვენებდნენ ახალ სასახლეს. სუჰრევარდი ამ კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდა.[5]

ჰასან შაჰიდ სუჰრავარდი ასევე გახლდათ დიპლომატი. 1954 წლიდან იყო პაკისტანის ელჩი ესპანეთში, მაროკოში, ტუნისსა და ვატიკანში. ის ძალიან ახლოს იყო ჯავაჰარლალ ნერუსა და სუდჰინდრანათ დატასთან. თავისუფლად ფლობდა  მრავალ უცხო ენას:  მათ შორის კანტონურს, არამეულს, ბერძნულს, იტალიურს, ესპანურს, ფრანგულს, რუსულს.

სუჰრავარდი პენსიაზე გავიდა 1959 წელს, დაბრუნდა პაკისტანში. მას აღარ მიუღია აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.[6]

ჰასან სუჰრავარდი იყო  მწერალთა გილდიის საერთაშორისო ასოციაციის ფილიალის პაკისტანის PEN კლუბის დამფუძნებელი პრეზიდენტი. მისი ანთოლოგია სახელწოდებით „ნარკვევები მისი ნაწარმოების შესახებ ლექსებში“ გამოიცა 1962 წელს დაკაში. მასში შედიოდა ლექსები, რომლებიც ავტორმა დაწერა ოქსფორდში ყოფნის დროს და ნაწარმოებები, რომლებიც გამოქვეყნდა სხვადასხვა ინგლისურ და ამერიკულ ლიტერატურულ ჟურნალებში. მისი ლექსები გამოხატავს ევროპის სხვადასხვა ავანგარდული პოეტური მოძრაობის სულისკვეთებას. თავად წიგნი დაყოფილია სამ ნაწილად: „ახალი ლექსები“, „ადრეული ლექსები“ და „მოხუცის სიმღერები“.

ჰასან შაჰიდ სუჰრავარდი გარდაიცვალა 1965 წლის 3 მარტს კარაჩიში.[7]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The Unforgettable Suhrawardys of Bengal". The Daily Star. 9 November 2020. Retrieved 1 February 2021.
  2. "Hasan Shahid Suhrawardy".[მკვდარი ბმული] www.open.ac.uk. Retrieved 16 September 2021.
  3. 175th Year Commemoration Volume. Scottish Church College. April 2008. p. 592. OCLC 243677369. H. S. Suhrawardy (Art Critic, Professor of Art and Sculpture)
  4. "Hasan Shahid Suhrawardy; Philip Arnold Heseltine (Peter Warlock); D.H. Lawrence - National Portrait Gallery". www.npg.org.uk. Retrieved 1 February 2021.
  5. Lawrence, D. H. (21 May 1987). Women in Love. Cambridge University Press. p. 586. ISBN 978-0-521-28041-9.
  6. Roy, Tathagata (25 June 2014). The Life and Times of Shyama Prasad Mookerjee. Prabhat Prakashan. ISBN 9789350488812. Retrieved 29 August 2019.
  7. Mussulman Culture. 1934.