ჰარიკა დრონავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარიკა დრონავალი

ჰარიკა დრონავალი. 2016 წელი
ქვეყანა (სპორტი) ინდოეთის დროშა ინდოეთი
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1991 (1991-01-12) (33 წლის)
დაბადების ადგილი გუნტური,ანდჰრა-პრადეში, ინდოეთი
წოდება დიდოსტატი (2011)
ფიდე რეიტინგი 2515 (მარტი 2021) [1]
მაქსიმალური რეიტინგი 2543 (ნოემბერი 2016)
ჯილდოები და პრემიები არჯუნას პრემია და Padma Shri in sports

ჰარიკა დრონავალი (ინგლ. Harika Dronavalli; დ. 12 იანვარი, 1991, გუნტური, ანდჰრა-პრადეში, ინდოეთი) — ინდოელი მოჭადრაკე. დიდოსტატი. ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამჯერ იყო ნახევარფინალში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარიკამ ჭადრაკის თამაში ბავშვობიდან ისწავლა და 9 წლამდელებში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე 10 წლამდელ გოგონებში მეორე ადგილი დაიკავა და მომზადება მწვრთნელ NVS Ramaraju-თან დაიწყო, რომელმაც უფრო დაუხვეწა თამაში და 2011-ში გახდა მეორე ინდოელი ქალი, ვინც დიდოსტატის წოდება მიიღო.[2] ვერცხლის მედლებს დაეუფლა 2001 წელს, 12 წლამდელ გოგონებში აზიისა და მსოფლიოს პირველობებზე. მომდევნო წელს 12 წლამდელ გოგონებში ჯერ მსოფლიოზე აიღო ბრინჯაო, შემდეგ აზიისაზე ოქრო. იმავე წელს აზიის 18 წლამდელ გოგონებში მოსინჯა ძალები და ჩემპიონიც გახდა. 2003-ში აზიის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლი მოიგო, ქალებში საერთაშორისო ოსტატის წოდებაც მიიღო და აზიის კონტინენტზე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ვისაც ეს პატივი ხვდა წილად. აზიის ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე ინდოეთის ნაკრების შემადგენლობაში მეოთხე დაფაზე გამოვიდა და ინდივიდუალური ოქროც აიღო, ნაკრები კი მესამეზე გავიდა. 2004-ში ერთა თანამეგობრობის ჩემპიონატზე, 18 წლამდელ გოგონებში იჩემპიონა, ხოლო აზიის 18 წლამდელ მანდილოსნებში ვერცხლს დასჯერდა. იმავე წელს მსოფლიოს 14 წლამდელ გოგონებშიც გამოვიდა, პირველი ადგილი მოიპოვა და აზიის კონტინენზე ყველაზე ახალგაზრდა ქალი დიდოსტატი გახდა. ორი ოქრო მოიგო 2006-ში, ჯერ ბათუმში 18 წლამდელ გოგონებში მსოფლიოზე, ხოლო შემდეგ ერთა თანამეგობრობაზე. 2008-ში მანდილოსანთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა[3] და ინდოეთის ნაკრებთან ერთად პირველ დაფაზე აზიის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლი აიღო. 2011 წელს აზიის ქალთა ჩემპიონი გახდა[4] და დიდოსტატის წოდება მიიღო.

ინდოეთის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის ქალთა ნაკრებში 2003 წლიდან ასპარეზობს და ძირითადად პირველ ან მეორე დაფაზე თამაშობს. 2004-დან ყველა ქალთა ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა, თუმც მედლები არ მოუპოვებია. მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, ისიც ინდივიდუალური, 2011 და 2015 წლებში. აზიის ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე კი ნაკრების შემადგენლობაში 6 მედალი აქვს აღებული, 4 ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ასევე 5-ჯერ ინდივიდუალურადაც იყოჩაღა, სამი ოქრო და 2 ვერცხლი აიღო.

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელისტაში მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი პირველივე ეტაპზე დაასრულა. იგი 43-ე ნომრად იყო განთესილი და ლიტველ ვიკტორია ჩმილიტესთან დამარცხდა 0:2.

2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნალჩიკშიც 27-ე ნომრად იყო განთესილი და ორი ეტაპი გადალახა. ჯერ რუს ვერა ნებოლსინას სძლია 2:0, შემდეგ უკრაინელი ანა მუზიჩუკი 2,5:1,5 და მესამეში სომეხ ლილიტ მკრტჩიანთან დამარცხდა 0,5:1,5.

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხედფინალამდე მივიდა ანთაქიაში და სადაც მეცხრე ნომერი იყო. პირველ ეტაპზე თანამემამულე ნაგიდ კრუტიკა დაამარცხა 1,5:0,5, შემდეგ რუსი ტატიანა შადრინა 2:0, უკრაინელი მარია მუზიჩუკი 4:3 და ჩინელ რუან ლუფეისთან დამარცხდა 1,5:2,5.

2017 წელი თეირანი. მესამე ადგილი ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარფინალამდე მივიდა ხანტი-მანსიისკში, სადაც მეთორმეტე ნომერი იყო. პირველი სამი მეტოქე ერთნაირი ანგარიშებით 1,5:0,5 ჩამოიცილა: თანამემამულე სოუმია სვამინათანი, სომეხი ელინა დანელიანი და ქართველი ლელა ჯავახიშვილი. მეოთხეში ჩინელი ჟაო ქსიუ დაამარცხა 2,5:1,5 და ნახევარფინალში ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვასთან დამარცხდა 0,5:1,5.

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეთორმეტე ნომერი იყო სოჭში და კვლავ ნახევარფინალამდე მივიდა. პირველი ეტაპზე აშშ-ის სახელით მოთამაშე ტატევ აბრამიანი დაამარცხა 2:0, მეორეში ირინა კრუში 2,5:1,5, მესამეში რუსი ალეკსანდრა კოსტენიუკი 2,5:1,5, მეოთხეში ქართველი მერი არაბიძე 1,5:0,5 და ბოლოს უკრაინელ მარია მუზიჩუკთან დამარცხდა 2,5:3,5.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეირანში მეოთხე ნომერი იყო ისევ ერთი ნაბიჯი დააკლდა ფინალამდე[5]. პირველ ეტაპზე ბანგლადეშელი აკტერ ლიზა შამინა დაამარცხა 2,5:1,5, შემდეგ ყაზახი დინარა სუდაუაკასოვა 2,5:1,5, ქართველი სოფიკო გურამიშვილი3,5:2,5, ნანა ძაგნიძე 2,5:1,5 და ნახევარფინალში ჩინელ თან ჟონგთან დამარცხდა 4:5.

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანტი-მანსიისკში მეთორმეტე ნომრად მოთამაშემ ორი ეტაპის გადალახვა შესძლო. საწყის ეტაპზე ქართველები სოფიკო გურამიშვილი და ბელა ხოტენაშვილი დაამარცხა ერთნაირი ანგარიშით 2,5:1,5 და მესამეში რუს ალეკსანდრა კოსტენიუკთან დამარცხდა 2,5:3,5.

ფიდეს ქალთა გრან-პრის სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიდეს ქალთა გრან-პრის 2013-2014 წლების სერიაში ექვსი ეტაპიდან ოთხში გამოვიდა, და საბოლოო შემაჯამებელ ცხრილში, 24 მონაწილეს შორის, მერვე ადგილზე გავიდა. 2015-2016 წლების გათამაშებაშიც ხუთი ტურნირიდან სამში იასპარეზა,აქედან ერთიც მოიგო, თუმც ეს არ იყო საკმარისი და 21 ქალს შორის მე-5 ადგილს დასჯერდა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის საკლუბო თასზე სხვადასხვა კლუბებში გამოდიოდა. 2008 წელს „სარატოვის“ შემადგენლობაში ინდივიდუალური ოქრო მოიგო, „ერევნის მიკას“ შემადგენლობაში კი ერთი ვერცხლი, 2 გუნდური ბრინჯაო და ერთიც ინდივიდუალური ვერცხლი. 2017 წელს „ნონა ბათუმის“ შემადგენლობაში გუნდური ოქრო მოიგო.

ორდენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Arjuna Award - 2007-2008 წლებში მაღალი სპორტული მიღწევებისთვის
Padma Shri - 2019 სპორტის განვითარებაში დიდი წვრილის შეტანისთვის[6]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს ცოლად გაჰყვა კარტეკ ჩანდას[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. FRL March 2021.
  2. [2]. 82nd FIDE Congress 2011, Krakow, 15-22 October, POL.
  3. [3]. NEW WORLD JUNIOR CHAMPIONS: ABHIJEET GUPTA AND HARIKA DRONAVALLI.
  4. [4]. Asian Individual Women Chess Championship 2011.
  5. [5]. World Women’s Chess Championship: Harika Dronavalli won bronze and shockingly, India didn't even cheer.
  6. [6] დაარქივებული 2021-12-19 საიტზე Wayback Machine. . Here is the complete list of Padma awardees 2019.
  7. [7]. Harika Dronavalli's Wonderful Wedding.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]