შინაარსზე გადასვლა

ჰარაკირი (1962 წლის ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჰარაკირი“
რეჟისორი მასაკი კობაიაში
პროდიუსერი ტაცუო ჰოსოია
სცენარის ავტორი შინობუ ჰაშიმოტო
მუსიკა ტორო ტაკემიცუ
სტუდია Shochiku[1]
დისტრიბუტორი Shochiku
გამოსვლის თარიღი 16 სექტემბერი, 1962 (1962-09-16)
ხანგრძლივობა 134 წთ
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ენა იაპონური

ჰარაკირი (切腹; Seppuku[2]) — 1962 წლის იაპონური ფილმი, რომლის რეჟისორია მასაკი კობაიაში. მასში მოქმედება ვითარდება 1619-1630 წლებში, ედოს პერიოდში, ტოკუგავას დინასტიის მმართველობის დროს. მთავარი პერსონაჟია რონინი ჰანშირო ცუგუმო,[3] რომელიც ადგილობრივი ფეოდალის მამულში სეპუკუს განხორციელების ნებართვას ითხოვს. ფილმი დღემდე იმსახურებს კრიტიკულ აღიარებას და ხშირად სამურაების შესახებ გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ეკრანიზაციად მიიჩნევა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში მოქმედება ტოკიოში, 1630 წელს ვითარდება. რონინი ცუგუმო ჰანშირო ერთ-ერთი კლანის მამულს ეწვევა, სადაც სეპუკუს განხორციელება სურს. იმისათვის, რომ სამურაის განზრახვაზე ხელი ააღებინოს, სეიტო კაგეიუ, მემამულის მთავარი მრჩეველი, მას სხვა რონინის, ჩიჯივა მოტომეს ამბავს უყვება, რომელიც იმავე კლანის წევრი იყო, რომლისაც ჰანშირო.

სამსახიობო შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ტაცუია ნაკადაი — ტუგუმო ჰანშირო (津雲 半四郎)
  • რენდარო მიკუნი — საიტო კაგეიუ (斎藤 勘解由)
  • აკირა იშიჰამა — ჩიჯიივა მოტომე (千々岩 求女)
  • შიმა ივაშიტა — ცუგუმო მიშო (津雲 美保)
  • ტეცურო ტამბა — ომოდაკა ჰიკოკურო (沢潟 彦九郎)
ფილმის რეჟისორი მასაკი კობაიაში

როცა რეჟისორს, მასაკი კობაიაშის, „ჰარაკირის“ თემატიკის შესახებ ჰკითხეს, მან აღნიშნა, რომ ყოველთვის გამოხატავდა წინააღმდეგობას ავტორიტეტების მიმართ და თქვა: „ყველა ჩემი ფილმი ძალაუფლებასთან დაპირისპირების შესახებაა. ეს უკანასკნელი და რასაკვირველია, ამბოხიც, სწორედ ის თემებია, რომლებსაც „ჰარაკირი“ ეძღვნება.“[4]

ოდი ელიზაბეტ ბოკის აზრით, „ჰარაკირი“ შემდეგ თემებს წარმოაჩენს: „[სეპუკუს პრაქტიკის] მოთხოვნის არაადამიანურობა მათთვის, ვინც ნებაყოფლობით ემორჩილებიან მას და თვალთქმაცობა იმ ადამიანებისა, რომლებმაც დანერგეს ეს პრაქტიკა.“[5] მისი თქმით, ფილმის მიზანი არა სეპუკუს პრაქტიკასთან დაპირისპირება, არამედ ისეთი შემთხვევის წარმოჩენაა, როცა აღნიშნული პრაქტიკა სადამსჯელო და თვალთმაქცურ გარემოში ხორციელდება. ასეთ გარემოში სეპუკუ შესაძლოა სულაც არ იყოს დანაშაულისა თუ შეცდომის ჭეშმარიტი გამოსყიდვის საშუალება, მასთან დაკავშირებული ღირსებისა და გაბედულების ცნებები კი შესაძლოა იყოს მხოლოდ ყალბი ნიღაბი, რომელსაც გმირი რეპუტაციის შესანარჩუნებლად ეფარება.

ცარიელი ჯავშანი, რომელიც მაყურებელი ფილმის დასაწყისში ხედავს, ლის კლანის წარსული დიდების სიმბოლოა, რომელსაც მისი წევრები პატივისცემით ეპყრობიან. მიუხედავად ამისა, კლანის წარმომადგენელი სამურაები სილაჩრეს ავლენენ ცუგუმოსთან ბრძოლაში, ეს უკანასკნელი ცდილობს ჯავშარი ფარად გამოიყოს, შემდეგ კი მას მიწაზე ამსხვრევს. კობაიაში ამ ეპიზოდით ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კლასის სამხედრო სიმდიდრის სიმბოლო ცარიელი აღმოჩნდება.[6]

ფილმში წარმოჩენილია სამურაის ღირსების ატრიბუტების, ხანჯლის და ვარცხნილობის, მნიშვნელობა, რომელთაც კობაიაში უპირისპირდება. მოტომე აღმოაჩენს, რომ მის ხანჯალს არანაირი სარგებელი არ აქვს მისთვის, თუკი მას არ აქვს საკუთარი ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის საშუალება, ამიტომ იგი ხანჯალს გაყიდის, რათა მიღებული თანხით თავისი ვაჟის მკურნალობის ხარჯები დაფაროს. როცა ცუგუმო მოტომეს სიკვდილში თანამონაწილე სამ ადამიანზე შურს იძებს, იგი მათ მოკვლის ნაცვლად ვარცხნილობებს ჩამოუშლის. იმ დროს, ვარცხნილობის დაკარგვა სამურაისთვის ისევე დამამცირებელი იყო, როგორც ხმლის დაკარგვა და ამგვარ პატივისაყრას სიკვდილი სჯობდა. მიუხედვად ამისა, სამთაგან მხოლოდ ერთი სამურაი მიმართავს ნებაყოფლობით სეპუკუს, დანარჩენ ორს ამის იძულებით გაკეთება მოუწევს. ამ გზით ცუგუმო შურს მოხერხებულად იძიებს: იგი კლანის წევრებს აიძულებს მიმართონ იმ წესებს, რომელთა ერთგულებასაც იჩემებენ და რომელთა საფუძველზეც დასაჯეს მათ მოტომე.[7]

კლანის ყოველდღიური ჩანაწერების წიგნაკი, რომელსაც მაყურებელი ფილმის დასაწყისსა და დასკვნით ნაწილში ხედავს, სიმბოლურად ტყუილებზე აგებულ ისტორიას განასახიარებს. ამ წიგნაკში ცუგუმოს სიკვდილი თვითმკველობადაა გასაღებული, ხოლო მისი მოკლული ადამიანები ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილებად არიან გამოცხადებულნი. ასევე, ცუგუმოს კლანთან დაპირისპირება სრულებით არაა ნახსენები, რათა ამან კლანის ძალაუფლების სტრუქტურის ფასადი არ შეარყიოს.[8]

კობაიაშის მენტორმა, კეისუკე კინოშიტამ, „ჰარაკირი“ ყველა დროის ხუთ საუკეთესო იაპონურ ფილმს შორის დაასახელა.[9]

ცნობილმა კინოკრიტიკოსმა, რობერტ ებერტმა, „ჰარიკირი“ თავისი „დიადი ფილმების“ სიაში შეიტანა. თავის 2012 წლის რეცენზიაში იგი წერს: „ფილმები სამურაების შესახებ, ისევე როგორც ვესტერნები, არ უნდა იყოს აგებული ტიპურ ჟანრულ სიუჟეტებზე და მათი განვრცობა შესაძლებელია ამბავში ეთიკური გამოწვევებისა და ადამიანური ტრაგედიების ჩართვით. მათგან ერთ-ერთი საუკეთესო, „ჰარაკირი“, ასაკში შესულ მოხეტიალე სამურაიზე მოგვითხრობს, რომელიც გავლენიან კლანს უპირისპირდება და მას დილემის წინაშე აყენებს. ბუშიდოს კოდექსის, რომელიც ყველა სამურაის მორალურ ქცევას განსაზღვრას, მკაცრი დაცვით, ცუგუმო კლანის ძლევამოსილ ლიდერს იმგვარ პოზიციაში აყენებს, როცა წმინდა წყლის ლოგიკის კანონებით, იგი სრულიად დაუცველი რჩება თავისიანების წინაშე.“[10]

საიტზე Rotten Tomatoes ფილმს 100%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო საშუალო შეფასება 8.01/10-ია.[11]

„ჰარაკირი“ 1963 წლის კანის კინოფესტივალზე კონკურსის კატეგორიაში წარსდგა. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს პალმის რტოს მოპოვება ვერ შეძლო, ფილმმა ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.[12]

იაპონელმა რეჟისორმა ტაკაში მიიკემ გადაიღო „ჰარაკირის“ რიმეიქი — 3D ფილმი სათაურით „ჰარა-კირი: სამურაის სიკვდილი“, რომლის პრემიერაც 2011 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Galbraith IV 1996, p. 207.
  2. ტერმინების, ჰარაკირის (腹切り) და სეპუკუს (切腹) განმარტებისთვის, იხილეთ ეტიმოლოგია.
  3. John Berra (2012). Japan 2. Intellect Books, გვ. 151–153. ISBN 978-1-84150-551-0. 
  4. Hoaglund, Linda (1994-05-01). „A Conversation with Kobayashi Masaki“. Positions (ინგლისური). 2 (2): 393. doi:10.1215/10679847-2-2-382. ISSN 1067-9847.
  5. Bock, Audie (1985) Japanese film directors. Tokyo: Kodansha International, გვ. 254. ISBN 0-87011-714-9. OCLC 12250480. 
  6. Bock, p. 256
  7. Bock, pp. 257-258
  8. Bock, p. 257
  9. Richie, Donald (2002) A hundred years of Japanese film, 1st, Tokyo: Kodansha International, გვ. 164–165. ISBN 4-7700-2682-X. OCLC 47767410. 
  10. Ebert, Roger (February 23, 2012). „Honor, morality, and ritual suicide“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 30, 2013. ციტირების თარიღი: March 2, 2012.
  11. Harakiri (1962). ციტირების თარიღი: 9 September 2016
  12. Festival de Cannes: Harakiri. festival-cannes.com. ციტირების თარიღი: 2009-02-27