შინაარსზე გადასვლა

ჰანი მოტოკო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონ. 羽仁もと子
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1873(1873-09-08)[1]
დაბადების ადგილი სანოჰეს რაიონი, აომორის პრეფექტურა[1]
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1957(1957-04-07)[2] [1] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰიგასიკურუმე
დასაფლავებულია ძოსიგაიას სასაფლაო
საქმიანობა ჟურნალისტი[3] , გამომცემელი[1] და პედაგოგი[1]
მოქალაქეობა იაპონია
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი მეიძის ქალთა ქრისტიანული სასწავლებელი
მეუღლე იოსეკაძუ ჰანი
შვილ(ებ)ი სეცუკო ჰანი და კეიკო ჰანი

ჰანი მოტოკო (იაპონ. 羽仁 もと子; დ. 8 სექტემბერი,1873 — გ. 7 აპრილი, 1957) — იაპონიის პირველი ქალი ჟურნალისტი.[4]

ყოფილი სამურაის ოჯახში დაბადებული[5] ჰანი, დაბადების სახელით მაცუოკა მოტოკო, აომორის პრეფექტურაში დაიბადა და 1890 წელს მოინათლა ქრისტიანულად. განათლება მიიღო ტოკიოს პირველ უმაღლეს ქალთა სასწავლებელში, შემდეგ კი მეიძის ქალთა ქრისტიანულ სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1892 წელს, ასწავლიდა სკოლაში ჰაჩინოჰესა და მორიოკაში. მისი ქორწინება (1895 წელს) წარუმატებელი აღმოჩნდა და იგი ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქალი ექიმის სახლში მოახლედ მუშაობდა. 1897 წელს შეუერთდა ჰოჩი შინბუნს, სადაც თავდაპირველად რედაქტორად მუშაობდა, შემდეგ კი რეპორტიორი გახდა.[6] 1901 წელს დაქორწინდა თანამშრომელზე, ჰანი იოშიკაძუზე. ერთად დააარსეს ახალი ჟურნალი სახელწოდებით ფუჯინ ნო ტომო („ქალების მეგობარი“) 1908 წელს. ამ ჟურნალის მკითხველთა ასოციაცია დაარსდა 1930 წელს, და 1999 წლის მდგომარეობით კვლავ არსებობდა. 1921 წელს წყვილმა დააარსა ჯიუ გაკუენის გოგონათა კერძო სკოლა. 1928 წელს დაწერა ავტობიოგრაფია სახელწოდებით „საუბარი ჩემს თავზე“.

ჰანი მოტოკო დაიბადა 1873 წლის 8 სექტემბერს, აომორის პრეფექტურაში, იაპონიაში თანამედროვე საჯარო სკოლის სისტემის ჩამოყალიბებიდან ერთი წლის შემდეგ.

ვიკიციტატა
„დასავლეთთან გათანაბრების მიზნით ქვეყნის მოდერნიზაციის მცდელობაში, მეიჯის მთავრობამ განათლება თავის მთავარ პრიორიტეტებს შორის მოიაზრა. საჯარო დაწყებითი განათლება სავალდებულო გახდა 1872 წელს, იაპონიის ისტორიაში პირველად. განათლებაზე ეს აქცენტი კიდევ უფრო გაძლიერდა შემდგომი ტაისიოს პერიოდში (1912–1926), რამაც ქალთა განათლება დაწყებით დონეზე მაღლა უფრო ხელმისაწვდომი გახადა, როგორც ზოგადი რეაქცია მსოფლიო ტენდენციაზე ლიბერალიზმისა და ინტერნაციონალიზმისკენ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში.“

[7]

იგი დაიბადა მდიდარ ოჯახში. აღზარდა ბაბუამ, მაცუოკა ტადატაკამ, რომელიც ყოფილი სამურაი იყო, და მამამ. ჰანი თავისი ოჯახის სხვა ქალებს, ბებიასა და დედას, მიამიტებად მიიჩნევდა, რადგან ისინი უწიგნურები იყვნენ. ჰანი ახლოს იყო მამასთან (რომელიც იურისტი იყო), მაგრამ მშობლები განქორწინდნენ. მამის განშორება მისთვის ძალიან მტკივნეული იყო.[7]

იგი დადიოდა დაწყებით სკოლაში ჰაჩინოჰეში, აომორის პრეფექტურაში. იგი იყო ახალი თაობის ნაწილი, რომელსაც საშუალება ჰქონდა ძირითადი სკოლის მიღმა განათლების გაგრძელებისა. მეიძის მთავრობას (1868–1912) იდეალიზირებული ჰქონდა უფრო ადრეული კონფუციანური იდეალი მამაკაცზე ცენტრირებული საზოგადოებისა. მამაკაცები იღებდნენ განათლებას, რათა გამხდარიყვნენ საზოგადოებისა და საკუთარი ოჯახების ლიდერები. მთავრობის ფილოსოფია ქალების მიმართ გამოხატული იყო ლოზუნგით „კარგი ცოლი, ბრძენი დედა“, რომელიც ხაზს უსვამდა ქალებს, როგორც მზრუნველებსა და მორჩილ ცოლებს. ქალთა განათლება ორიენტირებული იყო „ქალურობასა“ და ქორწინებისთვის მომზადებაზე.[8]

ჰანი ერთობოდა თანაკლასელებთან. ბავშვობაში იგი თავის თავს ბიჭებში მიათვლიდა. 1884 წელს მიიღო აკადემიური წარმატებისთვის ჯილდო, რომელიც გადაეცა განათლების სამინისტროს მიერ. ბაბუასთან ახლო ურთიერთობის წყალობით, მან საშუალება ჰქონდა, ევლო ტოკიოს პირველ უმაღლეს გოგონათა სკოლაში (კოტო ჯოგაკო). იმ დროს იაპონიაში არცერთი კოლეჯი არ იღებდა ქალებს.[9]

ქრისტიანულმა სკოლებმა დაიწყეს კარების გახსნა ქალებისთვის და ჰანიმ შეძლო მეიძის გოგონათა სკოლაში (მეიძი ჯოგაკო) სწავლა. ქრისტიანული სკოლები, იმდროინდელი იაპონური სკოლებისგან განსხვავებით, უწყობდნენ ხელს მოდერნიზაციას და ქალების სოციალური სტატუსის ამაღლებას, ამზადებდნენ მათ საზოგადოებაში ლიდერობის როლებისთვის.[9]

მეიძის გოგონათა სკოლაში (მეიძი ჯოგაკო), ივამოტო იოშიჰარუ, სკოლის პრეზიდენტი და ჟოგაკუ ძაშის (ქალთა ჟურნალი) რედაქტორი, გახდა მისი პირველი მენტორი. ინტერვიუში მან დაარწმუნა, რომ მიეცა სამუშაო ჟურნალში, როგორც რედაქტორისთვის. ჟურნალმა მისთვის მრავალი კარი გახსნა ჟურნალისტური კარიერის თვალსაზრისით.

ჰანი მოტოკომ მეიძის ქალთა სკოლა დაასრულა 1892 წელს.

ჟურნალისტური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალისტობამდე ჰანი მასწავლებელი იყო. იმ დროს მათი უმრავლესობა, ვინც ანაზღაურებადი საქმიანობით იყო დაკავებული, მუშაობდა ტექსტილის ქარხნების ოპერატორად ან შინა მოსამსახურედ. იაპონიაში მასწავლებელთა მხოლოდ 5,9% იყო ქალი. ქალისთვის სწავლება იყო ყველაზე პრესტიჟული და ხელსაყრელი კარიერა.

ჰანის პირველი დიდი წარმატება მოვიდა მალევე, რაც ჰოჩი შინბუნში დაიწყო საქმიანობა, უძღვებოდა გაზეთის სვეტს, სახელწოდებით „ფუჯინ ნო სუგაო" („ცნობილი ქალების პორტრეტები“), რომელშიც იწერებოდა იაპონიის ცნობილი დაქორწინებული ქალების შესახებ. ჰანიმ აიღო ინიციატივა ამ ისტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ არ ევალებოდა. მან ინტერვიუ აიღო ვიკონტ ტანი კანჯოს ცოლის, ლედი ტანისგან, და ამ სტატიამ მყისიერი წარმატება მოუტანა. მკითხველების დადებითი გამოხმაურების შემდეგ, მიკი ძენპაჩიმ, გაზეთის პრეზიდენტმა, დაწინაურა იგი რეპორტიორად. ჰანი გახდა იაპონიის პირველი ქალი ჟურნალისტი 1897 წელს, 24 წლის ასაკში. მისი რეპუტაცია, როგორც რეპორტიორისა, სწრაფად გაიზარდა, რადგან ხშირად უყურადღებო სოციალურ საკითხებს შეეხებოდა, როგორიცაა ბავშვთა მოვლა და ბავშვთა სახლები.[10]

როგორც 1920-იანი წლების ჟურნალისტი, ჰანი მოქმედებდა, როგორც შუამავალი ორ პოლარიზებულ იდეას შორის: ერთი იყო ის, რომ ქალები ყველა თვალსაზრისით თანაბარნი არიან მამაკაცებისა. მეორე შეხედულება იყო ის, რომ ქალები დაბალნი არიან მამაკაცებთან შედარებით. იგი ამტკიცებდა, რომ ქალები თანაბარნი იყვნენ მამაკაცების საოჯახო სფეროში. ჰანიმ პოპულარიზაცია გაუწია დასავლური სტილის „შინამეურნის" სათნოებებს. თანამშრომლობდა ბიუროკრატებთან ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების გამოფენების სპონსორობაში და ასევე წაიკითხა ლექციები. მისი მუშაობა ხაზს უსვამდა ქრისტიანულ იდეალებს, დამოუკიდებლობას, თვითშეფასებასა და პირად თავისუფლებას.

ჰანი იყო რამდენიმე გამოჩენილ ქალ ლიდერი შორის — როგორიცაა იჩიკავა ფუსაე, დოქტორი იოშიოკა, და ტაკეუჩი შიგეიო — რომლებიც მუშაობდნენ მეიძის მთავრობასთან თავიანთ ქვეყანაში ქალების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ბევრი აქტივისტის მსგავსად, ჰანიმ გამოიყენა 1937 წელს ჩინეთთან ომი, როგორც საშუალება სახელმწიფოში იაპონელი ქალების პოზიციის ასამაღლებლად. იგი იყენებდა დასავლურ სამყაროს, როგორც საცნობარო ჩარჩოს.

ვიკიციტატა
„ჰანი მოტოკოს მიმდევრები, რომელთაც მისი ქალიშვილი სეცუკო ხელმძღვანელობდა, ასევე აქტიურად ეხმარებოდნენ საომარი მთავრობას ქალების მოწოდებაში ეკონომიისა და ყოველდღიური ცხოვრების 'რაციონალიზაციისთვის'.“

[10]

ჰანი დაქორწინდა 1892 წელს, მაგრამ ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მისი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი დაქორწინდა იმისთვის, რომ გადაერჩინა კაცი, რომელსაც უყვარდა, ცხოვრების წესისგან, რომელსაც იგი ვულგარულად მიიჩნევდა; დაქორწინდა მასზე, რათა შეეცვალა, მაგრამ ამან არ იმუშავა. განქორწინება საიდუმლოდ დატოვა ოჯახისგან; მშობლების ქორწინების წარუმატებლობის შემდეგ, საკუთარი განქორწინება იყო მეორე ყველაზე მტკივნეული ემოციური კრიზისი მის ცხოვრებაში:

ვიკიციტატა
„„ყოველთვის მეშინოდა, რომ ჩემი ცხოვრების ამ მტკივნეულ ეპიზოდს, რომლისაც დღესაც კი მრცხვენია, შეიძლებოდა საფრთხე შეექმნა ჩემი საჯარო სამსახურის ეფექტურობისთვის. თუმცა ერთი წუთით არ მინანია გადაწყვეტილება, რომ განვთავისუფლდი ემოციის დამონებისგან, რადგან ჩემი ცხოვრება უაზრო გახდა სხვისი ეგოისტური და უღმერთო სიყვარულით".“

[10]

1901 წელს დაქორწინდა თანამშრომელზე, ჰანი იოშიკაძუზე. ერთად დააარსეს ახალი ჟურნალი, სახელწოდებით ფუჯინ ნო ტომო („ქალების მეგობარი“) 1908 წელს. ამ ჟურნალის მკითხველთა ასოციაცია დაარსდა 1930 წელს, რომელიც 1999 წლის მდგომარეობით კვლავ არსებობდა. 1921 წელს წყვილმა დააარსა ჯიუ გაკუენის — გოგონათა კერძო სკოლა.[10]

1928 წელს დაწერა ავტობიოგრაფია სახელწოდებით „საუბარი ჩემს თავზე“.

  • Mulhern, Chieko Irie (1991). Heroic with Grace: Legendary Women of Japan. p. 208. ISBN 0765632659.
  • Uglow, Jennifer S; Hinton, Frances; Hendry, Maggy (1999). The Northeastern Dictionary of Women's Biography. UPNE. p. 246. ISBN 155553421X.
  • Rappaport, Helen (2001). Encyclopedia of Women Social Reformers. Vol. 1. pp. 289–90. ISBN 1576071014.
  • "Hani Motoko (1873–1957)". www.encyclopedia.com. Retrieved 2019-03-15.

Kahn, Winston (Winter 1997). "Hani Motoko and the Education of Japanese Women". The Historian. 59 (2): 391–402.

  • Garon, Sheldon M. (1997). Molding Japanese minds: the state in everyday life. Princeton, N.J.: Princeton University Press. pp. 132, 133, 142, 143.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 http://archive.is/4Q4qM#8%
  2. Find a Grave — 1996.
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #1033524107 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  4. Mulhern, Chieko Irie (1991). Heroic with Grace: Legendary Women of Japan, გვ. 208. ISBN 0765632659. 
  5. Uglow, Jennifer S (1999). The Northeastern Dictionary of Women's Biography. UPNE, გვ. 246. ISBN 155553421X. 
  6. Rappaport, Helen (2001). Encyclopedia of Women Social Reformers, გვ. 289–90. ISBN 1576071014. 
  7. 1 2 Hani Motoko (1873–1957). ციტირების თარიღი: 2019-03-15
  8. Kahn, Winston (Winter 1997). „Hani Motoko and the Education of Japanese Women“. The Historian. 59 (2): 391–402. doi:10.1111/j.1540-6563.1997.tb00998.x.
  9. 1 2 Garon, Sheldon M. (1997). Molding Japanese minds: the state in everyday life. Princeton, N.J.: Princeton University Press, გვ. 132, 133, 142, 143. 
  10. 1 2 3 4 Uglow, Jennifer S (1999). The Northeastern Dictionary of Women's Biography, გვ. 246. ISBN 9781555534219.