შინაარსზე გადასვლა

ჰაკი აძბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჰაკი აძბა“

ავტორი ლეო ქიაჩელი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი ნოველა
ტრაგედია
გამოცემის თარიღი 1933
გვერდი 113

ჰაკი აძბალეო ქიაჩელის ნოველა. პირველად გამოქვეყნდა 1933 წელს. ნაწარმოებში ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი და ტრაგედიაა ასახული.[1]

ნოველა მწერლის Magnum opus-ადაა აღიარებული და ის, როგორც იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი სოციალური რეალიზმის ნიშნებით, ისევე მოდერნისტული ელემენტებით არის სავსე.

ნაწარმოების შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსების აზრით, ნაწარმოებში ორი ერის ფსიქიკა უპირისპირდება ერთმანეთს. ამ შეხედულებამ გაუძლო დროის გამოცდას, ტექსტში მოცემული დრო და გარემო განზოგადდა, პერსონაჟებმა (უჯუში, ჰაკი), ზოგადადამიანური ხასიათი შეიძინეს, ხოლო კუზმა ყოველთვის განზოგადებულ ტიპად ითვლებოდა ქართულ ლიტერატურაში.[2]

ისტორიკოსებისა და ლიტერატორების კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ნოველა რეალურ ფაქტზე დაიწერა. პროტოტიბი ნიკოლოზ ემხუხვარი და სმელ ბადია ყოფილან.

აფხა­ზი ის­ტო­რი­კო­სე­ბის გად­მო­ცე­მით, ემ­ხ­ვა­რი რუს­მა მეზღ­ვა­უ­რებ­მა "დერ­ზ­კი­ზე" მა­შინ­ვე მოკ­ლეს და ზღვა­ში გა­და­აგ­დეს. ეკი­პა­ჟის დი­დი ნა­წი­ლი კო­ვალ­ჩუ­კის სე­ვას­ტო­პოლ­ში წას­ვე­ნე­ბას მო­ითხოვ­და, ამი­ტომ "დერ­ზ­კიმ" კურ­სი სე­ვას­ტო­პო­ლის­კენ აიღო.

კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის მკაც­რი ცენ­ზუ­რის გა­მო მწე­რალ­მა რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბით შეც­ვა­ლა - თა­ვა­დი ნი­კო­ლოზ ემ­ხ­ვა­რი, უჯუშ ემ­ხა გახ­და, ხო­ლო მი­სი ძი­ძიშ­ვი­ლი სმელ ბა­დია - ჰა­კი აძ­ბა. ქარ­თ­ველ­მა მწე­რალ­მა დამ­ხ­მა­რე კრე­ი­სე­რი "და­კი­ა" რე­ვო­ლუ­ცი­ურ კრე­ი­სერ "შმიდ­ტად" მო­ნათ­ლა, რო­მელ­საც "მრის­ხა­ნედ" წო­დე­ბუ­ლი ბოც­მა­ნი კუზ­მა კილ­გა მე­თა­უ­რობ­და.[3]

რამდენიმე ათეული წელია ის საგამოცდო პროგრამაშია შესული. 2007 წელს კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ის შეიყვანა "ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანის" სერიაში.[4]

მოქმედება მიმდინარეობს რევოლუციისდროინდელ სოხუმში, რომელსაც ერთ დღეს ბოლშევიკთა გემი, კრეისერ "შმიდტი" მოადგება. ქალაქის თავი და საბჭო დაშინდება და გადაწყვეტს მათ დახვედრა მოუწყონ. თეთრგვარდიელი ოფიცერი უჯუშ ემხა ერთ-ერთია ქალაქში, რომელსაც მათი ქალაქში შემოსვლა არ აწყობს. ქალაქი დელეგაციას გაგზავნის გემზე, რომლის კაპიტანი კუზმა კილგა, მეტსახელად კუზმა-მრისხანეა. ქალაქში შემოსვლისთანავე ზეიმი იწყება. უჯუშ ემხა შეეცდება, ბოლშევიკებს თავი აარიდოს თუმცა, მას ეკიპაჟის წევრი ვასკა-პირატი დაინახავს და დაედევნება. ორმხრივ სროლაში ემხა მას მოკლავს და ერთ ჯარისკაცს დაჭრის. კაპიტანი კუზმა ტყვედ საბჭოს თავმჯდომარეს, ბექირბი ჩაჩბას აიყვანს და ერთ საათს მისცემს ქალაქს ემხას დასაჭერად და ჩასაბარებლად.

ამ ამბავს მალე უჯუშ ემხას ძუძუმტე ჰაკი აძბა შეიტყობს და მის მოსაძებნად გამოეშურება. ისინი მთაში გახიზვნას დააპირებენ, თუმცა მალევე შეიტყობენ, რომ ხალხმა მძევლად ემხას და ლილი და დედა აიყვანეს. უჯუშ ემხა ჩაბარებას გადაწყვეტს, რასაც მისი ნათესავები გაპროტესტებენ, თუმცა თეთრგვარდიელი გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ჩაბარების დროს ჰაკი აძბა დანაშაულს დაიბრალებს და ქალაქისთავ სამსონ დავანაძეს დაპატიმრებას თხოვს. უჯუშ ემხას ახლობლები არ გაუშვებენ სიმართლის სათქმელად, თუმცა ბოლოს ის დაყვირებას მოასწრებს. საბოლოოდ დავანაძე ორივეს გაუშვებს გემზე.

კუზმა მრისხანე თავის გემბანზე იკითხავს, თუ რომელია დამნაშავე. უმეტესობა უჯუშ ემხაზე მიუთითებს. ჰაკის კი გაათავისუფლებს, თუმცა ემხას ძუძუმტე მაინც არ დანებდება და კაპიტანს ეკიპაჟზე აყვანას თხოვს. დავანაძეს კუზმასთვის ნათქვამი აქვს, რომ ჰაკი უჯუშის გლეხია და ეს ავალდებულებს მისთვის თავის გაწირვას. კაპიტნს აძბა შეეცოდება და გემზე დატოვებს. ჰაკი აძბა ტირილსაც იკადრებს, რომ თავი შეაცოდოს კუზმა-მრისხანეს. მის დაღუპულ ჯარისკაცსაც გამოიტირებს და იმედი მიეცემა, რომ კაპიტანი მის ძუძუმტეს შეიწყალებს.

როდესაც გემი ღია ზღვაში გავა კუზმა მძევალის დახვრეტას ბრძანებს. ჰაკის ბოლო იმედი დაეკარგება და კაპიტანთან მიიჭრება. აძბა გაახსენებს, რომ მის გამო ეკიპაჟის სიაში ჩაეწერა, ძმობა შეფიცა, მებრძოლიც კი გამოიტირა და მან მაინც არ დაინდო მისი ძუძუმტე. კუზმა აძბას გაშვებას ბრძანებს, რომელიც ზღვაში თავის ემხას გადაჰყვება.

  • "უჯუშ ემხა" - მთავარი პერსონაჟი. თეთრგვარდიელი, რომელმაც თავი სოხუმს შეაფარა.
  • "ჰაკი აძბა" - უჯუშ ემხას ძუძუმტე.
  • "კუზმა კილგა" - კუზმა-მრისხანედ წოდებული. კეისერ "შმიდტის" კაპიტანი
  • "სამსონ დავანაძე" - სოხუმის თავი.
  • "ბექირბი ჩაჩბა" - სოხუმის საბჭოს თავმჯდომარე.
  • "კაც აძბა" - ჰაკი აძბას ბიძა.
  • "ლილი" - უჯუშ ემხას და.

პროტოტიპები და რეალური ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, იაკობ ნიკოლაძე (ზის), ვ. რუხაძე, კ. მაყაშვილი

ნოველა "ჰაკი აძბას" მთავარი გმირების პროტოტიპები ნიკოლოზ ემუხვარი (უჯუშ ემხა) და სმელ ბადია (ჰაკი აძბა) აფხაზეთის მკვიდრები იყვნენ, გემს კი რომელიც მოთხრობაში კრეისერი შმიდტის სახელითაა ცნობილი სინამდვილეში დაკია ერქვა. გემი 1918 წლის თებერვალში სურსათისა და მტკნარი წყლის მოსამარაგებლად შემოვიდა სოხუმის პორტში. ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ გასული მეზღვაურები, უეცრად აფხაზთა ასეულის პორუჩიკს, ნიკოლოზ ემუხვარს გადაეყარნენ და ოფიცერს სამხრეების მოხსნა უბრძანეს. ემუხვარმა ბრძანება არ შეასრულა, გაგულისებულმა მატროსებმა თავად დააპირეს ოფიცრისთვის სამხრეების ჩამოგლეჯა, ამის პასუხად კი ემუხვარმა ერთი მატროსი მოკლა, მეორე დაჭრა და მიიმალა (ნიკოლოზ ემუხვარს ფიზიკური ნაკლი ჰქონდა, მარცხენა ხელს ვერ ხმარობდა).

მომხდარმა ქალაქში არეულობა გამოიწვია, სოხუმელმა ბოლშევიკებმა ამით ისარგებლეს და სასწრაფოდ მიტინგი მოაწყვეს. მალე სამხედრო გემის ულტიმატუმიც გახდა ცნობილი, გემი 15 000 მანეთს, ნიკოლოზ ემუხვარის მოძებნას და სოხუმში ხელისუფლების რევოლუციური კომიტეტისთვის გადაცემას ითხოვდა. დაკიამ ულტიმატუმი დატოვა და იმავე დღეს სოხუმიდან გაემგზავრა. მალე სოხუმში ახალი ნაღმოსანი გემი დერზკი გამოჩნდა და დაკიას ულტიმატუმიც შესრულდა. ნიკოლოზ ემუხვარი ძიძიშვილთან, სმელ ბადიასთან ერთად შეიპყრეს დრანდის მახლობლად და გემზე აიყვანეს.ასვლისას ემუხვარმა რევოლვერი იძრო და უნტეროფიცერი კონოვალჩუკი მოკლა, ემუხვარი იქვე გამოასალმეს სიცოცხლეს, უდანაშაულო სმელ ბადია კი დახვრიტეს. ამ ამბის მწერლისეული გადმოცემა კი ადამიანის მთავარ მოვალეობად ერთგულებას სახავს.[5]

ლიტერატურული ანალიზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაპირისპირებული ძალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიაჩელის ნოველაში დრამატულად კვეთენ ერთმანეთს სხვადასხვა სოციალური ძალები, მათი გადაკვეთის შუა გულში კი ორი თავისუფალი პიროვნების ფიგურებია ამოზრდილი.

სოხუმის საზოგადოების და მისი მესვეურების სოციალური პროფილი, ფსიქოლოგია და მორალი მეშჩანურია. მათთვის მთავარია უშფოთველი ცხოვრება, ჩვეული, კმაყოფილი არსებობის მდორე რიტმის შენარჩუნება და ამის გულისთვის ყოველგვარ ძალადობას და დამცირებას შეეგუებიან, ნებისმიერ მორალურ ღირებულებას დათმობენ, სინდისის ქენჯნის გარეშე, უყოყმანოდ გაწირავენ თანამოქალაქეებს. განსაკუთრებით ეს ვაჭრებზე ითქმის, რომლებიც, თავგამოდებით იცავენ თავისი ქონების უსაფრთხოებას. ქალაქის მკვიდრებს შიში სრულიად აღებინებს ხელს ღირსებაზე და მთელ მათ ფარისევლობას ამჟღავნებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პანიკური შიშით შეპყრობილი ხალხი თავისი ზღვარგადასული მლიქვნელობით, უთავმოყვარეობით, კონფორიზმით თვითონვე ახდენს სახიფათო სიტუაციის პროვოცირებას. ამ ხალხის რევოლუციურობით შენიღბული პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ნამდვილი სახე თუნდაც კრეისერზე მათი დამამცირებელი ვიზიტებისას ჩანს, ცდილობენ როგორმე ერთმანეთს დააკისრონ პასუხისმგებლობა, ბოლოს კი პირადი პასუხისმგებლობის სიმძიმეს კოლექტიურ უპასუხისმგებლობაში, ანუ ფაქტობრივად კოლექტიურ უპასუხისმგებლობაში გაურბიან. ნიშანდობლივია, რომ ქალაქის მფრთხალი და თვინიერი მკვიდრები ერთბაშად იქცევიან აგრესიულ, დაუნდობელ ბრბოდ და ნამდვილ ნადირობას მართავენ დევნილზე, ვინც თავისი არაორდინალური – ზნეობრივი საქციელით მათ მყუდროება დაურღვია.[6]

ბოლშევიკი კაპიტანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედარებით ღირსეულად თითქოს არისტოკრატია გამოიყურება (თუ არ ჩავთვლით ბოლშევიკებთან შეტაკებისას უჯუშის მიმტოვებელ მის არისტოკრატ ,,მეგობრებს“), მაგრამ ასე იმის წყალობით არის, რომ არისტოკრატები უფრო ინიღბებიან, არისტოკრატებმა სხვებზე უკეთესად იციან ღირსების იმიტირება. სინამდვილეში კონკრეტული ადამიანები, ამ ადამიანების სიცოცხლე და ბედი არც მათთვის არის მნიშვნელოვანი, მათ მხოლოდ თავიანთი კასტის პრესტიჟი ადარდებთ. უჯუშისადმი მათი დემონსტრაციული თანაგრძნობის და ნუგეშისცემის მიღმა გამოსჭვივის საიმისო მზადყოფნა, რომ გაწირონ იგი. როცა ჰაკის თავგანწირვას იწონებენ, სოხუმელი თავადები ადამიანის ბედისადმი გულგრილობასთან ერთად თვალთახედვის სოციალურ სივიწროვეს ამჟღავნებენ – თვლიან, რომ ბუნებრივი იქნება, თუ გლეხი თავადს სიცოცხლეს შესწირავს. გაქვავებული სოციალური სქემებით, სტერეოტიპებით აზროვნება მათ მოულოდნელად, პარადოქსულად ამსგავსებს თავიანთ მტერს – ბოლშევიკ კაპიტანს.

თავიდან რომანტიკული იდუმალებით მოსილი კაპიტანი თანდათან კნინდება, უჯუშ ემხას საპირისპიროდ, რომელიც თავიდან დაკნინებულია და თანდათან მაღლდება. რომალტიკულ-ჰეროიკული შარავანდედისგან განძარცული კაპიტანი გონებაშეზღუდული ფანატიკოსი აღმოჩნდება, რომელიც პრიმიტიული მოძალადის, ჯალათის უსახურ როლს ირგუნებს. კლასთა ბრძოლის თეორიის, მარქსისტული დოგმების მიღმა ის ვერ ხედავს ცოცხალ ადამიანებს და მათ სიმართლეს, შორდება ჰუმანიზმს და იმასაც, რისთვისაც თითქოს რევოლუცია მოხდა – რევოლუციის დეკლარირებული მიზანი სწორედ ჰაკისნაირი სოციალური წარმომავლობის ადამიანების ქომაგობაა და კაპიტნის იდეური და მორალური კრახია ის, რომ იგი ამგვარი ადამიანის მიმართ სულიერ სიბრმავეს იჩენს. კაპიტანი, რომელიც ჰაკის მონად მიიჩნევს, თვითონ გამოდგება თავისი დოგმების, აგრესიული იმპულსების და ძალაუფლების მოყვარეობის მონა.

ჰაკი აძბას ფენომენი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჰაკი აძბა“ ტრაგიკული ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ხორცშესხმაა ქართულ ლიტერატურაში. ტრაგიკული გმირები – ჰაკი და უჯუში შურიგებლად დაპირისპირებული არიან, ერთი მხრივ, ქალაქის საზოგადოების მეშჩანურ უპრინციპობასთან და კონფორმიზმთან, უღირსობასთან, მეორე მხრივ, ბოლშევიკურ ფანატიზმთან. ამ კონფლიქტში ისინი მორალურად იმარჯვებენ, რადგან აღმოაჩნდებათ ძალა, თავიანთ პრინციპებს მსხვერპლად შეეწირონ. კონფლიქტის შეურიგებლობად, ტრაგიკულობას განაპირობებს ის, რომ ადამიანური სიყვარული, ერთგულება, სიმართლე, ღირსება არც ქალაქის საზოგადოებას და არც ბოლშევიკებს არაფრად უღირთ, ახშობენ ამ ღირებულებებს, ხოლო ადამიანებს, ვის ცხოვრებასაც ეს ღირებულებები წარმართავს, მათი დათმობა არ შეუძლიათ.

ჰაკის დამოკიდებულება უჯუშისადმი, ცხადია, ძიძიშვილობის ტრადიციას ეფუძნება, რომელიც თავადების და გლეხების ურთიერთობას ზნეობრივ ხასიათს აძლევს, მაგრამ ტრადიცია ამ დამოკიდებულების სიმბოლური ფორმა უფროა, მისი შინაარსი კი ჭეშმარიტი ადმიანური სიყვარული და ერთგულებაა, ჭეშმარიტი მეგობრობაა. „გამზრდელში“ და „ჰაკი აძბაში“ გამოსახული ძიძიშვილობის ტრადიციის ღრმა აზრი ის არის, რომ ამქვეყნად ადამიანურ სივარულზე და მეგობრობაზე დიდი ფასეულობა არ არსებობს, რომ ადამიანის ყოფიერების გამართლება მოყვასის თავგამეტებული სიყვარულია.

ჰაკი აძბა უჯუშის სიცოცხლის გადარჩენას ვერ შეძლებს, მაგრამ ის, რასაც იგი აღწევს, არანაკლებ მნიშვნელოვანი და დასეულია – ჰაკი თავისი თავგანწირული ერთგულებით უჯუშს სულიერი ძალით ავსებს და ღირსეულად სიკვდილს შეაძლებინებს. თუ თავიდან ემხა ბოლშევიკებისადმი შიშით გატეხილია და ამ შიშისგან ბოლშევიკი მეზღვაურის მოკვლაც ვერ ათავისუფლებს, ჰაკის გამოჩენის შემდეგ იგი მშვიდი, თავდაჯერებული ხდება და მის მოქმედებას უკვე თანმიმდევრულად წარმართავს საკუთარი ადამიანური ღირსების მკაფიო შეგნება. ჰაკის წყალობით ის კვდება ამაყი, თავისი ჯალათების მიართ მორალური უპირატესობის გრძნობით შინაგანად გამაგრებული.

ჰაკი – უბრალო, ერთი შეხედვით განუვითარებელი გლეხი სულის სიმდიდრით ბევრად აღემატება მათ, ვინც სოციალურად და თითქოს კულტურითაც მასზე მაღლა დგას. ქალაქის მესვეურები საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბიან, ჰაკი კი სხვის პასუხისმგებლობას კისრულობს. ბოლშევიკი კაპიტანისგან განსხვავებით ჰაკის შეუძლია მოწინააღმდეგის თვალით, მისი პოზიციიდან შეხედოს სინამდვილეს. ჰაკი აშკარად უფრო გონიერია უჯუშის ახლობელ თავადებზე, რომლებსაც მათი თანასწორივით, თამამად ესაუბრება (ესეც მოწმობს, რომ კილგას აზრის საწინააღმდეგოდ, ჰაკის არსებაში მონობის ნატამალი არ არის). მით უმეტეს აშკარაა თავადების მიმართ ჰაკის ზნეობრივი უპირატესობა. ჰაკის სულიერ, მორალურ იერთან შედარება ამჟღავნებს ყველა სოციალური ძალის ზნეობრივ სიღარიბეს, რომლებიც ნაწარმოებში არიან წარმოჩენილნი. ასეთი ადამიანის მიერ ცხოვრების უარყოფა და დატოვება ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში სიმართლეს, ღირსებას, სიყვარულს ადგილი აღარ რჩება.

კავშირები სხვა ნაწარმოებებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამჭვირვალეა „ჰაკი აძბას“ კავშირი აკაკი წერეთლის „გამზრდელთან“, მაგრამ გაცილებით უფრო ღრმაა მისი სიახლოვე ვაჟას „სტუმარ-მასპინძელთან“. ამ პოემის მსგავსად ქიაჩელის ნოველაც აგებულია რამდენიმე, შეუჩერებელი დინამიკით და აჩქარებული ტემპით გაშლილ ექსტრემალურ სიტუაციაზე; აქაც მკვეთრია თვითმყოფადი პიროვნებების შეუთავსებლობა ნეგატიურად დახატულ, აგრესიულ მასასთან და ეს სავსებით წარმოაჩენს პიროვნებათა დაურღვეველი სოლიდარობის ფასეულობას; „ჰაკი აძბაში“ და „სტუმარ-მასპინძელში“ ერთნაირია მტრისადმი დამოკიდებულება – მისი სისასტიკე გამოწვეულია იმით, რომ მტერი ფაქტობრივად არაადამიანადაა მიჩნეული და ამიტომ მის მიმართ ყოველგვარი უზნეობის ჩადენა გამართლებულია; მტერთან ურთიერთობა შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ შურისძიების კანონს: როგორც ზვიადაურს სწირავენ ქისტები თავიანთ მკვდარს, ასევე სწირავენ ბოლშევიკები ემხას მოკლულ მეზღვაურს…

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ვართაგავა ი., ლეო ქიაჩელი, თბ., 1966
  2. http://arilimag.ge/თომა-ამირანაშვილი/
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-23.
  4. ლეო ქიაჩელი, “ჰაკი აძბა”. (ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. 2007.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-23.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-04. ციტირების თარიღი: 2021-01-18.