შინაარსზე გადასვლა

ჰაიდარ იბნ კავუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაიდარ იბნ კავუსი (არაბ. الأفشين بن كاوس حيدر‎‎)
ჰაიდარ იბნ კავუსი (არაბ. الأفشين بن كاوس حيدر‎‎)
ჰაიდარ იბნ კავუსი, აქლემზე ამხედრებული, სპილოზე ამხედრებულ ბაბექს სამარაში ახლავს თან. ეს სპარსული მინიატურა შეიქმნა XVI საუკუნის სეფიანთა ირანში, აბუ ალი ბალამის მიერ X საუკუნეში დაწერილი „თარიხნამეს“ ასლის მიხედვით.
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა

დაბადებულიVIII საუკუნე
უსტრუშანა, ტაჯიკეთი
გარდაცვლილი841
სამარა, ერაყი
მამაკავუს იბნ ხარახურუხ
შვილებიუცნობია
პროფესიაგენერალი
რელიგიაზოროასტრიზმი, შემდეგ ისლამი

ჰაიდარ იბნ კავუს ალ-აფშინი (არაბ. الأفشين بن كاوس حيدر‎‎; გ. 841) — აბასიანთა სახალიფოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სამხედრო ლიდერი იყო, სოღდიური წარმოშობის. ის ხალიფა ალ-მუთასიმის ხელმძღვანელობით უზენაესი მთავარსარდალი და უსტრუშანას ვასალი მმართველი იყო. წყაროებში ყველაზე ხშირად „ალ-აფშინის“ ტიტულით ჩნდება.

ალ-აფშინის წარმოშობა დაკავშირებულია უსტრუშანას მმართველ დინასტიასთან, სოღდიის რეგიონში. ის იყო ადგილობრივი მმართველის, კავუსის ვაჟი და მისი მემკვიდრე. ალ-აფშინის ოჯახში, ონომასტიკური მონაცემებით, სხვადასხვა კულტურის გავლენა ჩანდა. მაგალითად, მისი დიდი ბაბუის სახელი — ყარაბუღრა — თურქულ წარმოშობაზე მიუთითებს.[1] ტიტული „აფშინი“ კი სპარსული ენიდან მოდის.[2]

ჰაიდარ იბნ კავუსის აღზევება 822 წელს დაიწყო, როცა ხალიფა ალ-მამუნი უსტრუშანაზე ლაშქრობდა. ჰაიდარმა მხარი დაუჭირა სახალიფოს ჯარს საკუთარი მამისა და ძმების წინააღმდეგ, რის შედეგადაც აბასიანებმა რეგიონზე კონტროლი დაამყარეს. დამარცხების შემდეგ მამამისმა, კავუსმა, აღიარა ხალიფის ძალაუფლება და ისლამი მიიღო.[3]

დაახლოებით 830 წელს ჰაიდარი (ალ-აფშინი) გახდა უსტრუშანას მმართველი, თუმცა ძირითადად ხალიფის კარზე ცხოვრობდა ჯერ ბაღდადში, შემდეგ სამარაში. ამ დროს ის მსახურობდა როგორც სამხედრო მეთაური და გუბერნატორი და წარმატებით ჩაახშო კოპტების აჯანყება ეგვიპტეში 831–833 წლებში.[3]

ალ-აფშინის სამხედრო კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ბაბექის მეთაურობით ხურამიტების აჯანყების ჩახშობა. 835 წელს, ხალიფა ალ-მუთასიმის დავალებით, იგი აზერბაიჯანის გუბერნატორად დაინიშნა აჯანყების ჩახშობის დავალებით. კამპანია გამოირჩეოდა კარგად გააზრებული სტრატეგიით: ღია შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით, ალ-აფშინმა ყურადღება გაამახვილა მტრის მთავარი ციხესიმაგრის, ბაზის ალყაზე. 837 წელს, როცა დამატებითი ჯარი მიიღო, მან დაიწყო გადამწყვეტი შეტევა და 26 აგვისტოს აიღო ციხე. ბაბაექიც მალე დააკავეს. ამ გამარჯვების შემდეგ ალ-აფშინი გაძლიერდა და მის კონტროლში გადავიდა დიდი ტერიტორიები, როგორიცაა სინდჰი, სომხეთი და აზერბაიჯანი.[4]

838 წელს ალ-აფშინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში. აბასიანთა ძალების ჩრდილოეთ ჯგუფის მეთაურობით, მან მონაწილეობა მიიღო ანზენის ბრძოლაში, სადაც იმპერატორ თეოფილეს არმიას დაუპირისპირდა. ბიზანტიელთა საწყისი წარმატების მიუხედავად, ალ-აფშინის თურქული დანაყოფების კონტრშეტევამ ბრძოლის მიმდინარეობა შეცვალა და მტერი უკან დაიხია. შემდგომში მან მონაწილეობა მიიღო ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, ამორიუმის ალყასა და აღებაში, რაც აბასიანთა სამხედრო პოლიტიკის მნიშვნელოვან წარმატებად იქცა.

მიუხედავად სამხედრო მიღწევებისა და სამეფო კარზე მნიშვნელოვანი გავლენისა, ალ-აფშინის პოზიცია შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დაუცველი აღმოჩნდა. მისმა აღზევებამ ხალიფატის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის ვეზირის, იბნ ალ-ზაიატის შიში და შური გამოიწვია. 840 წელს მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც მას სახელმწიფოს მტრებთან, კერძოდ, ბაბექთან, საიდუმლო კავშირებში, ასევე ზოროასტრული შეხედულებების ფარულად შენარჩუნებასა და ირანული ეთნოკულტურული სეპარატიზმის (ალ-ჯამია) გამოვლენაში ადანაშაულებდა.[5]

სასამართლო პროცესი არა მხოლოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკური და იდეოლოგიური ხასიათის იყო, რაც ასახავდა ცენტრალურ მთავრობასა და ირანული წარმოშობის რეგიონულ ელიტებს შორის დაძაბულობას. სასამართლო პროცესის დროს ალ-აფშინმა ნაწილობრივ აღიარა თავისი ერთგულება ირანული კულტურული იდენტობის მიმართ, ეს აღიქვეს როგორც საფრთხე აბასიანთა ერთიანობისთვის. 841 წლის მაის-ივნისში იგი სამარას ციხეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ უსტრუშანამ დაკარგა შედარებითი ავტონომია და შემდგომში სამანიდების სახელმწიფოს ნაწილი გახდა.

  1. Khazar Turkic Ghulâms in Caliphal Service
  2. Vladimir Minorsky. Studies in Caucasian History. 
  3. 1 2 AFŠĪN en-US. ციტირების თარიღი: 2026-04-29
  4. News | The Institute of Ismaili Studies en-GB. ციტირების თარიღი: 2026-04-29
  5. IRANIAN IDENTITY iii. MEDIEVAL ISLAMIC PERIOD en-US. ციტირების თარიღი: 2026-04-29