ჰაიატე სოტომე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაიატე სოტომე
იაპონ. 五月女颯

ჰაიატე სოტომე
დაბ. თარიღი 1991
დაბ. ადგილი უცუნომია, იაპონია
მოქალაქეობა იაპონიის დროშა იაპონია
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორი

ჰაიატე სოტომე (იაპონ. 五月女颯, დ. 1991, უცუნომია, იაპონია) — იაპონელი ფილოლოგი, ქართველოლოგი.

2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში გაიამრთა, ჰაიატე სოტომე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ოფიციალური თარჯიმანი იყო.[1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაიატე სოტომე 1991 წელს დაიბადა ქალაქ უცუნომიაში, ტოკიოდან 100 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში. სოტომე ქალაქის გარეუბაში გაიზარდა. მას მჭიდრო ურთუერთობა ჰქონდა ბუნებასა და ცხოველებთან. როგორ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, სახლში სულ ძაღლი, თევზი, კუ, თუთიყუში და თითქმის ყველა ცხოველი ჰყავდა კატის გარდა.[2][3]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაიატე სოტომემ 2009 წელს ჩააბარა ტოკიოს უცხო ენების კვლევის უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. მოგვიანებით მაგისტრატურაში სასწავლებლად ჩააბარა ტოკიოს უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურის განხრით..[4] არის ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორანტი.[5] მისი სადისერტაციო თემაა: „ქართული თანამედროვე ლიტერატურა — ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა“.[2]

ჰაიატე სოტომე უნივერსიტეტში სწავლისას რუსულ ენასაც სწავლობდა. საქართველომ მას შემდეგ დააინტერესა, რაც ერთ-ერთმა პროფესორმა პირველ კურსელ სტუდენტებს თენგიზ აბულაძის მონაინიება აჩვენა. მეორე კურსზე გადასვლის შემდეგ ჰაიატემ ტოკიოს უნივერსიტეტში მოღვაწე ერთ-ერთ ქართველოლოგთან ყოველკვირეულად ქართული ენის შესწავლა დაიწყო. ენის ერთი წლის განმავლობაში სწავლის შემდეგ ჰაიატე სოტომე 2011 წელს, საქართველოში, ვაკეში, ქართულ ოჯახში დასახლდა.[2][4][5]

ჰაიატე სოტომე პირველ მასწავლებლად იაპონელ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას მიიჩნევს, რომელიც სოტომეს ქართული ენის გრამატიკას ასწავლიდა. მოგვიანებით ენის უკეთესად შესასწავლად ჰაიატე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში სწავლობდა, რომლის ხელმძღვანელიც ელგუჯა ხინთიბიძეა.[4]

ქართველოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჰაიატე სოტომე ქართული ნაწარმოებების კითხვას შეუდგა. პირველად ქართულ ენაზე „ჩხიკვთა ქორწილი“ წაიკითხა, საბაკალავრო დისერტაციის თემად კი ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ აირჩია. სოტომე აღნიშნავს იმასაც, რომ მისმა პედაგოგმა ქართულიდან იაპონურად თარგმნა „ალუდა-ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველის მჭამელი“, მოთხრობებიდან „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და „ჩხიკვთა ქორწილი“, რამაც სოტომეზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.[3] 2018 წელს სოტომემ ერთ სამეცნიერო სიმპოზიუმზე წაიკითხა მოხსენება ვაჟას „გველის მჭამელის“ შესახებ, რამაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამავე წელს ჰაიატე სოტომემ ქართულიდან იაპონურად თარგმნა მცირე ზომის ლექსი, სადაც ეცადა პოეტური რითმა შეენარჩუნებინა.[2]

ტოკიოს უნივერსიტეტი

პირადი ცხოვრება და აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთ ინტერვიუში ჰაიატე სოტომემ კითხვაზე, თუ რომელი რელიგიის მიმდევარია, შემდეგნაირი პასუხი გასცა: „იქ ჩვენთან ბუდიზმის გარდა კიდევ ერთი რელიგიაა, რომელსაც შინტო ან შინტოიზმი ჰქვია. ღვთის გზას ნიშნავს. ჰოდა ისტორიულად ეს ორი რელიგია შეერია ერთმანეთს, ამიტომ, ზოგადად იაპონელებს ეს ორი რელიგია სწამთ“.[6]

პროტესტი ჰესების წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაიატე სოტომე მთავრობის კანცელარიასთან ადგილობრივებთან ერთად სვანეთსა და ჭუბერის თემში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებდა. მისი აზრით ჰესების მშენებლობას სარგებელი მხოლოდ პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და სამშენებლო კომპანიებისთვის მოაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჰაიატე სოტომე ამბობს: „ესე იგი, ჰესების თემაზე ბევრი სათქმელი მაქვს. ახლა დაინტერესებული ვარ ე. წ. პოსტკოლონიური ეკოკრიტიციზმით (postcolonial ecocriticism). ეს ახალი თემაა ლიტერატურათმცოდნეობაზე, მაგრამ ამ თემაზე უკვე გამოიცა ერთი წიგნი, რომელშიც ავტორი ეხება ჰესების თემას თანამედროვე ინდურ ლიტერატურაში. ამის მიხედვით, ჰესების მშენებლობაში „რკინის სამკუთხედია” ჩართული, რომელიცაა პოლიტიკოსთა, ჩინოვნიკთა და სამშენებლო კომპანიათა შორის და ეს სამკუთხედი აშენებს ჰესებს ქვეყნის „განვითარების“ სახელით. ეს კომპანია კი 21-ე საუკუნეში საერთაშორისო კაპიტალისტური კომპანიის სახით ვლინდება და ჩაგრავს ხალხს, რომელიც ადგილთანაა მიმაგრებული თუ მიჯაჭვული, როგორც იძახიან ქართულ მეტყველებაში, „ეს მიწა-წყალი ერთადერთი შემოსავლის გზაა”. ანუ მოკლედ, აქ ჩნდება ერთი სქემა, ადგილობრივი ხალხის ინტერესი ეწინააღმდეგება ცენტრალური პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და საერთაშორისო კაპიტალისტური კომპანიების ინტერესებს. ეს სქემა კი გარკვეული გაგებით „ნეო-კოლონიალიზმად” ითვლება, ვინაიდან საერთაშორისო კაპიტალისტური კომპანიების მაგივრად ადრე კოლონიზატორის ქვეყნის მიზანდასახული კომპანია მუშაობდა, მაგრამ სქემა ერთი და იგივე რჩება. აი, დღევანდელ საქართველოშიც ზუსტად ეს პრობლემები დგას. მე ყურადღებას ვაქცევ არა მარტო სვანეთს, სადაც, თუ არ ვცდები, იტალიური კომპანია ჰესებს აშენებს, არამედ, პანკისსაც, სადაც ჩინური აშენებს და სადაც პოლიცია უკვე ზეწოლას ახდენს ხალხზე. საინტერესოა, ნეტა ვინმე ქართველმა მწერალმა ამ პრობლემას ყურადღება მიაქცია და ლექსი ან რომანი დაწერა? ჯერჯერობით არ გამიგია, თუ არის გამაგებინეთ და სტატიას დავწერ. „ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამის პასუხი!..” ნათქვამია ქართული კოლონიური ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრში, ისე მართლა როდემდის?..“[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]