ჯუჯა (შუახმელეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯუჯა (შუამიწეთი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯუჯა
კჰაზადები, ჰადოდრიმები, ნაუგრიმები
დაარსდა პირველი ეპოქა
დამაარსებელი აულე
ჯუჯათა მამები
მშობლიური სამყარო შუახმელეთი
მოქმედება ერედ ლუინი, მარტოსული მთა, რკინის გორები
ენა კჰუზდული

ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ჯუჯები წარმოადგენენ რასას, რომელიც არდაში ცხოვრობს.

პერსონაჟი ჯუჯები ჩნდებიან წიგნებში „ჰობიტი“, „ბეჭდების მბრძანებელი“, „სილმარილიონი“, „დაუსრულებელი მოთხრობები“ და „შუახმელეთის ისტორია“. „სილმარილიონის“ მიხედვით, ისინი შექმნა ვალა აულემ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აულე მოუთმენლად ელოდა ილუვატარის შვილების გამოღვიძებას და ამ მოუთმენლობისა და ცნობისმოყვარეობისაგან შექმნა საკუთარი რასა. მან ჩაჰბერა მათში მდგრადობის და გამტანობის სული, ასევე გამოკვეთა მათი ხასიათი თავის ცოდნასა და ინტერესებზე დაყრდნობით. მართალია, ილუვატარმა არ დართო ნება აულეს, რომ არდაში პირველნი გამოღვიძებულიყვნენ მისი შვილები, მაგრამ მან დალოცა პირველი შვიდი უხუცესი ჯუჯა და დაპირდა აულეს, რომ ერუს შვილების შემდეგ, არდაში მათი გამოღვიძების ჯერიც დადგებოდა.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუჯები ბელერიანდში დასავლეთიდან შემოვიდნენ, ცისფერი მთების გავლით. ამით მათ დატოვეს პირველი კვალი ისტორიაში და ელფებმა ისინი თავის ქრონიკებში ჩაამატეს. დიდი ხნით ადრე შვიდ უხუცეს ჯუჯათაგან მთავარმა - დურინ უკვდავმა, დააარსა "კჰაზად-დუმი", ჯუჯათა პირველი სამფლობელო ნისლიან მთებში.

ბელერიანდში ჯუჯების ორი ნაკადი იყო ცნობილი: პირველნი იყვნენ "დაბალი ჯუჯები", რომელნიც პირველად შეხვდნენ პირველშობილებს. ელფები მიიჩნევდნენ მათ საკმაოდ უხეშ და არასასიამოვნო არსებებად და უწოდეს "ნოეგით ნიბინ" ("Noegyth Nibin") - 'მცირე ჯუჯები'. მათი აზრით, ისინი იყვნენ დასავლეთის ველური მხარეებიდან მოსულები. სინდარები მათ დევნიდნენ დიდი ხნის განმავლობაში და მათი ურთიერთობა ნელ-ნელა გაფუჭდა. მაგრამ ასევე იყო ჯუჯების უფრო დიდი და მნიშვნელოვანი რასა, რომელთაც ელფები უწოდებდნენ ნაუგრიმებს. ეს ჯუჯები კი თავის თავს ეძახდნენ "კჰაზადს". დაბალ ჯუჯებთან შედარებით ისინი უფრო დიდი კულტურის მატარებელნი იყვნენ, რამაც განაპირობა მათი კარგი ურთიერთობა პირველშობილებთან.

ოსტატობა და თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგან ჯუჯები აულემ შექმნა, მათში გამოღვიძებიდანვე იდო სიყვარული მიწის სიღრმეებში ალმასებისა და სხვადასხვა ლითონის პოვნისა და დამუშავებისა, მათგან ულამაზესი იარაღისა და სამკაულების გამოჭედვისა. ეს ხელობა მათ ყველაზე კარგად ეხერხებოდათ და შუახმელეთში ჯუჯებზე უკეთესი მჭედლობის ოსტატები არ იყვნენ. მაგრამ გარდა ამისა, დროის განმავლობაში ჯუჯებს გამოუმუშავდათ სიხარბე, რომელსაც ვერ იტანდნენ ელფებიც და ადამიანებიც. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ჯუჯებსა და ელფებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ჯუჯები იცავდნენ თავის განძს და ნებისმიერს, ვისაც უნდოდა მათი ძვირფასეულობის დაუფლება, სასტიკად უსწორდებოდნენ.

ჯუჯები საკმაოდ გულჩათხრობილი ხალხი იყო, ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ თავიანთ წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს და ენასაც. თუმცა ცნობილია რომ მათი ენა - ქუზდული, შექმნა ვალარმა აულემ. ელფებისა და ადამიანებისათვის ეს ენა გაუგებარი იყო. მხოლოდ რამდენიმე ელფმა თუ შეძლო მისი შესწავლა. ჯუჯების ისტორიის მიხედვით შემორჩა მხოლოდ ერთი ფრაზა, რომელიც გიმლიმ წარმოთქვა, ბრძოლაში ჰელმის ხევთან: "Baruk Khazâd! Khazâd ai-mênu!" - რაც ნიშნავს - "ჯუჯები ნაჯახებით! ჯუჯები გადაგთელავენ!".

ჯუჯები ცნობილნი იყვნენ ბრძოლებში თავისი ძლიერებითა და ამტანობით, ისევე როგორც თავისი მრისხანებით, განსაკუთრებით თუ რაიმე უბედურება ეწეოდა მათ ოჯახს, ხალხს, მეგობრებს. ისინი ძალიან ძლიერი მეომრები იყვნენ და მრავალ ბრძოლაში მონაწილეობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯუჯებს თავისებური ურთიერთობა აკავშირებდა შუახმელეთის სხვადასხვა ხალხებთან, ყველაზე მეტად ისინი არ წყალობდნენ დრაკონებს - რადგან ორივეს, ჯუჯებსაც და დრაკონებსაც ერთნაირი სიყვარული და ჟინი აკავშირებდათ ძვირფასეულობებთან. დროის განმავლობაში ისე მოხდა, რომ დრაკონებმა მიითვისეს ჯუჯების როგორც განძეულობა, ისევე ადგილი, სადაც ინახებოდა იგი.

მესამე ეპოქაში ასეთი რამ გარდახდა ჯუჯების მეფეს თორინ I-ს, რომელმაც დააარსა საკუთარი კოლონია რუხ მთებში: მესამე ეპოქის 2770 წელს, დრაკონმა სმაუგმა დაიკავა ჯუჯების დიდი ქალაქებიდან ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი - ერებორი. სწორედ ამ პერიოდში, დაახლოებით მესამე ეპოქის 2941 წელს ჯუჯების ისტორიაში ჩნდება პირველი ჰობიტი ბილბო ბეგინსი, რომელმაც ერებორის ტირანი დრაკონისაგან გათავისუფლებაში მთავარი როლი ითამაშა. ამის შემდეგ ჯუჯებსა და ჰობიტებს შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობა დამყარდა.

პირველშობილთა და აულეს შვილებს შორის ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ გამძაფრებული იყო. მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობდა: ჯუჯები ცხოვრობდნენ მთების ქვეშა გამოქვაბულებში, ეძიებდნენ მიწის წიაღში დამალულ განძეულობას, ელფებს კი უყვარდათ ვარსკვლავები და მთლიანობაში ბუნება, ხეები და ყველაფერი რაც მათ იავანამ უბოძა. ჯუჯებს ასევე ელფებთან ურთიერთობაში ხელი შეუშალა ეჭვიანობამ და სიხარბემ.

ჯუჯების ისტორიაში ელფებთან ურთიერთობის მრავალი ფაქტი მოიძებნება, სადაც სიხარბისა და შურის გამო ელფები ძალიან დაშავდნენ - თუნდაც ავიღოთ პირველი ეპოქა, როდესაც თუმუნზაჰარის ჯუჯებმა სილმარილების დაუფლების გულისათვის მოკლეს დორიათის ხელმწიფე, ელფების მეფე ელუ თინგოლი (ელვე სინგოლო) და გაძარცვეს დორიათის გამოქვაბული მენეგროთი. კჰაზად-დუმის ჯუჯებსა და ერეგიონის მჭედელ ელფებს (როგორც მათ უწოდებდნენ) შორის მშვიდობიანი ურთიერთობა სუფევდა და მეორე ეპოქაში ეს მშვიდობა დაინგრა საურონის თავდასხმის გამო და ჯუჯებმა კჰაზად-დუმის კარები ჩაკეტეს. მაგრამ ხუთი ჯარის ბრძოლის შემდეგ მესამე ეპოქის 2270 წელს ჯუჯებმა სისტემატიურად შეწყვიტეს შუღლი შუახმელეთის ყველა ხალხთან.

ჯუჯების განძეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ეპოქის დასაწყისში კჰაზად-დუმის სიღრმეებში მემაღაროე ჯუჯებმა აღმოაჩინეს საკმაოდ იშვიათი და ძალიან ძვირფასი ლითონი, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს - მითრილი. ჯუჯებისთვის ის წარმოადგენდა დიდ განძეულობას, შესაბამისად ისინი მას ძალიან უფრთხილდებოდნენ. სწორედ ამ ლითონის სიყვარულმა ჩაუყარა საფუძველი კჰაზად-დუმელ ჯუჯებსა და ერეგიონელ ელფებს შორის მეგობრობას.

მითრილი წარმოადგენდა ჯუჯების ეკონომიკურ საზრდოს, მაგრამ ამავე დროს მან ისინი, საკუთარი სიძუნწის გამო, მიიყვანა სიკვდილამდე. ამ ლითონის მოსაპოვებლად ჯუჯები მიწის წიაღში უფრო ღრმად და უფრო ღრმად ჩადიოდნენ, იქ მათ დიდი უბედურება დახვდათ, რადგან მათ გამოაღვიძეს მთების სიღრმეში მცხოვრები უძველესი სამყაროს არსება, სახელად ბალროგი. მან დაანგრია ჯუჯების სამფლობელო და შეიწირა ჯუჯების მეფე დურინ I და მისი მემკვიდრე ნაინ I.

ჯუჯების სამფლობელოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობდა ჯუჯების შვიდი კლანი ან „სამფლობელო“. თავიდან არსებობდა სამი „სამფლობელო“:

  • გრძელწვერიანები - დურინის ხალხი, რომელნიც დასახლებულიყვნენ კჰაზად-დუმის მიწისქვეშა ქალაქში, ნისლიან მთებში.
  • ცეცხლწვერიანები - რომელნიც მოღვაწეობდნენ ნოგროდში, ცისფერ მთებში დაარსებულ ქალაქში.
  • სქელწვერიანები - რომელთაც დააარსეს ბელეგოსტი.

ქალი ჯუჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალი ჯუჯები რაოდენობით ძალიან ცოტანი არიან, და საზოგადოებაში ფაქტობრივად არასოდეს გამოჩენილან. შესაბამისად, შუახმელეთის ხალხს ყოველთვის ეგონა რომ ჯუჯებს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არ ჰყავთ. სინამდვილეში კი ისინი არსებობდნენ; უბრალოდ ჩაცმულობით, ნაკვთებითა და თვისებებით ისე წააგავდნენ ახალგაზრდა ჯუჯებს,რომ ვერც კი გაარჩევდით. ჯუჯა ქალები იყვნენ მეოცნებენი და აგრეთვე საკმაოდ ეჭვიანები, რაც ხელს უწყობდა ჯუჯების საგვარეულო ჯაჭვების შევიწროებას.

ერთ-ერთი ასეთი ქალი ჯუჯა იყო თორინისა და მისი ძმის ფრერინის უმცროსი და დისი, რომელიც დაიბადა მესამე ეპოქის 2760 წელს. აღიზარდა მარტოსულ მთაში, მაგრამ ძმების მსგავსად დრაკონ სმაუგის მთაში შემოჭრის და მისი ბინადრების გაძარცვისა და გაუბედურების გამო იძულებული გახდა გაქცეულიყო სამშობლოდან 2770 წელს. იგი იყო ფილისა და კილის მშობელი დედა და ერთადერთი ქალი ჯუჯა, რომელიც ავტორს უხსენებია მთელი თავისი შემოქმედების განმავლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]