ჯუმანჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჯუმანჯი“
რეჟისორი ჯო ჯონსტონი
პროდიუსერი რობერტ უ. კორტი
ტედ ფილდი
უილიამ ტაიტლერი
სკოტ კრუპფი
სცენარის ავტორი გრეგ ტეილორი
ჯონათან ჰენსლი
ჯიმ სტრეინი
ეფუძნება ჯუმანჯი
კრის ვან ოლსბურგი
როლებში რობინ უილიამსი
კირსტენ დანსტი
დევიდ ალან გრირი
ბონი ჰანტი
ჯონათან ჰაიდი
ბებე ნოივირთი
მუსიკა ჯეიმზ ჰორნერი
ოპერატორი თომას ე. აკერმანი
მონტაჟი რობერტ დალვა
სტუდია Interscope Communications
Teitler Film
დისტრიბუტორი TriStar Pictures
გამოსვლის თარიღი 15 დეკემბერი 1995
ხანგრძლივობა 104 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 65 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 262.797.249 აშშ დოლარი

ჯუმანჯი (Jumanji) — 1995 წლის ამერიკული ფენტეზი და სათავგადასავლო ფილმი, რომლის რეჟისორია ჯო ჯონსტონი. იგი არის კრის ვან ოლსბურგის 1981 წლის ამავე სახელწოდების მოთხრობის ადაპტაცია. მისი სცენარის ავტორები არიან გრეგ ტეილორი, ჯონათან ჰენსლი და ჯიმ სტრეინი. მთავარ როლებს ასრულებენ რობინ უილიამსი, კირსტენ დანსტი, დევიდ ალან გრირი, ბონი ჰანტი, ჯონათან ჰაიდი და ბებე ნოივირთი. კომპიუტერული გრაფიკის სპეციალური ეფექტები მოამზადა Industrial Light & Magic-მა, ხოლო ანიმატრონიკა - Amalgamated Dynamics-მა.

ფილმში მოთხრობილია 12 წლის ალან პერიშის ამბავი, რომელიც 1969 წელს მეგობარ სარა უიტლთან სამაგიდო ჯუმანჯის თამაშის დროს იკარგება. 26 წლის შემდეგ და-ძმა ჯუდი და პიტერ შეპერდი პოულობენ ჯუმანჯის და შეწყვეტილ თამაშს განაგრძობენ. ალანი, უკვე მოწიფული, ბრუნდება, პოულობს სარას და ოთხივე ერთად ასრულებს თამაშს, რათა უკუაქციოს მის მიერ გამოწვეული მოვლენები.

ფილმი გადაღებული იქნა კინში (ნიუ-ჰემპშირი), თუმცა ამბავი მიმდინარეობს გამოგონილ ქალაქ ბრენტფორდში. დამატებითი გადაღებები მიმდინარეობდა ვანკუვერში (ბრიტანული კოლუმბია). ჯუმანჯი გამოვიდა 1995 წლის 15 დეკემბერს. მიუხედავად თავდაპირველი გულგრილი შეფასებებისა, კინოთეატრებში წარმატება იქონია, საერთო ჯამში 262.797.249 აშშ დოლარის შემოსავლით (65 მილიონი დოლარის ბიუჯეტით). 1995 წელს იგი იყო რიგით მეათე ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში. 2005 წელს გამოვიდა მისი ერთგვარი წინარეისტორია, „ზათურა“, რომელიც ასევე ვან ოლსბურგის წიგნს ეფუძნება.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1869 წელს ორი ბიჭუნა მიწაში მარხავს იდუმალ სკივრს, რომლიდანაც დოლის ხმები გაისმის. 100 წლის შემდეგ 12 წლის ალან პერიში გაურბის ბიჭუნებს, რომლებიც მას სკოლაში ჩაგრავენ და მამის კუთვნილ ფეხსაცმელების ქარხანაში იმალება. იგი შემთხვევით აფუჭებს კონვეიერს, რაზეც პასუხისმგებლობას იღებს ერთ-ერთი თანამშრომელი, კარლი. იგი სამსახურს კარგავს. გარეთ გამოსულ ალანს ბიჭები მაინც სცემენ. ალანი ახლოს მიმდინარე მშენებლობაზე პოულობს მიწაში ჩაფლულ სკივრს, საიდანაც იღებს ყუთს წარწერით ჯუმანჯი. აღმოჩნდება, რომ ეს სამაგიდო თამაშია.

საღამოს იგი ეკამათება მამას და უარს ამბობს სკოლა-ინტერნატში გამგზავრებაზე. მას შემდეგ, რაც მშობლები მიდიან მნიშვნელოვან საღამოზე, ალანი აპირებს გაქცევას, მაგრამ მას მოუსწრებს მეგობარი სარა, რომელიც ველოსიპედს უბრუნებს. ამ დროს ჯუმანჯიდამ კვლავ დოლების ხმა გაისმის და ბავშვები მის თამაშს იწყებენ. კამათლების ყოველ გაგორებას მოჰყვება დაფაზე ფიგურების ავტომატური გადაადგილება და დაფის ცენტრში ჩნდება გზავნილი. მას შემდეგ, რაც ალანი კამათლებს აგორებს, იწერება, რომ იგი შორეულ ადგილებში მოხვდება და ვერ დაბრუნდება, სანამ ვინმე არ გააგორებს 5-ს ან 8-ს. თამაში იწოვს ალანს, ხოლო შეშინებული სარა, რომელსაც უეცრად გამოჩენილი ღამურები მისდევენ, პერიშების სახლიდან გარბის.

26 წლის შემდეგ პერიშების სახლში საცხოვრებლად გადადიან დაობლებული ჯუდი და პიტერ შეპერდი, დეიდა ნორასთან ერთად. ბავშვები პოულობენ ჯუმანჯის და იწყებენ ჭერში მის თამაშს, რასაც მოჰყვება მოზრდილი კოღოების და მაიმუნების გამოჩენა. ვინაიდან თამაშის წესებში წერია, რომ ბოლოს ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება, ბავშვები მას განაგრძობენ. ამჯერად ჩნდება ლომი, მაგრამ მას ებრძვის თამაშიდან დაბრუნებული ალანი (ლომის გამოჩენას წინ უსწრებს პიტერის მიერ გაგორებული 5-იანი). ალანი ლომს ოთახში კეტავს და გახარებული, გარბის მამის ქარხნისკენ. გზად იგი ხვდება კარლს, რომელიც პოლიციაში მსახურობს. უფუნქციო ქარხანაში მცხოვრები უსახლკარო ალანს უამბობს, რომ სემი დაღონებული იყო შვილის მოულოდნელი გაქრობის შემდეგ და მთელი ფინანსური საშუალებები მის საძიებლად დახარჯა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გარდაიცვალა და ქარხნის დახურვამ ქალაქის ეკონომიკა დააზარალა.

ჯუდი და პიტერი ცდილობენ თამაშის გაგრძელებას, მაგრამ ალანი ხვდება, რომ ამჯერად კიდევ ერთი მოთამაშის სვლაა. ისინი პოულობენ სარას, რომელსაც ალანი საბოლოოდ დაითანხმებს. სარა კამათელს აგორებს, რასაც მოსდევს პერიშების სახლში გიგანტური სუროების ზრდა, ხოლო ალანის შემდეგ გაგორებას - ჯუმანჯიდან რეალურ სამყაროში მონადირე ვან პელტის გამოჩენა, რომელიც პერიშს დასდევს. იგი იპარავს თამაშს, ამასობაში კი ალანს იჭერს კარლი, რომელსაც არ მოსწონს, რომ ყველა უსიამოვნება მაშინ ჩნდება, როდესაც ალანი ახლოს ტრიალებს. ჯუმანჯიდან ამასობაში ჩნდება ცხოველების დიდი ნაკადი, რომელიც ქალაქში დარბის. მაიმუნები ქალაქში ყველაფერს ანადგურებენ. პიტერი, სარა და ჯუდი მონადირის მიერ წაღებულ თამაშს ადგილოვრივ მაღაზიაში მისი პოვნის შემდეგ იბრუნებენ. ალანთან (რომელიც კარლს თავის თავზე უამბობს) ერთად შინ დაბრუნებულები, ისინი ბრუნდებიან ველურ ტყედ ქცეულ სახლში. ჯუმანჯის დასრულებისას მონადირე ალანს აიძულებს, გადააგდოს კამათელი, რასაც მოჰყვება თამაშის დასრულება. ალანი წარმოთქვამს სიტყვას ჯუმანჯი, მონადირე მას ესვრის, მაგრამ ყველაფერი, რაც თამაშმა ამასობაში რეალურ სამყაროში გამოუშვა, უკან ბრუნდება.

ალანი უბრუნდება 1969 წელს. იგი და სარა კვლავ მოზარდები არიან, მაგრამ ახსოვთ ყველაფერი, რაც მანამდე გადახდათ. ალანი ურიგდება მამას და უამბობს, რომ ქარხნის ინციდენტი მისი ბრალი იყო, ამიტომ კარლი აღარ კარგავს სამუშაოს. სემი შვილს ეუბნება, რომ მისი სკოლა-ინტერნატში წასვლა აუცილებელი არ არის. იციან რა, რომ ჯუდი და პიტერი ჯერ არ დაბადებულან, ალანი და სარა ჯუმანჯის მდინარეში აგდებენ და იწყებენ რომანტიკულ ურთიერთობას.

მომავალში ალანი და სარა დაქორწინებულები არიან და ელოდებიან პირველ შვილს. მათ სახლში საშობაო წვეულებაზე მოდიან შეპერდები. ალანი და სარა ჯუდისა და პიტერის მამას, ჯიმს, სთავაზობენ სამუშაოს ფეხსაცმლის ქარხანაში და ცდილობენ, აარიდონ კანადაში მგზავრობას, რომლის დროსაც ისინი ალტერნატიულ რეალობაში დაიღუპნენ.

მსოფლიოს სხვა ნაწილში, ზღვის პირას, ქვიშაში ჩაფლულია ჯუმანჯი. ორი ფრანგი გოგონა სანაპიროზე დადის. მათ ესმით ჯუმანჯის დოლების ხმა.

როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქსოვილების ძველი ქარხანა, ჩრდილოეთი ბერუიკი, მეინი - ადგილი, სადაც გადაღებული იქნა პერიშების ფეხსაცმლის ქარხნის სცენები.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიტერ გუბერი ბოსტონში ვიზიტისას შეხვდა კრის ვან ოლსბურგს, რომელიც როუდ აილენდზე ცხოვრობს. ერთად მათ განიხილეს წიგნი და ოლსბურგმა დაწერა სცენარის ერთ-ერთი ადრეული ვერსია, რომელშიც მისტიკა და სიურეალიზმი შეიმჩნეოდა.[1]

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუმანჯი
კინომუსიკა
გამოცემის თარიღი 29 თებერვალი 1995
ხანგრძლივობა 51:04
ლეიბლი Epic Soundtrax

ფილმის მუსიკის ავტორია ჯეიმზ ჰორნერი.

ყველა სიმღერის მუსიკის ავტორი — ჯეიმზ ჰორნერი.

Track listing
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Prologue and Main TItle“3:42
2.„First Move“2:20
3.„Monkey Mayhem“4:42
4.„A New World“2:40
5.„It's Sarah's Move“2:36
6.„The Hunter“1:56
7.„Rampage Through Town“2:28
8.„Alan Parrish“4:18
9.„Stampede!“2:12
10.„A Pelican Steals the Game“1:40
11.„The Monsoon“4:48
12.„Jumanji“11:47
13.„End Titles“5:55
საერთო ხანგრძლივობა:51:04
სიმღერები, რომლებიც არ მოხვდა საუნდტრეკში

წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუმანჯი კინოთეატრებში წარმატებით გადიოდა. მისმა შემოსავალმა აშშ-სა და კანადაში შეადგინა 100.475.249 აშშ დოლარი, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში - 162.322.000 აშშ დოლარი. საერთო შემოსავალმა 262.797.249 აშშ დოლარი შეადგინა.[2]

კრიტიკოსების შეფასება არაერთგვაროვანი იყო. Rotten Tomatoes-ზე 32 კრიტიკოსის 50 პროცენტმა მას დადებითი შეფასებები მიანიჭეს. საერთო ქულებმა შეადგინეს 5.6 10-დან.[3] Metacritic-ის შეფასება 39%-ს შეადგენს, 18 მიმოხილვის მიხედვით.[4] ვან ოლსბურგს ფილმი მოეწონა, მიუხედავად ცვლილებებისა და იმისა, რომ იგი არ იყო იმდენად „იდიოსინკრეზული და უჩვეულო, როგორიც წიგნია.“ მან განაცხადა, რომ „ფილმი ზუსტად გადმოსცემს ქაოსის დონეს, რომელიც გამოწვეულია სახლში ჯუნგლების არსებობით. იგი კარგი ფილმია.“[1]

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანიმაციური სერიალი ჯუმანჯის სამყაროს შესახებ 1996-1999 წლებში გამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ფილმს ეფუძნება, ამბავი მასში მეტწილად თავიდან იწყება, ვიდრე განაგრძობს ფილმის მოვლენებს. სატელევიზიო ვერსიაში ყოველი სვლისას მოთამაშეს ეძლევა გამოცანა, რომელიც მან ჯუნგლებში მოხვედრის შემდეგ უნდა ამოხსნას. ალანი ჯუმანჯიში ცხოვრობს, ვინაიდან გამოცანა არ მიუღია. ჯუდი და პიტერი ცდილობენ მის დახმარებას. სარა ამ სერიალში არ ჩნდება.

2012 წლის ივლისში გაიჟღერა ვარაუდმა, რომ მზადდებოდა ფილმის ახალი ვერსია. The Hollywood Reporter-თან საუბრისას Columbia Pictures-ის პრეზიდენტი დაგ ბელგრადი ამბობდა: „ვცდით და წარმოვადგენთ ჯუმანჯის ახალ ხედვას, მას თანამედროვეობისთვის განვაახლებთ.“[5] 2012 წლის 1 აგვისტოს დადასტურდა, რომ მეთიუ ტოლმექი იქნებოდა ახალი ვერსიის პროდიუსერი, უილიამ ტაიტლერთან, რომელიც ორიგინალური ფილმის პროდიუსერი იყო. [6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Jumanji Author Getting Aboard Hollywood Express : Movies: Chris Van Allsburg says the film version of his book is like a Christmas gift. It's just not the one he was expecting“. The Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
  2. Jumanji (1995). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2009-07-03.
  3. Jumanji. Rotten Tomatoes.
  4. Jumanji. Metacritic.[მკვდარი ბმული]
  5. "Jumanji" Reboot In The Works. Whatstrending.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-24. ციტირების თარიღი: 2015-01-06.
  6. Jumanji Reboot Lands Producer Matthew Tolmach. Movieweb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-13. ციტირების თარიღი: 2015-01-06.