ჯუმათის მიქაელ მთავარანგელოზის ხატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუმათის მიქაელ მთავარანგელოზის ხატები — მიქაელ მთავარანგელოზის ოთხი ხატი ჯუმათის მონასტრის საგანძურიდან.

დიმიტრი ბაქრაძემ თავის 1873 წლის არქეოლოგიური მოგზაურობის დროს ჯუმათის მონასტერში აღნუსხა სამი მიქაელ მთავარანგელოზის ხატი. 1888 წელს ნიკოდიმ კონდაკოვის დროს შემორჩენილი იყო მხოლოდ ორი. სამივე ხატი შეტანილია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში.

პირველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატი გიორგი გურიელმა, მისმა შვილმა ლომამ და ლომას მეუღლე ადასუჯანმა შესწირეს მონასტერს. ხატის მოჭედილობა ოქროსი იყო (ზომები დაახლ. 108X72 სმ; 1.5X1 არშინი). ქვემო ნაწილი სიძველის გამონაფლეთებად იყო ჩამოკიდებული. მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში ამოწვდილი მახვილი უპყრია, მარცხენაში — ქარქაში. თმა ხუჭუჭი აქვს, ტანთ ჯაჭვი აცვია, მხრებზე ყაბალახის მაგვარი რამ აქვს მოგდებული, მკერდზე შეკინძული. არშიებზე ათი მინანქრის მედალიონია ნაირფერი ფონით. წარწერები ქართულია, ძალზე წვრილი ოქროს სირმებით შესრულებული. მთავარანგელოზს თავზე შარავანდი ადგას. მასზე სამი მსხვილი თვალი ზის: ფირუზი და ორი მარგალიტი. შარავანდის გვერდებზე ორი მოზრდილი მინანქრის მედალიონია ცისფერ ფონზე, ოქროს სირმით შესრულებული წარწერით:

ვიკიციტატა
„ႼჂ ႫႵႪ ႫႧႰႠႢႪႨ და ႫႤႸ ႨჂႱჃႬႠႥႤႱႨ“

ხატის ჩარჩოს ქვედა მხარეს წინიდან ამშვენებდა წარწერა:

ვიკიციტატა
„ႭႴႪႧႠ Ⴋ...ႹႨႪႧႠ ႣႶ...ႱႣႠ ႧႠႣႨ...ႨႱႠ და Ⴀ..ჁႶႤႲ ჁႫႫႤႺ ႵႠ ႪႧႠ ႫႧႠ ႥႻ ႥႧႤႪႨႱႠႡႱႠ ... ႱႠ ႺႨႻႨႶ“

ზურგზე გაშავებულ ვერცხლის ფირფიტაზე წარწერაა:

ვიკიციტატა
„Ⴥ ႻႪႧႠ ႫႧႠႥႰႳ ႫႵႪ ႫႤႳႾ ႤႵႫႤႬჁႧ ႫႠႫႩႳႡႱႠ ႸႤႬႱႠ ႤႤႥႧ ႤႤႥႱႠ ႣႠ ႱႭႠႬႧ ႤႰႨႱႧႠႥႱႠ ႢႢႨ ႡႭႰႨႤႪႱႠ ႪႳႫႠႱႠ ႣႠ ႫႤႭႶႪႤ... ႣႴႧ ႣႴႱႠ ... ႠႣႻႱ ႬႱ...// ჰოი, ძალთა მთავარო მიქაელ, მეოხ ექმენეთ მამკობსა შენსა ერისთავთ-ერისთავსა და სუანთა ერისთავს გიორგი გურიელსა ლომასა და მეუღლესა დეოფალთ დეოფალსა და ჩვენსა შვილსა“

ნ. კონდაკოვის თქმით აღნიშნული ხატი ჯუმათის მონასტერში 1885 წლამდე ინახებოდა.

მედალიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ბაქრაძის მიერ 1873 წელს აღწერილი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატები მათ არშიებში ჩასმული მედალიონებით ადგილზე აღარ დახვდათ იმავე ბაქრაძესა და ნიკოდიმე კონდაკოვს 1889 წელს. კონდაკოვის თანახმად ორივე ხატი წაღებულია მონასტრიდან 1880-იან წლებში. ისინი ან გატაცებულია, ან მთლიანად გადადნობილი, ხოლო მედალიონები კი რუსეთში გაყიდული.[1]ხატები ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრებიდან გაიტანა საქართველოს ეგზარქოსთან დაახლოებულმა თბილისელმა სომეხმა ფოტოგრაფმა სტეფანე იურის ძე საბინ-გუსმა, რომელმაც 1881 წელს თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, რათა დასავლეთ საქართველოს მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა საეკლესიო სიძველეები. 1882 წლის 25 მაისს მონასტრის მღვდელმა დიმიტრი ჭყონიამ სინოდალურ კანტორას აცნობა, რომ საბინ-გუსს გადასცა მოთხოვნილი სიძველეები. საბინ-გუსს ხატები უკან არ დაუბრუნებია, მან შემოქმედის მონასტერში დააბრუნა მხოლოდ ვერცხლის დაფაზე დაკრული ჯუმათიდან წაღებული მიქაელ მთავარანგელოზის ხატის ექვსი მედალიონი. მათზე გამოსახულნი იყვნენ: ღვთისმშობელი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, წმინდა პეტრე, წმინდა პავლე, წმინდა მარკოზი. ამჟამად ეს მედალიონები დაკარგულია. მინანქრის სხვა მედალიონები, ხატები და ხატებში ჩასმული ძვირფასი ქვები საბინ-გუსმა მოიპარა.

მონასტრის სიძველეები კონდაკოვმა აღმოაჩინა პეტერბურგელ და მოსკოველ კოლექციონერებთან, ზვენიგოროდსკისთან, ბოტკინთან, ბალაშევთან. წმინდა გიორგის მედალიონი მოხვდა ბობრინსკის კოლექციაში, ხოლო 1915 წლიდან ბარონ შტიგლიცის სასწავლებლის მუზეუმში. 1924 წლიდან ეს მედალიონი ერმიტაჟში ინახება. მაცხოვრისა და წმინდა დემეტრეს მედალიონები მ. ბოტკინის კოლექციაში ინახებოდა. 1923 წელს ბოტკინისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობა სახელმწიფო საგანძურში ინახებოდა. მისით შალვა ამირანაშვილი დაინტერესდა, მაგრამ განძეულობის გატანაზე თანხმობა ვერ მიიღო. საბოლოოდ ამირანაშვილმა საქმეში უშუალოდ სტალინი ჩართო და ბოტკინის კოლექციის საქართველოში წაღების უფლება მიიღო. ამჟამად ისინი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. წმინდა თევდორეს მედალიონი პეტერბურგში რუსულ მუზეუმშია დაცული.

რუსეთის იმპერატორის ბრძანებით კონდაკოვი საქართველოში იქნა მივლინებული, რათა მას აღერიცხა ქართული მონასტრებიდან დაკარგული განძი. ბაქრაძემ და კონდაკოვმა შეადგინეს დაწვრილებითი ანგარიში და მოხსენება, სადაც ითხოვდნენ მძარცველთა დასჯას და კოლექციონერთაგან ძვირფასეულობის მონასტრებში დაბრუნებას. საქმეს მსველობა არ მიეცა. კოლექციონერ ზვენიგორდსკის სურდა, ერმიტაჟისთვის მიეყიდა ჯუმათის ძვირფასეულობა, მაგრამ ერმიტაჟის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ კოლექციონერი უფასოდ დათმობდა მათ და ფული არ გადაიხადა. ზვენიგოროდსკიმ სიძველეები კოლექციონერ ჯ. პირპონტ მორგანს მიჰყიდა. მორგანმა სიძველეები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს დაუთმო. მუზეუმში კოლექციას ასეთი წარწერა აქვს:

ვიკიციტატა
„ბიზანტიური მინანქრების ეს კოლექცია, რომელიც თარიღდება XIII-IX საუკუნეებით, ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი და უფართოესია არსებულთაგან. უმრავლესობა ამ ნივთებისა შეგროვილი იყო რუსეთში XIX საუკუნეში, დიდი რუსი მოხელის, ალექსანდრე ზვენიგოროდსკის მიერ. ეს ნივთები ბოლოს ჯ. პირპონტ მორგანმა შეიძინა და თავისი შვილის სახელით შესწირა ამ მუზეუმს 1917 წელს“
([2])

აშშ-ში ქართული საგანძურს ყურადღება ვასილ დუმბაძემ მიაქცია. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა ერთი, წმინდა დემეტრეს მედალიონი ლუვრს გადასცა. წმინდა თევდორეს მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

მიქაელ მთავარანგელოზის ხატზე 10 ქართულ წარწერიანი მედალიონი იყო.

# მედალიონი დღევანდელი ადგილმდებარეობა სურათი შენიშვნა
1 იესო ქრისტე თბილისი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობდა ხატის ზედა პირველი რიგის შუა ნაწილში
2 ღვთისმშობელი დაკარგულია მდებარეობდა ხატის ზედა პირველი რიგის მარცხენა კუთხეში
3 ნათლისმცემელი დაკარგულია მდებარეობდა ხატის ზედა პირველი რიგის მარჯვენა კუთხეში
4 იოანე მახარებელი დაკარგულია მდებარეობდა ხატის ზევიდან მეორე რიგის მარცხენა მხარეს
5 მარკოზ მახარებელი დაკარგულია მდებარეობდა ხატის ზევიდან მეორე რიგის მარჯვენა მხარეს
6 პავლე მოციქული დაკარგულია მდებარეობდა ხატის ზევიდან მესამე რიგის მარცხენა მხარეს
7 პეტრე მოციქული დაკარგულია მდებარეობდა ხატის ზევიდან მესამე რიგის მარჯვენა მხარეს
8 წმინდა გიორგი სანქტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი მდებარეობდა ხატის ქვედა რიგის მარცხენა კუთხეში
9 წმინდა თევდორე სანქტ-პეტერბურგი, რუსული მუზეუმი მდებარეობდა ხატის ქვედა რიგის შუა ნაწილას
10 წმინდა დიმიტრი თბილისი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობდა ხატის ქვედა რიგის მარჯვენა კუთხეში

მეორე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარანგელოზის ოქროს მოჭედილი ხატი (დაახლ. ზომები 33.75X24.75 სმ; 7.5X5.5 ვერშოკი). ამშვენებდა მრავალი ძვირფასი ქვა. ხატს ზურგზე ასევე ახლავდა ასომთავრული წარწერა:

ვიკიციტატა
„Ⴕ჻ ႤჀႠ჻ ႰႨ჻ ႫႱႧႰႡႧ჻ ႡႤႥႰႪႧႠ჻ ႻႪႧႠ჻ ႫႧ
ႦႤႺႱႧႠ჻ ႰႨ჻ ႼႫႱႠ჻ ႸႬႠ჻ ႧჀႱႱႠ჻ ႫႭႥჀႧ
ႱႨႥႰႺႤႱႠ჻ ႷႭႥႪႨႱႠ჻ ႵႥႤႷႬႨႱႱႠ჻ ႣႠ჻ ႡႰႻ
აႬႤႡაႧ჻ ႠႶႨႠႰႤႡႧ჻ ႶႧႨႱႠ჻ ႷႭႥႪ
ႨႱႠ჻ ႫႮႷႰႭႡႤႪႨႱႧႠ჻ ႧႵႥႤႬ჻ ႣႠႣႤ
ႡႳႪႧႠ჻ ႫႧႥႠႰ჻ ႠႬႢႤႪႭႦႬႭ჻ ჁႥႤႬ჻
ႺႥႠ჻ ႴႠႰႥႠႧ჻ ႧႵႥႤႬႧႠ჻ ႵႤႡႠ჻ ႫႭ
ႬႣႭႡႨႪႫႠႬ჻ ႢႳႰႨႤႪႫႠႬ჻ ႠႮႲႰႭႬ
ႫႠ჻ ႢႨႢႫ჻ ႥႨႬႤႡႤႧ჻ ႣႠ჻ ჄႪႷႥႨႧ჻ ႸႤ
ႫႩႭႡႠ჻ ႱაႾႨႱა჻ ႧႵႥႤႬႨႱა჻ ႭႵႰႭႱႨ჻ ႧႥႠႪႫაႰ
ႢაႪႨႲႧა჻ ႠႫႨႱႧႺა჻ ႢႤႥႤႣႰႤႡႨႧ჻ ႫႤႭႾ჻
ႫႤႷა
Ⴅ჻ ႼაႸႤ჻ ႶႧႨႱა჻ ႫაႫႨႱა჻ ႣႠ჻ ႣႤႣႨႱ჻ ႹႤႫႨႱ჻ ႱႳ
ႪႨ჻ ႸႤ჻ ႫႤႳႶႪႤ჻ ႣႠ჻ ႻႤႬႨ჻ ႹႤႫႬႨ჻ ႣႠႨႺ
ႥႤႬ჻ ႠႬ჻ “

ასომთავრული წარწერა იყო ხატის ვერცხლის კიოტის უკანა მხარესაც:

ვიკიციტატა
„ႫႧႰႠႬႢႪႳ: ႿႫႧႱႳ: ႫႾ
ႣႠ ႫႴႰႪ: ႤႵႫႬ: ႳႰႱႥႤ: ႺႾႰႤ
ႡႱႠ:ႢႳႰႨႤႪႱ: ႢႨႱ: ႣႠ
ႣႣႳႴႠႪႱႠ: ႤႪႤႬႤႱ: ႣႠႻႤႧႠ:
ႫႠႧႧႠ: ႫႫႨႠႱ: ႣႵႨ: ႷႳႡႠႣႱ.“

მესამე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიქაელ მთავარანგელოზის ხატის კარედი. (დ. ერმაკოვის ფოტო №1994)

მიქაელ მთავარანგელოზის ოქროთი მოჭედილი ხატის კარედი (დაახლ. ზომები 63X36 სმ; 14X8 ვერშოკი). ნატიფად ნაკეთი. კარებზე გამოსახული იყო ანგალოზთა დასი. ხატზე დატანილი იყო 7 ძვირფასი ქვა და 12 მარგალიტი. ხატს წინიდან ქვემოთ ამშვენებდა წარწერა:

ვიკიციტატა
„Ⴜ: ႹႤႬ: ႢႳႰႨႤႪႫႠႬ: ႡႨ: ႣႠႧႬႠ ႫႤႺႾႣႤႰႫႠႬ:
ႹႤႬႫႬ: ႣႤႣႭႴႠႪ ႫႬ:
ႤႪႤႬႤ: ႸႤႥႠႫႩႤႥႨႧ:
ႾႠႲႨ
ႤႱႤ: ႫႧႥႰႠႬႢႤႪႭႦႧႠ: ႫႤႭႾ: ႢႤႵႫႬႤႱ: ႼႨႬ
ႸႤ: ႶႱა: ႻႨ: ႧႳႰႧ:
ႹႤႬႨႧႠ: ႫႠႫႨႠႧႠ: ႠႬ:“

მეოთხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიქაელ მთავარანგელოზის ხატი

დიმიტრი ერმაკოვის კატალოგში იძებნება კიდევ ერთი მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათის მონასტრიდან, რომელიც ფოტოზე წარმოდგენილია ზემოთ ნახსენებ „მეორე“ მთავარანგელოზის და მიქელგაბრიელისა და ქრისტეს ხატის გვერდით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Н. Кондаков. Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии. ст. 102 — СПБ, 1890
  2. ჯ. ლომაშვილი, წერილები გვ. 67 — თბილისი, 1975 წ.