ჯული დელფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯული დელფი
Julie Delpy Cannes.jpg
დელფი 2002 წლის კანის კინოფესტივალზე
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1969 (1969-12-21) (51 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1976-დღემდე

ჯული დელფი (ფრანგ. Julie Delpy; დ. 21 დეკემბერი, 1969) — ფრანგი-ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. კინოგანათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტიჩის ხელოვნების სკოლაში მიიღო. როგორც მსახიობს, რეჟისორს ან სცენარისტს მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ ფილმში. მსახიობის ყველაზე ცნობილი ფილმებია ევროპა ევროპა (1990), მოგზაური (1991), სამი ფერი: თეთრი (1993), მზის ამოსვლამდე (1995), ამერიკელი მაქცია პარიზში (1997) და 2 დღე პარიზში (2007).

დელფი სამჯერ იყო წარდგენილი სეზარის პრემიაზე, ორჯერ – კინოკრიტიკოსთა ონლაინ საზოგადოების ჯილდოზე და ორჯერ – ოსკარზე საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.

დელფი აშშ-ში 1990 წელს გადავიდა. იგი ქვეყნის მოქალაქეობას 2001 წლიდან ფლობს.[1]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელფი პარიზში, ფრანგი მსახიობისა და თეატრის რეჟისორის, ალბერტ დელფისა და მსახიობი მარი პიეტის ოჯახში დაიბადა. მისი დედა 1971 წლის 343-ის მანიფესტის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო. ამ აქტით 343 ფრანგი ქალი აღიარებდა, რომ აბორტი ჰქონდა გაკეთებული და მის ლეგალიზაციას მოითხოვდა. დელფის 2007 წლის ფილმში 2 დღე პარიზში მისი პერსონაჟის მშობლების როლები მისმა მშობლებმა შეასრულეს. ფილმში მსახიობის დედის, მარი პიეტის, პერსონაჟმა 343-ის მანიფესტზე ხელის მოწერა დაადასტურა.

დელფს მშობლებმა ადრეული ასაკიდანცე გააცნეს ხელოვნება. მათ შესახებ მსახიობმა აღნიშნა:

ვიკიციტატა
„უკეთეს მშობლებს ვერც ვისურვებდი. მათ ხელოვნების სიყვარულით აღმზარდეს, ხშირად დავყავდი მუზეუმებში და ბევრ ისეთ რამეს მაცნობდნენ, რაც ჩემი ასაკის ბავშვებისთვის არ იყო განკუთვნილი. მაგალითად, ცხრა წლის ასაკში ინგმარ ბერგმანის ფილმები ვნახე. მშობლებმა აგრეთვე ფრენსის ბეკონის ფერწერული ნამუშევრები გამაცნეს, რომლითაც საოცრად მოვიხიბლე.[2]

კინოკარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელფი 1991 წელს

დელფი 14 წლის ასაკში ფრანგმა კინორეჟისორმა ჟან-ლუკ გოდარმა აღმოაჩინა, რომელმაც იგი ფილმში დეტექტივი (1985) გადაიღო. ორი წლის შემდეგ დელფმა მთავარი როლი შეასრულა ბერტრანდ ტავერნიეს ფილმში La Passion Béatrice (1987), რისთვისაც სეზარის პრემიის ნომინაცია მოიპოვა. გამომუშავებული ფულით მან პირველად იმოგზაურა ნიუ-იორკში.

დელფს საერთაშორისო ცნობადობა მოუტანა 1990 წლის ფილმმა ევროპა ევროპა, რომელიც რეჟისორმა აგნეშკა ჰოლანდმა გადაიღო. ფილმში მსახიობმა ახალგაზრდა ნაცისტი გოგონას როლი შეასრულა, რომელსაც მთავარი პერონაჟი, ნაცისტად შენიღბული ებრაელი სოლომონ პერელი უყვარდება.

ფილმით ევროპა ევროპა მოპოვებული წარმატების შემდეგ დელფმა რამდენიმე ამერიკულ და ევროპულ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აღსანიშნავია მოგზაური (1991) და სამი მუშკეტერი (1993). 1993 წელს დელფმა მთავარი როლი შეასრულა კშიშტოფ კესლევსკის ფილმში სამი ფერი: თეთრი, რომელიც სამი ფერი ტრილოგიის მეორე ნაწილია. მსახიობი აგრეთვე ტრილოგიის პირველ და მესამე ფილმებში, სამი ფერი: წითელი და სამი ფერი: ლურჯი იმავე როლში გამოჩნდა.[3][4]

დელფს ფართო აღიარება მოუტანა რიჩარდ ლინკლეიტერის 1995 წლის ფილმმა მზის ამოსვლამდე, რომელშიც მან ითან ჰოუკთან ერთად ითამაშა. თავისი პერსონაჟის სიტყვების დიდი ნაწილი დელფმა თავად დაწერა.[5] ფილმმა დადებითი გამოხმაურება მოიპოვა და 1990-იანი წლების დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად იქნა მიჩნეული.[6] ფილმის წარმატებამ დელფს როლი მოუტანა 1997 წლის ფილმში ამერიკელი მაქცია პარიზში.[7]

დელფმა ითამაშა ფილმის მზის ამოსვლამდე მომდევნო ნაწილებშიც, ესენია მზის ჩასვლამდე (2004) და შუაღამემდე (2004). ამ უკანასკნელმა საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. დელფი რიჩარდ ლინკლეიტერთან და ითან ჰოუკთან ერთად ფილმის ერთ-ერთი თანასცენარისტი იყო.[1]

2009 წელს დელფმა ელიზაბეტ ბატორის როლი შეასრულა ფილმში გრაფინია, რომელიც მისი რეჟისორობით გადაღებული მესამე ფილმია.

სცენარისტობა და რეჟისორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელფი რეჟისორის პროფესიით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. მან ფილმების გადაღება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსზე შეისწავლა. 1995 წელს დელფმა საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბლა ბლა ბლა, რომლის ჩვენებაც სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. 2004 წელს იგი რიჩარდ ლინკლეიტერთან და ითან ჰოუკთან ერთად ფილმის მზის ჩასვლამდე თანასცენარისტი იყო, რომელმაც ოსკარის ნომინაცია საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მოიპოვა.

დელფის რეჟისორობით გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმებია ჯიმის ძიება (2002). იგი აგრეთვე ფილმის სცენარისტი და პროდიუსერი იუო. 2007 წელს დელფმა საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო და დაამონტაჟა რომანტიული ფილმი 2 დღე პარიზში, რომელშიც მან მთავარი როლი ადამ გოლდბერგთან ერთად შეასრულა. ფილმში დელფის პერსონაჟის მშობლები მსახიობის ნამდვილმა მშობლებმა განასახიერეს.[8]

2011 წელს დელფმა გადაიღო მომდევნო ფილმი Le Skylab, რომელიც საფრანგეთში გამოვიდა, თუმცა აშშ-ში მისი დისტრიბუცია ვერ მოხერხდა.

2012 წელს დელფმა გადაიღო 2 დღე ნიუ-იორკში, რომელიც მისი 2007 წლის ფილმის 2 დღე პარიზში გაგრძელებაა. ფილმში მან მთავარი როლი კრის როკთან ერთად შეასრულა. დელფმა აღნიშნა, რომ როლი სპეციალურად როკისთვის დაწერა.

დელფი 2011 წელს

2013 წელს დელფმა რიჩარდ ლინკლეიტერთან და ითან ჰოუკთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის შუაღამემდე, რომლიც პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ოსკარზე კატეგორიაში საუკეთესო ადაპტირებული სცენარი იყო ნომინირებული.[9]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელფი აგრეთვე მუსიკოსია. 2003 წელს მან გამოუშვა ალბომი Julie Delpy, რომლიდანაც სამი სიმღერა ‒ „A Waltz For A Night“, „An Ocean Apart“ და „Je t'aime tant“ – გაჟღერდა ფილმში მზის ჩასვლამდე. დელფს ეკუთვნის მუსიკა ფილმებისთვის: 2 დღე პარიზში და გრაფინია.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს დელფი ნიუ-იორკში, რამდენიმე წელში კი ლოს-ანჯელესში გადავიდა. 2001 წლიდან იგი აშშ-ს მოქალაქეობას ფლობს, ამასთანავე ინარჩუნებს საფრანგეთის მოქალაქეობას. 2007-2012 წლებში დელფს ურთიერთობა ჰქონდა გერმანელ კომპოზიტორ მარკ სტრაიტენფელდთან.[10] 2009 წელს წყვილს ვაჟი, ლეო სტრაიტენფელდი, შეეძინა.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Julie Delpy Biography“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-29. ციტირების თარიღი: 2021-02-25.
  2. Julie Delpy Movie and Career Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2021-02-26.
  3. Kieslowski, Krzysztof. Kieslowski on Kieslowski. Edited by Danusia Stok. London: Faber and Faber, 1998, გვ. 212.
  4. Insdorf, Annette. Double Lives, Second Chances: the Cinema of Krzysztof Kieslowski. New York: Hyperion, 1999, გვ. 153-165.
  5. Goupil, Hélène. „The Zen of Julie Delpy“. France Today.
  6. Before Sunrise Movie Reviews, Pictures – Rotten Tomatoes.
  7. Puig, Claudia. „Julie Delpy's '2 Days' has its moments“. USA Today.
  8. Julie Delpy Biography (1969-). Full Issue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 9 March 2013
  9. 2014. Oscars.org - Academy of Motion Picture Arts and Sciences.
  10. Interview: Julie Delpy.
  11. Julie Delpy: 'I Love Everything About Motherhood'.