ჯულია გილარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯულია გილარდი
ჯულია გილარდი
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 დეკემბერი 2007 – 24 ივნისი 2010

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ივნისი 2010 – 27 ივნისი 2013
წინამორბედიკევინ რადი
მემკვიდრეკევინ რადი

დაბადებული29 სექტემბერი, 1961 (1961-09-29) (59 წლის)
ბერი, უელსი, ბრიტანეთი
მოქალაქეობაავსტრალია
პოლიტიკური პარტიალეიბორისტული პარტია
რელიგიაათეისტი


ჯულია გილარდი, ინგ.Julia Eileen Gillard (დ.1961 წ.) - ავსტრალიელი პოლიტიკური მოღვაწე, მთავრობის მეთაური 2010-13 წწ., ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი.  

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯულია გილარდი დაიბადა უელსის ქალაქ ბარიში. ბავშვობაში იგი დაავადებული იყო ბრონქული პრევმონიით, რის გამოც ექიმების რჩევით, საჭირო გახდა თბილ კლიმატურ გარემოში გადასვლა. 1966 წელს ოჯახი გადასახლდა ავსტრალიაში. ადელაიდაში ჯულიამ კოლეჯი დაამთავრა ხელოვნების პროფესიით, შემდეგ კი ჩააბარა მელბურნის უნივერსიტეტში ხელოვნების და სამართლის განხრით. გილარდის პირველი დასაქმების ადგილი იურიდიული ფირმა იყო, სადაც ის სამრეწველო სამართლის კუთხით მუშაობდა.

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ჯულია გილარდი გამოირჩეოდა ორგანიზატორული ნიჭით, რომლის წყალობით 1983 წელს გახდა სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე. 

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს გილარდმა პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო. თავდაპირველად ის ოთხი წლის განმავლობაში სათავეში ედგა მელბურნში ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ბიუროს. ჯულიამ რამდენჯერმე სცადა პარლამენტის წევრობის კანდიდატად საკუთარი თავის წარდგენა, თუმცა შიდასელექციის დროს დამარცხდა. 1996 წელს იგი დაინიშნა ოპოზიციაში მყოფ ლეიბორისტთა ლიდერის შტაბის ხელმძღვანელად, ხოლო 1998 წელს არჩეული იქნა წარმომადგენლობითი პალატის დეპუტატად, სადაც დასაქმების, შრომის და განათლების კომიტეტში საქმიანობდა.[1]

ვინაიდან ამ პერიოდში ავსტრალიას ლიბერალური პარტია მართავდა, ლეიბორისტულმა პარტიამ ჩრდილოვანი კაბინეტი ჩამოაყალიბა. მასში ჯულია გილარდიც შევიდა, რომელიც პასუხისმგებელი გახდა განათლების, იმიგრაციის, შემდგომში კი თანასწორობის და აბორიგენი მოსახლეობის საქმეებზე. 2006 წელს პარტიაში გამართული არჩევნების შედეგად ის ოპოზიციის ლიდერის მოადგილე გახდა.

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ 2007 წელს ლეიბორისტულმა პარტიამ შესძლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. გილარდი პრემიერ კევინ რადის მოადგილე გახდა და ვიცე-პრემიერის რანგში სათავეში ჩაუდგა დასაქმების, სოციალურ საქმეთა და განათლების სამინისტროს, სამი წლის შემდეგ კი შიდაპარტიული კონკურენციის პირობებში არჩევნებში დაამარცხა კევინ რადი და უმაღლესი არჩეული თანამდებობის მქონე პირველი ქალი გახდა ქვეყნის ისტორიაში.[2]

მთავრობის მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვების მიუხედავად, გილარდი არ სარგებლობდა ფართო მხარდაჭერით, რაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა მორიგ საყოველთაო არჩევნებზე - მისი მეთაურობით გასულმა პარტიამ ვერ მოახერხა დამაჯერებელი მოგება, მთავრობის დაკომპლექტება კი მხოლოდ დამოუკიდებელი დეპუტატების დახმარებით გახდა შესაძლებელი. ამ პირობებში საკვანძო მნიშვნელობა მიენიჭა გილარდის უნარს, კომპრომისების გზით მოენახა საერთო ენა სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ოფიციალური კანბერას ერთ-ერთ პრიორიტეტს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევა წარმოადგენდა. ერთობ პრობლემური აღმოჩნდა ასევე საიმიგრაციო სფერო. ევროპის მსგავსად, ამ პერიოდში ავსტრალიასაც არალეგალურ მიგრანტთა ტალღა მიაწყდა. ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრა გილარდის მთავრობამ მკაცრი მეთოდებით სცადა, რომელიც თავშესაფრის ყველა მაძიებლის დეპორტაციის გულისხმობდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ავსტრალიის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა. გილარდი თავისი მოღვაწეობისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა განათლების და სამოქალაქო თანასწორობის სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესებას.[3] 

2013 წლის ივნისში პარტიის შიგნით გილარდის მმართველობით უკმაყოფილო ფრთამ მოითხოვა კენჭისყრა ნდობის ვოტუმის საკითხზე. პასუხად პრემიერ-მინისტრმა წინადადება წამოაყენა, რომ წაგებულს პოლიტიკის ასპარეზი საერთოდ დაეტოვებინა. კევინ რადმა რევანშის აღება შესძლო, 12 ხმით მოიგო, რითაც გილარდის პოლიტიკური კარიერა დასრულდა.[4]

გადადგომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამდებობის დატოვების შემდეგ ჯულია გილარდმა საქმიანობა გააგრძელა ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, რომელიც ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანების საკეთილდღეოდ მოღვაწეობდა. აწარმოებს კამპანია განათლების, ჰუმანიტარულ, თამბაქოს საწინააღმდეგო მიმართულებებით. ამჟამად მუშაობს საგანმანათლებლო ორგანიზაციის Global Partnership for Education დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ.[5]   

2014 წელს ექს-პრემიერმა გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული ჟანრის წიგნი My Story. ამავე წელს მას მიენიჭა მელბურნში მდებარე ვიქტორიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.        

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი ვებ-საიტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]