შინაარსზე გადასვლა

ჯუზეპე ბონიტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუზეპე ბონიტო
დაიბადა 11 იანვარი, 1707(1707-01-11)
დაბადების ადგილი Castellammare di Stabia
გარდაიცვალა 9 მაისი, 1789(1789-05-09) (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნეაპოლი

ჯუზეპე ბონიტო (იტალ. Giuseppe Bonito; დ. 1 ნოემბერი, 1707, კასტელამარე-დი-სტაბია — გ. 19 მაისი, 1789, ნეაპოლი) — ნეაპოლური სკოლის იტალიელი ფერმწერი. მისი შემოქმედება მოიცავს გვიანი ბაროკოდან კლასიციზმზე გარდამავალ პერიოდს.[1]

ცხოვრება და შემოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუზეპე ბონიტო ნეაპოლელი მხატვრის, ფრანჩესკო სოლიმენას მოსწავლე იყო; მის ადრეულ ნამუშევრებში აშკარად იგრძნობა მასწავლებლის გავლენა. ბონიტოს ერთ-ერთი თანამედროვე იყო გასპარე ტრავერსი, რომლის ბევრ ტილოსაც ადრე სწორედ ბონიტოს მიაწერდნენ. მოგვიანებით მხატვარმა საკუთარი სტილი ჩამოაყალიბა, რომელიც შუქჩრდილის განსაკუთრებული ეფექტებით გამოირჩევა.

ბონიტოს შემოქმედების ძირითადი ჟანრები პორტრეტი და ყოფითი სცენები იყო. მისი ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ქუჩის სცენებს უპატრონო ბავშვებისა და „კომედია დელ არტეს“ პერსონაჟების მონაწილეობით, შესრულების მანერით შედარებით უხეშია, თუმცა სიცოცხლისუნარიანობითა და იუმორით ხასიათდება. მას ასევე მრავალი შეკვეთა აქვს შესრულებული ნეაპოლის ეკლესიებისა და მონასტრებისთვის.

1751 წელს ჯუზეპე ბონიტო ნეაპოლის სამეფო კარის მხატვარი გახდა. ამ პერიოდში იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ფრესკულ ფერწერას; მას ეკუთვნის პორტიჩის სამეფო სასახლის მოხატულობა. კაპოდიმონტეს სასახლეში ბონიტო მონაწილეობდა ფერწერული კოლექციის სისტემატიზაციაში, რომელიც თორმეტ დიდ დარბაზში, მხატვრებისა და ფერწერული სკოლების მიხედვით განთავსდა.

მუზეუმის ექსპოზიციასთან ერთად, 1755 წელს სასახლეში დაარსდა „ნატურის სამეფო აკადემია“ (იტალ. la Reale Accademia del Nudo). ბონიტო ამ სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა, მოგვიანებით კი სამეფო შპალერების (გობელენების) მანუფაქტურასაც ჩაუდგა სათავეში.[2] პარალელურად იგი აქტიურად მუშაობდა პორტრეტის ჟანრში — მის ფუნჯს ეკუთვნის ნეაპოლის მეფის, კარლ VII-ისა და ესპანეთის მეფის, კარლ III-ის მეუღლის, მარია ამალია საქსონელის პორტრეტი. მხატვრის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, საკურთხევლის ხატი „უმანკო ჩასახვა“, 1789 წელს კაზერტის სამეფო სასახლის კაპელისთვის შეიქმნა.

1752 წელს ჯუზეპე ბონიტო რომის წმინდა ლუკას აკადემიის წევრად მიიღეს. მსხვილი სამეფო შეკვეთების შესრულებისას იგი თანამშრომლობდა მხატვარ ფრანჩესკო დე მურასთან. ბონიტო ნეაპოლში გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე იყო ანჯელო მოცილო.

  • Dizionario biografico degli italiani. — Rom: Istituto dell’Enciclopedia Italiana, 1997.
  • Turner J. The Dictionary of Art. — New York: Grove, 1996. — Vol. 4. — 323 p. — ISBN 1-884446-00-0.
  1. Neues allgemeines Künstler-Lexicon; oder Nachrichten von dem Leben und den Werken der Maler, Bildhauer, Baumeister, Kupferstecher etc. Bearb. von Dr. G. K. Nagler. — München: E.A. Fleischmann, 1835—1852
  2. Touring Club Italiano. Museo di Capodimonte. — Milano: Touring Club Editore, 2012. — ISBN 978-88-365-2577-5. — P. 11