ჯუანშერ ჩქარეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუანშერ ჩქარეული (დ. 13 იანვარი, 1940, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლები: ალექსანდრა მახარობლიშვილი და ლევან ჩქარეული. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1966-1970 წლებში სწავლობდა რუსეთის ბირთული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1971-1974 წლებში იყო მოსკოვის თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი. 1974-1982 წლებში ელეფთერ ანდრონოკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი, 1982-1990 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991 წლიდან ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი. 1990 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი.

ჯუანშერ ჩქარეული მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში: სასექსის უნივერსიტეტი (ბრაიტონი, 1993-1994); თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (ტრიესტი, 1996); ევროპის გაერთიანებული ბირთული კვლევების ცენტრი (ჟენევა, 1994-1995); ლონდონის სამეფო უნივერსიტეტი (1998-1999); მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტი (მიუნხენი, 2000); მერილენდის უნივერსიტეტი და სხვა.

1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ლაგრანჟის მოდელები განივი ვექტორული და აქსიალურ-ვექტორული ველებით“. 1985 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰორიზონტალური სიმეტრია და კვარკებისა და ლეპტონების თაობები“. საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი ნაშრომი. იყო რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: კვარკებისა და ლეპტონების ერთიანი თეორიები, არომატების შერევა და თაობათა სიმეტრიები, სუპერსიმეტრიული მოდელები, დიდი გაერთიანება, სუპერსიმების ფენომენოლოგია, რელატივისტური სიმეტრიის სპონტანური დარღვევა და ლოკალური სიმეტრიების გენერაცია, კვანტური ელექტროდინამიკისა და გრავიტაციის დინამიურად წარმოშობილი თეორიები, ტოპოლოგიური დეფექტები ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში, დამატებითი სივრცე-დროის განზომილებები.

ჯუანშერ ჩქარეულის ძირითადი სამეცნიერო ინტერესები დაკავშირებულია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასთან მცირე და ზემცირე მანძილებზე. 1980 წელს მის მიერ პირველად იქნა შემოყვანილი ე.წ. კირალური ჰორიზონტალური სიმეტრიის კონცეფცია. მეცნიერი არის საქართველოს და აშშ ფიზიკოსთა (1994) საზოგადოებების წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და 2000 წლიდან დიდი ბრიტანეთის ფიზიკის ინსტიტუტის ნამდვილი წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინ არის საქართველოში, 2009: ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2009, გვ. 439-440

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]