ჯო კოქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯო კოქსი
ბრიტანეთის პარლამეტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მაისი, 2015 – 16 ივნისი, 2016

დაბადებული22 ივნისი 1974
ბეთლი, იორკშირი, ბრიტანეთი
გარდაცვლილი16 ივნისი 2016
ლიდსი, იორკშირი, ბრიტანეთი
მოქალაქეობადიდი ბრიტანეთი
პოლიტიკური პარტიალეიბორისტული პარტია
მეუღლებრენდან კოქსი
შვილები2
განათლებაკემბრიჯის უნივერსიტეტი

ჯო კოქსი, ინგ.Helen Joanne Cox, ქალიშვილობისას ლიდბითერი (1974 - 2016) - ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, პარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან. ის გახდა თანამედროვე ეპოქის პირველი მოქმედი ბრიტანელი დეპუტატი, რომელიც მოკლული იქნა პოლიტიკური სიძულვილის ნიადაგზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯო კოქსი დაიბადა დასავლეთ იორკშირის საგრაფოს ქალაქ ბათლიში. მან კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბროუკის კოლეჯში ჩააბარა თავდაპირველად ანთროპოლოგიის და არქეოლოგიის განხრით, შემდეგ კი - პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მოგვიანებით იგი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა.[1]

კოქსი მუშაობდა ლეიბორისტული პარტიის დეპუტატის ჯონ უოლის მრჩევლად, აგრეთვე, ბრიუსელში ევროპარლამენტის წევრის გნელის კინოკის თანაშემწედ. 2001 წლიდან ის ცხრა წლის მანძილზე ოქსფამის ჰუმანიტარულ პროექტებში მონაწილეობდა. ამ სფეროში მოღვაწეობისას ის უშუალოდ გაეცნო დარფურისა და ავღანეთის მწვავე სოციალურ პრობლემებს, რამაც დიდი როლი ითამაშა მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

დეპუტატობამდე ჯო კოქსი მუშაობდა პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის მეუღლის მრჩევლად, ასევე აქტიურობდა ლეობორისტული პარტიის ქალთა საბჭოში.

პარლამენტის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს მან გაიმარჯვა ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად შიდაპარტიულ სელექციაში, შემდეგ კი - საყოველთაო არჩევნებში.

საპარლამენტო მოღვაწეობისას ჯო კოქსმა სახელი გაითქვა სირიის თემით. ჰუმანიტარული მოსაზრებებით, კერძოდ, სამოქალაქო მოსახლეობაზე ბაშარ ასადის მთავრობის საავიაციო იერიშების აღკვეთის მიზნით, იგი მოითხოვდა სირიაში ფრენისთვის აკრძალული ზონის დაწესებას და მის ეფექტიან განხორციელებას. დეპუტატი ასევე აქტიურობდა ბრიტანეთის მიერ ობლად დარჩენილი სირიელი ბავშვების მიღების საკითხში.[2] პარლამენტში იგი სათავეში ჩაუდგა დეპუტატთა "სირიის მეგობართა ჯგუფს".[3]

ჯო კოქსს სჯეროდა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირის შემადგენლობაში უკეთესი მომავალი ჰქონდა, ამიტომ 2016 წლის 23 ივნისს დანიშნული რეფერენდუმის წინ ენერგიულად გამოდიოდა ამ თანამეგობრობაში ქვეყნის დარჩენის მომხრედ.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 ივნისს დეპუტატი ლიდსის გარეუბან ბირსტალის ბიბლიოთეკაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, როცა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დამნაშავემ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა, აგრეთვე, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულის, ფილტვების, ღვიძლის და მუცლის არეში, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. მკვლელობა ნეონაცისტური დაჯგუფების 52 წლის წევრმა ჩაიდინა, რომელიც გატაცებული იყო სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობით.[4]

ეს მოქმედი დეპუტატის პირველი მკვლელობა იყო 1990 წლის შემდეგ, როცა ირლანდიასთან გაერთიანებისთვის მებრძოლი "რესპუბლიკური არმიის" მიერ მოწყობილ აფეთქებას პარლამენტის წევრი შეეწირა. სააგიტაციო კამპანია შეჩერდა, პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა გააუქმა გიბრალტარში დაგეგმილი ვიზიტი, რათა სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლებს ღირსეული პატივი ეგოთ დაღუპული კოლეგის ხსოვნისთვის. [5]

აღმოჩნდა, რომ სიკვდილამდე სამი თვის განმავლობაში ჯო კოქსი მუქარის შემცველ გზავნილებს იღებდა ფოსტის მეშვეობით, რომელსაც ის ყურადღებას არ აქცევდა. სირიაში დაბომბვების კამპანიის მხარდაჭერის გამო ზოგმა დეპუტატმა სიძულვილის ენით გაჯერებული გზავნილები მიიღო, რამაც მთავრობას მათი პირადი უსაფრთხოების გაძლიერებისკენ უბიძგა.[6]

ოჯახური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს ჯო კოქსი დაქორწინდა ბრენდან კოქსზე, რომელიც ორგანიზაციის Save the Children აღმასრულებელი მდივანი და ასევე პრემიერ გორდონ ბრაუნის მრჩეველი იყო. წყვილს ორი შვილი დარჩა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯო კოქსის სახელობის ფონდი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]