შინაარსზე გადასვლა

ჯოჯოხეთი (დანტე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯოჯოხეთი — იტალიელი პოეტი დანტე ალიგიერის XIV საუკუნის პოემა „ღვთაებრივი კომედიის“ სამიდან პირველი ნაწილი. მოგვითხრობს პერსონაჟი დანტეს მოგზაურობას ჯოჯოხეთში, სადაც მას მეგზურობას რომაელი პოეტი ვირგილიუსი უწევს. ჯოჯოხეთი წარმოდგენილია, როგორც დედამიწის სიღრმეში განლაგებული ცხრა კონცენტრული წრე. ეს მათი „სამყოფელია, ვინც თავი ძალადობის მხეცურ მადას დაუქვემდებარა და სულიერი ღირებულებები უარყო, ანდაც თავისი ადამიანური გონიერება მოძმეთა წინააღმდეთ თაღლითობასა და ბოროტი განზრახვების განხორციელებას მოახმარა.“[1] პოემა სულის ღმერთისაკენ მოგზაურობის ალეგორიაა, მისი პირველი ნაწილი „ჯოჯოხეთი“ კი ცოდვის შეცნობასა და მის დაგმობას ასახავს.[2]

გუსტავ დორეს გრავიურა პოემის 1861-68 წლები გამოცემისთვის. მასზე გამოსახულია ბნელ ტყეში დაკარგული დანტე.

პოემის სიუჟეტი იწყება 1300 წლის დიდ ხუთშაბათს, 7 აპრილს.[3][4] 35 წლის, „ცხოვრების შუაგზაზე“ მყოფი მთხრობელი დანტე ბნელ ტყეშია, რადგან „მართალი ბილიკი“, ანუ ხსნის გზა, დაკარგულია. პატარა ბორცვზე მოფენილი მზის პირველი სხივები, რაც ღვთაებრივი გასხივოსნების სიმბოლოა, პოეტს იმედით ავსებს. იგი ბორცვზე ასვლას გადაწყვეტს, თუმცა გზას სამი მხეცი გადაუღობავს: ჯიქი, ლომი და ძუ მგელი. ისინი ცოდვის სამი სახეობის სიმბოლოებს წარმოადგენენ, რომელთა მიხედვითაცაა ჯოჯოხეთის ცხა წრე დაყოფილი სამ ძირითად ნაწილად. ჯონ კიარდის თანახმად, ესენია თავშეუკავებლობა (ძუ მგელი), ძალადობა (ლომი) და თაღლითობა (ჯიქი).[5]

ახლა უკვე დიდი პარასკევი დილაა, რვა აპრილი, მზე ვერძის თანავარკვლავედიდან ამოდის. მხეცები დანტეს უკან დახევას და ცოდვის ბნელ ტყეში დაბრუნებას აიძულებენ. ამ დროს მას მხსნელად მოევლინება უცნობი ფიგურა, რომელიც განუცხადებს, რომ იულიუსის მმართველობის დროს დაიბადა, ხოლო ცხოვრობდა. ავგუსტუსის მმართველობისას, „ყალბი და ცრუ ღმერთების დროს“. ეს რომაელი პოეტის, „ენეიდას“ ავტორის, ვირგილიუსის სულია. იგი დანტეს განუცხადებს, რომ მხეცებისგან თავდასაღწევად რთული და გრძელი გზის გავლაა საჭირო. კერძოდ, ჯერ ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდნენ, შემდეგ განსაწმენდელში ავიდნენ, და მხოლოდ ამ გზის გავლის მერე შეძლებს დანტე ღვთიური ნათლის ხილვას.

აქედან მარადიულ ადგილას წაგიყვან. იქ გაიგონებ სასოწარკვეთილ ძახილს, ნახავ მწუხარე და მეორე სიკვდილის მხმობელ უძლეველ სულებს. ნახავ იმათაც, ვინც კმაყოფილი იწვის ცეცხლში, რადგან ოდესმე ნეტართა დასთან შეერთების იმედი აქვს. და თუ ამათთან ასვლას მოისურვებ, იქ ჩემზე უფრო ღირსეული სული შემცვლის.[6]

ვირგილიუსი დანტეს იქამდე გაუძღვება, სანამდეც ადამიანურ გონიერებას ძალუძს წვდომა, განსაწმენდელის შემდეგ კი დანტეს მეგზურობას ბეატრიჩე გაუწებს, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულის სიმბოლოა. დანტე სიხარულით თანხმდება რომაელ პოეტს.

ქება II: გზა ჯოჯოხეთისკენ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი პარასკევის საღამოს დანტეს ეჭვები იპყრობს, იგი ყოყმანს იწყებს: არის კი იგი ღირსი ვირგილიუსის მიერ აღწერილი გზის გავლის? რომაელი პოეტი დანტეს უყვება, როგორ ჩამოვიდა ბეატრიჩე სამოთხიდან, გამოიარა განსაწმენელი და ჩავიდა ჯოჯოხეთის პირველ წრეში, რათა ვირგილიუსისთვის ეთხოვა, მის მეგობარ დანტეს დახმარებოდა. თავად ბეატრიჩე კი ღვთისმშობელმა მარიამმა და წმინდა ლუჩიამ გამოგზავნეს. ვირგილიუსი დანტეს საყვედურობს: რატომ შეუპყრია იგი შიში, როცა ასეთი ღვთიური ძალები გარჯილან მისი გულისთვის?

რატომ ჩაგიჯდა გულში ესოდენი სიმხდალე? მას შემდეგ, რაც ზეციურ კარზე მყოფი ის სამი ნეტარი ქალბატონი შენზე ზრუნავს და ჩემი სიტყვაც ამდენს გპირდება?

ქება III: ჯოჯოხეთის შესასვლელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მესამე ქების გუსტავ დორესეული ილუსტრაცია: ქარონი

დანტე და ვირგილიუსი გადალახავენ ჯოჯოხეთის კარიბჭეს, რომელზეც შემდეგი წარწერაა:

მე გაგიძღვები მწუხარე ქალაქში, მე გაგიძღვები მარადი ტკივილისაკენ, მე გაგიძღვები წარწყმედილ ხალხთა შორის. სამართლიანობამ აღძრა ჩემი მაღალი შემოქმედი, მე შემქმნა ღვთაებრივმა ხელმწიფებამ, უზენაესმა სიბრძნემ და პირველმა სიყვარულმა. ჩემ უწინარეს არ შექმნილა რაიმე არსი, თუ არა მარადი, მე თვითონაც მარადი ვარ. თქვენ, შემომსვლელნო, მიატოვეთ ყველა იმედი.[7]

დანტეს და ვირგილიუსს ესმით კვნესა და ხმამაღალი გოდება, „ტკივილის სიტყვები და მრისხანების ძახილი“ იმ ადამიათა სულებისა, რომლებსაც ცხოვრებაში არც სიკეთის მხარე დაუჭერია და არც ბოროტებისა, „ვისაც სირცხვილისა და სიქადულის გარეშე უცხოვრია“.[8] ესენი ოპორტუნისტები არიან, რომლებიც ცხოვრებაში მხოლოდ პირად გამორჩენაზე ზრუნავდნენ. მათ შორის დანტე ამოიცნობს მას, „ვისაც სიმხდალემ დიდი უარი ათქმევინა“ პაპ სელესტინეს, რომელიც საკუთარი ნებით გადადგა. ამ ადამიანთა სულებთან ერთად არიან ე. წ. ნეიტრალური ანგელოზები, რომელთაც აჯანყების დროს ღმერთს არც უერთგულეს და არც ეურჩნენ. ეს ტანჯულები სამუდამოდ გარეთ არიან, ვერც ჯოჯოხეთში მოხვდნენ, ვერც სამოთხეში. მათი საბინადრო მდინარე აქერონის ნაპირია, სადაც ისინი მუდმივად წრეზე უმიზნოდ მოძრავ თეთრ ბაირაღს დასდევენ, რომელიც მათი მუდმივად ცვალებადი პირადი ინტერესისადმი სწრაფვის სიმბოლოა. შიშველ სულებს იქ მყოფი ბუზები და კრაზანები კბენენ, მათ ცრემლში არეულ სისხლს კი საზიზღარი მატლები წოვენ.

დანტე და ვირგილიუსი მდინარე აქერონს მიადგებიან, სადაც ქარონი დახვდებათ თავისი ნავით. თავიდან ქარონი უარს აცხადებს დანტეს გადაყვანაზე, თუმცა ვირგილიუსი მას განუცხადებს, რომ „ასე ისურვეს იქ, სადაც შეუძლიათ ის, რაც სურთ.“[8] აქერონზე გადასვლილას დანტე გონებას კარგავს.

სანდრო ბოტიჩელი:“ჯოჯოხეთის რუკა“

აქერონის გადალახვის შემდეგ გაღვიძებული დანტე აღმოაჩენს, რომ ქვესკნელის კიდეზე დგას, რომელიც „უსასრულო უბედურებას იტევს თავის წიაღში.“ აქედან ვირგილიუსი დანტეს გაუძღვება ჯოჯოხეთის პირველ წრეში, რომელსაც ლიმბი ეწოდება. <>მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი მოიპოვება ზოგიერთი ქრისტიანი მწერლის შემოქმედებაში და გამოიყენება იმ ადგილის აღსანიშნავად, სადაც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამდე იმყოფებოდა მართალი ლაზარე, თვით ცნება არ შესულა თეოლოგიაში და თვით დანტეს გამოგონებაა. ლიმბი აღნიშნავს ადგილს, რომელიც არ არის საკუთრივ ჯოჯოხეთი, მაგრამ ვერც სამოთხე იქნება, რადგან მისი მობინადრე დიადი სულები არ ცნობდნენ მაცხოვარს. აქ არ არის ტანჯვა, არც ნეტარება.<> აქ იმყოფებიან მოუნათლავები და ღირსეული წარმართები, რომელთაც არ შეუცოდავთ და წარწყმედა არ დაუმსახურებიათ, თუმცა არც ქრისტეს სჯულს იცნობდნენ იმისთვის, რომ ნეტარება მოეპოვებინათ. ლიმბში მწუხარების ერთადერთი გამოხატულება ოხვრაა, რომლის მიზეზიცაა სევდა ტანჯვის გარეშე. აქ მყოფები მხოლოდ იმით იტანჯებიან, რომ იმედი არ აქვთ. სწორედ ლიმბია ვირგილიუსის მარადიული სამყოფელი ჯოჯოხეთში, რომელსაც დანტეს ასე აცნობს:

არ მეკითხები, რა სულებს ხედავ? მსურს, რომ იცოდე, რომ მათ არ შეუცოდავთ. და თუ რაიმე ამაგი ჰქონდათ, ეს არ კმაროდა, რადგან არ ღირსებიან ნათლისღებას. [...] ქრისტიანობამდე უცხოვრიათ და ღმერთისთვის ღირსეულად არ უციათ თაყვანი. მეც მათ შორის ვარ.

ამ ნაკლისთვის და არა სხვა რამ დანაშაულისთვის ვართ დაკარგულნი და მხოლოდ იმით დასჯილნი, რომ უსასოოდ ვარსებობთ სურვილში.

დოროთი სეიერსი ლიმბში მყოფთა შესახებ წერს: „იმათ შემდეგ, ვინც არჩევანზე უარი თქვეს, მოდიან ისინი, ვისაც არჩევნის გაკეთების საშუალება არ ჰქონიათ. მათ არ შეეძლოთ ქრისტეს არჩევა, თუმცა, შეეძლოთ და აირჩიეს კიდეც ადამიანური ღირსება.“

დანტე ვირგილიუს ეკითხება, ვინმეს ოდესმე თუ დაოტოვებია პირველ წრე და შემდეგ ნეტარი გამხდარა. ვირგილიუსი იხსენებს, რომ ჩამოვიდა იესო ქრისტე („ის უძლეველი“) და წაიყოლა ადამი, აბელი, ნოე, მოსე, აბრაამი, დავითი, რახელი და სხვა მრავალნი სამოთხეში და ქმნა ისინი ნეტარად.

დანტე და ვირგიულიუსი ხვდებიან ანტიკურობის დიდ პოეტებს ჰომეროსს, ჰორაციუსს, ოვიდიუსსა და ლუკანს. ისინი დანტეს მათ გუნდში მეექვსედ იღებენ და ერთად მიემართებიან წარჩინებული ციხე-დარბაზისკენ, რომელსაც გარშემო შვიდი მაღალი გალავანი ევლება. შვიდი კარის გავლის შემდეგ, ისინი ხასხანა მწვანე მდელოზე ხვდებიან, სადაც დანტე ციტადელის ბინადრებს იხილავს. იქ მყოფი ხალხი მზერით ნელი და მძიმე იყო, ყველას გარეგნობას დიდი ძალაუფლება ეტყობოდა. ერთ მხარეს დავდექით, გაშლილ ადგილას, სადაც სინათლე იყო და ყველას დანახვა შეიძლებოდა. იქ მწვანე მინანქარზე მიჩვენეს დიადი სულები და მათი ხილვით შინაგანად ავმაღლდი.

დანტე ხედავს ტროელებს და მათ შთამომავლებს (რომაელებს): ელექტრას, ჰექტორს, ენეასს, იულიუს კეისარს, კამილასა და პენტისელეას, ლათინუსსა და ლავინიას, ტანკვინიუსს. დანტე ასევე ხედავს განმარტოებით მდგომ მუსლიმ მთავარდარსალ სალადინს, რომელიც შუა საუკუნეებში რაინდული დიდსულოვნების სიმბოლოდ ითვლებოდა. შემდეგ დანტე ზემოთ იხედება და ფილოსოფოსთა ჯგუფს ხედავს, რომელთა შორის არიან არისტოტელე, ოკრატე პლატონი, დემოკრიტე, ანაქსაგორა, თალესი, ემპედოკლე, ჰერაკლიტე და ზენონი. ასევე აქ არიან ავიცენა და ავეროესი. დანტე და ვირგილიუსი შორდებიან ოთხ პოეტს და თავიანთ გზას აგრძელებენ, გადადიან იქ, სადაც „აღარ არის სინათლე“.

მეორე წრე (ავხორცობა)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანტე და ვირგიული გადადიან მეორე წრეში, საიდანაც იწყება რეალური ჯოჯოხეთი. აქ ზის მინოსი, რომელიც განსაზღვრავს წარწყმედილ სულთა ადგილს ჯოჯოხეთში. მას შემდეგ, რაც ცოდვილი ყოველივეს აღიარებს მინოსის წინაზე, იგი ტანზე კუდს იმდენჯერ იხვევს, რამდენი დონითაც ქვემოთ უნდა ჩავიდეს სული. ჯოჯოხეთში მინოსი წარმოადგენს თავისი კლასიკური როლის, როგორც უსამართლო მოსამართლისა და განმსჯელის, და რადამანტუსის როლის, როგორც ქვესკნელის დამკითველისა და აღსარების მიმღების კომბინაციას. ვირგილიუსის მეოხებით, დანმაშავეთა განსმჯელი მინოსი დანტეს მეორე წრეში შესვლის ნებას რთავს.

მეორე წრეში ისჯებიან ავხორცები, რომელთაც თავიანთი გონიერება სურვილებს დაუქვემდებარეს. აქ მათ შეუშვენებელი ჯოჯოხეთური გრიგალი დააქროლებს, ატრიელებს და ერთმანეთს ახლის.

მიაფრენდა ის გრიგალი ბოროტ სულებს აქეთ და იქით, ზემოთ და ქვემოთ. მათ არ ანუგეშებდა არასოდეს რაიმე იმედი არა თუ შესვენების, არამედ ტანჯვის შემცირებისაც კი.

დოროთი ლი სეიერსის თანახმად, ქარიშხალი ხორციელი ლტოლვის უმიზნობას და უაზრობას განასახიერებს: „რადგანაც საყვარლები სიამოვნების მიღების სურვილს უქვემდებარებდნენ თავებს და თავიანთი ვნებების დინებას მორჩილად ნებდებოდნენ, სწორედ ასე ქარის დინებას მიყოლილებს უწევთ ჯოჯოხეთში სამუდამოდ ყოფნა. ჯოჯოხეთში მათი ვნებით სავსე ცოდვა უსასოო ტანჯვის უდაბური წყვდიადადაა ქცეული.“ რადგანაც ავხორცობა ცოდვაში თანაზიარებას გულისხმობს, და არაა სრულად პირად ინტერესებზე კონცენტრირებული ცოდვა, დანტე მას ყველა ნაკლებად საზარლად, ხოლო სასჯელს ყველაზე მოწყალედ მიიჩნევს. ჯოჯოხეთური გრიგალი ჩამოქცეულ კლდეში არსებული ხვრელიდან გამოდის. კლდის ჩამოქცევის მიზეზად კომენტატორები იესო ქრისტეს სიკვდილის დროს მომხდარ მიწისძვრას თვლიან.

მეორე წრეში დანტე იხილავს სემირამიდეს, დიდოს, კლეოპატრას, ელენას, პარისს, აქილევსს, ტრისტანსა და მრავალ სხვას, ვინც სექსუალურ სურვილებს დაუმორჩილა თავი. დანტე გაესაუბრება ფრანჩესკა დე რიმინის, რომელიც პოლიტიკური მიზნებით ჯანჩოტო მალატესტაზე მოტყუებით დააქორწინეს. ქორწინების შემდეგ ფრანჩესკა ჯანჩოტოს უმცროს ძმას, პაოლოს გაუმიჯნურდა. ჯანჩოტომ საყვარლებს ერთხელ ფრანჩესკას საძინებელში შეუსწრო და ორივენი სიცოცხლეს გამოასალმა. ფრანჩესკა ამბობს:

სიყვარული მსწრაფლ ისადგურებს წარჩინებულ გულში, ამიტომაც მიიზიდა ეს კაცი ჩემმა მშვენიერებამ, რომელიც აწ უკვე წამერთვა და თანაც ისე, რომ ჯერაც შეურაცხყოფილი ვარ. სიყვარული არშეყვარებას არ შეარჩენს იმას, ვინც უყვართ. ამიტომაც შემიპყრო ამ კაცის მიმართ გზნებამ ისეთმა, რომ, როგოც ხედავ, ჯერაც არ მეხსნება. სიყვარულმა მიგვიყვანა ერთ სიკვდილამდე, ჩვენი სიცოცხლის ჩამაქრობელს კი კაინა ელის.

ფრანჩესკა იხსენებს, როგორ კითხულობდა პაოლასთან ერთად ლანსელოტისა და ჯინევრას მიჯნურობის ამბავს. წიგნმა არაერთხელ ააღელვა ფრანჩესკა და პაოლა, რომლებიც თავიანთ გრძნობებს საბოლოოდ მაშინ დანებდნენ, როცა წაიკითხეს, როგორ ეამბორა ლანსელოტი ჯინევერას. ფრანჩესკა ამბობს, რომ იმ დღეს მეტი არაფერი წაუკითხავთ, რაშიც ითვლება, რომ ჯანჩოტოს მოულოდნელი შემოსვლა და შეყვარებულთა სიკვდილი იგულისხმება. სიბბალულით მოცული დანტე გონებას კარგავს. „ქვე დავეცი, ვით უსულო გვამი.“

მესამე წრე (ნაყროვანება)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე წრეში ისჯებიან ნაყროვანები იმის გამო, რომ თავიანთი გონიერება მთლიანად გაუმაძღარ მადას დაუქვებდებარეს. მესამე წრის მცველია სამთავიანი ძაღლი ცერბერი, რომელსაც დანტე „ვეება მატლს“ უწოდებს, რადგან მისი სხეული, ისევე როგორც მატლისა, მხოლოდ ჭამის მოთხოვნილებას ემორჩილება.

აქ მარადიულად მოდის წვიმა „წყეული, ცივი და მძიმე“. სეტყვა, თოვლი და მღვრიე წყალი ქმნის მყრალ ლაფს, რომელშიც ნაყროვანთა სულები იტანჯებიან. მათ ცერბერი ფხაჭნის, ტყავს აძრობს და ნაფლეთებად გლეჯს, რაზეც ტანჯულები ძაღლებივით წკმუტუნებენ. განრისხებულ ცერბერს ვირგილიუსი ხახებში მიწის ჩაყრით აოკებს, რის შემდეგაც დანტესთან ერთად მესამე წრეში სვლას იწყებს.

დოროთი ლი სეიერსი წერს: „ცოდვაში გადაშვება საზიარო სიამოვნების აქტით იწყება, თუმცა შეუმჩნეველი დეგრადაციით თანდათან ინდივიდუალურ კმაყოფილებასმე მიდის.“ ნაყროვანები ლაფში მარტონი განრთხმულან, სხვათა მიმართ ბრმები და გულგრილები, რაც მათ ეგოისტურ და გრძნობებისგან დაცლილ ცხოვრებაზე მეტყველებს. ისევე როგორც, მეორე წრეში ავხორცობამ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება ჯოჯოხეთური გრიგალის სახით, მესამე წრეში ლაფი გამოხატავს ხორცისადმი დაქვემდებარების ჭეშმარიტ ბუნებას, რაც არა მარტო გადამეტებულ ჭამა-სმაში გამოიხატება, არამეს სხვა სახის დამოკიდებულებებსაც მოიცაბს.

მესამე წრეში დანტე გაესაუბრება თავის თანამედროვე ფლორენციელ ჩაკოს, რომლის სახელით ფლორენციულ დიალექტზე „ღორს“ ნიშნავს. ჩაკო ნიჭიერი პოეტი და ენამჭევრი მოსაუბრე იყო, რომელიც პარაზიტულ ცხოვრებას ეწეოდა და თავის პიროვნულ ღირსებებს წვეულებებსა და ნადიმებზე გასაძღომად იყენებდა. ჩაკო დანტეს ფლორენციაში გველფების მიერ გიბელინების დამარცხების შემდეგ გაღვივებულ თეთრ და შავ გველფებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ესაუბრება. იგი წინასწარმეტყველებს პაპი ბონიფაციუსის ხელშეწყობით შავი გველფების მიერ ფლორენციიდან თეთრი გველფების გაძევებას, რაც დანტეს მშობლიური ქალაქის დატოვებას აიძულებს. მართალია, პოემა დანტეს ფლორენციიდან გაძევების შემდეგ დაიწერა, თუმცა რადგანაც მოქმედება 1300 წელს მიმდინარეობს, პერსონაჟი დანტესთვის ჩაკოს სიტყვები წინასწარმეტყველურია.

მეოთხე წრე (სიხარბე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე წრის მცველია პლუტო, რომლის გაუგებარი სიტყვებითაც იწყება მეშვიდე ქება: Pape Satàn, pape Satàn aleppe! ვირგილიუსი დანტეს პლუტოს ბრაზისგან იცავს და მიუძღვება მეოთხე წრეში, სადაც ისინი ისჯებიან, რომელთაც ცხოვრებაში მატერიალურ საკითხებთან მიმართებით ზომიერება ვერ დაიცვეს. ცოდვილები ორ საპირისპირო ჯგუფად არიან დაყოფილები: ხარბები ან ძუნწები, რომლებიც ქონების უზომო რაოდენობით აგროვებდნენ, და მფლანგველები, რომლებიც ფუჭად ხარჯავდნენ. ცოდვილთა ორი ჯგუფი ერთმანეთთან მუდმივ ბრძოლაშია, ისინი ერთმანეთისკენ ხმამაღალი ყვირილით დიდ სიმძიმეებს მიაგორებენ, ერთმანეთს ეხლებიან, შემდეგ ტრიალდებიან და წრის მეორე მხრიდან იმეორებენ იმავეს. ძუნწთა შორის დანტე მრავალ საეკლესიო პირს ხედავს, რომლებით სხვა ცოდვილთაგან თავიანთი ტონზურებით განირჩევიან.

დოროთი ლი სეიერსი მეოთხე წრის ცოდვას წინა ორ თავშეუკავებლობის ცოდვას (ავხორცობა და ნაყროვენება) უკავშირებს და წერს: „ცოდვაში საზიარო თავგადაშვება უკვე ეგოისტური გაუმაძღრობის დონეზე დაეცა; ამასთანავე, უკვე ხდება იმის გაცნობიერება, რომ ერთის გაუმაძღრობა შეუთავსებელია სხვების თანაზომიერად ეგოისტურ გაუმაძღრობასთან. გულგრილობა ორმხრივ ანტაგონიზმად იქცევა, რაც ძუნწებსა და მფლანგველებს შორის დაპირისპირების სახითაა წარმოდგენილი.“

ვირგილიუსი დანტეს ცოდვილთა შესახებ ეუბნება: „ყველანი ცხოვრებაში იმდენად ბეცნი იყვნენ გონებით, რომ ვერც ერთი ხარჯი ვერ გასწიეს ზომიერად. [...] ბოროტმა გაცემამ და ბოროტმა შენახვამ მოაკლო ისინი ქვეყნიერების სილამაზეს.“ ამის შემდეგ ვირგილიუსი სოციალურ-ისტორიული პროცესების განმსზაღვრელ ფორტუნაზე საუბრობს, რომელიც იწვევს გვარიდან გვარში და თაობიდან თაობაში ამქვეყნიური ბედის ცვლილებას, იმას, რომ „ერთი ხალხი აყვავდეს, მეორე კი დაჭკნეს.“

მეოთხე წრეში დანტე ცოდვილთაგან არავის ესაუბრება, რადგან ისინი იმდენად ჩაფლულები არიან ერთმანეთთან ბრძოლაში, რომ გარშემო ვერავის ამჩნევენ. ამასთანავე, შეუძლებელია წარწყმედილთა სახეების გარჩევა, რადგან გაუცნობიერებელმა და უაზრო ცხოვრებამ ისინი პიროვნულობისგან სრულიად განძარცვა და მათი სახეები ცნობისთვის მიუწვდომლად აქცია.

მეხუთე წრე (მრისხანება)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე წრეში, სტიქსად წოდებულ მყრალ ჭაობში ერთმანეთში იბრძვიან მრისხანენი. „ერთმანეთს ურტყამდნენ, ოღონდ არა მხოლოდ ხელით, არამედ თავით, მკერდით, ფეხებით და კბილებითაც ერთმანეთს ნაფლეთებად გლეჯდნენ.“ წყალქვეშ, მდინარის ლაფში ჩაფლულნი არიან პირქუშები, უმოქმედო მრისხანეები, რომლებიც ისევე, როგორც სიცოცხლეში, სტიქსის შავ ჭაობშიც იბოღმებიან.

სტიქსში ტანჯულთა შესახებ დოროთი ლი სეიერსი წერს: „აქტიურად მოძულენი ერთმანეთს უღრენენ და გლეჯენ, ხოლო ფსკერზე, პირქუში მოძულენი გაუგებრად ხროტინებენ, იმ ბრაზის გამოხატვაც არ შეუძლიათ, რომელიც ახრჩობთ.”

სტიქსში ტანჯულთა შესახებ დოროთი ლი სეიერსი წერს: „აქტიურად მოძულენი ერთმანეთს უღრენენ და გლეხენ, ხოლო ფსკერზე, პირქუში მოძულენი გაუგებრად ხროტინებენ, იმ ბრაზის გამოხატვაც არ შეუძლიათ, რომელიც მათ ახრჩობთ.”

ფლეგეასს დანტე და ვირგიული სტიქსზე ნავით გადაჰყავს, რა დროსაც დანტეს წინაშე ტალახიდან ამოიმართება ფილიპე არჯენტი, შავი გველფი, რომეთანაც დანტეს პირადი კონფლიქტი ჰქონდა. არჯენტი პირველი წარწყმედილი სულია, რომელიც თავად მიდის დანტესთან შესახვედრად. დანტე მის მიმართ განსაკუთრებით უხეშია: „ტირილსა და გლოვაში დარჩები, წყეულო სულო.“ ვირგილიუსი იწონებს დანტეს რეპლიკას და მას სახარებისეული სიტყვებით ლოცავს. ამ დროს არჯენტის სხვა წარწყმედილთა ტალახიანი სულები დაესევიან და ნაფლეთებად დაგლეჯენ.

დანტე შორიდან არჩევს ქალაქი დიტეს მარადიული ცეცხლით გახურებულ წითელ მეჩეთებს. დიტეს გარს სტიქსის ჭაობი აკრავს, მისი გალავნის დაბლა კი ქვედა ჯოჯოხეთია განლაგებული.გალავანს დაცემული ანგელოზები იცავენ. ვირგილიუსი ვერ ახერხებს მათ დარწმუნებას, რომ დიტეში შესვლის ნება მისცეს, რადგან ადამიანური გონება უძლურია ბოროტების შესაცნობად და მასთან გასამკლავებლად, ამიტომ მოგზაურთა დასახმარებლად ღვთაებრივი ძალის ჩარევაა საჭირო. ამასთანავე, ვირგილიუსის უძლურება გვაჩვენებს, რომ ჯოჯოხეთის იმ ნაწილში გადავდივართ, რომლის ცოდვათა ახსნაც ჰუმანიზმსა და ფილოსოფიას სწრულად არ ძალუძს.

დანტე და ვირგილიუსი დიტეს შესასვლელთან მომლოდინედ დგანან. ვირგილიუსი იხსენებს, როგორ გააგზავნა ერიხთომ ჯოჯოხეთის ყველაზე ქვედა წრიდან სულის გამოსახმობად და დანტეს აიმედებს, რომ ქვემო ჯოჯოხეთის გზა კარგად იცის. უეცრად პოეტებისკენ წამოემართებიან ფურიები და მედუზა, რომლისგან დასაცავადაც ვირგილიუსი დანტეს თვალებზე ხელებს ააფარებს. ამ დროს სამოთხიდან ჩამოდის ანგელოზი, რომელიც დემონებს უწყრება და კვერთხის შეხებით ხსნის კარიბჭეს და დემონებს უწყრება.

მეექვსე წრე (მწვალებლობა)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოჯოხეთის მეექვსე წრეში ერეტიკოსები და მწვალებლები ალმოდებულ საფლავებში მწოლიარენი იტანჯებიან. კერძოდ, ქ არიან ეპიკური და მისი მიმდევრები, რომელთაც სჯეროდათ, რომ „სული სხეულთან ერთად კვდება“. მათი ცოდვა მარადიული სიცოცხლის უარყოფაა, ამიტომ ისინი სამუდამოდ საფლავში ყოფნით ისჯებიან.

მეექვსე წრეში დანტეს გაესაუბრებიან ფარინატა დელი უბერტი, გიბელინთა ცნობილი ლიდერი და კავალკანტე დეი კავალკანტი, გველფი, დანტეს მეგობარი პოეტი გვიდო კავალკანტის მამა. თავდაპირველად, დანტე ფარინატასთან იწყებს პოლიტიკაზე საუბარს, როდესაც იმავე საფლავიდან კავალკანტი ამოყოფს თავს და გვიდოს შესახებ ჰკითხავს დანტეს. ფარინატა საუბარს ზუსტად იქიდან აგრძელებს, სადაც კავალკანტიმ შეაწყვეტინა, თითქის იგი უარს ამბობდეს თავისი ტანჯული მდგომარეობის აღიარებაზე, ცეცხლის მწველი ალების დანახვაზე, რომელშიც გახვეულა მისი საფლავი. ფარინატასგან დანტე იგებს, რომ ჯოჯოხეთში მყოფი სულები ხედავენ მომავალს, თუმცა აწმყოს ხედვის უნარი დაკარგული აქვთ. ფარინატა დანტეს ეუბნება, რომ აქ მასთან ერთად არიან ფრიდრიხ მეორე ჰოფენშტაუნი და ოტავიანო დელი უბალდინი.

დანტე ერთ-ერთი სამარის ქვას კითხულობს, საიდანაც იგებს, რომ იგი პაპ ანასტასიოს მეორეს ეკუთვნის. სანამ მეშვიდე წრეში გადასვლამდე ვირგილიუსი და დანტე ერთხანს შეისვენებენ, რა დროსაც ვირგილიუსი დანტეს ქვედა ჯოჯოხეთში ცოდვათა განლაგებას განუმარტავს. მეშვიდე წრე მთლიანად მოძალადეებს უკავიათ რომელიც სამ შრედაა დაყოფილი, რადგანაც ძალას იხმარენ საგანთა სამი გვარის მოყვასის, საკუთარი თავისა და ღმერთის წინააღმდეგ. პირველ შრეში არიან მკვლელები, ქურდები, მძარცველები და ყველანაირი ბოროტმოქმედები, მეორეში - თვითმკვლელები, ხოლო მესამეში - ღვთისმგმობელები, სოდომიტები და მევახშეები.

მომდევნო წრეში ისჯებიან თაღლითები. თაღლითობა ძალმომრეობაზე მძიმედ ისჯება, რადგანაც ძალადობა უგუნურ მხეცსაც ახასიათებს, სიცრუის გამოყენებას კი გონიერება სჭირდება. მერვე წრის ცოდვებს შორისაა ფარისევლობა, სიმონია, მაჭანკლობა, ყალბისმქნელობა და სხვა მსგავსი ბინძური საქმენი. დანტე ინტერესდება, როგორ შეურაცხყოფს მევახშეთა საქმიანობა საღვთო სახიერებას, რასაც ვირგილიუსი მას არისტოტელეს „ფიზიკის“ მოხმობით განუმარტავს, რომ შრომის გარეშე ფულის მოგება ბუნების საწინააღმდეგო ქმედებაა: „ბუნება და ხელობა უნდა დაისახოს ადამიანმა თავისი ცხოვრებისა და წინსვლის საფუძვლად. და რადგან მევახშე სხვა გზას ადგას, ამით შეურაცხყოფს თვით ბუნებას და მის მიმდევარსაც.“

ჰორიზონტზე ვერძის თანავარსკვლავედი ჩნდება, რითაც ვიგებთ, რომ დიდი შაბათის მზის ამოსვლამდე ორი საათია დარჩენილი.

მეშვიდე წრე (ძალადობა)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამ შრედ დაყოფილ მეშვიდე წრეში მოძალადენი იტანჯებიან. ქარაფიდან ჩასულ დანტესა და ვირგილიუსს ხვდებათ მინოტავრი, რომელიც მათ დანახვაზე საკუთარ თავს უწყებს კბენას. ვირგილიუსი მინოტავრს ეუბნება, რომ დანტე არ არის თეზევსი, ამით განრისხებული ურჩხული აქეთ-იქით მიაწყდება, რა დროსაც პოეტები გზას იხელთებენ მეშვიდე წრეში შესასვლელად. ვირგილიუსი დანტეს უხსნის, საიდან გაჩრდა კლდის ჩამონანგრევი, რომელსაც მინოტავრი დარაჯობს: ეს დიდმა მიწისძვრამ გამოიწვია, რომელსაც ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის დროს მოხდა.

პირველი შრე: მოყვასის წინააღმდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეშვიდე წრის პირველ შრეში არიან მკვლელები, სისღლისმღვრელი მეომრები, ტირანები და მძარცველები ფლეგეტონში, მდუღარე სისხლისა და ცეცხლის მდინარეში, იტანჯებიან. ჯონ კიარდი წერს: „როგორც ცხოვრება იყვნენ სისხლში ამოსვრილები, ახლა სამუდამოდ მდუღარე სისხლში ცურავენ.“ ამ შრეს, ქირონისა და ფოლოსის მეთაურობით, დარაჯობენ მშვილდისრით შეიარაღებული კენტავრები. ისინი თხრილის ნაპირს მიუყვებიან და ესვრიან სულებს, რომლებიც „სისხლიდან იმაზე მეტად ამოყოფენ თავს, ვიდრე მათი დანაშაული ითვალისწინებს.“ კენტავრი ნექსუსი დანტესა და ვირგილიუსს მეგზურობას გაუწევს და აჩვენებს მათ ალექსანდრე დიდს, დიონისეს, აძოლინოს და ოპიძო დ’ესტეს. საითაც ნექსუსი პოეტებს მიუძღვება, მდუღარება უფრო და უფრო სუსტდება, საპირისპირო მხარეს კი სულ უფრო დაბლა იწევს ფსკერი „იმ ადგილამდე, სადაც ტირანიას ეკუთვნის კვნესა. აქ საღვთო სამართალი ქენჯნის ატილას, დედამიწის სასჯელს, პირუსსა და სიქსტუსს.“

მეორე შრე: საკუთარი თავის წინააღმდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეშვიდე წრის მეორე შრეში თვითმკვლელთა ტყე განფენილა. აქ თვითმკვლელთა სულები კოჟრიან და ეკლიან ხეებადაა გარდაქმნილი, რომლითაც ჰარპიები იკვებებიან, საუბარი კი მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა მათი სხეულის მთლიანობა ირღვევა და სისხლი სდით.

ჯონ კიარდი

თავდაპირველად ტყეში შესულ დანტეს ყველა მხრიდან გოდება ესმის, თუმცა მგოდებელს ვერსაც ხედავს. მას ჰგონია, რომ ადამიანები ტყეში იმალებიან, ამიტომ სიმართლის გასაგებად ვირგილიუსი ეტყვის, რომ რომელიმე ხეს პატარა ტოტი მოატეხოს. დანტეს შერჩეული ხე პიერ დე ლა ვინიას სული აღმოჩნდება, მოტეხილი ტოტიდან ერთად გადმოდის სიტყვა და სისხლი, იგი დანტეს ჯერ საყვედურობს ტკივილის მიყენებას, შემდეგ კი თავის ამბავს უყვება. სიცოცხლეში იმპერატორთან დაახლოებული ვინია შურისა და კარის ინტრიგების მსხვერპლი გახდა, რის გამოც ტახტის ღალატი დაბრალდა. შეურაცხყოფილმა ვინიამ ციხეში თავი მოიკლა: „ზიზღით ამევსო სული და ვიფიქრე, რომ სიკვდილით გავექცეოდი ზიზღს, ამიტომაც ჩემი სიმართლის მიმართ უსამართლო ვიქმენ.“ დანტე ინტერესდემა, როგორ ხვდებიან სულები ამ ტყეში და თუ თავისუფლდება რომელიმე მათგანი. ვინია მას ეუბნება, რომ, როცა სული თავისი ნებით ტოვებს სხეულს, ისინი ტყეში ვარდებიან იმ ადგილას, სადაც იღბალი გადაისვრის. <><> ისინი ვეღარასოდეს შეიმოსებიან ხორცით, რადგან „არ არის სამართლიანი, კაცმა დაიბრუნოს ის, რაც თვითონმე უარყო.“

დოროთი ლი სეიერსი

მესამე შრე: ღმერთის, ხელოვნებისა და ბუნების წინააღმდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეშვიდე წრის მესამე შრე გავარვარებული ქვიშის ველია, სადაც ციდან ცეცხლის ნელი ფანტელები ცვივა. აქ არიან ღვთისმგმობელები, სოდომიტები და მევახშეები. მათი სასჯელის ფორმა განსხვავდება ერთმანეთისგან. ღვთისმგმობელები ქვიშაზე პირაღმა წვანან, მევახშეები - ხელობის, ანუ ადამიანის შრომის მგმობელნი - მოკუნტულები სხედან, ხოლო სოდომიტები განუწყვეტლივ დადიან.

დანტე ხედავს ძირს გართხმულ კაპანევსს, რომელიც ჯოჯოხეთშიც ქედმაღალი და დაუმორჩილებელია. იგი სასჯელს არ ეპუება და კვლავ გმობს იუპიტერს, რომლის ელვამაც განგმირა ის.

ჯონ კიარდი წერს: „ქვიშის გავარვარებული ველის ძირითადი სიმბოლო სტერილურობაა. ღვთისგმობა, სოდომიზმი და მევახშეობა არაბუნებრივი და სტერილური ქმედებებია, სწორედ ამიტომაა უნაყოფო უდაბნო ამ ცოდვილთა სამუდამო სამყოფელი; ხოლო წვიმა, რომელიც გამანაყოფიერებელი და გამაგრილებელი უნდა იყოს, ცეცხლის სახით მოდის.“

დანტე და ვირგილიუსი აგრძელებენ სვლას გავარვარებულ ველზე. მათ შემოხვდებათ სოდომიტების ჯგუფი, რომელთა შორისაც სახის დამწვრობის მიუხედვად დანტე თავის მასწავლებელს, ბრუნეტო ლატინის ამოიცნობს. დანტე მას დიდი პატივისცემით მიმართავს: ქვეყნნად მყოფი მასწავლიდით, როგორ ეზიარება ადამიანი მარადისობას, და ვიდრე ვცოცხლობ, ჩემი ენაც აჩვენებს, რაოდენ მადლიერი ვარ თქვენი.“ ბრუნეტო ფლორენციელთაგან დანტეს უარყოფას წინასწარმეტყველებს. დანტე მას ჰკითხავს, ვინ არიან მისი ყველაზე გამოჩენილი თანატანჯულნი, რაზეც ბრუნეტო ეტყვის, რომ მათ შორის ბევრი სამღვდელო პირია და პრისციანეს, აკურსიუსისა და ანდრეა დე მოცის დაასახელებს.

პოეტები უკვე იმ ადგილას არიან, სადაც მერვე წრეში ვარდნილი ჩანჩქერის ხმა ისმის. მათ შესახვედრად სამი სული გამოემართება. ესენი არიან იაკოპო რუსტიკუჩი, გვიდო გერა და ტეგიაიო ალდობრანდი - ფლორენციელი წარჩინებულები, რომლებიც მშობლიური ქალაქის ბედით ინტერესდებიან. დანტე მოთქვამს ფლორენციის დაცემის გამო. მას ტკივილს გვრის მისთვის საყვარელი პატივსაცემი ადამიანების ტანჯული ბედი. პოეტები ჩანჩქერის თავს მიადგებიან, საიდანაც ვირგილიუსი დანტეს სარტყელს გადაისვრის. საპასუხოდ, ბნელი უფსქრულიდან უზარმაზარი ფიგურა ამოიმართება.

ეს ურჩხული გერიონია. პოეტები მას უნდა შემოასხდნენ და ასე გადაეშვან მეშვიდე წრის კლდიდან მერვე წრეში. სანამ ვირგილიუსი ურჩხულს დაითანხმებს, დანტე მევახშეთა სანახავად მიდის, რათა მეშვიდე წრის გამოცდილება სრულად მიიღოს. მევახშეები გავარვარებულ ქვიშაზე კლდის კიდეზე მოკუნტულან, დანტე მათი ცეცხლით დაღარული სახეებში ვერავის ამოცნობას ვერ ახერხებს, თუმცა თითოეულ მათგანს კისერზე ჰკიდია ქისა ზედ გამოსახული ჰერალდიკური ნიშნით, რომელთა შორისაც დანტე მრავალი წარჩინებული ფლორენციული ოჯახის გერბს ამოიცნობს. იგი მიატოვებს მევახშეებს და ვირგილიუსთან დაბრუნდება. პოეტები გერიონს ზურგზე შემოასხდებიან და გადაეშვებიან მერვე წრეში: ცრუთა და გამყალბებელთა ჯოჯოხეთში.

ფრთოსანი ურჩხული გერიონი, რომელსაც დანტე და ვირგილიუსი მერვე წრეში გადაჰყავს, ტრადიციული სამთავიანი და სამტავიანი გიგანტის სახით იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება დანტეს გერიონს, იგი, როგორც თაღლითობის სიმბოლო, ადამიანურ, მხეცურ და ქვეწარმავლურ ელემენტებს აერთიანებს. გერიონს კეთილი და მართალი კაცის სახე, ქვეწარმავლის სხეული და მორიელის კუდი აქვს. ამ გროტესკული სხეულის ადამიანური სახე სიმბოლურად უსინდისო თაღლითს გამოხატავს, რომლის კეთილი სახის მიღმაც მონსტრული, ცივსისხლიანი და შხამიანი მიზნები იმალება.

მერვე წრე (თაღლითობა)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერვე წრეში, რომელსაც მალებოლჯე („ბოროტი თხრილები“) ეწოდება, ისჯებიან ცრუნი და ყალბისმქმნელნი. მალებოლჯე წარმოადგენს ერთმანეთისგან კლდოვანი კედლებით გამოყოფილ ათ კონცენტრულ თხრილს. ზოგან კედლებს შორის არის თხრილები, რომელთა მეშვეობით კედლის თავზე მავალი მოგზაურები თხრილიდან თხრილისკენ გადადიან და ჯოჯოხეთის ცენტრისკენ მიიწევენ.

პირველი შრე: შუამავლები და შემაცდენლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ შრეში თხრილის კიდეებზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ ორ რიგად გაყოფილი წარწყმედილები, რომელთაც რქიანი დემონები შოლტის რტყმევით ერეკებიან. აქ ისჯებიან ისინი, ვინც აწყობდა იძულებით ან ანგარების მიზნით ჩაფიქრებულ ქორწინებებს, აიძულებდა მრუშობას. რადგანაც ისინი ცხოვრებაში „ადამიანებს საკუთარი მიზნების შესაბამისად ერეკებოდნენ, ახლა მათ დემონები ერეკებიან“. შეამავლებს შორის დანტე ამოიცნობს ვენედიკო კაჩანემიკოს, ბოლონიელ შავ გველფს, რომელმაც საკუთარი და გიზოლაბელა იძულებით მიათხოვა მარკიზ დ’ესტეს. შემაცდენლებში ვირგილიუსი დანტეს მიუთითებს იასონზე, რომელიც ჰიპსიფილესა და მედეას ცდუნებისა და მიტოვებისთვის ისჯება.

მეორე შრე: ფარისევლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე თხრილში განავალში ჩაფლული მლიქვნელები ისჯებიან. აქ არიან ალესიო ინტერმინეი და თაიდა.

მე-19 ქება დანტეს მიერ სიმონიის ცოდვის, სამღვდელო ღირსებით ვაჭრობის, დაგმობით იწვება. ამ ცოდვის ჩამდენნი ფულს იმის გაყიდვით შოულობდნენ, რაც ღმერთს ეკუთვნის. „თქვენ, მტაცებელნო, სიკეთესთან შესაუღლებელ საღვთო საგნებს ოქროსა და ვერცხლზე ცვლით. მერვე წრის მესამე ღრმულში ყირამალა დაკიდებული ცოდვილები მრგვალ ღრმულებში არიან მოქცეულები, საიდანაც მხოლოდ მათი ფეხები მოჩანს. დანარჩენი სხეული კი შიგნით აქვთ ღრმულში დამალული, რაც ნათლობის ემბაზის პაროდიას წარმოადგენს. ცოდვილებს ტერფებზე ცეცხლი უკიდიათ, რომლის სიძლიერეც მათი ჩადენილი ცოდვის შესაბამისია.ღრმულის ნათლობის ემბაზთან მსგავსება დანტეს საშუალებას აძლევს გაიხსენოს ინციდენტი, როცა სანჯოვანის ტაძარში ემბაზი დაამსხვრია, რათა შიგ ჩავარდნილი ბავშვი დახრჩობისგან გადაერჩინა.

მესამე თხრილში ერთ-ერთი ცოდვილია პაპი ნიკოლოზ მესამე. როცა დანტე მიმართავს, მას ეგონება, რომ ეს ბონიფაციუსია. ამ უკანასკნელმა 1303 წელს უნდა შეცვალოს ნიკოლოზი, იგი ჯოჯოხეთურ ცეცხლში დაიწვება 1324 წლამდე, როცა მას ბენედიქტე მეთერთმეტე ჩაენაცვლება, ავინიონის ტყვეობის შემოქმედი.

რომელმაც ჯოჯოხეთურ ემბაზში 1280 წლიდან 1303 წლამდე უნდა გაატაროს დანტე დაუნდობლად კიცხავს ნიკოლოზს და ზოგადად, ყველა კორუმპირებულ საეკლესიო მოხელეს: „ახია შენზე, სამართლიანად დაისაჯე. [..] თქვენი სიხარბე მთელ ქვეყანას ანაღვლიანებს, თელავს მართლებს და უკეთურებს მაღლა აყენებს.“

მეოთხე შრე: მკითხავები და ჯადოქრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე თხრილში წინასწარმეტყველები, მკითხავები, ჯადოქრები და გრძნეულები იტანჯებიან. მათი სასჯელი ისაა, რომ თავები 180 გრადუსით აქვთ შეტრიალებული. სიცოცხლეში მომავლის დანახვის პრეტენზიის მქონენი სიკვდილის შემდეგ იძულებულები არიან უკან იყურონ.

„თითოეული მათგანის სახე უცნაურად შებრუნებული აღმოჩნდა, ნიკაპიდან შუბლის დასაწყისამდე ზურგსუკან იყო მიმართული და ეს სულები უკუსვლით სიარულს თუ მოახერხებდნენ, რადგან წინ ყურების უნარი წართმეოდათ.“

ჯონ კიარდი წერს: „ვინც მომავლის გარღვევას ლამობდა, ახლა იმის დანახვის უნარიც კი წართმევიათ, რაც მათ წინაა; მათ დროში წინ გადასვლა მოიწადინეს, ამიტომ ახლა სამუდამოდ უკუსვლით უნდა ვლონ; მათ თავიანთი გრძნეულებით ღვთის კანონი გაამრუდეს, ამიტომ ახლა მათი სხეულებია გამახინჯებული.“ დოროთი ლი სეიერსიც სხეულების დეფორმირებულობას ჯადობრობის დეფორმირებულ, არაჯანსაღ ბუნებას უკავშირებს.

დანტეს სიბრალული იპყრობს და ტირილს იწყებს, რაზეც ვირგილიუსი მას ჰკიცხავს: „ნუთა შენც სხვა ბრიყვებს შეუერთდი? აქ ლმობა მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როცა მკვდარია.“

ცოდვილთა შორის არიან ამფიარესი, ტირესია და მისი ქალიშვილი მანტო, რომლის საცხოვრებლის ადგილას დაარსდა მანტუა. აქვე არიან ევრიპილე, მიქაელ შოტლანდიელი და აზდენტე.

  1. John Ciardi, The Divine Comedy, Introduction by Archibald T. MacAllister, p. 14.
  2. Dorothy L. Sayers, Hell, notes, p. 19.
  3. Hollander, Robert (2000). Note on Inferno I.11. In Robert and Jean Hollander, trans., The Inferno by Dante. New York: Random House. p. 14. ISBN 0-385-49698-2.
  4. Allen Mandelbaum, Inferno, notes on Canto I, p. 345.
  5. John Ciardi, Inferno, notes on Canto I, p. 21.
  6. “ჯოჯოხეთი“. ქება პირველი. გვ.9 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2021, ნოდარ ლადარიას თარგმანი.
  7. “ჯოჯოხეთი“. ქება მესამე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2021, ნოდარ ლადარიას თარგმანი, გვ. 18.
  8. 1 2 “ჯოჯოხეთი“. ქება მესამე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2021, ნოდარ ლადარიას თარგმანი