ჯოსის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯოსის პლატო (ინგლ. Jos Plateau, ადრინდელი დასახელება ბაუჩი) — პლატო ნიგერიაში. მდებარეობს ჩრდილო-გვინეის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნიგერის და მის შენაკად ბენუეს შორის. პლატო წარმოადგენს მდინარე ნიგერის და ჩადის ტბის აუზის ბევრი მდინარის სათავეს. პლატო მდებარეობს ნიგერიის პლატოს შტატში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჯოსი. მისი საერთო ფართობია დაახლოებით 3,5 ათ. კმ². საშუალო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 180 კმ-ს, ხოლო სიგანე დაახლოებით 300—320 კმ-ს. პლატოს ნეოკულტურულ რაიონებს უკავია მაღალბალახოვანი სავანები, მდინარის ხეობებში იშვიათად გვხვდება თითქმის მთლიანად გაჩეხილი გალერეული ტყეები.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოსის პლატოს ადგილმდებარეობა

პლატო ძირითადად აგებულია პრეკამბრიული მეტამორფული და ძველი კრისტალური ქანებით (გნაისები, კრისტალური ფიქლები და ამფიბოლიტები), რომლებიც ზოგან გადაფარულია ბაზალტებით. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1000—1200 მეტრს, მაქსიმალური — 1735 მეტრს (მთა შერე). პლატოზე ზოგან ამაღლებულია ძველი ვულკანების ნახევრადდაშლილი კონუსები, პიკის ფორმის სხვადასხვა სახის ბიუტები, გუმბათები და მაგიდა მთები. სამი მხრიდან — დასავლეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით პლატოს ფერდოები მკვეთრადაა დაქანებული ციცაბო ფერდოებით 500 მეტრ და უფრო მეტ სიღრმეზე. ჩრდილოეთით თანდათან დაბლდება საჰელის მხარეს.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნიდან ცნობილია ისეთი ლითონების მნიშვნელოვანი საბადოები, როგორებიცაა: კალა, ტანტალი და ნიობიუმი (ნიობიუმის ადგილობრივი მოპოვება შეადგენს მსოფლიოში მისი მოპოვების 3/4-ს), ასევე კოლუმბიტშემცველი გრანიტის საბადოები. ინტენსიური გეოლოგიური დაზვერვა, კარიერების მშენებლობა და საბადოების სამრეწველო მოპოვება დაიწყო ბრიტანული ხელისუფლების მხარდაჭერით 1909 წლიდან. ნედლეულის დიდი ნაწილი (75 %-მდე) გადიოდა დიდ ბრიტანეთში, ნარჩენები კი ნიდერლანდებში და აშშ-ში. ახალგაზრდა გრანიტები შეიცავენ კალას, რომლის მოპოვება დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში, კოლონიალური პერიოდის დროს და გაგრძელდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც.[1]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი სუბეკვატორულია, მუსონური, გამოკვეთილი ზაფხულის სინოტივით; წელიწადში მოდის 1000 მმ-მდე ნალექი. ზამთარში, მშრალი სეზონის დროს საჰარიდან ქრის მშრალი, ცხელი ჰარმატანის ქარი, რომელსაც მოაქვს მტვრიანი ქარიშხალი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის მკვიდრ ტომებს — ტივის, ფულბეს და ჯუნკუნის ახლა დაემატა ქვეყნის სხვა რეგიონებიდან უკანასკნელ ათწლეულებში გადმოსახლებული ტომები — ჰაუსა, იორუბა, იგბო, რომლებიც აქ მოიზიდა საბადოებში მუშაობით მიღებულმა შედარებით მაღალმა გასამრჯელომ, ასევე პლატოს სავანებში საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის და შინაური საქონლის მწყემსვის შესაძლებლობამ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Barbour, K. M., et al., editors. 1982 Nigeria in Maps. Hodder and Stoughton, London.
  • Isichei, Elizabeth. 1982. Introduction. In Studies in the History of Plateau State, Nigeria, ed. by Elizabeth Isichei, pp 1–57. Macmillan, London.
  • Morgan, W. T. W. 1983 Nigeria. Longman, London.
  • „Jos Plateau“. Encyclopædia Britannica.
  • Jos Plateau forest-grassland mosaic
  • Hiking on the Plateau

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pasquini, MW; Alexander, MJ (2005). „Soil fertility management strategies on the Jos Plateau: the need for integrating ‘empirical’ and ‘scientific’ knowledge in agricultural development“. Geographical Journal. 171 (2): 112–124. doi:10.1111/j.1475-4959.2005.00154.x.