შინაარსზე გადასვლა

ჯორჯო მატეო აიკარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯო მატეო აიკარდი
დაიბადა 18 სექტემბერი, 1891 წელი
დაბადების ადგილი ფინალე-ლიგურე, სავონის პროვინცია, იტალია
გარდაიცვალა 30 დეკემბერი, 1984 წელი
გარდაცვალების ადგილი გენუა, იტალია
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა კლასიციზმი, პოსტიმპრესიონიზმი, მოდერნიზმი

ჯორჯო მატეო აიკარდი (იტალ. Giorgio Matteo Aicardi; დ. 18 სექტემბერი, 1891 — გ. 30 დეკემბერი, 1984) — იტალიელი მხატვარი, რომელიც მუშაობდა ფერწერის, ნახატების, ფრესკების, რესტავრაციისა და ილუსტრაციის მიმართულებებით. იგი გენუაში, ლიგურიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა და დაკავშირებული იყო კლასიციზმის, პოსტიმპრესიონიზმისა და მოდერნიზმის მიმდინარეობებთან.

ჯორჯო მატეო აიკარდი 1891 წლის 18 სექტემბერს ფინალე-ლიგურეში, სავონის პროვინციაში დაიბადა. ის ჯუზეპე აიკარდისა და ფრანჩესკა მუციოს ცხრა შვილიდან მერვე შვილი იყო. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში მისი ოჯახი ფინალე-ლიგურედან ვოლტრიში გადავიდა, შემდეგ კი გენუაში.

აკარდიმ ადრეულ წლებში განსაკუთრებული მხატვრული ნიჭი გამოავლინა და მალევე შეამჩნიეს მასწავლებლებმა ჯუზეპე მაძინის პორტრეტისთვის, რომელიც მან ცარცით საკლასო დაფაზე, 1901 წელს დახატა.

აიკარდისთვის ცხადი გახდა, რომ მისი იდეალი, მისი დიდი გატაცება „ხატვა“ იყო და დედის სრული მხარდაჭერით ის გენუაში, ლიგურიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა.[1]

ის აკადემიაში სხვადასხვა პროფესორთან სწავლობდა და მესამე საფეხურზე დაწინაურდა. პროფესორი კინციო თავის მოწაფე ახალგაზრდა ფერმწერს უფრო პერსონალიზებული მხატვრობის სტილისადმი გემოვნებას უნერგავდა. აკადემიაში სწავლისას ის იმ დროის ყველაზე ცნობილი ნეაპოლელი მხატვრის, ჯუზეპე პენასილიკოს სახელოსნოში დადიოდა, რომელიც აფასებდა და ხელს უწყობდა მატეო აიკარდის „en plein air“-ის ხატვაში.

1906 წელს, 15 წლის აიკარდიმ დახატა ტერეზა ავილელის პირველი „ფრესკა“ (მისი მოდელი საკუთარი და ერნესტა იყო). ამ ნახატის ნახვაც დღემდე შეგიძლიათ მის მშობლიურ ფინალე-ლიგურეში (სავონა) მდებარე „სან ბიაჯოს ბაზილიკის“ გუმბათზე. 20 წლის იუბილემდე (1911) აიკარდიმ დამსახურების საფუძველზე მოიგო ჯერ „პენსიის ტრიენალე“, მთავრობის მიერ დაფინანსებული სამწლიანი სტიპენდია გენუის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, შემდეგ კი „რომის პენსიის ხუთწლიანი სტიპენდია“, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ესწავლა და ეხატა ფლორენციასა და რომში.[2]

აიკარდი მონაწილეობას იღებდა გენუის გამოფენებში. მისი პერსონალური გამოფენები იტალიის სხვადასხვა ქალაქსა და სამხრეთ ამერიკაში გაიმართა. აიკარდი, როგორც დაკვირვებული დამკვირვებელი, მხატვრული კარიერის დასაწყისში ევროპული კულტურული ტენდენციების გავლენის ქვეშ მოექცა.

მოგვიანებით, მან თავი მიუძღვნა პეიზაჟებისა და საზღვაო მხატვრობას, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო მეოცე საუკუნის თემებთან. მას ასევე იზიდავდა პორტრეტების ხატვა. უძველესი ფრესკების გამოცდილი რესტავრატორი, მისი ნამუშევრები გვხვდება ეკლესიებში (გენუა-კორნილიანო, გენუა-ვოლტრი) და ისტორიულ შენობებში (მაგ., პალაცო სპინოლა). ასევე აღსანიშნავია მისი წვლილი გრაფიკულ დიზაინსა და პოსტერების დიზაინში.

აიკარდიმ გამართა მრავალი პერსონალური გამოფენა მილანსა და გენუაში (ბარტენორი 1965, დე პასკუალი 1966). მისი ნამუშევრები ინახება გენუის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში და მიტჩელ ვოლფსონ უმცროსის კოლექციაში.[3]

  1. Giorgio Matteo Aicardi. ციტირების თარიღი: 22 April 2026
  2. Aicardi Giorgio Matteo – Quotazioni e biografia it. ციტირების თარიღი: 22 April 2026
  3. Aicardi Giorgio Matteo it. ციტირების თარიღი: 22 April 2026