არჩილ ჯორჯაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯორჯაძე, არჩილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯორჯაძე.
არჩილ ჯორჯაძე
დაბადების თარიღი 10 იანვარი, 1872(1872-01-10)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 21 მარტი, 1913(1913-03-21)[1] [2] (41 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბათუმი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
განათლება თბილისის კლასიკური გიმნაზია
ეროვნება ქართველი
პარტია სოციალისტ-ფედერალისტები

არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძე (დ. 10 იანვარი, 1872, თბილისი — გ. 21 მარტი, 1913, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი იდეოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სამხედრო პირის ოჯახში, რომელიც მალე ქუთაისში გადავიდა და არჩილმაც აქ კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო სწავლა, ხოლო 1892 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. იმავე წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა ვარშავაში, მაგრამ პეტერბურგში მალევე დაბრუნდა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ცოტა ხანში საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში. ამ პერიოდში იგი სოციოლოგიით ინტერესდება, შემდეგ ლევ ტოლსტოის მოძღვრებამ გაიტაცა. ერთხანს ინგლისში ცხოვრობდა ტოლსტოველთა კოლონიაში, ესექსის საგრაფოს სოფელ პერლივლასში. 1897 წელს ა. ჯორჯაძემ ტოლსტოველთა თემაზე ჟურნალ „სევერნი ვესტნიკში“ გამოაქვეყნა წერილი: „ზნეობრივი ცხოვრების საზოგადოებრივი ორგანიზაციის გამოცდილება“, რომელმაც ლევ ტოლსტოის ყურადღება მიიპყრო. 1901 წელს დაბრუნდა საქართველოში; 1901 წლიდან იგი გაზეთ „ცნობის ფურცლის“ თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო; იღვწოდა საქართველოში ახალი პარტიის შესაქმნელად; იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი; მის სახელთანაა დაკავშირებული ახალი მოძღვრების — სოციალიზმ-ფედერალიზმის ჩამოყალიბება. 1901 წელს აირჩიეს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიისა და მისი ბეჭდვითი ორგანოს გამოსაცემად შექმნილი კომიტეტის წევრად; მონაწილეობდა პარტიის პროგრამის შემუშავებაში; 1902 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა. ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, ინგლისსა და შვეიცარიაში სწავლობდა სოციოლოგიას. მისი წინადადებით საფრანგეთში გამოდიოდა გაზეთი „საქართველო“; 1903-1905 წლებში. გაზეთს თავად რედაქტორობდა. იგი იყო ქართველ რევოლუციონერთა I კონფერენციის მოწვევის (ჟენევა, 1904) ერთ-ერთი ორგანიზატორი და მომხსენებელი; მოითხოვდა მეფის რუსეთის პოლიტიკური ძალაუფლების დეცენტრალიზაციას, რუსეთის ფედერალურ მოწყობასა და საქართველოს ავტონომიის შექმნას, მიწის სოციალიზაციის დემოკრატიული პროგრამის განხორციელებას. 1905 წელს არჩილ ჯორჯაძე საქართველოში დაბრუნდა, იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების წევრი, თანამშრომლობდა გაზეთებში: „ისარი“, „ამირანი“ და სხვა. 1900-იან წლებში გამოქვეყნდა მისი თხზულებანი: „სამშობლო და მამულიშვილობა“, „მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის“ (1909) და სხვ. XIX საუკუნის ქართველი ინტელიგენციის ისტორიის ფონზე იხილავდა საქართველოს მრავალ საჭირბოროტო საკითხს. მის თხზულებებში განხილული იყო ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ისტორიის, კულტურის საკითხები. იგი დიალექტიკური მატერიალიზმის წინააღმდეგი იყო და სუბიექტურ-იდეალისტურ კრიტიკულ პოზიციებზე იდგა. აღიარებდა განვითარების პროცესის ობიექტურობას, მაგრამ იგი ადამიანის შემეცნებისათვის მიუწვდომლად მიაჩნდა. ისტორიაში უარყოფდა კლასთა ბრძოლის ფაქტს და რევოლუციური გარდაქმნების აუცილებლობას, მხარს უჭერდა საზოგადოების თანდათანობითი ევოლუციური სრულყოფის იდეას. მისი აზრით, ქართული ეროვნება და ეროვნული შემეცნება ქართულმა სახელმწიფომ შექმნა. 1900-იანი წლების დასაწყისის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა უნუგეშოდ ეჩვენებოდა, აღიარებდა საქართველოს კაპიტალისტურ განვითარებას, უარყოფდა კლასთა ბრძოლას, იცავდა კლასთა „საერთო ნიადაგის“ თვალსაზრისს, რაც 1911 წელს უარყო. კლასთა ბრძოლაზე წინ ეროვნული საკითხს აყენებდა და ცდილობდა ამ პოზიციიდან აესხნა სოციალური მოვლენები. მისი ზოგადფილოსოფიური პოზიციიდან გამომდინარეობდა მისი ისტორიული კონცეფციაც, აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიასა და სხვებს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო. გარდაიცვალა 1913 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 431, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]