ჯონ ტინდალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯონ ტინდალი
ინგლ. John Tyndall
John Tyndall (scientist).jpg
დაბ. თარიღი 2 აგვისტო 1820(1820-08-02)[1] [2]
დაბ. ადგილი კარლოუს საგრაფო
გარდ. თარიღი 4 დეკემბერი 1893(1893-12-04)[1] [2] (73 წლის)
გარდ. ადგილი სურეი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი სამეფო ინსტიტუტი
ალმა-მატერი მარბურგის უნივერსიტეტი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო მედალი, რუმფორდის მედალი, ედინბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ბეიკერის სახელობის ლექცია
ხელმოწერა JohnTyndallSignature.png

ჯონ ტინდალი (ინგლ. John Tyndall; დ. 2 აგვისტო , 1820, ლეიგლინ-ბრიჯი, ირლანდია — გ. 4 დეკემბერი, 1893, ლონდონი) — ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ ტინდალი დაიბადა 1820 წლის 2 აგვისტოს დაბა ლეიგლინ-ბრიჯში, ქალაქ კარლოუსთან ახლოს (ირლანდია). იგი იყო ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ფიზიკის უდიდესი პოპულარიზატორი, ფიზიკური ექსპერიმენტის უბადლო ოსტატი. ჯონ ტინდალი საშუალო განათლების მიღების შემდეგ საინჟინრო საქმე შეისწავლა და 1839 წლიდან პარალელურად რკინიგზაზე გეოდეზიური და საარტირელიო მუშაობა დაიწყო. ერთდროულად სწავლა განაგრძო ქალაქ პრესტონის მექანიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1844 წელს დაამთავრა. სამი წლის შემდეგ ფიზიკის მასწავლებლობა დაიწყო ქალაქ ჰემპშირის კუინვუდ-კოლეჯში. ერთი წლის მუშაობამ ტინდალს ფიზიკა ისე შეაყვარა, რომ თავისი საბოლოო და ძირითად პროფესიად ფიზიკოსობა აირჩია. ამ მიზნით 1848 წელს ქიმიკოს ე. ფრანკლენდთან ერთად ფიზიკის შესასწავლად გერმანიაში გაემგზავრა. იქ იგი ჯერ მარგბურგის უნივეტსიტეტში მუშაობდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ბერლინის უნივერსიტეტში გადავიდა და იმ დროის გამოჩენილ ფიზიკოსთან ჰ. მაგნუსთან დაიწყო მუშაობა. ტენდალმა გერმანიაში ხუთი წელი დაჰყო და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ინჟინერი ჯონ ტინდალი კარგი ფიზიკოსი გამხდარიყო.

1852 წელს ტინდალი სამშობლოში დაბრუნდა. ერთი წლის შემდეგ იგი ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს და ფიზიკის პროფესორად დანიშნეს. სულ მცირე ხნის შემდეგ კი რუმფორდის მედლით დააჯილდოეს (ამ მედლით ინგლისში განსაკუთრებული მეცნიერული დამსახურებისათვის აჯილდოვებდნენ). ჯ. ტინდალის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ერთობ მრავალფეროვანი იყო. 1856-1859 წლებში მან საფუძვლიანად შეისწავლა ალპების მყინვართა შედგენილობა და მოძრაობა. ამ დარგში გამოქვეყნებულმა შრომებმა ტინდალი სულ მალე პოპულარული მეცნიერი გახადა არა მარტო ევროპაში, არამედ რუსეთსა და ამერიკაშიც. 1867 წელს ტინდალს ნიშნავენ სამეფო ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 1872 წელს ლექციების წასაკითხად აშშ-ში მიიწვიეს.

ჯონ ტინდალის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მეცნიერული შრომა ტინდალმა ჯერ კიდევ ბერლინის უნივერსიტეტში დაწერა მაგნუსის ხელმძღვანელობით. ეს შრომები დიამაგნიტიზმს ეხებოდა. 1857 წელს ტინდალმა ცდით დაამტკიცა, რომ სირენას ძლიერ ტონს ან სხვა ხმაურს შეუძლია დიდ მანძილზე სინათლის ალის ჩაქრობა და რომ ეს მოვლენა დამოკიდებულია გარეშე ტონის სიმაღლეზე და ალის საკუთარ ტონზე. მსოფლიოს ფიზიკოსთაგან განსხვავებით ჯონ ტინდალი გაუგონარი დაჟინებით იძენდა და ეცნობოდა სხვა ქვეყნების ფიზიკოსთა შრომებს და ამ შრომათაგან პროგრესულს, ნოვატორულს, მომავლის მქონეს უმალ შეიცნობდა და ინგლისში მის პოპულარიზაციას იწყებდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ევროპის ფიზიკოსთა შორის გაჩნდა ინტერესი სათხეებისა და აირების მიერ სხივური ენერგიის შთანთქმის მიმართ. 1855 წელს ბერლინში რ. ფრანცმა გამოაქვეყნა შრომათა სერია „ფერადი სითხეების სითბოს გამჭვირვალობის შესახებ“. ამას მოჰყვა ჯონ ტინდალის შრომები 1862 წელს, რომლითაც აღმოაჩინა სითბური სხივების მიმართ გოგირდოვან ნახშირბადში იოდის ხსნარის დიდი გამჭირვალობა.

შემდეგ ექსპერიმენტში ტინდალმა გამჭირვალე გარემოში ისეთი უმცირესი ნაწილაკები შეურია, რომელთა სინათლის გარდატეხის მაჩვენებელი განსხვავდებოდა გარემოს გარდატეხის მაჩვენებლისაგან. ამით მან მიიღო ეგრედ წოდებული მღვრიე გარემო. ასეთ გარემოში სინათლის გარდატეხის შედეგად მან დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სინათლის გაბნევას. ამ მოვლენას შემდეში „ტინდალის ეფექტი“ ეწოდა და სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე ასეა მოხსენებული. 1874 წელს ტინდალმა ბგერის გავრცელების სიჩქარის საკითხს ექსპერიმენრების სერია მიუძღვნა. ამის შემდეგ მან დაადგინა, რომ ჰაერი ბგერა სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა სიჩქარით ვრცელდება. მან აღმოაჩინა, რომ აკუსტიკური გამჭირვალობა სრულად არ არის დამოკიდებული ოპტიკური გამჭირვალობისაგან და რომ აკუსტიკური გაუმჭირვალობა გამოწვეულია ჰაერში შერეული წყლის ორთქლით.

ტინდალის შრომებმა ფიზიკის ისტორიაში მრავალი სადავო საკითხი გადაწყვიტა; მისი ზოგიერთი პროგნოზი ფიზიკაში მეოცე საუკუნეში გამართლდა. ტინდალის შრომების უმრავლესობა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ ენებზე ჯერ კიდევ ტინდალის სიცოცხლეში ითარგმნა და გამოიცა.

ჯონ ტინდალი გარდაიცვალა ლონდონში 1893 წლის 4 დეკემბერს, 73 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ.,. 210-217.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.