ჯონ ვუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ვუ

ჯონ ვუ 2005 წლის კანის კინოფესტივალზე
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1946 (1946-05-01) (77 წლის)
განძოუ, გუანდუნი, ჩინეთის რესპუბლიკა
ეროვნება ჰონგკონგელი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
აქტიური 1968-დღემდე

ჯონ ვუ (ჩინ.: 吳宇森; დ. 1 მაისი, 1946) — ჰონგკონგელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.[1] მისი ფილმები მოქმედების ქაოსური თანმიმდევრულობითა და სტილიზებული გამოსახულებებით გამოირჩევა, იგი ხშირად იყენებს შენელებულ კადრებს და ნეო-ნუარისა და ვესტერნის ჟანრის ალუზიებს. რეჟისორი ჰონგკონგურ კინოში გუნ-ფუ ჟანრის ფუძემდებელია.[2]

ჯონ ვუ ჰონგკონგური კინოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი საუკეთესო ფილმებია: „უკეთესო მომავალი“ (1986), „მკვლელი“ (1989), „მაგრად მოხარშული“ (1992) და „წითელი კლდე“ (2008/2009).[3][4] რეჟისორს ჰონგკონგის კინოფესტივალზე გამარჯვება აქვს მოპოვებული შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო სურათი. ამასთანავე იგი ოქროს ტაიჭისა და სატურნის ჯილდოების მფლობელია. ვუს ჰოლივუდში წარმოებულ ფილმებს შორისაა „რთული სამიზნე“ (1993), „გატეხილი ისარი“ (1996), სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მძაფრსიუჟეტიანი თრილერი „სახის გარეშე“ (1997) და მძაფრსიუჟეტიანი ჯაშუშური ფილმი „შეუსრულებელი მისია 2“ (2000). რეჟისორის საყვარელი ფილმებია დევიდ ლინის „ლოურენს არაბი“, აკირა კუროსავას „შვიდი სამურაი“ და ჟან-პიერ მელვილის „სამურაი“.[3] ვუ კომპანია Lion Rock Productions-ის დამფუძნებელი და თავჯდომარეა.[5]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ ვუ ჩინეთის ქალაქ განძოუში სამოქალაქო ომის დასრულებისას არსებული პოლიტიკური ქაოსის ფონზე დაიბადა. კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, მაო ძედუნის მმართველობის დასაწყისში ვუს ქრისტიანული ოჯახი დევნას განიცდიდა, რის გამოც 1951 წელს ისინი ჰონგ-კონგში გადავიდნენ საცხოვრებლად.[6][7] აღსანიშნავია, ქრისტიანული აღზრდის ზეგავლენა ვუს ფილმებში აშკარად იგრძნობა.

ვუს ოჯახი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა. მისი მამა მასწავლებელი იყო, თუმცა ტუბერკულოზის გამო მუშაობას ვერ ახერხებდა, ხოლო დედა სამშენებლო ობიექტებზე დაქირავებული მუშახელი იყო.[8] 1953 წლის ძლიერი ხანძრის შედეგად ვუს ოჯახი უსახლკაროდ დარჩა,[7] რის შემდეგაც ოჯახს ახალი საცხოვრებლის შოვნის საშუალება საქველმოქმედო შემოწირულობებმა მისცა.

როგორც თავად რეჟისორი აღნიშნავს, იგი მორცხვი ბავშვი იყო და უჭრიდა თავის გამოხატვა, რის საშუალებადაც მოგვიანებით კინო აღმოაჩინა — საკუთარ გრძნობებსა და აზრებში ჩაღრმავების გზა. ვუ ამბობს, რომ კინო მისთვის ენის ფუნქციას ასრულებს, თვითგამოხატვის საშუალებაა.[3] ბავშვობაში იგი გატაცებული იყო ფრანგული ახალი ტალღის მიმდინარეობით, მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა რეჟისორმა ჟან-პიერ მელვილმა მოახდინა. ასევე ვუ ბობ დილანითა და ამერიკული ვესტერნებით იყო მოხიბლული.[9] მასზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფილმმა „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“.[10]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვუს სარეჟისორო დებიუტი 1974 წელს მძაფრსიუჟეტიანი ფილმით „ახალგაზრდა დრაკონები“ შედგა. 1977 წელს მან კომედია „ფულზე გაგიჟებული“ გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ჰონგკონგელი კომიკოსი რიკი ჰუი ასრულებს.[11]

რეჟისორს დიდი წარმატება მოუტანა 1986 წლის ფილმმა „უკეთესი მომავალი“, რომელიც ბლოკბასტერი გახდა. ფილმი ორი ძმის შესახემ მოგვითხრობს, რომელთაგან ერთი სამართალდამცავი ოფიცერია, ხოლო მეორე – კრიმინალი.[12]

ვუს საერთაშორისო ცნობადობა მოუტანა 1989 წლის მძაფრსიუჟეტიანმა თრილერმა სახელწოდებით „მკვლელი“, რომელიც ბრიუს ლის „დრაკონის გამოსვლის“ შემდეგ ყველაზე წარმატებული ამერიკული წარმოების ჰონგკონგური ფილმია. მას მოჰყვა „ტყვია შუბლში“ 1990 წელს, რომლის პოლიტიკური ქვეტექსტებიც მაყურებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ფილმის შემოსავალმა ვერ შეძლო ბიუჯეტში გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

1992 წელს ვუმ თრილერი „მაგრად მოხარშული“ გადაიღო, რომელიც საპოლიციო ძალების შესახებ მოგვითხრობს და განგსტერების განდიდების ანტითეზისს წარმოადგენს, რაც მის წინა ფილმებში გვხვდება. ფილმმა წარმატება ვერ მოიპოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო და მომდევნო წლებში რეჟისორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Woo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-01. ციტირების თარიღი: 2020-11-10.
  2. June 2000 edition of Premiere magazine
  3. 3.0 3.1 3.2 Pierce, Nev (24 September 2014). „Calling The Shots: John Woo“. BBC.
  4. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 10 January 2009. Festival de Cannes fiche artiste (artist profile)
  5. John Woo (7 November 2013).
  6. Rawnsley, Gary D. Rawnsley, Ming-Yeh T. (2003). Political Communications in Greater China: construction and reflection identity. Routledge; ISBN 0-7007-1734-X.
  7. 7.0 7.1 Woo, John (2005). რედ. Elder, Robert K.: John Woo:Interviews;Conversations with Filmmakers Series. University Press of Mississippi. ISBN 978-1-57806-776-3. 
  8. Leydon, Joe (3 January 1993). „COVER STORY New Gun in Town John Woo, Hong Kong's legendary action director, teams with Jean-Claude Van Damme for his first American thriller, 'Hard Target'.[მკვდარი ბმული]
  9. amiamcable. (27 October 2015) John Woo. N/A.
  10. Szeto, Kin-Yan (2011). The Martial Arts Cinema of the Chinese Diaspora: Ang Lee, John Woo, & Jackie Chan in Hollywood. SIU Press, გვ. 77. ISBN 978-0809330218. 
  11. Money Crazy (1977). hkcinemagic.com. ციტირების თარიღი: 18 March 2019.