შინაარსზე გადასვლა

ჯოვანი ბელინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოვანი ბელინი
სრული სახელი Giovanni Bellini
დაიბადა დაახლოებით 1430
დაბადების ადგილი ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა (დღევანდელი ვენეტო, იტალია)
გარდაიცვალა 29 დეკემბერი, 1516
გარდაცვალების ადგილი ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა (დღევანდელი ვენეტო, იტალია)
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა ვენეციური რენესანსი
ჟანრი ისტორიული ფერწერა[1] [2] , რელიგიური ფერწერა[2] , ალეგორია[2] , ანიმალისტური ფერწერა[2] , ფიგურა[2] , საჟანრო ფერწერა[2] , პეიზაჟი[2] , ნიუ[2] და პორტრეტი[2]
ცნობილი ნამუშევრები ღმერთების ნადიმი

ჯოვანი ბელინი (იტალ. Giovanni Bellini; დაახლ. 143029 დეკემბერი 1516)[3]იტალიელი რენესანსის მხატვარი, დიდი ალბათობით ბელინების ოჯახის ვენეციელ მხატვართაგან ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი. იგი აღიზარდა ჯაკოპო ბელინის ოჯახში, რომელიც ადრე მის მამად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ეს ნათესაური კავშირი სადავოდ ითვლება.[4] მისი უფროსი ძმა, ჯენტილე ბელინი, სიცოცხლეში ჯოვანიზე მეტად იყო დაფასებული, თუმცა დღეს საპირისპირო მდგომარეობაა. მისი სიძე იყო ანდრეა მანტენია.

ჯოვანი ბელინი მიჩნეულია ვენეციური მხატვრობის გარდამქმნელ ფიგურად, რომელმაც იგი უფრო მგრძნობიარე და ფერადოვან სტილამდე მიიყვანა. გამჭვირვალე, ნელა შრობადი ზეთის საღებავების გამოყენებით, ჯოვანი ქმნიდა ღრმა, მდიდარ ფერებსა და დეტალურ ტონალურ გარდამავლობებს. მისმა მდიდრულმა კოლორიტმა და ჰაეროვანმა, ატმოსფერულმა პეიზაჟებმა დიდი გავლენა მოახდინა ვენეციური ფერწერის სკოლაზე, განსაკუთრებით მის მოწაფეებზე — ჯორჯონესა და ტიციანიზე.

კოქტეილ ბელინის სახელი მის პატივსაცემად ეწოდა.[5]

ჯოვანი ბელინი დაიბადა ვენეციაში. მხატვარი ჯაკოპო ბელინი დიდი ხნის განმავლობაში მის მამად ითვლებოდა, თუმცა ხელოვნების ისტორიკოსი დენიელ უოლეს მეიზი ამტკიცებს, რომ ჯაკოპო მისი ბევრად უფროსი ნახევარძმა იყო, ხოლო ჯენტილე ბელინი — მისი ძმისშვილი და არა ძმა.[4][6]

იგი ცხოვრობდა და მუშაობდა თავის ნათესავ ჯენტილე ბელინისთან მჭიდრო კავშირში. მისი ადრეული ნამუშევრები მთლიანად შესრულებულია ძველი ტემპერას ტექნიკით.

მისი „გარდაცვლილი ქრისტეს“ თემაზე შექმნილი სურათები (პიეტა) გამოირჩევა ნაკლებად მკვეთრი კონტურებითა, ფორმებისა და სამოსის უფრო ფართო დამუშავებით. „გარდაცვლილი ქრისტეს“ თემატიკა ჯოვანი ბელინის ყველაზე ხშირად შესრულებული ნამუშევრების თემატიკაა.

ჯოვანის ადრეული შემოქმედება კომპოზიციურად და სტილისტურად ხშირად უკავშირდება მისი სიძის, ანდრეა მანტენიას ნამუშევრებს.

1470 წელს ჯოვანიმ მიიღო თავისი პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა, რათა ჯენტილესა და სხვა მხატვრებთან ერთად ემუშავა სან მარკოს სკოლაში, სადაც სხვა ნამუშევრებთან ერთად დახატა „წარღვნა ნოეს კიდობნით“.[7][8]

შემოქმედებითი სიმწიფე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ფერისცვალება, რომელიც დღეს კაპოდიმონტეს მუზეუმში, ნეაპოლში ინახება, სავარაუდოდ 1470 წლის შემდეგ შეიქმნა და მისი ადრეული ვენეციური ნამუშევრებისგან განსხვავებით უფრო მაღალი მხატვრული ოსტატობითა და სიმშვიდით გამოირჩევა.

ამავე პერიოდს, სავარაუდოდ, მიეკუთვნება პეზაროში დაცული ღვთისმშობლის კურთხევის საკურთხეველი, რომელიც ვენეციაში იმ დროისთვის თითქმის მთლიანად ვივარინის სკოლის მონოპოლიად ქცეულ ჟანრში მისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარია.

ჯოვანის მრავალი მონუმენტური საზოგადოებრივი ნამუშევარი დაკარგულია. მისი ცნობილი საკურთხეველი, შესრულებული ტემპერით ვენეციის წმინდა იოანესა და პავლეს ეკლესიისთვის, განადგურდა 1867 წლის ხანძრის დროს, ტიციანის პეტრე მოწამე-სთან და ტინტორეტოს ჯვარცმასთან ერთად.

1479–1480 წლების შემდეგ ჯოვანის დროისა და ენერგიის დიდი ნაწილი დაეთმო დოჟების სასახლეში არსებული დიდი დარბაზის ფერწერული დეკორაციების ზედამხედველობას. ამ თანამდებობის მნიშვნელობას მოწმობს მისთვის გადახდილი ანაზღაურებაც — თავდაპირველად მას მიენიჭა სავაჭრო ბროკერის ადგილი გერმანულ საწყობში, მოგვიანებით კი წლიური 80 დუკატის პენსია.

გარდაცვლილი ოსტატების ნამუშევრების აღდგენის გარდა, მას დაევალა ახალი ისტორიული კომპოზიციების შექმნაც, რომლებიც ვენეციის როლს ასახავდა ფრიდრიხ ბარბაროსასა და პაპს შორის ომებში. ეს ნამუშევრები სიცოცხლეში დიდ აღფრთოვანებას იწვევდა, თუმცა 1577 წლის ხანძარმა ისინი მთლიანად გაანადგურა.

რელიგიურ თემატიკაში ბელინი თანდათან შორდებოდა კვატროცენტოს ტრადიციებს. იგი სრულყოფილად დაეუფლა ზეთის საღებავის ტექნიკას, რომელიც ვენეციაში დაახლოებით 1473 წელს ანტონელო და მესინამ შემოიტანა. ამ ტექნიკის მეშვეობით ბელინიმ მიაღწია ფერთა შერწყმისა და ატმოსფერული ტონების დახვეწილობას. მის ნამუშევრებში თანდათან მცირდება დრამატული რელიგიური ემოცია და მის ადგილს იკავებს მშვიდი, კეთილშობილი ჰარმონია.

რამდენიმე წლის შუალედია წმინდა იობის ტაძრის საკურთხეველისა და სან ძაქარიას ეკლესიის საკურთხევლის მოხატვას შორის. ორივე წარმოადგენს „წმინდა საუბრის“ ტიპის კომპოზიციას, სადაც ღვთისმშობელი წმინდანებთან ერთადაა გამოსახული.

გვიანდელ ნამუშევარში ღვთისმშობელს გარს აკრავს წმინდა პეტრე, ეკატერინე ალექსანდრიელი, წმინდა ლუცია და წმინდა იერონიმე. განათება ბევრად უფრო რბილი და გაფანტულია, რაც ბელინის ოსტატობის ზრდას უსვამს ხაზს. სან ძაქარიას საკურთხეველი ხშირად მიიჩნევა მისი შემოქმედების მწვერვალად.

სხვა გვიანდელ საკურთხეველთა ვენახის წმინდა ფრანცისკი ეკლესიის ნამუშევარი (1507), ქრისტეს ნათლობა ვიჩენცაში (1510) და სან ჯოვანი კრიზოსტომოს ეკლესიის საკურთხეველი (1513).

1507 წელს ჯენტილე ბელინის გარდაცვალების შემდეგ ჯოვანიმ დაასრულა მისი დაუმთავრებელი ნამუშევარი წმინდა მარკოზის ქადაგება.

1506 წელს ვენეციაში მეორედ ჩასულმა ალბრეხტ დიურერმა ჯოვანი ბელინი ქალაქის საუკეთესო მხატვრად მოიხსენია და განსაკუთრებული პატივისცემით აღწერა მისი დამოკიდებულება უცხოელი მხატვრების მიმართ.

1513 წელს მის პოზიციას, როგორც ვენეციის მთავარი მხატვრისას, საფრთხე შეუქმნა მისმა ყოფილმა მოწაფემ ტიციანმა, რომელიც იგივე სამუშაოსა და ანაზღაურებაზე აცხადებდა პრეტენზიას.

1514 წელს ჯოვანიმ დაიწყო მუშაობა ღმერთთა სერობა-ზე, რომელიც შექმნა ალფონსო I დ'ესტესთვის.

ჯოვანი ბელინი გარდაიცვალა 1516 წლის 29 ნოემბერს. იგი დაკრძალეს სან ჯოვანი ე პაოლოს ბაზილიკაში, რომელიც ტრადიციულად ვენეციელი დოჟების სამარხი იყო.[9]

  1. http://www.getty.edu/vow/ULANFullDisplay?find=Giovanni+Bellini&role=&nation=&prev_page=1&subjectid=500019244
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 9 RKDartists
  3. Humfrey, Peter (2008) „Introduction“, The Cambridge Companion to Giovanni Bellini. Cambridge University Press, გვ. 1–12. ISBN 978-0-521-72855-3. 
  4. 1 2 Giovanni Bellini - Biography and Legacy.; Maze, Daniel Wallace (2013). „Giovanni Bellini: Birth, Parentage, and Independence“. Renaissance Quarterly. 66 (3): 783–823. doi:10.1086/673583. JSTOR 10.1086/673583. S2CID 191485612.
  5. Cipriani, Arrigo (2010). Harry's Bar, a Venetian Legend. Italy: Alcione Editore, გვ. 86–87. ISBN 978-88-88669-18-2. 
  6. Maze, Daniel Wallace (2021). Young Bellini. New Haven and London: Yale University Press, გვ. 12. ISBN 9780300236613. 
  7. Somov, Georgij Yu (2010). „Organizing connotations in works of visual art (through the example of works by Giovanni Bellini)“. Semiotica. 2010 (180). doi:10.1515/semi.2010.035.
  8. Coffey, Rosemary Annette (1987). The 'Man of Sorrows' of Giovanni Bellini: Sources and significance (Thesis).
  9. Gibbons, Felton (1962). „Giovanni Bellini and Rocco Marconi“. The Art Bulletin. 44 (2): 127–130. doi:10.1080/00043079.1962.10789029.