ჯვარეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯვარეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ღრომში, ჯვარეთის სასაფლაოზე. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია ფიქალით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში მასიური ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველს ერთსაფეხურიანი ხარისხი მიუყვება. კონქი ნახევარსფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.

საკურთხევლის წინ ქვის კანკელია. გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ ტოლ ნაწილად იყოფა. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. მისი საბრჯენი თაღი პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედელს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის თაღოვანი და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. ინტერიერი შელესილია. იატაკი მიწაყრილია. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. აღმოსავლეთი სარკმლის სათაურის ქვა შირიმისაა. ქვაზე ამოკვეთილია შეისრული თაღი. სამხრეთი ფასადი თითქმის პერანგშემოცლილია. დასავლეთი ფასადის ზედა კუთ-ხეები ჩამონგრეულია. დაზიანებულია ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლებიც. საბურავი მოშლილია. ამოსულია დიდი ზომის მცენარეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 152-153