შინაარსზე გადასვლა

ჯეროვანი სამართლებრივი პროცესი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯეროვანი სამართლებრივი პროცესი (ინგლ. Due process of law) — სახელმწიფოს მიერ სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების იმგვარი გამოყენება, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი პირის კანონიერი უფლებების დაცვა. ჯეროვანი პროცესი აბალანსებს სახელმწიფო ხელისუფლების ძალაუფლებას და იცავს ინდივიდს მისი თვითნებური გამოყენებისგან. როდესაც ხელისუფლება ზღუდავს პირის უფლებებს კანონით დადგენილი ზუსტი პროცედურების დაცვის გარეშე, ეს წარმოადგენს ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის დარღვევას, რაც, თავის მხრივ, ლახავს კანონის უზენაესობის პრინციპს.

ჯეროვანი სამართლებრივი პროცესი ასევე ხშირად განიმარტება, როგორც საკანონმდებლო და სამართლებრივი წარმოების შემზღუდველი მექანიზმი. ეს მოდელი გულისხმობს, რომ კანონმდებლების ნაცვლად, მოსამართლეები განსაზღვრავენ და უზრუნველყოფენ ფუნდამენტურ სამართლიანობასა და თავისუფლებას. აღნიშნული ინტერპრეტაცია დღემდე აზრთა სხვადასხვაობის საგანია. სხვადასხვა იურისდიქციაში დამკვიდრებული „ბუნებითი სამართლიანობისა“ და „პროცედურული სამართლიანობის“ კონცეფციების მსგავსად, ჯეროვანი პროცესი მოითხოვს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება არ ეპყრობოდეს ადამიანებს უსამართლოდ და არ იყენებდეს მათ მიმართ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ეს ტერმინი თანამედროვე ინგლისურ სამართალში აღარ გამოიყენება, თუმცა მას ორი მსგავსი კონცეფცია ენაცვლება: ბუნებითი სამართლიანობა (ინგლ. Natural Justice), რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოებისა და გარკვეული კერძო გაერთიანებების (მაგ. პროფკავშირების) გადაწყვეტილებებზე ვრცელდება, და კანონის უზენაესობის (ინგლ. Rule of Law) ბრიტანული კონსტიტუციური დოქტრინა, რომლის ავტორებადაც ა. ვ. დაისი და სხვა მკვლევრები მიიჩნევიან.[1]:69 მიუხედავად ამისა, არცერთი აღნიშნული ცნება სრულად არ ემთხვევა ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის ამერიკულ თეორიას; ეს უკანასკნელი მოიცავს არაერთ ნაგულისხმევ უფლებას, რომლებსაც ინგლისის ისტორიული თუ თანამედროვე სამართლებრივი სისტემები არ ცნობს.[2]

ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის კონცეფცია ინგლისში განვითარდა თავისუფლების დიდი ქარტიის (ლათ. Magna Carta) 39-ე მუხლის საფუძველზე. უშუალოდ ეს ტერმინი პირველად 1354 წელს, ქარტიის საკანონმდებლო რედაქტირებისას გამოჩნდა:

„არცერთი ადამიანი, მიუხედავად მისი სტატუსისა თუ მდგომარეობისა, არ უნდა იქნეს განდევნილი საკუთარი მიწიდან თუ სამფლობელოდან, არ უნდა დაპატიმრდეს, არ უნდა ჩამოერთვას მემკვიდრეობა და არ უნდა დაისაჯოს სიკვდილით, თუ მას არ მიეცემა პასუხისგების შესაძლებლობა ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის მეშვეობით“.[3]

მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ინგლისური და ამერიკული სამართლებრივი სისტემები ერთმანეთს დაცილდა, ჯეროვანი პროცესის პრინციპი ინგლისური სამართლის ფუნდამენტურ ნაწილად დარჩა, მოგვიანებით კი აშშ-ის კონსტიტუციაშიც აისახა.

თავისუფლების დიდი ქარტია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1215 წელს გამოცემული „თავისუფლების დიდი ქარტიის“ (ინგლ. Magna Carta) 39-ე მუხლით ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო პირობას დებდა:

„არცერთი თავისუფალი ადამიანი არ იქნეს შეპყრობილი, დაპატიმრებული, უფლებებისა თუ სამფლობელოებისგან ჩამორთმეული, კანონგარეშედ გამოცხადებული, გაძევებული ან სხვაგვარად უფლებააყრილი; ჩვენ არ ვიმოქმედებთ მის წინააღმდეგ და არც სხვას მოვუწოდებთ ამისკენ, გარდა მისი თანასწორების კანონიერი მსჯავრდებისა ან ქვეყნის კანონის საფუძველზე“.[4]

თავად „მაგნა კარტა“ დაუყოვნებლივ იქცა „ქვეყნის კანონის“ (ინგლ. Law of the Land) განუყოფელ ნაწილად. ქარტიის 61-ე მუხლმა კი 25 ბარონისგან შემდგარ არჩეულ ორგანოს მიანიჭა უფლებამოსილება, ხმათა უმრავლესობით განესაზღვრათ რესტიტუციის წესი, თუ მეფე რომელიმე ადამიანის წინაშე სამართალს დაარღვევდა.[4] ამგვარად, „მაგნა კარტამ“ საფუძველი ჩაუყარა კანონის უზენაესობის პრინციპს, რაც არა მხოლოდ მონარქის მხრიდან კანონისადმი მორჩილებას გულისხმობდა, არამედ ზღუდავდა მის შესაძლებლობას, საკუთარი ნებით შეეცვალა არსებული სამართლებრივი წესრიგი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ XIII საუკუნეში ეს დებულებები, უპირატესად, მხოლოდ თავისუფალ მიწათმფლობელთა უფლებებს იცავდა და ნაკლებად ვრცელდებოდა გლეხობასა თუ მოსახლეობის სხვა ფენებზე.[5]

მოგვიანებით, ბრიტანეთის მონარქების მიერ „თავისუფლების დიდი ქარტიის“ შემოკლებული ვერსიების გამოცემის შედეგად, 39-ე მუხლმა 29-ე ნომერი მიიღო.[6] ფრაზა „ჯეროვანი სამართლებრივი პროცესი“ (ინგლ. due process of law) პირველად 1354 წელს, ედუარდ III-ის მეფობის პერიოდში, ქარტიის საკანონმდებლო რედაქციაში შემდეგი სახით გამოჩნდა:

„არცერთი ადამიანი, მიუხედავად მისი სტატუსისა თუ მდგომარეობისა, არ უნდა იქნეს განდევნილი საკუთარი მიწიდან თუ სამფლობელოდან, არ უნდა დაპატიმრდეს, არ უნდა ჩამოერთვას მემკვიდრეობა და არ უნდა დაისაჯოს სიკვდილით, თუ მას არ მიეცემა პასუხისგების შესაძლებლობა ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის მეშვეობით“.[7]

1608 წელს ინგლისელმა იურისტმა ედუარდ კოკმა შეადგინა ტრაქტატი, რომელშიც მან „მაგნა კარტას“ მნიშვნელობა სიღრმისეულად განიხილა. კოკი განმარტავდა, რომ არავის უნდა შეეზღუდოს უფლებები, გარდა ლათ. legem terrae-სა, ანუ ქვეყნის კანონის საფუძველზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს „ანგლო-ამერიკული სამართალს (ინგლ. Common Law), საწესდებო სამართალს (ინგლ. Statutes) ან ადათობრივ სამართალს... ეს ყოველივე კი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს სამართლის ჯეროვან მსვლელობასა და პროცესს“.[8]

როგორც „მაგნა კარტას“ დებულება, ისე 1354 წლის გვიანდელი სტატუტი, ხელახლა განიმარტა 1704 წელს დედოფალ ანას მმართველობისას სამეფო სასამართლოს (ინგლ. Queen's Bench) მიერ, საქმეზე - Regina v. Paty.[9] აღნიშნულ საქმეში ბრიტანეთის თემთა პალატამ ჯონ პატის და სხვა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეზღუდა და ისინი ნიუგეიტის ციხეში გამოკეტა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სასამართლოს სარჩელით მიმართეს.[10] სამეფო სასამართლომ, მოსამართლე ლიტლტონ პოუისის პოზიციით, „ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის“ მნიშვნელობა შემდეგნაირად განმარტა:

„წამოყენებულია შესიტყვება, რომ „მაგნა კარტას“ 29-ე თავის თანახმად, არავინ უნდა იქნეს შეპყრობილი ან დაპატიმრებული, გარდა ქვეყნის კანონის საფუძველზე. ამაზე მე ვუპასუხებ, რომ ქვეყნის კანონი (ლათ. lex terrae) არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო სამართლით (ინგლ. Common Law), არამედ მოიცავს სამეფოში მოქმედ ყველა სხვა სამართალს, მათ შორის სამოქალაქო და კანონიკურ სამართალს. ... ედუარდ III-ის მმართველობის 28-ე წელს მიღებული კანონის მე-3 თავით, „მაგნა კარტაში“ გამოყენებული ტერმინი - ლათ. lex terrae - განმარტებულია, როგორც „ჯეროვანი სამართლებრივი პროცესი“. სტატუტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი დაპატიმრება უნდა განხორციელდეს კანონიერი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ; საპარლამენტო სამართალი (ლათ. lex parliamenti) კი ისეთივე კანონია, როგორც ნებისმიერი სხვა; მეტიც, თუკი იერარქიაზე ვისაუბრებთ, ეს სამართალი უზენაესია“.[9]

მთავარი მოსამართლე ჯონ ჰოლტი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რადგან მიიჩნევდა, რომ დაპატიმრება არ განხორციელებულა უფლებამოსილი ორგანოს მიერ. თემთა პალატა ცდილობდა ცალმხრივად, ლორდთა პალატის თანხმობის გარეშე დაედგინა წესები, რითაც საკუთარი წევრების არჩევნების რეგულირებას ისახავდა მიზნად.[11]:54 მიუხედავად იმისა, რომ სამეფო სასამართლომ თემთა პალატის მოქმედებაში ჯეროვანი პროცესის დარღვევა ვერ დაინახა, ჯონ პატი საბოლოოდ დედოფალმა ანამ გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ანამ პარლამენტის მუშაობა შეაჩერა.

განსხვავებები ინგლისურ და ამერიკულ სამართალს შორის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი კანონი თუ ტრაქტატი ადასტურებდა, რომ სხვადასხვა სამართლებრივი მოთხოვნა „ჯეროვანი პროცესის“ ან „ქვეყნის კანონის“ ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა, ეს მიდგომა, როგორც წესი, ეყრდნობოდა იმას, თუ რას მოითხოვდა არსებული კანონმდებლობა და არა იმას, თუ რა იყო თავად „ჯეროვანი პროცესის“ არსებითი და განუყოფელი მოთხოვნა. როგორც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განმარტა, ბრიტანეთში ჯეროვანი პროცესის მოთხოვნა „არ წარმოადგენდა მართლმსაჯულების განხორციელების იდეის განუყოფელ ნაწილს, არამედ იგი განიხილებოდა, როგორც ჯეროვანი პროცესის მაგალითი და ილუსტრაცია იმ სახით, როგორითაც იგი ჩვეულებისამებრ გამოიყენებოდა“.[12]

საბოლოო ჯამში, ინგლისურ სამართალში გაფანტულმა მითითებებმა „ჯეროვან სამართლებრივ პროცესზე“ ვერ შეზღუდა ხელისუფლების ძალაუფლება. ამერიკელი პროფესორის, ჯონ ვ. ორთის სიტყვებით, „ამ დიდებულმა ფრაზებმა სასიცოცხლო ძალა დაკარგეს“.[13] ორთი აღნიშნავს, რომ ეს ძირითადად განპირობებული იყო გაერთიანებულ სამეფოში „საპარლამენტო უზენაესობის“ დოქტრინის გაძლიერებით, რასაც თან ახლდა სკეპტიკური დამოკიდებულება სასამართლო კონტროლის (ინგლ. judicial review) მიმართ; ეს უკანასკნელი ხშირად „არადემოკრატიულ, უცხოურ გამოგონებადაც“ კი მიიჩნეოდა.[14]

მეცნიერები ლორდ კოკის გადაწყვეტილებას დოქტორ ბონჰემის საქმეზე ხანდახან განმარტავდნენ, როგორც სასამართლო კონტროლის შესაძლებლობის მინიშნებას. თუმცა, 1870-იანი წლებისთვის ლორდ კემპბელი სასამართლო კონტროლს უარყოფდა, როგორც „აბსურდულ დოქტრინას, რომელიც თითქოსდა არასასამართლო წესით ჩამოყალიბდა... თავსატეხს, რომელიც მხოლოდ დაცინვას იმსახურებს“.[15] პირველადი კანონმდებლობის სასამართლო კონტროლის მექანიზმის არქონის გამო, ინგლისურ სასამართლოებს არ გააჩნდათ ბერკეტი, რათა პარლამენტის აქტი ბათილად ეცნოთ ჯეროვანი პროცესის დარღვევის საფუძვლით.[16]

ამის საპირისპიროდ, ამერიკელ კანონმდებლებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას არ გააჩნდათ საშუალება, გვერდი აევლოთ სასამართლოს მიერ კანონის ბათილად ცნობისთვის; ერთადერთ გამონაკლისს კონსტიტუციური ცვლილების ინიცირება წარმოადგენდა, რაც პრაქტიკაში იშვიათად სრულდება წარმატებით.[17] შედეგად, ინგლისური და ამერიკული სამართალი მკვეთრად დაცილდა ერთმანეთს. თავიანთი ინგლისელი კოლეგებისგან განსხვავებით, ამერიკელი მოსამართლეები სულ უფრო მეტ პრინციპულობას იჩენდნენ ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის აღსრულებისას. თავის მხრივ, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა შტოებმა ისწავლეს მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილება და თავიანთი ქმედებები წინასწარ მიუსადაგეს ჯეროვანი პროცესის იმ კონსტიტუციურ სტანდარტებს, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა.[16]

1977 წელს პოლიტოლოგიის ინგლისელმა პროფესორმა ამერიკელი იურისტებისთვის ინგლისში არსებული მდგომარეობა შემდეგნაირად განმარტა:

„ამერიკელი კონსტიტუციონალისტი, შესაძლოა, გააოცოს იმ ფაქტმა, თუ რამდენად იშვიათად გვხვდება ტერმინი „ჯეროვანი სამართლებრივი პროცესი“ ინგლისურ იურიდიულ ლიტერატურაში... დღეს თქვენ ვერ ნახავთ ამ საკითხისთვის დათმობილ ადგილს ვერც „ჰოლსბერის ინგლისის კანონებში“ (ინგლ. Halsbury's Laws of England), ვერც სტივენის „კომენტარებში“ და ვერც ენსონის ნაშრომში „კონსტიტუციური სამართალი და ჩვეულება“. ეს ფრაზა საერთოდ არ არის შეტანილი ისეთ გამოცემებში, როგორიცაა სტრაუდის „სასამართლო ლექსიკონი“ ან უორტონის „იურიდიული ლექსიკონი“.[1]

თანამედროვე ინგლისურ სამართალში ორი მსგავსი კონცეფცია არსებობს: „ბუნებითი სამართლიანობა“ (ინგლ. natural justice), რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოებისა და გარკვეული ტიპის კერძო გაერთიანებების (მაგალითად, პროფკავშირების) გადაწყვეტილებებზე ვრცელდება, და „კანონის უზენაესობის“ ბრიტანული კონსტიტუციური კონცეფცია, რომელიც ჩამოყალიბებულია ა. ვ. დაისისა და სხვების მიერ.[1] თუმცა, არცერთი ეს კონცეფცია სრულად არ ემთხვევა „ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის“ ამერიკულ გაგებას, რომელიც დღეისათვის მრავალ ისეთ ნაგულისხმევ უფლებას მოიცავს, რომლებიც ინგლისურ „ჯეროვანი პროცესის“ არც ძველ და არც თანამედროვე კონცეფციებში არ გვხვდება.[2]

ამერიკის შეერთებული შტატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეხუთე და მეთოთხმეტე შესწორებები შეიცავს „ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის“ დათქმას (ინგლ. Due Process Clause).[18] ჯეროვანი სამართლებრივი პროცესი ეხება მართლმსაჯულების აღსრულებას; შესაბამისად, აღნიშნული დათქმა წარმოადგენს დამცავ მექანიზმს სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის, თავისუფლებისა თუ საკუთრების თვითნებური და კანონგარეშე ხელყოფის წინააღმდეგ.[19] აშშ-ის უზენაესი სასამართლო ამ პუნქტებს განმარტავს, როგორც ოთხი სახის დაცვის გარანტიას:

  • მატერიალური ჯეროვანი პროცესი;
  • ბუნდოვანი კანონების აკრძალვა;

სხვადასხვა ქვეყანა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის საფუძველზე აღიარებს ჯეროვანი პროცესის ამა თუ იმ ფორმას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმების სპეციფიკა ხშირად ბუნდოვანია, ქვეყნების უმეტესობა თანხმდება, რომ უცხოელ ტურისტებს სამართლიანობისა და ობიექტურობის საბაზისო მინიმუმი უნდა გარანტიონ. ზოგიერთი ქვეყნის არგუმენტით, ისინი ვალდებულნი არიან უცხოელებს არ მიანიჭონ იმაზე მეტი უფლება, ვიდრე საკუთარ მოქალაქეებს (ეროვნული რეჟიმის დოქტრინა). ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ ორივე მხარე თანაბრად დაუცველი შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფოს მხრიდან უფლებების შეზღუდვის წინაშე. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განვითარებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი მოპყრობის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების ხშირი გამოყენების ფონზე, პრაქტიკაში ამ ორ პერსპექტივას შორის ზღვარი თანდათან ქრება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 Geoffrey Marshall (1977). „Due Process in England“, Due Process: Nomos XVIII. New York University Press, გვ. 69–92. ISBN 978-0-8147-6794-8. 
  2. 1 2 Marshall, 69–70.
  3. CRS Annotated Constitution: Due Process, History and Scope. Cornell University Law School. ციტირების თარიღი: October 8, 2020
  4. 1 2 The Text of Magna Carta. Internet History Sourcebooks Project (1995). ციტირების თარიღი: 2023-02-12
  5. McKechnie, William Sharp (1905). Magna Carta: A Commentary on the Great Charter of King John. Glasgow: Robert MacLehose and Co., Ltd., გვ. 136–37. : "The question must be considered an open one; but much might be said in favor of the opinion that 'freeman' as used in the Charter is synonymous with 'freeholder'. ..."
  6. Featured Documents en (2015-10-06). ციტირების თარიღი: 2020-03-28
  7. Liberty of Subject (1354). The National Archives. The original text, which is in Law French, reads (after expansion of scribal abbreviations): "Item, que nul homme, de quel estate ou condicion qil soit, ne soit oste de son terre ne de tenement, ne pris, nemprisone, ne desherite, ne mis a la mort, saunz estre mesne en respons par due proces de lei." The English translation given by legislation.gov.uk is originally from The Statutes of the Realm, vol. 1 (1810), p. 345.
  8. 2 Institutes of the Laws of England 46 (1608)
  9. 1 2 ((Raymond, Baron Raymond)), Robert (1792). Regina v. Paty, 92 Eng. Rep. 232, 234 (1704)“, Reports of Cases Argued and Adjudged in the Courts of King's Bench and Common Pleas: In the Reigns of the Late King William, Queen Anne, King George the First, and King George the Second. [1694-1732]. E. Lynch, გვ. 1105–1108. 
  10. Medley, Dudley Julius (1902). „Abbey v White (1704)“, A Student's Manual of English Constitutional History, 3rd, B. Blackwell, გვ. 613. 
  11. (1835) „Sir John Holt“, Lives of Eminent and Illustrious Englishmen, გვ. 51–56. 
  12. Hurtado v. California, თარგი:Ussc
  13. Orth, John V. (2003) Due Process of Law: A Brief History. Lawrence, KS: University Press of Kansas, გვ. 30–31. ISBN 9780700612420. 
  14. Orth, 28–30.
  15. Orth, John V. (2003) Due Process of Law: A Brief History. Lawrence, KS: University Press of Kansas, გვ. 29. ISBN 9780700612420. 
  16. 1 2 Ilbert, Courtenay (1914) The Mechanics of Law Making, 2000 reprint, New York: Columbia University Press, გვ. 3–9. ISBN 9781584770442. 
  17. The U.S. Supreme Court recognized that it is nearly impossible for the legislative branch to overrule the Court's constitutional interpretations in Washington v. Glucksberg, 521 U.S. 702, 720 (1997): "By extending constitutional protection to an asserted right or liberty interest, we, to a great extent, place the matter outside the arena of public debate and legislative action. We must therefore exercise the utmost care whenever we are asked to break new ground in this field."
  18. The Constitution of the United States: A Transcription en (2015-11-04). ციტირების თარიღი: 2021-09-22
  19. Madison, P. A.. (2 August 2010) Historical Analysis of the Meaning of the 14th Amendment's First Section. The Federalist Blog. ციტირების თარიღი: 19 January 2013