ჯერალდ დარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯერალდ დარელი
ინგლ. Gerald Malcolm Durrell
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1925(1925-01-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი ჯამშედპური
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 1995(1995-01-30)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჯერსი
საქმიანობა მწერალი[1] [9] , ბიოლოგი, კონსერვაციონისტი, წამყვანი, ბუნებისმეტყველი[9] , ზოოლოგი და მოგზაური
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[10]
ჟანრი მემუარები
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი და ოქროს კიდობნის ორდენი
მეუღლე ჯეკი დარელი და ლი მაკჯორჯ დარელი

ჯერალდ (ჯერი) მალკოლმ დარელი (ინგლ. Gerald "Gerry" Malcolm Durrell; დ. 7 იანვარი, 1925 — გ. 30 იანვარი, 1995) — ნატურალისტი, ზოოპარკის მეპატრონე, მწერალი, კონსერვაციონისტი (სახეობათა დამცველი) და ტელეგადაცემათა წამყვანი. მან დააფუძნა Durrell Wildlife Conservation Trust (დარელის სახელობის ველური ბუნების დაცვის ფონდი) და ასევე ზოოპარკი ჯერსის კუნძულზე (ამ ზოოპარკს დღეს Durrell Wildlife ეწოდება). თუმცა დარელი უფრო ცნობილია თავისი ავტობიოგრაფიული წიგნებით, რომლებშიც იგი გვევლინება, როგორც ცხოველების მოყვარული და კოლექციონერი. იგი იყო ნოველისტის, ლორენს დარელის ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარელი დაიბადა ინდოეთში, ბიჰარის პროვინციაში. მისი მშობლებიც ინდოეთში დაიბადნენ, თუმცა წარმოშობით ინგლისელები და ირლანდიელები იყვნენ. იგი იყო ლუიზა ფლორენს დიქსის და ლორენს სამუელ დარელის მეოთხე შვილი. 1928 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, ოჯახი ინგლისში საცხოვრებლად გადავიდა. ინგლისში დარელები ლონდონის სამხრეთ ნაწილში დასახლდნენ, სადაც ჯერალდი ვიკვუდის სკოლაში შევიდა სასწავლებლად. თუმცა იგი ხშირად სახლში რჩებოდა ავადმყოფობის გამო.

ცხოვრება კორფუზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს ოჯახი საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე გადასახლდა. აქ დარელმა ცხოველების შეგროვება და მოშინაურება დაიწყო. დარელები კორფუზე 1939 წლამდე დარჩნენ. ამ პერიოდში დარელი სახლში იღებდა განათლებას: მას, ძირითადად, ასწავლიდნენ ოჯახის მეგობრები და სხვადასხვა კერძო მასწავლებლები, რომლებიც უმეტესწილად ჯერალდის უფროსი ძმის, ლორენსის ამხანაგები იყვნენ. დარელის ერთ-ერთი მასწავლებლის მეგობარი, ბერძენი ექიმი, მეცნიერი, პოეტი და ფილოსოფოსი თეოდორ სტეფანიდასი, დარელის საუკეთესო მეგობარი და მენტორი გახდა. მისმა იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ნატურალისტზე. მათ ერთად გამოიკვლიეს კორფუს ფაუნა, რომლის ნიმუშებსაც დარელი ინახავდა კოლბებში და აბაზანაშიც კი ინახავდა. სტეფანიდასი არაერთხელ გვხვდება დარელის ყველაზე ცნობილი წიგნის „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ გვერდებზე. ამ წლებში დარელზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა ფრანგი ნატურალისტის, ჟან ჰენრი ფაბრის ნაწერებმა.

ინგლისში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, დარელების ოჯახი ლონდონში ბრუნდება და ჯერალდი ერთ-ერთ ზოომაღაზიაში იწყებს მუშაობას. თუმცა მისი, როგორც მკვლევრის, მოღვაწეობა იწყება ომის შემდეგ, როდესაც ის სამუშაოს იწყებს ბერფორდშირში, უიპსნეიდის ზოოპარკში. აქ მან მიიღო პირველი პროფესიული მომზადება და დაიწყო დოსიეს შედგენა იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე („საერთაშორისო წითელი წიგნის“ შექმნამდე 20 წლით ადრე).

1947 წელს ჯერალდ დარელი სრულწლოვან გახდა და მამისგან მემკვიდრეობის ნაწილი მიიღო. ამ ფულით მან ორი ექსპედიცია მოაწყო კამერუნსა და გაიანაში. ამ ექსპედიციებმა დარელს შემოსავალი არ მოიტანა და 1950-იანების დასაწყისში ის ფულის გარეშე დარჩა. ავსტრალიის, აშშ-ს და კანადის ზოოპარკებმა მას სამუშაოზე უარი უთხრა. ამ დროს მისმა უფროსმა ძმამ, ლორენს დარელმა მას წერის დაწყება ურჩია.

მწერლის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარელის პირველმა ნაწარმოებმა „ნადირობა ბანჯგვლიან ბაყაყზე“ მოულოდნელი წარმატება მოუტანა ავტორს, ის რადიოშიც კი მიიპატიჟეს. მისი პირველი წიგნი „გადატვირთული კიდობანი“ (The Overloaded Ark, 1952) ეძღვნებოდა მოგზაურობას კამერუნში. ამ ნაწარმოებმა დაიმსახურა აღფრთოვანებული გამოხმაურებები როგორც მკითხველების, ასევე კრიტიკოსებისგან. ავტორმა მიიქცია მნიშვნელოვან გამომცემელთა ყურადღება, ხოლო დარელის ორი წიგნის — „გადატვირთული კიდობანი“ და „სამი ბილეთი მოგზაურობამდე“ (Three Singles To Adventure, 1953) – ჰონორარით მან 1954 წელს შეძლო ექსპედიციის ორგანიზება სამხრეთ ამერიკაში. თუმცა ამ დროს პარაგვაიში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ექსპედიციას თითქმის მთელი ცოცხალი კოლექციის მიტოვება მოუწია. დარელმა ეს მოგზაურობაზე აღწერა თავის წიგნში „მთვრალი ტყე“ (The Drunken Forest, 1955). მაშინ იგი ლორენს დარელის მოწვევით კორფუზე ისვენებდა. ნაცნობმა ადგილებმა დარელში ბავშვობის მოგონებები აღძრა. ასე გაჩნდა მისი ცნობილი ტრილოგია: „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ (My Family and Other Animals, 1955), „ფრინველები, ცხოველები და ნათესავები“ (Birds, Beasts and Relatives, 1969) და „ღმერთების ბაღები“ (The Gardens of The Gods, 1978). ტრილოგიის პირველ წიგნს წარმოუგენელი პოპულარობა ხვდა წილად. მარტო დიდ ბრიტანეთში „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ 30-ჯერ გამოიცა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში — 20-ჯერ.

ჯერალდ დარელი 30-ზე მეტი წიგნის ავტორია (თითქმის ყველა ითარგმნა ათეულობით ენაზე. მან ასევე გადაიღო 35 ფილმი. სადებიუტო ოთხსერიანი ფილმი „ბაფუტში ხორცისათვის“, რომელიც 1958 წელს გამოვიდა, იყო ძალიან პოპულარული ინგლისში. 30 წლის შემდეგ დარელმა შეძლო ეწარმოებინა გადაღებები საბჭოთა კავშირში, სადაც მას საბჭოთა მხრიდან აქტიურ დახმარებას უწევდნენ. იქ მან გადაიღო 30-სერიანი ფილმი „დარელი რუსეთში“ და დაწერა იმავე სახელწოდების წიგნი, რომელიც დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა საბჭოთა კავშირში.

ჯერსის ცხოველთა დაცვის ფონდის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს დარელმა კუნძულ ჯერსიზე ზოოპარკი შექმნა, ხოლო 1963 წელს ზოოპარკის ბაზაზე დაარსდა ჯერსის გარეულ ცხოველთა დაცვის ფონდი. დარელის ძირითადი იდეა იყო ზოოპარკის პირობებში გარეული ცხოველების მოშენება და შემდეგ მათი განსახლება ბუნებრივ საცხოვრებელ პირობებში. ამჟამად ეს იდეა აღიარებული მეცნიერული კონცეფციაა. ჯერსის ფონდი რომ არა,დღეისათვის ცხოველთა ბევრი სახეობა დღეისათვის ფიტულების სახით მხოლოდ მუზეუმებში იქნებოდა შემონახული.

ჯერალდ დარელი გარდაიცვალა 71 წლის ასაკში, 1995 წლის 30 იანვარს, სისხლის მოწამვლისაგან, რთული ოპერაციის – ღვიძლის გადანერვიდან ცხრა თვის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118722549 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Lundy D. R. The Peerage
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Babelio — 2007.
  9. 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive — 2003.
  10. LIBRIS — 2015.