ჯენის კარპინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენის კარპინსკი
დაბადების თარიღი 1953 წელი
ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა სამხედრო სამსახური
მეუღლე(ები) ჯორჯ კარპინსკი

ჯენის კარპინსკი, ინგ.Janis Leigh Karpinski (დ.1953 წ.) - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ბრიგადის გენერალი, რომელიც 2004 წელს ერაყში პატიმრებთან დაკავშირებული სკანდალის მთავარი ფიგურანტი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ-ჯერსის შტატში დაბადებული ჯენის კარპინსკი 1977 წელს უმცროს ლეიტენანტად ჩაირიცხა აშშ-ის არმიაში. ბაკალავრის წოდება მას ინგლისურ ენაში ჰქონდა მიღებული. მოგვიანებით იგი ავიაციის სფეროში იძენდა განათლებას, ბოლოს კი პენსილვანიაში მდებარე აშშ-ის არმიის სასწავლებელში სტრატეგიული კვლევების განხრით სწავლობდა.

კარპინსკი ძირითადად სადაზვერვო და სამხედრო პოლიციის შენაერთებში მსახურობდა. იგი მონაწილეობდა სპარსეთის ყურის პირველ ომში.

ის დაქორწინებული იყო ჯორჯ კარპინსკიზე, რომელიც ომანში აშშ-ს სამხედრო ატაშეს ოფისში ვიცე-პოლკოვნიკად მსახურობდა.[1]

დანიშვნა ერაყში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის ივნისში ერაყის ოკუპაციის კამპანიის დროს ბრიგადის გენერლის რანგში კარპინსკი დაინიშნა სამხედრო პოლიციის მე-800 ბრიგადის მეთაურად, რომლის იურისდიქციაში შედიოდა ერაყის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში მდებარე 15 დაკავების იზოლატორი.

სამი თვის შემდეგ კარპინსკი პირადად წარუძღვა ერაყში ვიზიტით ჩასულ თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდს სადამ ჰუსეინის დროს ავადცნობილი აბუ-ღრეიბის (أبو غريب) წამების საკნების დასათვალიერებლად.

2004 წლის იანვარში გენერლის სახელი ცნობილი გახდა აბუ-ღრეიბში ერაყელ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო. ტელეკომპანია სი-ბი-ესმა პირველმა გამოაქვეყნა დაკავებულთა დამცირების და წამების ამსახველი ფოტოსურათები, რომლებიც მსოფლიოს მედიაში სწრაფად გავრცელდა.

პატიმართა წამების საქმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოძიებას სათავეში გენერალ-მაიორი ანტონიო ტაგუბა ჩაუდგა. აღმოჩნდა, რომ 2003 წლის ოქტომბერსა და დეკემბერს შორის სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებულთა მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატიურ სადისტურ მოპყრობას. დანაშაულთა შორის იყო:

  • ფიზიკური ძალადობა;
  • შიშველი მამაკაცების და ქალების ფოტოგრაფირება და ვიდეოგადაღება;
  • ხანგრძლივი დროით პატიმრების იძულებით გაშიშვლება;
  • მამაკაცებისთვის თავზე ქალის საცვლის ჩამოცმევა;
  • შიშველი პატიმრების ერთ ჯგუფად იატაკზე დაწვენა და მათზე დახტომა;
  • თავზე ქვიშის ტომრის ჩამოცმევა;
  • სქესობრივი ძალადობა დაკავებულ ქალზე;
  • საბელის გარეშე სამხედრო პოლიციის ძაღლების გამოყენება პატიმართა დასაშინებლად;
  • ძაღლის კბენის შედეგად ერთი დაკავებულისთვის მძიმე ჭრილობების მიყენება;
  • ფოტოსურათის გამო პოზირება გარდაცვლილი დაკავებულების ფონზე და ა.შ.

აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ ამ იზოლირებულ ინციდენტებს ოფიციალურ პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

ბრალდებები და თავის მართლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაყში აშშ-ს სამხედრო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა რიკარდო სანჩესმა 2004 წლის იანვარში თანამდებობიდან გაათავისუფლა კარპინსკი და 16 სამხედრო მოსამსახურე. როგორც გაირკვა, სამოქალაქო ციხის დაცვაში ნამსახურები ორი პირის გარდა, ეროვნული გვარდიის და არმიის თადარიგის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობის სტაჟი. დაბალი რანგის ბრალდებულთა თქმით, მათ პატიმრებთან მოპყრობის საკითხზე სწავლება არ ჰქონდათ გავლილი და არც ჟენევის კონვენცია წაეკითხათ ამ სფეროში ცოდნის შესაძენად.[2]

ასეთი ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულების გამოცდილება გენერალ კარპინსკის არ გააჩნდა. იგი ამტკიცებდა, რომ ის განტევების ვაცად აქციეს, რაც მისი აზრით, დაადასტურა ამავდროულად არმიის გენერალური ინსპექტორის მიერ გამოძიების დაწყებამ კარპინსკის მხრიდან მაღაზიაში სავარაუდო ქურდობის საქმეზე. სამხედრო წყაროების ინფორმაციით, ფლორიდის შტატში მდებარე მაქდილის საავიაციო ბაზაზე მან 2002 წელს 22 დოლარის ღირებულების კოსმეტიკური ნაწარმი მოიპარა, თუმცა თავად ბრალდებულმა ეს ფაქტი დისკრედიტაციის მცდელობად ჩათვალა. თუკი ეს ბრალდება სინამდვილეს შეესაბამებოდა, მაშინ საკითხავი იყო, როგორ მოხდა მისი დაწინაურება ერაყში არსებული ციხეების უფროსად.[3]

მედიის საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯენის კარპინსკი აცხადებდა, რომ საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი დონალდ რამსფელდის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლებიც დაკითხვების დროს წამების სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის პატიმრებისთვის კვების და ძილის აღკვეთის თუ მათ წინააღმდეგ ძაღლების გამოყენების უფლებას იძლეოდა.[4]

სასჯელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მძიმე შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა უხეშ ხელყოფას, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ იზრუნა არმიის რეპუტაციაზე და, ზოგადად, აშშ-ს სამართლებრივი სისტემის იმიჯზე.

პრეზიდენტ ბუშის ბრძანებით, ჯენის კარპინსკი წოდებრივად დაქვეითდა. იგი კვლავ პოლკოვნიკი გახდა მას შემდეგ, რაც არმიის გენერალური ინსპექტორის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ დაადასტურა გენერლის მხრიდან მართვის საკითხში გამოვლენილი ნაკლოვანებები, კანონის უგულებელყოფა და ქურდობა. პატიმართა შეურაცხყოფის საკითხში მას ბრალდება არ წაუყენეს.[5]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს კარპინსკიმ წიგნი გამოსცა, რომელშიც დაწვრილებით აღწერა მის გარშემო მიმდინარე საქმე - One Woman's Army: The Commanding General of Abu Ghraib Tells Her Story and speaks around the country about her experiences.[6]

კინოფილმები აბუ-ღრეიბის სკანდალის თემაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 - Gitmo - The New Rules of War

2006 - Iraq for Sale: The War Profiteers

2008 - Standard Operating Procedure

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Janis Karpinski fampeople.com
  2. US general suspended over abuse news.bbc.co.uk, 29 April 2004
  3. Shoplifting Charge Dogs Iraq Gen cbsnews.com, 2 June 2004
  4. Rumsfeld okayed abuses, says former US army general oneindia.com, 25 November 2006
  5. Demotion for Abu Ghraib commander news.bbc.co.uk, 6 May 2005
  6. Author: Janis Karpinskihuffpost.com