ჯაყოს ხიზნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჯაყოს ხიზნები“

ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1924
გვერდი 300

ჯაყოს ხიზნებიმიხეილ ჯავახიშვილის რომანი. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“ (1924 წ. № 7–8 და 1925 წ. № 1). იგი მწერლის სიცოცხლეშივე ცალკე წიგნად ორჯერ გამოიცა: 1925 და 1926 წლებში. რომანი დაბეჭდილია თხზულებათა კრებულის მესამე ტომში (1934 წელს) 1957 წელს კი ეს რომანი სახელმწიფო გამომცემლობამ ცალკე წიგნად გამოსცა.[1] რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა[2], XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული. „ჯაყოს ხიზნებში“ აღწერილი ამბები მეტად რთული ისტორიული პერიოდის ფონზეა გაშლილი და გაშუქებული. ეს ეპოქა, XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლო და 20-იანი წლების დასაწყისი, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენებითაა აღსავსე. საკუთრივ საქართველო ელოდა თავისუფლებას, მიიღო და მალევე დაკარგა კიდეც იგი. ნაწარმოებშიც მოქმედება ძირითადად გასაბჭოების ხანაში ხდება.

რომანის შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „ჯაყოს ხიზნები 1924 წელს ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისში დავწერე“. 1928 წელს ის დავით კასრაძესთან საუბარში აღნიშნავდა:„კვაჭი კვაჭანტირაძეს მივაყოლე ჯაყოს ხიზნები, ეს ქურთა–თამარაშენში ყოფნის სახსოვარია. მართალია, რომანმა აუარებელი მკითხველი გამიჩინა, მაგრამ აუარება დამაწყევარიც! კრიტიკაში ბევრი მაქებდა გულახდილობისათვის, ბევრი მაძაგებდა. ზოგიერთებმა ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, რომ ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყრათ, შენი შემოქმედებიდან ჯაყო ამოშალეო. ჯერ ერთი, რუსების თქმისა არ იყოს: კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ ამოშლი, და მეორეც, საკითხი მართლაც ასე რომ იყოს დაყენებული, მაშინ მე ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს და „თეთრ საყელოს“ ვერავინ გამამეტებინებს.“

მიხეილ ჯავახიშვილმა ახალ ისტორიულ პირობებში გააგრძელა და განავითარა რეალიზმის ტრადიციები. ნიკო ლორთქიფანიძესთან, გრიგოლ რობაქიძესთან და კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად მან ქართულ ლიტერატურაში ააღორძინა ახალი ჟანრი - სოციალური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური პროზა. თუმცა, თანამედროვეთაგან განსხვავებით, მიხეილ ჯავახიშვილს მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე არ უღალატია რეალიზმისთვის, ამ სიტყვის შეუპოვარი და შეუვალი გაგებით.

1933 წელს მიხეილ ჯავახიშვილი მნათობში გამოქვეყნებული წერდა: „უცნაურია, ყველაზე მეტი დავა ჯაყოს ხიზნებმა გამოიწვია, მაგრამ ყველაზე მეტი სიხარულიც ამ რომანის დასრულებამ მაგრძნობინა. იმ დღეს ნამდვილ ბალღად გადავიქეცი, რომელსაც გაუსაძლისი ბედნიერება დაატყდა. ვეღარც მე ვცნობდი ჩემს თავს და ვეღარც ჩემი ცოლ-შვილი მცნობდა...“

რომანის სიუჟეტი და ძირითადი თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში რეალისტური ხერხებით არის დახატული ის ფონი, სადაც სამოქმედოდ გამოჩნდება თეიმურაზ ხევისთავი, არა მხოლოდ როგორც განსაქიქებელი და „კრიტიკის ქარცეცხლში გასატარებელი“ პერსონაჟი, არამედ ადამიანი, რომელიც მოდის თავისი დატვირთული წარსულით (გვარიშვილობა, ადგილ-მამული, განათლება), ცდილობს ცხოვრებასთან დიალოგის გაბმას, ვერ ხედავს აწმყოს რეალურ სურათს თავისი დაღლილი, „ბეცი თვალებით“, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც, კარგავს ყველაფერს, რაც კარგვადია და ღატაკი, უპოვარი, ხიზანი საკუთარ მამულში, აღმოაჩენს მარადიულ, წარუვალ, გაძრცვილ მშვენიერებას, რომლის ერთადერთი პატრონი თავად არის.

რომანის ილუსტრაცია

მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი თუ კულტურული მდგომარეობის ფრიადი მცოდნე, გამოწვლილვით აღწერს და აჩვენებს მიზეზებს, რაც ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს, მაგრამ, ამავე დროს, მოვლენათა მიღმა ის ზოგადი კანონზომიერებებიც იკითხება, რომელთა წინაშე ადამიანი უმეტესწილად უძლურია. სწორედ ასეთი ორმაგი ხედვა განაპირობებს, რომ მთავარი პერსონაჟი, რომლის სახეც სატირული ხერხებით არის დახატული და, შესაბამისად, მკითხველში უარყოფით განცდებს აღძრავს, განსხვავებით მთელი რომანის მანძილზე მისდამი ჩამოყალიბებული შეხედულებისა, ფინალში სრულიად სხვაგვარ დატვირთვას იძენს, ანტიგმირი ლამის გმირადაც კი იქცეს.

თავისთავად ცხადია, თეიმურაზ ხევისთავის სახის ამგვარ გააზრებას მწერლის მსოფლხედვა უდევს საფუძვლად, რაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ემყარება და ამ ხედვაზე დაყრდნობით შესაძლებელია უკიდურეს სულიერ-ხორციელ დაცემას პიროვნების აღდგენა მოჰყვეს. რომანში ნაჩვენებია თეიმურაზ ხევისთავის უკიდურესი კრიზისული მდგომარეობა. იგი განათლებულია, მცოდნეა, მაგრამ მისი ცოდნა უნიადაგოა, აღარავის სჭირდება, ამიტომ ვეღარ პოულობს ადგილს ქალაქში და ნელი-ნელ კარგავს სულიერ თუ მატერიალურ, კულტურულ მონაპოვნებს. საგვარეულო განძს, თავის უსაყვარლეს წიგნებს და ბოლოს, ქალაქშივე უუცხოვდება თავის ერთადერთ მეგობარს მარგოს, რომელიც, შეიძლება ითქვას, კრებითი სახეა ზოგადად ფასეულობათა და სწორედ ამ დროს, როდესაც ქალაქში კრიზისი ახრჩობს თეიმურაზს, ჯაყო ჯივაშვილი – წინააღმდეგობის ხორცშესხმული ხატება – თეიმურაზს უბიძგებს თავისი კერისკენ, მხოლოდ, ხიზანის მდგომარეობით.

ბჭობს რა მარგოსთან ნაშინდარში დაბრუნების ავ-კარგიანობაზე, თეიმურაზი ვარაუდობს უცნაურ მომავალს. „იქნებ სწორედ იქ მოხდეს გარდატეხა, იქ გადაიშალოს ჩვენი ოჯახის ისტორიის ახალი ფურცელი“. მკითხველი ნაშინდარში იხილავს თეიმურაზისა და, საერთოდ, მისი ოჯახის საზარელ „გარდატეხას“, მაგრამ არც ის რჩება შეუმჩნეველი, რომ კრიზისი ორმაგ ბუნებას ავლენს. ნაშინდარი არის სივრცე, სადაც თეიმურაზი დაცემით, თვითგთვემით და თვითჩაღრმავებით რწმენას მოიპოვებს.კრიზისის ბუნებაზე საუბრისას რენე გენონი ყურადღებას აპყრობს თავად ამ სიტყვის ეტიმოლოგიას. კრიზისი ერთგვარი სინონიმია სიტყვებისა: „განსჯა“, „გარჩევა“ და ასეთ დროს ადამიანები (ანდა, ზოგადად, ერები) ფიქრდებიან ისეთ მოვლენებზე, რომელნიც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სრულიად იგნორირებული ყოფილიყო. ნაშინდარში იკვეთება ჯვარცმის, გოლგოთის მოტივები და ცხადად ჩანს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის დამოკიდებულება ტრაგიკული მოვლენებისადმი საოცრად ემთხვევა საუკუნის დასაწყისის ქრისტიან ფილოსოფოსთა შეხედულებებს. „ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, არეულობები და უბედურებები იმისათვის გადაგვხდება თავს, რათა გავიხსენოთ ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება და საკუთარ თავში მოვიყიოთ სულიერი სიღრმე იმ მხრივ, რომ აქედან წარვმართოთ ჩვენი აღორძინება თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად და, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, თუ რა დავკარგეთ. უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე კაცობრიობა ცდილობდა შეექმნა კულტურა რწმენის, გულის, ჭვრეტისა და სინდისის გარეშე და ახლა ეს კულტურა ავლენს თავის უძლურებას და განიცდის რღვევას“ (И. Ильин, „Путь к очевидности“).

თეიმურაზის მსჯელობები ამგვარ ადამიანს ამხელს (სკეპტიკოსს, ნიჰილისტს), ამიტომაც, მიუხედავად იმ შემზარავი დაცემებისა (უძლურება, პიროვნული ღირსების დაკარგვა, მონური მორჩილება, რასაც წინ უძღვის უმწეო ამბოხი), ნაშინდარში იმსხვრევა ძველი თეიმურაზი, გახლეჩილი პიროვნება, რომლის ცოდნა და გულისთქმა ერთმანეთს ებრძვის და ამ თვალსაზრისით შესანიშნავად არის მოცემული კრიზისის, როგორც უკიდურესი სულიერი თუ მატერიალური სივიწროვის პოზიტიური მნიშვნელობა. ის ტანჯვები, ის „მწარე სასუმელი“, რაც ცხოვრებამ უხვად შეასვა დამდნარ ნაკაცარს, ჩრჩილს, წიგნის ჭიას, ამავე დროს, ერთადერთ საშუალებად აღიქმება უკიდურესი სულიერი სიცარიელის დასაძლევად, რადგანაც „ტანჯვა არის ჭეშმარიტი და მძლავრი რეალობა“. ამ რეალობას მანამდე თამაშად აღიქვამდა თეიმურაზ ხევისთავი. როგორც თვითონ ამბობს. „კმარა ესოდენი ფუტურო სიტყვა და ავი ოცნება. კმარა! ხალხი დავახრჩეთ სიტყვების ზღვაში“.[3]

რომანის პრობლემატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაშინდარში დაბრუნებული ნელ-ნელა ივიწყებს ფუტურო სიტყვებს და დიალოგებში ავლენს საკუთარი ტანჯვის მიზეზებს.რომანში მძაფრად გაისმის სიახლის ძიების, ახალი ადამიანის, ახალი ცხოვრების, ახალი წესრიგის მოთხოვნები, რაც კონკრეტულმა ისტორიულმა დრომაც განაპირობა და, ამავე დროს, აუცილებელი გახდა ამ სიახლის სწორი, მიუკერძოებელი შეფასება, რადგანაც ხშირად არაობიექტურად ხდებოდა ამ მოვლენების ანალიზი, იმის მიხედვით, თუ „რომელ ნაპირზე“ იდგა თავად მწერალი თუ მოაზროვნე.ერთი შეხედვით ძნელია, სატირის ბასრი იარაღით გამოკვეთილი ხევისთავის სახეში მომავლის ადამიანი დავინახოთ, მაგრამ, როგორც წესი, ამ დიდ კოლიზიებში (რასაც ვხედავთ თეიმურაზის სულიერ განცდებში), უნდა იშვას ახალი, ჭეშმარიტად ფასეული სულიერი მონაპოვარი, რადგან თეიმურაზი სვამს მარადიულ კითხვებს და პერსონაჟის სულიერი გრადაცია ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გულისხმობს.

„რა არის ჭეშმარიტება?
სად არს სამართალი?
რაი არს ცხოვრება ესე?“

მათი პასუხები კი ადამიანის სულში უნდა იშვას, როგორც პირმშო, როგორც გამართლება სულიერი ყოფიერებისა. ისიც აღსანიშნავია, რომ გონებას არ ძალუძს მათი ამოხსნა.

„რა არის ჭეშმარიტება?“ – კითხულობს სამყაროს უდიდესი მისტერიის უშუალო მონაწილე, რომის პროკურატორი და „თვალწინ უდგას“ ჭეშმარიტება. შესანიშნავადაა ეს კითხვა გაგრძელებული ბულგაკოვის მიერ: „რა არის ჭეშმარიტება“ – თქვა ეს პროკურატორმა და უმალვე გაიფიქრა: „ო, ღმერთებო, ისეთ რაღაცას ვეკითხები, რაც სასამართლოზე საკითხავი არ არის… გონება აღარ მემორჩილება“. ჭეშმარიტების წინაშე გონება უძლურია, აქ იგი „ვიღაც სხვას“ უთმობს ასპარეზს. ნახუცარ ივანესთან საუბარში თეიმურაზი აღიარებს, რომ მასში რწმენის სული ჩაკლულია, რომ გონება ცოდნისკენ მიუწევს, გული კი რწმენისკენ და ამით ეპოქის სატკივარს გამოხატავს. მაგრამ ამავე დროს ეს აღიარება საკუთარი გაორებისა მასში იწვევს იმგვარი სულიერი ძალების აღორძინებას, რამაც უნდა მოკლას წარმავალი, დროითი და შვას მარადიული.

კლასიკურ განმარტებას გვაძლევს ამ მხრივ ნ. ბერდიაევი.

„მხოლოდ ხელახალი დაბადება, სულიერი ადამიანის დაბადება, რომელიც ადრე თვლემდა და ჩახშული იყო, არის ნამდვილი მოვლინება ახალი ადამიანისა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ძველ ადამიანზე გამარჯვებით. მაგრამ საიდუმლო კაცობრიული არსებობისა გულისხმობს განვითარების სუბიექტს. არ არსებობს განვითარება იმის გარეშე, რაც ან ვინც ვითარდება“ და აქვე მსჯავრს გამოუტანს იმ ცრუ იდეოლოგებს, რომელნიც ღვთიბოძებულ წესრიგს ცრუ მრწამსით არღვევენ, თითქოს შესაძლებელი იყოს მხოლოდ უტილიტარულ მისწრაფებებზე დაყრდნობით ახალ ფასეულობათა შექმნა. „ახალი ადამიანის დაბადება თითქმის შეუძლებელია რევოლუციის გზით, რადგან რევოლუცია არის ბედისწერის პირმშო და არა თავისუფლებისა“. ის, რაც ასეთ დროს ამოტივტივდება, ვერ იქნება კულტურის მსაზღვრელი, ვინაიდან კულტურა თავისუფალ შემოქმედებას გულისხმობს. რომანში ამგვარი ნიადაგი თეიმურაზ ხევისთავის, როგორც წარსულით დატვირთული სულიერი ფენომენის სახეში არსებობს. მწერალს ნაკლებად აინტერესებს დროის მიერ ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივებულ ადამიანთა ბედი, რადგან ისინი შემთხვევამ დააყენა აქ და შემთხვევა შეუცვლის ადგილს. მთავარი ის არის, რომ უკიდურესი კრიზისის ჟამს დროებისგან წელში მოხრილი არისტოკრატი თეიმურაზ ხევისთავი, რომელსაც „დაშლია“ თავისი „ცოცხალი ხატი“, სავსება, იწყებს საკუთარი სულიერი ძალების კულტივირებას, რაც ზოგადად თვითშემეცნებაში ვლინდება.

რომანის მეორე გამოცემა

„ყველაზე ძლიერად ეს მოწოდება საკუთარი თავისადმი („შეიცან თავი შენი!“) გაისმის მაშინ, როდესაც ადამიანს ანდა ხალხს ემუქრება საფრთხე, როდესაც კულტურას ემუქრება დაცემა… ასე იყო სოკრატესა და პლატონის ხანაში, ასე იყო რომის ცივილიზაციის დაღმასვლისას და ა.შ. ისტორიის იგივე რიტმი, იგივე დიალექტიკა შეიმჩნევა ჩვენს ეპოქაში, ყოველმხრივი კრიზისის პირობებში კვლავ დაისვა თვითშემეცნების პრობლემა საკაცობრიო სულის ყველა სფეროში“ (ბ. ვიშესლავცევი).

ნიშანდობლივია, რომ თეიმურაზ ხევისთავში ინგრევა ის „სულიერი მონაპოვარი“, რაც წინა საუკუნის (XIX ს.) ნიჰილისტურმა აზროვნებამ „უწყალობა“ („ღმერთი არ მწამს, მაგრამ ქრისტე მაინც ღმერთკაცი იყო“ – თეიმურაზის ეს სიტყვები ნიცშეს პერიფრაზია) და აღორძინდება ტრადიციული სული, რაც აბრუნებს მას თავის ძირებთან და ეს უკვე თეიმურაზის კულტურული მონაპოვარია. შეიძლება ითქვას, თეიმურაზი შემოქმედია თავისი სულისა.[4]

თეიმურაზ ხევისთავის ადგილი საზოგადოებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჯაყოს ხიზნები“ თეიმურაზ ხევისთავის პიროვნული კულტურის ჩამოყალიბების გზად გვესახება, თუ პიროვნულ კულტურას შევხედავთ, როგორც თვითშემეცნების შედეგად მოპოვებულ მდგომარეობას, რასაც წინ უძღვის დიდი სულიერი კატაკლიზმები.

რომ არა მწერლის ამგვარი მრწამსი, თეიმურაზ ხევისთავი რწმენაში კი არ ჰპოვებდა ხსნას, არამედ რეალურ-ისტორიული და ყოფითი სინამდვილე საბოლოოდ ჩაკლავდა მასში ღვთისკენ მიმართულ მზერას. მომლოდინე თეიმურაზი კი, ბუნებითი პატრონი ქვეყნისა, გზას აგრძელებს ისევე, როგორც ზოგადად ერის სული, რომელსაც სიკვდილი არ უწერია.

ახალი ადამიანის დაბადების პრობლემა დღესაც მეტად აქტუალურია, მით უმეტეს, რომ კრიზისი მთელი მისი განშტოებებით აქტიურ ფაზაშია. ადამიანი და მთლიანად ერი განიცდის შემაშფოთებელ შიშს არსებობის წინაშე, თავისი მაღალი მისიის ხელახალ გადასინჯვასაც ახდენს. ეგებ აქ უნდა დამთავრდეს ყოველივე, ჩემში?! ეგებ ოდინდელი მოწოდების („შეიცან თავი შენი!“) არსი ამოწურულია, ეგებ მხოლოდ ფიზიკური გადარჩენაა მთავარი და ამიტომაც „ყველაფერი ნებადართულია“?! ეს მაცდური კითხვა-პასუხებია და ამ საფრთხის წინაშე ყოველთვის თრთოდა ზნეობრივი ადამიანი, მაგრამ რაკიღა სამყაროს ძირეული მოდელები არ შეცვლილა და ამაღლების მოდელი წარმავალის დათმობაზე შენდება, უნდა ვიგულვოთ, რომ კრიზისს ის გაუძლებს, ვინც ცხოვრების შოლტების ცემისაგან წელში მოხრილი ამაყად იტყვის: „მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ, მაგრამ ვერასოდეს დამიმორჩილებენ!“, „რაც მოსავალია, მოვიდეს!“; „ორგულობა და ორპირობა არ შემიძლიან!“, „მე ბავშვს ისეთ რამეს ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არა მწამს“.

ხოლო სულიერი არისტოკრატიზმით განბრძნობილი ამასაც დასძენს: „ჯაყო უბრალო შემთხვევაა და ჩემს უბედურებაში ბრალი არ მიუძღვის“ (ამ დასკვნამდე მიდის თეიმურაზი მას შემდეგ, საბოლოოდ ჩაუღრმავდება რა მარგოს დაკარგვის მიზეზებს).

მომავლის კონტურები მხოლოდ თვითჩაღრმავების შემდეგ ესახება თეიმურაზს. „ვნახე, განვიცადე, მწამდა, ვტიროდი“ – კედელზე აწერენ მარგო ყაფლანიშვილი და თეიმურაზ ხევისთავი და ამით თავიანთი სულიერი მონაპოვრის ფიქსაციას ახდენენ. ისინი მარადიულ ადამიანებად იქცევიან, რადგან მათი მსაზღვრელი წმინდა გულია და არა გონება, რომელსაც ჭეშმარიტების წვდომა არ ძალუძს.

მხოლოდ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი უპირველესად ეროვნულ ტრაგედიას აღწერს და ამ მდგომარეობის დაძლევას ისახავს მიზნად, ამიტომ ქვეყნის პატრონის თეიმურაზ ხევისთავის პიროვნული გამთლიანება იმ დანაკარგის დაბრუნებასაც გულისხმობს, რაც მას ეკუთვნის – იგი კვლავ ხევისთავთა საგვარეულო სასახლეში ცხოვრობს და რწმენით სავსე ელოდება მარგოს.

„კიდობანში ძველი ხატი აქვს დამალული. იმ ხატს კუთხეში დაასვენებს, სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა. მეტანიით, სასოებით და ცრემლით ლოცულობს თეიმურაზ ხევისთავი…

…ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებული შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი“.

ამიტომ სავსებით გასაგებია, რას გულისხმობს მიხეილ ჯავახიშვილი, როდესაც წერს: „უცნაურია, ყველაზე მეტი დავა „ჯაყოს ხიზნებმა“ გამოიწვია, მაგრამ ყველაზე მეტი სიხარულიც ამ რომანის დასრულებამ მაგრძნობინა. იმ დღეს ნამდვილად ბალღად გადავიქეცი, რომელსაც გაუძლისი ბედნიერება დაატყდა. ვეღარც მე ვცნობდი ჩემს თავს და ვეღარც ჩემი ცოლ-შვილი მცნობდა“.

რომანის ამგვარი ფინალი კი მკითხველსაც უღვივებს რწმენას, რომ კრიზისიდან თავის დახსნა შესაძლებელია, თუ ადამიანი ანდა მთლიანად ერი შეიმეცნებს თავის შეცდომებს და შეცოდებებს.[5]

ჯაყოს ხიზნები - დაუსრულებელი რომანი?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთ მკვლევარს „ჯაყოს ხიზნები“ დაუსრულებელ ნაწარმოებად მიაჩნია, ამის მტკიცებულებად ისინი შემდეგ საბუთს იშველიებენ: 1925 წელს შალვა დადიანს „ჯაყოს ხიზნების“ პიესად გადაკეთება და მოსკოვის ქართული სტუდიის სცენაზე მისი დადგმა განუზრახავს. ამის შესახებ მან წერილობით აცნობა ავტორს. იგი ჯავახიშვილისგან ნებართვას ითხოვდა, რომ პიესის ფინალი გადაეკეთებინათ და, ამრიგად, მაყურებლისათვის უფრო საინტერესო გაეხადათ,[6] რაზეც მიხეილ ჯავახიშვილმა უპასუხა: „ეხლა ჯაყოზე არ გირჩევთ დროის დაკარგვას ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოთხი მოქმედისაგან პიესა არ გამოვა. მეორე: რომანი არც სრულია, არც დასრულებული. აკლია რამდენიმე მოქმედი (თეიმურაზის ანტიპოდი და სხვა) და მეოთხე ნაწილი. მეორე ვარიანტი თავში თავიდანვე მქონდა დაწერილი, მაგრამ დასასრული სულ სხვანაირი იქნება, ვიდრე თქვენ აპირებთ. ნინიკა მარგოს წაართმევს, ჯაყოს საქართველოდან გადაასახლებს. რაც დიდმა ილიამ ვერ გაჰბედა და ვერ გაჰბედავდა – მე უნდა გავბედო და თავად–გლეხთა შორის ჩატეხილი ხიდი უნდა გავამთელო. აბა, მაშინ გექნებათ თქვენ სადრამო მასალა. მანამდე კი უნდა მოითმინოთ“.[7] ამ წერილთან ერთად მნიშვნელოვანი წყაროა მწერლის უბის წიგნაკი, სადაც ჯაყოს ხიზნების შესახებ ჩანაწერებია გაკეთებული. ლელა წიქარიშვილს კი მიაჩნია, რომ „რომანის ფინალის გადაკეთების საფრთხეს მიხეილ ჯავახიშვილმა დაუპირისპირა ტექსტის დაუსრულებლობის ლეგენდა და დაპირებები ახალი ჯაყოს დაწერისა“.[8] რაზეც გიორგი გოგოლაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: „თუ მწერალი დაუსრულებლობის ლეგენდას თავის დასაზღვევად, ხელისუფლებისაგან გულისწყრომის შესამსუბუქებლად, ცენზორების თვალისასახვევად ქმნიდა, რატომ არაფერს ამბობდა მათ გასაგონად?“[9] მისივე თქმით, მწერალი გაგრძელების ვარიანტებს მხოლოდ უბის წიგნაკში ინიშნავდა სხვა ჩანაწერებთან ერთად, რომელშიც ანტისაბჭოთა მოსაზრებებიც იყო გამოთქმული. გოგოლაშვილის დასკვნა ასეთია:„დღეს ეს რომანი დასრულებულია... ამაზე არავინ დავობს, რომ ასე არ არის... სხვა საქმეა, თუ ავტორი გააგრძელებდა, რა სახეს მიიღებდა ნაწარმოები“.[10]

ენა და სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ჯავახიშვილის ფრაზები და წინადადებები აზრობრივად სადა და გამჭვირვალეა. არაა მათში არც ხელოვნური სტილის ნიშნები ან თუნდაც პოზა და არც აზრობრივი გადატვირთვა. ამიტომ რომანის პერსონაჟებიც ხასიათობრივად რთული გასახსნელნი და განსამარტავნი არ არიან. როგორც შევნიშნეთ, იგივე ითქმის მოვლენებისა და ისტორიული რეალიების მიმართ ავტორის დამოკიდებულების შესახებაც. მხატვრული ენის მხრივ და ფიქრის სიღრმით მიხეილ ჯავახიშვილი ქართული მწერლობიდან უფრო ილიას გვაგონებს (რომლის მოწაფედაც თვლიდა იგი თავს), ოღონდ აკაკისეული ფრაზის სინათლითა და სიმარტივით; და კაცმა რომ თქვას, არცაა აუცილებელი, ვინმეს შეემსგავსოს და მოგვაგონოს: მიხეილ ჯავახიშვილის მწერლობა ესაა ერთიანი, შეუვალი მხატვრული სამყარო, რომელიც ამოზრდილია თხუთმეტი და მეტსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურიდან და მის ორგანულ, განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

სამწერლობო ლექსკისათვის საჭირო „მუდმივობის, მოქნილობისა და გამჭვირვალების“ შესახებ მიხეილ ჯავახიშვილი თავის ერთ-ერთ წერილში განმარტავდა: „ზოგი სიტყვა კვდება, ზოგი იბინდება, ზოგიც თითქოს ისვენებს და შემდეგ ხელახლად ბრუნდება. ჩვენც მათი გაცოცხლებისა და შენარჩუნების გზას უნდა გავყვეთ და ფრთხილად გავამდიდროთ ჩვენი ენა ხალხურითა და ზოგიერთი მივიწყებული სიტყვებით“. როგორც ვხედავთ, მიხეილ ჯავახიშვილი არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ ყოფილა მომხრე, ასე ვთქვათ, „ნეოლოგისტური“, ხელოვნური სიტყვათქმნადობისა. „ჭეშმარიტმა მხატვარმა უნდა დაიცვას და შეითვისოს მარტივობა (უბრალოება), მკაფიობა (ნათელობა), გულწრფელობა და ზომიერება, რომელნიც ამავე დროს ნამდვილი ანარეკლები არიან ჩვენი ხალხის ბუნებისა“ („ლიტერატურული განცხადება“).[11]

რომანის სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული — ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული თავადი თეიმურაზ ხევისთავი და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. ავტორი ერთმანეთს უპირისპირებს ტლანქ, გაუნათლებელ, უზნეო ჯაყოსა და მის მსხვერპლ თავად თეიმურაზს - სუსტი ნებისყოფის, განათლებულ ინტელიგენტს, რომელსაც მისი მოურავი (ჯაყო) ცხვირწინ გამოაცლის საკუთარ ქონებას, მის მშვენიერ და საყვარელ ცოლს მარგოს და ბოლოს, სულიერ სიმშვიდესაც კი. თეიმურაზის თვალში მკითხველი აკვირდება ძველი არისტოკრატიული ფენის დაცემას, იმედგაცრუებასა და დემორალიზაციას, რომელიც ხანმოკლე დამოუკიდებელი საქართველოს დაცემას მოჰყვა შედეგად. რომანში ჯავახიშვილმა განათლებულ უმოქმედობას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.

მკვლევარმა ლელა წიქარიშვილმა გახსნა რომანის ბოლოს ნახსენები შიო–მღვიმის სიმბოლიკა (ფრაზაში „ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებული შიო–მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი“). მან დაასაბუთა, რომ შიო მღვიმელის ხსენება „ჯაყოს ხიზნების“ ფინალში შემთხვევითი არ იყო. ეს ფრაზა მინიშნებაა 1924 წლის აგვისტო–სექტემბრის ანტიბოლშევიკურ ამბოხებაზე, უშუალოდ კი მის ერთ–ერთ ტრაგიკულ ფურცელზე: საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები, ამ აჯანყებას რომ ამზადებდნენ, შიო–მღვიმის მონასტრის სიახლოვეს დააპატიმრეს.[12] სხვა მკვლევარი მიუთითებს, რომ თეიმურაზი მიხეილ ჯავახიშვილის ალტერ–ეგოა, მწერალი „არ ყოფილა შეიარაღებული აჯანყების მომხრე და ლოდინის პოლიტიკას ამჯობინებდა. იგი, როგორც სამხედრო კომისიის წევრი, ცდილობდა არალეგალური ანტიბოლშევიკური საქმიანობა გადაექცია ლეგალური სახის წინააღმდეგობად, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა რუსული კაბალიდან ადრე თუ გვიან თავდახსნის სულისკვეთება“, ამიტომაც ხევისთავი სწორედ შიო მღვიმელივით უნდა იცდიდეს.[13]

ლელა წიქარიშვილს საგულისხმოდ მიაჩნია რომანში ნახსენები აღდგომა ღამე. ის შეიძლება უკავშირდებოდეს 1922 წლის – 16 აპრილს, როცა აღდგომა ღამეს დაარსდა პარიტეტული კომიტეტი. ამავე დღეს ანჩისხატის საყდარში სააღდგომო ქადაგების დროს კათალიკოს–პატრიარქმა ამბროსიმ ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია.[12]

თვით ნაწარმოები დაწერილია აჯანყებიდან ახლო ხანში – მწერლის თქმით, „ჯაყოს 1924 წლის სექტემბერ–ოქტობერში ვწერდი. ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა. ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“.[14] მწერლის უბის წიგნაკში შემონახულია მისი ტრაგიკული განცდა: „ზოგჯერ მგონია, ჩემს დასაფლავებას ვესწრობი მეთქი“.

გოჩა კუჭუხიძემ ერთი სტატია „ჯაყოს ხიზნების“ მთავარი პერსონაჟის სახელის ეტიმოლოგიას მიუძღვნა. მისი თქმით, ჯავახიშვილი საგანგებოდ არჩევდა სახელებს. სახელი ჯაყო არ არსებობს, იგი მიხეილ ჯავახიშვილმა გამოიგონა. ჯაყო „ჯუღას“ ჰგავს და, მისი ფიქრით, ეს შემთხვევითი არ არის, გვარი ჯივაშვილიც წააგავს სტალინის გვარს.[15]

პერსონაჟები და მათი პროტოტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თეიმურაზ ხევისთავი - ინტელიგენტი აზნაური, რომელიც თავისი უუნარობით და უმოქმედობით ყველაფერს კარგავს.
  • მარგო ყაფლანიშვილი - თეიმურაზის ცოლი, შემდგომში ჯაყოს.
  • ჯაყო ჯივაშვილი - ოსი სოფლელი, რომელიც თავისი ველური ბუნებით და ძალით თავის ბატონს ყველაფერს წაართმევს. მათ შორის მარგოს.
  • ნინიკა - გლეხი, რომელიც ჯაყოს წინ აღუდგება.
  • ივანე - სოფლის მღვდელი.
  • პეტრე დევდარაშვილი - თეიმურაზის მამის გაზრდილი და მოურავი.
  • ბრინკა - ჯაყოს ნათესავი.
  • ნინა - ჯაყოს მესამე ცოლი.

„ჯაყოს ხიზნების“ გმირები არ არიან იდეალურნი, ისინი უფრო ანტიგმირები არიან. თავიდანვე შეიძლება დავსვათ ასეთი კითხვა: რა არის არსი ამ ნაწარმოებისა? ნაკაცარი თეიმურაზ ხევისთავის ტრაგედიის ჩვენება, ჯაყო ჯივაშვილის ავხორცობისა და ბოროტების წარმოჩენა, თუ მარგო ყაფლანიშვილის უმწეობისა და უბედურების ასახვა? და, მართლაც, ამ სამი პიროვნების ცხოვრება რომ განაპირობებს ერთმანეთის ბედისწერას და, ფაქტობრივად, ნაწარმოების პრობლემატიკასაც ერთ მთლიანობაში კრავს. და კიდევ, რაც არანაკლებ საყურადღებოა: „ჯაყოს ხიზნებში“ არც სხვა რომელიმე პერსონაჟია, განსაკუთრებულ სიმპათიას რომ იმსახურებდეს. იმ ისტორიულ ფონზე, როდესაც ეს თხზულება იქმნებოდა, ჩანს, მიხეილ ჯავახიშვილის ლიტერატურული ჩანაფიქრი სხვა გზით არც შეიძლებოდა წარმართულიყო. „ჯაყოს ხიზნების“ პერსონაჟთა გაცნობისთანავე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს თხზულება დაწერილია მხილებისათვის, მკაცრი, პირუთვნელი სინამდვილის ჩვენებისათვის. ისევე როგორც თავის დროზე ილიამ დიდი გულისტკივილით ამხილა თათქარიძეობა“, მიხეილ ჯავახიშვილმაც იმდროინდელ საზოგადოებაში აღმოაჩინა და სამსჯავროზე გამოიტანა, ერთი მხრივ, „ნაკაცარობა“, ხოლო, მეორე მხრივ, „ჯაყოობა“.

ჯაყოს შესახებ მწერალი წერდა: „ჯაყო ოსია: შემთხვევითი ამბავია: ცოცხალი ვნახე და ავწერე. გარდა ამისა, ოსური ჟარგონი დიდ ძალას აძლევს რომანს: არავითარი ეროვნული სარჩული ჯაყოს ოსობას არა აქვს.

ჯაყო სულ სხვანაირად წარმოიშვა. 30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდა – ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი. ამავე დროს მარდი და მოხერხებული. მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟ. ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი მიამბო:

ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა. მაშა, მაშა, აგრე ვიცის ჯაყომა! – მიუგო ნაყმევმა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთის მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ–ერთ კუნჭულში დაიბუდა“.[16]

თეიმურაზ ხევისთავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ხევისთავი ტრაგიკული პიროვნებაა. იგი საოცრად კეთილია, მაგრამ მისი სიკეთე უფრო სისულელესა და გულუბრყვილობაზე მეტყველებს. თეიმურაზის პიროვნება უსუსურობის გამო მკითხველის გაღიზიანებას ან თითქმის ზიზღსაც იწვევს. თავის სიმართლეში დარწმუნებული ხევისთავი ახალ ცხოვრებას ვერ შეეწყო, რადგან ეს მისთვის საკუთარი პრინციპების ღალატს ნიშნავდა. ხევისთავს არ სჯეროდა, რომ „ახალი ცხოვრება“ ბედნიერებასა და ძლიერებას მოუპოვებდა საქართველოს. იგი ფრიად განსწავლული კაცი კი იყო, რადგან კამათში თითქმის ვერასოდეს ჩაგრავდნენ ნათავადარს, მაგრამ, ამავდროულად, უკიდურესობამდე სიცოცხლისუუნარო იყო. მისი პიროვნების არასტაბილურ ხასიათსა და მერყეობას ქვეცნობიერად თითქოს ენაბლუობაც ადასტურებს ყველაფერთან ერთად: თეიმურაზის ცხოვრებისეული ბორძიკი საოცრად ემთხვევა მისი მეტყველებისა და ქცევის მანერებს.

თავისი სისუსტით, ბეჩაობითა და ბედოვლათობით თეიმურაზ ხევისთავი კარგავს და წყალს ატანს ყველაფერს; წინაპართა ძლიერი მხრები, რომლებზედაც იგი მყარად უნდა დამდგარიყო, სუსტი ფეხების გამო გამოეცალა. ამიტომ კითხვის მეტს აღარაფერს აკეთებდა, სულ იმის ცდაში იყო, გაეგო, რა ხდებოდა მსოფლიოში, საკუთარი მამულის ამბები კი არც აინტერესებდა: „თუ თეიმურაზი დღეში ათზე ნაკლებ გაზეთს წაიკითხავდა, ის დღე მისთვის დაკარგული იყო. გაახელდა თუ არა დილით თვალებს, უმალ ახალ-ახალ გაზეთებს დასწვდებოდა, და ჭამა-სმის დროსაც, ცხვირი რომ მათლაფაში ჰქონდა, ერთი თვალი გაზეთზე ეჭირა“. თეიმურაზ ხევისთავი ქართველი ხალხისა და უუნარო ინტელიგენციის სიმბოლოა. მარგო - საქართველოს, ხოლო ჯაყო ნებისმიერი სახის მტრის.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით თავისთავად ტრადიციული შეხედულებებიც არსებობს. მითითებულია, რომ რომანის კრიტიკოსები თავის შენიშვნებში უმთავრესად ორ ამოსავალ საფუძველს ეყრდნობოდნენ. ერთნი ფიქრობდნენ, რომ მწერალი მეტისმეტად მკაცრად მოეკიდა ქართველ ინტელიგენციას და ერთგვარი შეურაცხყოფაც მიაყენა მას თეიმურაზ ხევისთავის მხატვრული სახით, მეორეთა აზრით კი, მწერალი ზედმეტად გაიტაცა უარყოფითი მოვლენებისა და ტიპების მხატვრულმა განზოგადებამ, რამაც მას ზომიერების გრძნობა დააკარგვინა და, ამდენად, სინამდვილეც ცალმხრივად, ნეგატიურად წარმოასახვინა.[17]

რომანის რუსული გამოცემის პოსტერი

„ჯაყოს ხიზნების“ გამოქვეყნებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. შალვა ამირეჯიბმა „ბოლშევიზმის მეტოქი ცხოვრების ვერდანახვა“ უსაყვედურა, მეტიც, ემიგრაციიდან „განხორციელებული ბოროტება“ უწოდა.[18]

1959 წელს დიმიტრი ბენაშვილი წერდა: „ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ შემდეგ არ გვეგულება მეორე ბელეტრისტული ნაწარმოები, რომელსაც ისეთი ცხოველი დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა გამოეწვიოს, ისეთი ღრმა სოციალური და ფილოსოფიური კონცეფცია წამოეყენებინოს, როგორც მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებს“.[19]

მიხეილ ჯავახიშვილს გული სწყდებოდა, როცა თეიმურაზისადმი ავტორის თანაგანცდას ვერ ამჩნევდნენ: ავტორის გლოვა თეიმურაზის ბედისა არ გესმის – მიუწერია მწერალს ერთი წერილისათვის.[20]

1925 და 1928 წლებში „ჯაყოს ხიზნების“ შესახებ გაიმართა დისკუსიები. მწერლის პირად არქივში დაცულია მასალები, რომლებიც 1925 წელს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში რომანის შესახებ გამართულ ლიტერატურულ კამათს ეხება. პირველი დისკუსია 1925 წლის 17 მაისს ჩატარდა ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ თაოსნობით. შემონახულია მიხეილ ჯავახიშვილის თეზისები, რომლითაც მან დისკუსიაზე ოპონენტებს პასუხი გასცა. თეზისების მეხუთე თავში მიხეილ ჯავახიშვილი საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს განმარტავს, რომელსაც მიაჩნია, რომ „თეიმურაზ ხევისთავი ზოგადი ტიპი არ არის, იგი ყალბი ტიპია“. ავტორი ეთანხმება ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სწორია ის აზრი, რომ თეიმურაზი ზოგადი ტიპი არ არის, მაგრამ როგორც ტიპი, იგი არსებობს და ცოცხლობს. ამასთან დაკავშირებით მწერალს მოჰყავს ლიტერატურაში ცნობილი ტიპები: დონ კიხოტი და ლუარსაბ თათქარიძე, რომლებიც ზოგადი ტიპები არ არიან, მაგრამ, როგორც მხატვრული ლიტერატურის ტიპები, მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურაში მაინც დარჩნენ.[21]

თეზისების მეცხრე ნაწილი დათმობილი აქვს პრესის განხილვას და „ჯაყოს ხიზნების“ შეფასებას. მწერალი აღნიშნავს, რომ სწორი არ არის მისი მისამართით გამოთქმული საყვედური იმის თაობაზე, რომ ავტორმა ახალი ცხოვრება, ახალი ხალხი რომანში არ გამოიყვანა. ის ამბობს, რომ ეს საყვედური სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან რომანში საბჭოთა რეჟიმი ყოველი სტრიქონიდან მოჩანს.[21]

რომანის თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჯაყოს ხიზნები“ 1929 წელს ავტორისეული თარგმანით გამოიცა. იმავე წელს გამოდის რომანის ახალი თარგმანი, შესრულებული დ. ეგორაშვილის მიერ, რომელიც ჯერ ცალკე თავებად აფხაზეთის გაზეთ სოვეტსკაია აფხაზიაში იბეჭდებოდა, ხოლო შემდეგ ცალკე წიგნად გამოვიდა. რომანი ასევე თარგმნილია უკრაინულ ენაზე, რომელიც ლევიცკის ეკუთვნის.[22]

რომანი თარგმნილია რუსულადაც და პირველად გამოიცა 1959 წელს. რუსულად - „Обвал“. „ჯაყოს ხიზნები“ შესულია მწერლის ხუთ ტომეულში, რომელიც 1969 წელს გამოიცა გამომცემლობა „მერანის“ მიერ.

ეკრანიზაცია და სპექტაკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ 1979 წელს ამავე სახელწოდების სატელევიზიო დადგმა გადაიღო, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი დადგა.

2009 წელს ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა დავით ჯანელიძემ გადაიღო ფილმი[23], რომელმაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიხეილ ჯავახიშვილი, რჩეული თხზულებანი ექვს ტომად. ტომი II. გვ. 583. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი, 1959 წელი
  2. ისევ „ჯაყოს ხიზნები“ ოთარ ჩხეიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-23. ციტირების თარიღი: 2008-08-29.
  3. თენგიზ კალანდაძე - პიროვნული კულტურა კრიზისის ფონზე
  4. ავთანდილ ნიკოლეიშვილი
  5. გიორგი ალიბეგაშვილი - ბედისწერის წიგნი
  6. ქეთევან ჯავახიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი – ბელეტრისტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, თბ. 1989, გვ. 35
  7. ქეთევან ჯავახიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი – ბელეტრისტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, თბ. 1989, გვ. 38
  8. ლელა წიქარიშვილი, არ არსებობს...
  9. გიორგი გოგოლაშვილი, მე მიხეილ ჯავახიშვილისა მჯერა, ჩვენი მწერლობა, 35 (83) 2009, გვ. 38
  10. გიორგი გოგოლაშვილი, მე მიხეილ ჯავახიშვილისა მჯერა, ჩვენი მწერლობა, 35 (83) 2009, გვ. 39
  11. გიორგი ალიბეგაშვილი: ბედისწერის წიგნი
  12. 12.0 12.1 ლელა წიქარიშვილი, არ არსებობს ტრაგედია გარეშე გამომსყიდველი მსხვერპლისა, ჩვენი მწერლობა, # 15, 2003 წ., გვ. 1
  13. საბა სულხანიშვილი,სიმბოლო: შიო–მღვიმე ჩვენი მწერლობა, #16, 2003 წ., გვ. 10
  14. მიხეილ ჯავახიშვილი, რჩეული თხზულებანი ექვს ტომად, ტ. 1, გვ. 409
  15. 1937 წელი და ქართული მწერლობა, ჩვენი მწერლობა, # 9, 2008 წ., გვ. 33
  16. „მნათობი“, 1933, #10, გვ. 189–196
  17. გიორგი ალიბეგაშვილი: ბედისწერის წიგნი
  18. შალვა ამირეჯიბი, ჯაყოს ხიზნები, ქართული მწერლობა, 1990, #3
  19. (დ. ბენაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, 1959, გვ. 107
  20. ქეთევან ჯავახიშვილი,მოგონებანი მამაზე, თბ., 2000, გვ. 168
  21. 21.0 21.1 ქეთევან ჯავახიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი – ბელეტრისტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, თბ. 1989, გვ.50
  22. ქეთევან ჯავახიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი – ბელეტრისტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, თბ. 1989, გვ.58
  23. ეროვნული ფილმოგრაფია[მკვდარი ბმული]