ჯატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯატები დელის ტერიტორიაზე, 1868.

ჯატებიპენჯაბის დასავლეთ რაიონებში დასახლებულ ტომთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი ახალი წელთაღრიცხვის დასაყისში. ლაპარაკობდნენ დასავლურ პენჯაბურ დიალექტზე. მოგვიანებით ჯატები ფართოდ გავრცელდნენ ჩრდილოეთ ინდოეთში, მათ შეადგინეს პენჯაბელების ეთნიკური საფუძველი და სიქების თემში შევიდნენ, ინდოეთში ჯატების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიქცა მსხვილ მიწათმფლობელ კასტად. შუა საუკუნეებში ჯატები შეადგენდნენ სრულუფლებიან მეთემეთა ფენას, ჰქონდათ სამხედრო ჩვევები და დელის სულთნებისა და მოგოლთა ფადიშაჰების ჯარებში იწვევდნენ დაქირავებულ მეომრებად. XVII საუკუნის დასასრულს ჯატებმა დაიწყეს ბრძოლა დიდი მოგოლების ბატონობის წინააღმდეგ. ჯატების თემის ზედა ფენა ისწრაფოდა მოგოლთა თავკაცების ადგილის დასაჭერად ჯატი გლეხების ფეოდალურ ექსპლუატაციაში. ცნობილია ჯატების სამი აჯანყება (1669, 1672, 1686-91 წწ). ჯატების ბრძოლა მოგოლთა წინააღმდეგ XVIII საუკუნემდე გაგრძელდა. XVIII საუკუნის შუა წლებში შეიქმნა ჯატების დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც 1763 წელს დაიშალა. თანამედროვე ჯატები ცხოვრობენ ინდოეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილსა და პაკისტანში. საერთო რაოდენობა—რამდენიმე მილიონი კაცი (ზუსტი ცნობები არ არის). ინდოეთში ჯატების უმრავლესობა ლაპარაკობს პენჯაბურ ენაზე და ჰინდუსტანის ჩრდილოეთ დიალექტებზე. აღიარებენ ინდუიზმსა და სიქიზმს. პაკისტანში ლაპარაკობენ პენჯაბურ ენაზე და თავის დიალექტებზე. ძირითადად აღიარებენ ისლამს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]