ჯარა
ჯარა — ასევე მოხსენიებული, როგორც: გეჯას სკა, ბუკის სკა, გეჯა-ბუკი, ეს არის ორ ნაწილად გაყოფილი ხის მორისგან გამოთლილი ტრადიციული ქართული ფუტკრის სკა, რომელიც ფუტკრების მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ფუტკარი ჯარას სკაში ფიჭას მთლიანად თვითონ აშენებს. დღესდღეობით ჯარას სკები საქართველოში ძირითადად აჭარის რეგიონში გვხვდება. ჯარას თაფლს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული [1].
უძველესი მეფუტკრეობა საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფუტკრეობა საქართველოში ოდითგანვე იყო გავრცელებული. არქეოლოგიური კვლევებით აღმოჩენილი ნიმუშების ანალიზით დასტურდება 8 000 წლით დათარიღებული თაფლის არსებობის კვალი[2]. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი ლეგენდა თუ თქმულება გვხვდება, რომელიც მოწმობს საქართველოში შინაური მეფუტკრეობის განვითარების უძველეს ეტაპებს. ცნობები საქართველოს თაფლის შესახებ ჩვ. წ. I საუკუნეში, რომაელი მწერლის გაიუს პლინიუსის 27 ტომიან ენციკლოპედიაში გვხვდება, რომელიც ბუნებისმეტყველებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს ეხება. ასევე არსებობს მრავალი ცნობა, რომელიც ფეოდალურ საქართველოში თაფლის პოპულარობაზე მეტყველებს. მაგალითად, დავით გარეჯის მონასტრის სიგელში აღნიშნულია: „დიდოს უდაბნოს, დავით გარეჯის ძღვენი უნდა მიერთმეოდეს ქართველთ მეფეს და კახთ მეფეს ექვსი ქვევრი თაფლი.“ ასევე, ფეოდალურ საქართველოში მყოფი არაერთი მოგზაური აღწერს ქართულ თაფლს. იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი „სამეგრელოს აღწერაში“ წერს: „ქვეყნიერებაზე საუკეთესო თაფლი კოლხიდისა არის.“ ამავე ჩანაწერში ლამბერტი მოიხსენიებს იელს, როგორც მათრობელა თაფლის მომცემ მცენარეს. ჩვენმა წინაპრებმა კარგად რომ იცოდნენ მათრობელა თაფლის წარმოშობის მიზეზი, მოწმობს თუნდაც სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში განმარტებული სიტყვა - „იელი - ხე თაფლის გამრყვნელი“.
მეფუტკრეობის განვითარების პროცესში ძირითადად გამოყოფენ სამ ეტაპს. ესენია: ველური, როდესაც ადამიანები თაფლის შესაგროვებლად ტყეში გადიოდნენ; ნახევრად ველური (გეჯური), როდესაც მონადირეებს ფუტკრის ძლიერი ოჯახები ტყიდან სახლში მიჰყავდათ და შემდეგ ხისგან გამოთლილი მორით ან თიხის სპეციალური ჭურჭლით ტყეში ან კლდეზე წინასწარ განსაზღვრულ ადგილას ათავსებდნენ და თანამედროვე - როდესაც ფუტკრისთვის სპეციალურად აშენებულ სახლში–სკაში ხდება მისი სასიცოცხლო ფაზებისა და მოსავლიანობის კონტროლი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯარას სკის ისტორია და წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზუსტი მტკიცებულება, თუ როდის გაჩნდა ჯარა საქართველოში, არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის თანახმად, უძველესმა მკვიდრებმა ფუტკრები ხის ფუღუროებში აღმოაჩინეს და იმ ადგილს ტყეში „ხე-ფუტკარა“ უწოდეს[3]. მოგვიანებით, მოსახლეობამ გააცნობიერა, რომ შესაძლო იყო ხეების ანალოგიურად „თაფლის ხეებად“ გარდაქმნა. ისინი აგროვებდნენ გარეული ფუტკრის ნაყარს და სპეციალურად ორ ნაწილად გაჭრილი ხის მორის შუაგულში ათავსებდნენ. შემდეგ დამზადებულ ხის მორებს ხეებზე, დათვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ალაგებდნენ. სწორედ ამ ხის მორებს უწოდებდნენ ჯარას [4]. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში, ჩარჩოიანი კორპუსის ფუტკრის სკების გამოგონების შემდეგ, ჯარას სკები მნიშვნელოვნად შეიცვალა ფუტკრის თანამედროვე და მარტივად მოსახმარი სკებით, მაგრამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ადგილას ჯარას სკებს ჯერჯერობით ისევ მოიხმარენ გარეული თაფლის ჯარას წარმოებისთვის[5].
ჯარას სკების განლაგება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველ დროში, როდესაც მოსახლეობის ყოველდღიურობა აქტიურად იყო დაკავშირებული ტყესთან, ჯარას სკებს ტყის შუაგულში მაღალზე, ცაცხვის ხეზე ათავსებდნენ, რათა თაფლი დათვებისგან ან სხვა გარეული ცხოველებისგან დაეცვათ. ჯარას სკების განთავსება ასევე ხდებოდა კლდეებზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 1200 მეტრზე, ვინაიდან კლდე ყველაზე უსაფრთხო ადგილია სკებისთვის, თუმცა ამავდროულად ყველაზე რთული მოსავლის ასაღებად. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად ტყესთან კავშირი შესუსტდა. ამიტომაც, ადგილობრივმა მეფუტკრეებმა ჯარას სკების მოთავსება საკუთარ სახლებთან ახლომდებარე ბაღებში დაიწყეს, რამაც მათ ნაყარის სწრაფი შეგროვების, საფუტკრის გაფართოებისა და პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობა მისცა; ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც დღესდღეობით ჯარას სკების ნახვა შეიძლება. მაღალმთიანეთში მცხოვრები მეფუტკრეები ჯარას სკებს სპეციალურად დამზადებულ ხის საფარში ათავსებენ ზამთრის მკაცრი პირობებისგან დასაცავად [6].
ჯარას სკის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯარა ჩვეულებრივ ცაცხვის ხისგან მზადდება (Tilia Caucascica), ვინადაინ ცაცხვი მსუბუქია და ნეიტრალური სუნით გამოირჩევა, რაც ფუტკარისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. ჯარას სკის დამზადებისას გასათვალისწინებელია მთელი რიგი პარამეტრები, რაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. ჯარას ძირი (ქვედა ნაწილი) ისე უნდა იყოს ამოჭრილი, რომ ზუსტად შეესაბამებოდეს სკის ზედა ნაწილს. სკის ზედა ნაწილი იჭერს თაფლის ფიჭას და იცავს სკას გარე დაზიანებისგან. ჯარას სკა სიგრძეში დაახლოებით 80-120 სანტიმეტრია, გარე დიამეტრი 40-60 სმ-ს აღწევს, ხოლო შიდა დიამეტრი 25-35 სმ-ს. ჯარას სკა მთლიანად ხისგან მზადდება და დამზადების პროცესში არ ხდება ლურსმნის გამოყენება. ჯარას სკის ქვედა ნახევარში გათვალისწინებულია 1 სმ დიამეტრის ფუტკრის საფრენები. ასევე, სკის ზედა ნახევარს უნდა ჰქონდეს ე.წ. „გამყოფი“, რომლის ფუნქციასაც ზედა ნაწილში ჩაჭედილი ხის ფიცარი ასრულებს. აღნიშნული გამყოფის საშუალებით ერთმანეთისგანაა განცალკევებული ფუტკრის ოჯახისთვის განკუთვნილი ფიჭის წინა ნაწილი, რომელსაც მეფუტკრე არ უნდა შეეხოს და მეფუტკრისთვის მოსავლის ასაღები ფიჭის უკანა ნაწილი. ამასთანავე, „გამყოფს“ ჩრჩილის საწინააღმდეგო ფუნქცია აქვს. გამყოფის დამზადება რეკომენდებულია ნაძვის ხის ფესვისგან, რომლის სპეციფიკური სუნიც აფრთხობს და შესაბამისად იცავს სკას ჩრჩილისგან [7].
ჯარადან თაფლის მოსავლის აღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯარაში არ არის ხელოვნური ცვილი. აქ ფუტკარი ფიჭას თავისით აშენებს. ჯარას სკებიდან მოსავალს წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ, ძირითადად შემოდგომის დასაწყისში, ყვავილობის პერიოდის დასრულების შემდეგ. თაფლის მოსავლის აღება ჯარას სკებიდან ბევრად რთულია და უფრო დიდ შრომას მოითხოვს, ვიდრე ჩვეულებრივი სკის ჩარჩოებიდან.
ჯარას სკებიდან თაფლის ამოღებას აჭარაში ჯარას „ხილვას“ ეძახიან. პროცესი განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს. როგორც წესი, ჯარას სკის თაფლის მოსავალს ორი ადამიანი იღებს. თუმცა, აუცილებელია დამატებითი დახმარება ხეზე ან კლდეზე მოთავსებული ჯარას სკის შემთხვევაში. თაფლის მოსავლის ასაღებად მეფუტკრეები სპეციალურ ინსტრუმენტებს იყენებენ, როგორიცაა ოვალური დანა - ფიჭის ამოსაჭრელად, საბოლებელი, თოკი, ბალანსირი (კომბალი), ბორბალი (მახარა) და ხის კიბე (ღაჯა).
პირველ რიგში, მეფუტკრე ჩანგლისებური ჯოხის გამოყენებით ხსნის სკას და ამოწმებს თაფლის მოსავლის აღების შესაძლებლობას. თუ ადგილზე საკმარისი თაფლია, მეფუტკრე ფიჭას სკის ნახევარი ნაწილიდან ისე ჭრის, რომ არ ეხება მეორე ნახევარს, სადაც ფუტკრის ოჯახები ბინადრობენ. ფიჭა შესაძლებელია სხვადასხვა ფერის იყოს, რადგან ის შეიცავს განსხვავებულ მცენარეთა და ყვავილთა თაფლს, როგორიცაა: აკაცია, წაბლი, ცაცხვი და ალპური ზონის ყვავილების მრავალი სახეობა.
ჯარა - საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის 26 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა [8].
ჯარას მეფუტკრეობა დღეს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარჩოიანი სკების გამოგონების შემდეგ, საქართველოში მე-20 საუკუნიდან დაიწყო ჯარას სკების ჩანაცვლება თანამედროვე და მარტივად მოსახმარი სკებით. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით, ჯარას მეფუტკრეობა, როგორც ველური მეფუტკრეობის სახეობა, გადაშენების პირასაა. თუმცა, მაღალმთიანი აჭარა ამ მხვრივ გამორჩეულია, სადაც სუბტროპიკული და ალპური ზონების ტყეებში, შორეულ სოფლებსა და დასახლებულ ადგილებში მკვიდრნი დღემდე ინარჩუნებენ ჯარაში თაფლის მოყვანის ოჯახურ ტრადიციას. ამ მეფუტკრეების ჯგუფმა 2018 წელს საფუძველი ჩაუყარეს ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციას [9].
გარდა ამისა, 2017 წელს გადაღებული ქართული დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ აღწერს აჭარის ველურ ბუნებაში ერთწლიან მოგზაურობას, სადაც მთავარი გმირები სწორედ ჯარას სკა და მისი ბინადარი ფუტკრებია [10].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- ↑ მეფუტკრეები ადრებრინჯაოს ხანის საქართველოდან
- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ↑ დოკუმენტური ფილმი ჯარას შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-06. ციტირების თარიღი: 2021-05-06.
- ↑ „თაფლის ხე“ - ჯარას თაფლი
- ↑ ჯარა - ველური ფუტკრისგან დამზადებული თაფლი საქართველოში
- ↑ ჯარას სკის სტრუქტურა
- ↑ ბრძანება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
- ↑ მინისტრი ჯარას საფუტკრეს ეწვია და ორგანული თაფლის ამოღების პროცესს დაესწრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-06. ციტირების თარიღი: 2021-05-06.
- ↑ დოკუმენტური ფილმი - 2017 წელი