ჯაო ძიიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯაო ძიიანი (დ. 17 ოქტომბერი, 1919, ხუასიანის მაზრა, ხენანის პროვინცია — გ. 17 იანვარი 2005, პეკინი) — ჩინელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი 1980-87 წლებში. 1987-89 წლებში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნი.

ანტიიაპონური და განმათავისუფლებელი ომების დროს იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხებეის, შანდუნისა და ხენანის პროვინციების სამაზრო, რაიონული და პროვინციის კომიტეტების მდივნის მოადგილე და მდივანი. 1951 წელს გაგზავნეს გუანდუნის პროვინციაში აგრარული რეფორმის ჩატარების ხელმძღვანელობისათვის. იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამხედრო ქვებიუროს მდივნის მოადგილე, მდივანი, შემდეგ ჩინეთის კომუნისტური პარტიის გუანდუნის პროვინციის კომიტეტის პირველი მდივანი. 1967 წელს ყველა თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. 1971 წელს მიიღო რეაბილიტაცია. 1973 წლიდან ჩინეთის კპ ცკ-ის წევრი. 1975-დან 1980 წლის აპრილამდე ჩინეთის კპ სიჩუანის პროვინციის კომიტეტის პირველი მდივანი. 1979-დან ჩინეთის კპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი. 1980 წლის თებერვლიდან ჩინეთის კპ ცკ-ის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი. 1980 წლის აპრილ-სექტემბერში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მოადგილე.

იყო წამყვანი რეფორმატორი. მხარს უჭერდა საბაზრო ეკონომიკას. ჩამოაცილეს თანამდებობას ტიანანმინის მოედანზე სტუდენტთა 1989 წლის გამოსვლების მხარდაჭერის გამო. სიცოცხლის ბოლო 15 წელი შინაპატიმრობაში გაატარა. გარდაიცვალა პეკინის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]