ჯან ძიი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯან ძიი

ჯან ძი 2019 წელს
მშობლიური სახელი 章子怡
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1979 (1979-02-09) (45 წლის)
პეკინი, ჩინეთი
ეროვნება ჩინელი
მოქალაქეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1996–დღემდე
მეუღლე(ები) ვანგ ფენგი
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: ჯანგ იანხიაო
დედა: ლი ზუშენგი

ჯან ძიი (ჩინ.: 章子怡; დ. 9 თებერვალი 1979) — ჩინელი მსახიობი და მოდელი. პოპულარობა მოიპოვა მთავარი როლის შესრულებით რეჟისორ ჯან იმოუს ფილმში „გზა შინისაკენ“ (1999). ამჟამად, ჯაო ვეისთან, ჯოუ სიუნთან და სიუი ძინლეისთან ერთად შედის ჩინეთის ახალი დროის ყველაზე ცნობილ მსახიობთა ოთხეულში. ჟურნალმა „Time“-მა ჯან ძიი მონიშნა როგორც „ჩინეთის საჩუქარი ჰოლივუდს“, ხოლო „People“-მა მსახიობი ორჯერ დაასახელა პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ქალბატონს შორის.

ჯან ძიი დაიბადა 1979 წლის 9 თებერვალს ჩინეთის ქალაქ პეკინში ბუღალტრისა და საბავშვო ბაღის აღმზრდელის ოჯახში. 11 წლის ასაკში იგი ჩაეწერა პეკინის ცეკვის აკადემიაში, 15 წლის ასაკში მან მოიგო იუნიორებს შორის ეროვნული ჩემპიონატი ცეკვაში, ხოლო 16 წლის ასაკში ჩააბარა ჩინეთის პრესტიჟულ დრამის ცენტრალურ აკადემიაში.

19 წლის ასაკში ჯან ძიიმ როლი მიიღო საქვეყნოდ ცნობილი რეჟისორის ჯან იმოუს ფილმში „გზა შინისაკენ“ (1999), რომელმაც 2000 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა „ვერცხლის დათვი“ და მსახიობს მოუტანა პოპულარობა ჩინეთში. ენგ ლის ფილმის „მოახლოებული ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკონი“ (2000) გამოსვლის შემდეგ ჯან ძიი გახდა მსოფლიო მასშტაბის მსახიობი.

2001 წელს მსახიობი გამოჩნდა ბრედ რეტნერის ამერიკულ კომედიურ ბოევიკში „პიკის საათი 2“. გადასაღბ მოედანზე მისი პარტნიორები გახდნენ ცნობილი მსახიობი და კასკადიორი ჯეკი ჩანი და აგრეთვე პოპულარული ამერიკელი კომიკოსი კრისტოფერ ტაკერი. ჯან ძიის პირველი ნამუშევარი ამერიკულ კინოში გახდა სწორედ „პიკის საათი 2“. იმ დროისათვის იგი ინგლისურ ენას არ ფლობდა, რის გამოც ჯეკი ჩანს უხდებოდა თარჯიმნის როლში გამოსვლა. ამის შემდეგ, ჯან ძიიმ დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა და საბოლოოდ დაეუფლა მას.

შემდგომ, ჯან ძიი ლუნას როლში გამოჩნდა ჯან იმოუს ფილმში „გმირი“, რომელიც ოსკარის პრემიაზე იყო ნომინირებული კატეგორიაში საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და ოქროს გლობუსზე კატეგორიაში საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. ფილმი აგრეთვე ნომინირებული იყო ბერლიბის 53-მე კინოფესტივალის ოქროს დათვის პრემიაზე. ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი ჯეტ ლიმ შეასრულა. ამის შემდეგ მონაწილეობა მიიღო რეჟისორ ლუ იეს ავანგარდულ დრამაში „მეწამული პეპელა“, რომელიც მონაწილეობდა კანის კინოფესტივალზე 2003 წელს.

2006 წელს ჯან ძი იყო კანის 59-ე კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში, ხოლო სამი წლის შემდეგ იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების 62-ე ფესტივალის ჟიურის წევრი.

აღსანიშნავია ჯან ძის როლი რობ მარშალის ფილმში „გეიშას მემუარები“ (2005), შესრულებული როლისთვის იგი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის დრამაში, BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში და გილდიის პრემიაზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში. აღსანიშნავია აგრეთვე ჯან ძის როლმი ფილმში „ოსტატი“ (2013).

მთელი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ჯან ძიი გახვეული იყო სხვადასხვა ხასიათის სკანადალებში, რომელთაგან მეტად ცნობილია ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ მისი სექსუალური კავშირები მაღალჩინოსან პოლიტიკოსებთან და მდიდარ ბიზნესმენებთან. ამჟამად დაქორწინებულია. ჰყავს 1 შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]