შინაარსზე გადასვლა

ჯანჯის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯანჯის ციხეციხე თურქეთში. ჯანჯის ციხე მდებარეობს გუმუშხანეს ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრის დაშორებით და აგებულია მდინარე ხარშიტის სამხრეთ ნაპირზე. სანაპიროდან დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლეზე, აზიდულ წაგრძელებულ კლდოვან ბორცვზე.

ციხე აკონტროლებს ტრაპიზონ–გუმუშჰანე-ბაიბურთის დამაკავშირებელ სახმელეთო გზას. იგი გუმუშხანეს ძველ ცენტრს, რომელსაც სულეიმანიე ერქვა, კარგად იცავდა აღმოსავლეთის მხრიდან. ციხე ქალაქში შემავალ გზაზეა და მისგან ორიოდე კილომეტრითაა დაცილებული. ნაგებობის გეგმას კლდოვანი ბორცვის კონფიგურაცია განსაზღვრავს. იგი დამხრობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ტერასისებურადაა განლაგებული. ციხეში ასვლა მდინარის მხრიდან ანუ ხეობიდან შეიძლება. მისი ძირითადი კედელი სამხრეთით უფსკრულია, ჩრდილოეთი კი ხეობის მხარეა. ციხე აღმოსავლეთ–დასავლეთით ერთმანეთის მიყოლებით 2 ნაწილისაგან შედგება. 1,50 მეტრია კედლის სიგანე. მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის მხრიდან იყო შესაძლებელი ციხეში მოხვედრა. ამ მხარეს არსებული გალავნის კედლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში პირველ ტერასაზე შესასვლელი კარია გაჭრილი. კარგადაა შემონახული ციხის გალავნის დასავლეთი კედელი. 10 მეტრამდე აღწევს მისი მაქსიმლური სიმაღლე. სამხრეთით 8 მეტრ მანძილზე გრძელდება და შემდეგ ბუნებრივი კლდეს ერწყმის. ჩრდილოეთის კედლის ცენტრალური ნაწილი საძირკვლის დონემდეა მორღვეული. შედარებით კარგადაა გადარჩენილი მისი უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი, სადაც დაცული კედლების მაქსიმალური სიმაღლე 8 მეტრს აღწევს. პირველ ტერასაზე, ცენტრალური შესასვლელის წინ, ჩრდილოეთ კედელთან ახლოს, მდებარეობს კლდეში ამოკვეთილი ნაგებობა. მისი ქვედა ნაწილი ამჟამად შევსილია ჩანაყარი მასით. არაა გამორიცხული იგი გამოყენებული ყოფილიყო წყლის ან სურსათის შენახვისათვის.

პირველი ტერასის აღმოსავლეთით არსებული კედელი ციხეს ორ ნაწილად ყოფს. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენაა დამხრობილი. მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაჭრილია მეორე ტერასაზე ასასვლელი კარი. მეორე ტერასა სამხრეთითა და აღმოსავლეთით დაცულია მკვეთრად დახრილი კლდოვანი ქანებით. ციხის ამ მონაკვეთის შედარებით დაუცველი მხარე ჩრდილოეთით ყოფილა. ამიტომაც ციხის მშენებლებს ყველაზე მეტად ტერასის ეს მხარე გაუმაგრებიათ. დღეისათვის გალავნის კედლის ეს მონაკვეთი საძირკვლის დონემდეა მორღვეული და მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი ნაშთები. 10 მეტრით მაღლა მდებარეობს და უფრო დიდ ფართობს მოიცავს ზედა ტერასა ქვედასაგან. იგი ციხის ყველაზე დაცული ნაწილია. გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები მის შიდა ტერიტორიაზე. მათ შორის აღსანიშნავია ორი სამლოცველო. პირველი მათგანი მდებარეობს ფრიალო კლდესთან ახლოს, ციტადელის სამხრეთ ნაწილში. ეკლესია დაზიანებულია. შემორჩენილია ჩრდილოეთი კედლის დიდი ნაწილი და აფსიდა. დასავლეთი კედლის ჩრდილოეთი ნაწილიც ნაწილობრივაა დაცული. რაც შეხება დასავლეთი კედლის დანაჩენ მონაკვეთს და სამხრეთ კედელს, საძირკვლის დონემდეა მორღვეული. ჩანს, რომ ეკლესიას შესასვლელი ჰქონდა დასავლეთის მხრიდან. კარის წირთხლი შემორჩენილია. დღემდეა ბევრი კედელი მოღწეული. ასევე აფსიდის კედელში დატანილი სარკმელიც დაცულია. ჩრდილოეთ კედელშიც სარკმლის ნაშთები ჩანს. საშუალო და მოზრდილი ქვებითაა კედლები ნაგები, რომელთა გარე ზედაპირი ჩამოსწორებულია. შემორჩენილი ნაშთების მიხდვით ჩანს, რომ იგი შელესილი იყო და ფრესკებით ყოფილა მოხატული. მათი კვალი დღემდეა შემორჩენილი აფსიდაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ კედელზე.

როდესაც ციხე და ეკლესია ინგლისელმა მკლევარებმა ბრაიერმა და ვინფილდმა მოინახულეს ფრესკები ჯერ კიდევ კარგად იკითხებოდა. მკლევარების აღწერით საკურთხეველში მოხატული იყო აღმოსავლეთის მიმართულებით მომზირალი 6 წმინდანი. აფსიდის ცენტრში სარკმლის ზემოთ ქრისტეს ფიგურა იყო გამოსახული, ხოლო ქრისტეს გვერდით, მარიამ ღვთისმშობლისა. ოთხი ფიგურა იყო დატანილი ჩრდილოეთ კედელზეც. მათგან აღმოსავლეთით მდგომნი წმინდანი ჯარისკაცების ხოლო, დასავლეთით წმინდა კონსტანტინე და ელენე. კიდევ ორი წმინდა ასკეტის ფიგურა ყოფილა დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ მხარეს. დასავლეთის წირთხლზე შემორჩენილი ყოფილა აღმოსავლეთის მიმართულებით მომზირალი ანგელოზების გამოსახულებებიც. მეორე ეკლესია ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი საინტერესო არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგეს. პირველ სართულზე გამართულია მოზრდილი სათავსო. ჰქონია თაღოვანი გადახურვა. მისი შიდა სივრცე შელესილია. როგორც ჩანს თავის დროზე ამ თაღოვან გადახურვაზე მთელს სივრცეში გამართული იყო ეკლესიისათვის იატაკი. ხოლო შემდეგ იგივე სათავსოს გარე კედლებზე დაუშენებიათ ეკლესია. ეკლესიის გეგმა კარგად იკითხება. შედარებით კარგადაა შემონახული აფსიდის მხარე, ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები. დასავლეთი მხარე ჩამონგრეულია. ეკლესიის სიმაღლე სათავსოსთან ერთად 4,99 მეტრია. თანადრული ნაგებობა ჩანს ეკლესიაც და სათავსოც. არათარაზულია კედლების წყობა. აქაც გამოყენებულია დიდი და საშუალო ზომის გვერდებჩამოსწორებული ქვები. აქა-იქ გხვდება კარგად დამუშავებული ნიმუშებიც. პირველი ეკლესიის მსგავსად, ესეც მოხატული ყოფილა ფრესკებით. მათი კვალი შემორჩენლია სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე. ბრაიერისა დ ვინფილდის მიხედვით ეკლესია მოხატული ყოფილა წმინდანთა, მოციქულთა და ანგელოზთა ფიგურებით. აფსიდაში ყოფილა ღვთისმშობლის ფიგურაც.

ყურადღებას იქცევს ციხის ცენტრალური შესასვლელის მარცხენა მხარეს წინ გამოზიდული კლდოვანი ქანის ბორცვზე შემორჩენილი წყობის ნაშთებიც. არაა გამორიცხული აქ თავის დროზე გამართული კოშკის ნარჩენები იყოს. ამ მონაკვეთიდან შესაძლებელი ხდებოდა ციხის ცენტრალური შესასვლელის ჩაკეტვა-გაკონტროლება. ციხის გალავნის კედლებს და მის შიდა სივრცეში არსებულ ნაგებობებს ემჩნევათ სხვადასხვა დროში ნგრევისა და აღდგენის კვალი. ციხე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფორტიფიკაციო ნაგებობაა ამ რეგიონის ერთიანი თავდაცვით სისტემაში. იგი უშუალოდ აკონტროლებდა ძველ გუმუშხანეზე და აქედან სხვადასხვა მიმართულებით გამავალ გზებს. მისი მშენებლობა ადგილობრივი ჭანური მოსახლეობის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული. მოგვიანებით იგი მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გამოიყენეს და შესაბამისად აღადგინეს ბიზანტიელებმა და ოსმალებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 29-32 ISBN 978-9941-8-1990-2