ჯამშიდ ამუზეგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯამშიდ ამუზეგარი
ჯამშიდ ამუზეგარი
სპარს. جمشید آموزگار
ირანის 71-პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აგვისტო 1977 – 27 აგვისტო 1978
წინამორბედიამირ აბას ჰოვეიდა
მემკვიდრეჯაფარ შარიფ ემამი

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი 1974 – 7 აგვისტო 1977
პრემიერ-მინისტრიამირ აბას ჰოვეიდა
წინამორბედიქამალ ჰასანი
მემკვიდრეღოლამ რეზა აზჰარი

ირანის ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 თებერვალი1965 – 1 მარტი 1974
პრემიერ-მინისტრიამირ აბას ჰოვეიდა
წინამორბედიამირ აბას ჰოვეიდა
მემკვიდრეჰუშანგ ანსარი

დაბადებული25 ივნისი1923
თეირანი, ირანი
გარდაცვლილი27 სექტემბერი 2016]] (93 წლის)
მაიამი, აშშ
პოლიტიკური პარტიარასთარხიზი
მამაჰაბიბოლა ამუზეგარი
დედაენთერამ სადათ აზმოუნიანი
განათლებაკორნელის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი, შიიზმი
ხელმოწერაJamshid Amouzegar signature.gif

ჯამშიდ ამუზეგარი (სპარს. جمشید آموزگار‎,  დ. 25 ივნისი, 1923, თეირანი, ირანი — გ. 27 სექტემბერი, 2016, როკვილი, მერილენდი) — ირანელი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე, ირანის პრემიერ-მინისტრი (1977-1978). ამირ აბას ჰოვეიდას კაბინეტში ეკავა ირანის შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრების პოსტები. ირანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გახლდათ პარტია რასთახიზის გენერალური მდივანი. [1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯამშიდ ამუზეგარის დედა  იყო ერთ-ერთი პირველი ირანელი გოგონა, რომელიც საჯარო სკოლაში დადიოდა. მამას, ჟურნალისტს, წარმატებული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა, იგი გახლდათ განათლების მინისტრი და სენატორი. თავიდან თეირანის უნივერსიტეტში ჩააბარა, ორი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო კორნელის უნივერსიტეტში, რომლის დასრულების შემდეგ გახდა პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი. შემდეგ დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი სამოქალაქო ინჟინერიის განხრით და მიიღო მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიაში.

1951 წელს ის დაბრუნდა ირანში და დაიწყო მუშაობა აშშ-ს პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის IV პუნქტის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობდა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყნებისთვის  გრძელვადიან ტექნიკურ დახმარებას. სულ რაღაც 18 თვეში მან ააგო 48 ჭა და დააპროექტა წყალმომარაგება და კანალიზაცია 25 ქალაქისთვის. 1955 წელს გახდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანში მალარიის აღმოფხვრაში. შემდეგ  დაინიშნა შრომის მინისტრად, ხოლო  პრემიერ მინისტრ ჰასან ალი მანსურის დროს —  ჯანდაცვის მინისტრად.   სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე მას ევალებოდა მიწის რეფორმის კანონპროექტის შემუშავება. ჰასან ალი მანსურის კაბინეტში ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს.[2]

1965 წლიდან 1974 წლამდე მუშაობდა ფინანსთა მინისტრად ამირ აბას ჰოვეიდას კაბინეტში. ამ ამპლუაში ის ხელმძღვანელობდა OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) რამდენიმე რეგულარულ შეხვედრას. 1971 წელს მან საუდის არაბეთის მინისტრ აჰმედ იამანთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნავთობის მსოფლიო ფასების გაზრდის მიზნით მთელი რიგი ღონისძიებების პრაქტიკულ განხორციელებაში. შედეგად ფასები  4-ჯერ გაიზარდა, რამაც ირანს მისცა რესურსები ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და თავდაცვის მოდერნიზაციისთვის. ამ მიღწევისთვის ამოუზეგარს მიენიჭა ტაჯ-ე ირანის პირველი ხარისხის ორდენი, რომელიც ენიჭებოდათ  ექსკლუზიურად მოქმედ თუ ყოფილ პრემიერ მინისტრებს.

1974-1977 წლებში ჯამშიდ ამუზეგარი გახლდათ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1975 წლის 21 დეკემბერს OPEC-ის სხდომის მიმდინარეობისას იგი მძევლად აიყვანა ვენესუელელმა ტერორისტმა რამირეს სანჩესმა (მეტსახელად  კარლოს ჯაკალი). კარლოსი მის სიკვდილით დასჯას აპირებდა, მაგრამ მინისტრი სხვა მძევლებთან ერთად რამდენიმე დღის შემდეგ გაათავისუფლეს. არსებობდა მოსაზრება, რომ ირანმა და საუდის არაბეთმა კარლოსს 20 მილიონი დოლარი გადაუხადეს ამუზაგარის და იამანის გასათავისუფლებლად.[3]

ჯამშიდ ამუზეგარი 1976 წელს აირჩიეს რასთახიზის პარტიის გენერალურ მდივნად.  ხელმძღვანელობდა პროგრესულ ფრაქციას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ფინანსთა მინისტრის ჰუშანგ ანსარის კონსტრუქციულ ლიბერალურ ფრაქციას. 1977 წლის 7 აგვისტოს ამუზეგარი გახდა ირანის პრემიერ-მინისტრი, ამ პოსტზე მან  ამირ აბას ჰოვეიდა შეცვალა, თუმცა, სწრაფად გახდა  არაპოპულარული, რადგან ცდილობდა ეკონომიკური კრიზისის შენელებას მკაცრი ზომებით, რამაც გამოიწვია უმუშევრობის ზრდა და კერძო სექტორში შემოსავლების ვარდნა. მან ბევრი ძვირადღირებული პროექტის განხორციელება გადადო, მაგრამ მზარდი ინფლაცია და ფასები ვერ შეაჩერა.[4]

ჯამშიდ ამუზეგარი

ამუზეგარის მთავრობაში შედიოდა არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც წარმოადგენდა მსხვილი ინდუსტრიული და საბანკო ბურჟუაზიის ინტერესებს, რაც მიუთითებდა მისი პოზიციების გაძლიერებაზე. მისი მმართველობის დროს ყველაზე გახმაურებული  ინციდენტი იყო 1978 წლის 19 აგვისტოს აბადანში კინოთეატრ „რექსის“ დაწვა, რომელსაც 477 ადამიანი ემსხვერპლა. ამან გამოიწვია ანტისამთავრობო დემონსტრაციები. 19 აგვისტოს, მოსადეყის მთავრობის გადაყენების  წლისთავზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით  ცეცხლი წაუკიდეს კინოთეატრებს, რამაც  400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ისლამური ოპოზიცია ხანძრებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდა. პრემიერ-მინისტრი მოლოდინის რეჟიმში იყო, რის შედეგადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. გერმანიაში, ბელგიაში, დანიასა და ნიდერლანდებში ირანელმა სტუდენტებმა თავიანთი ქვეყნის საელჩოები დაიკავეს.[5]

ჯამშიდ ამუზეგარი გადადგა 1978 წლის 27 აგვისტოს. იგი ჩაანაცვლა ჯაფარ შარიფ-ემამმა.  ისლამური რევოლუციის (1979) შემდეგ მან სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი გაატარა ემიგრაციაში აშშ-ში. იგი ასევე მუშაობდა კონსულტანტად საუდის არაბეთისა და ქუვეითის მთავრობებში.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kadivar, Darius (20 May 2012). "Shah Names New Cabinet with Jamshid Amouzegar as PM (1977)". The Iranian. Retrieved 31 July 2013.
  2. Siavush Randjbar-Daemi (July 2020). "The Tudeh Party of Iran and the peasant question, 1941–53". Middle Eastern Studies. 56 (6): 4. doi:10.1080/00263206.2020.1781627. hdl:10023/24619. S2CID 225591030[მკვდარი ბმული].
  3. cholas M. Nikazmerad (1980). "A Chronological Survey of the Iranian Revolution". Iranian Studies. 13 (1/4): 327–368. doi:10.1080/00210868008701575. JSTOR 4310346.
  4. Mansoor Moaddel (1994). Class, Politics, and Ideology in the Iranian Revolution. New York: Columbia University Press. p. 160. ISBN 978-0-231-51607-5.
  5. جمشید آموزگار، نخست‌وزیر پیشین ایران درگذشت، صدای آمریکا (სპარს.)
  6. "Jamshid Amouzegar, former Iranian prime minister, dies at 93". The Washington Post.