ჯამბალის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯამბალის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის დასავლეთით 7 კილომეტრზე. ტყეში, მაღალ მთაზე, ჯამბალად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვის ლოდებითა და კირის დუღაბით. გარე კუთხეები ამოყვანილია დიდი ზომის ფოროვანი შირიმის გათლილი კვადრატებით. წყობა ირეგულარულია. ქვებს შორის დარჩენილი არეები წვრილი ქვით არის ამოვსებული. ინტერიერი კირითაა შელესილ-შეთეთრებული. ძლიერ დაზიანებულია: ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის ზედა ნაწილი და გრძივი კედლების პერანგის ზედა ნაწილები ჩამოშლილია, სახურავზე აყრილია შირიმის საფარი და ზედ მცენარეულობაა ამოსული. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილია შირიმის თაროსებრი ლავგარდნის მხოლოდ რამდენიმე ქვა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთი მხრიდანაა:კარი სწორკუთხააა, გარედან შირიმის ქვითაა გადახურული. მოგვიანებით ღიობში აგურის თაღი ჩაუშენებიათ და კარი რამდენადმე დაუწვრილებიათ. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ერთი მაღალი, გარეთკენ დავიწროებული ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშააა. ნიშებს ზემოთ თითო პატარა მრგვალი ხვრელია. სარკმლის ქვემოთ კედელზე, ქვითკირის ტრაპეზია მიშენებული. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწრიული, ოდნავ შემაღლებული პროპორციების თაღი მარტივი პროფილის თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდის მხრებთან და გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილში, კამარის ქუსლის დონეზე, თითო პატარა სწორკუთხა ხვრელია ხის ქარგილის ძელების ჩასამაგრებლად. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში შიგნიდან გარეთ დავიწროებული და ქვის ფილით თარაზულად გადახურული თითო სარკმელია გაჭრილი. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის სამხრეთ გვერდიც ოდნავ გაბრტყელებულია, კამარა ეყრდნობა გრძივ კედლებსა და კონქის თაღს, იატაკი კი მიწატკეპნილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]