ჯამალუდინ ჩაუშევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯამალუდინ ჩაუშევიჩი
ბოსნ. Mehmed Džemaluddin Čaušević
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1870(1870-12-28)[1]
დაბ. ადგილი არაპუშა, ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 28 მარტი, 1938(1938-03-28) (67 წლის)
გარდ. ადგილი სარაევო, იუგოსლავიის სამეფო
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
ავსტრია-უნგრეთის იმპერია
იუგოსლავიის სამეფო
საქმიანობა Grand Mufti, ენათმეცნიერი, Protestant reformer, პედაგოგი, იმამი, adult educator[2] და მასწავლებელი[2]
ალმა-მატერი სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

მეჰმედ ჯამალუდინ ეფენდი ჩაუშევიჩი (ბოსნ. Mehmed Džemaludin Efendija Čaušević; არებიცა: مهحمهد جهمالۆدىن هفهندىيا چاۆشهوىݘ; დ. 28 დეკემბერი 1870, სოფ. არაპუშა, ბოსანსკა კრუპას ახლოს ბოსნია, ოსმალეთი — გ. 28 მარტი 1938, ქ. სარაევო, იუგოსლავია[3]) — ბოსნიელი იმამი, ფაყიჰი და ლინგვისტი. არებიცას სტანდარტული სახის შემმუშავებელი.[4]

დაბადება და ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაუშევიჩი ჩრდილო-დასავლეთ ბოსნიის სოფელ არაპუშაში დაიბადა, რომელიც ქალაქ ბოსანსკა კრუპადან 12 კმ-ითაა დაშორებული. მამამისი, 'ალი-ხოჯა ჩაუშევიჩი, ადგილობრივი სასულიერო პირი იყო და დაწყებითი განათლებაც მან მისცა თავის ვაჟს, მოგვიანებით კი გაგზავნა ბიჰაჩის მადრასაში, სადაც ჩაუშევიჩი სწავლობდა ბიჰაჩის მუფთისთან, აჰმად-საბით რიბიჩთან.[5]

უმაღლესი განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

17 წლისა ჩაუშევიჩი სტამბოლში მიდის უმაღლესი განათლების მისაღებად. იგი შედის საიმპერიო სამართლის სკოლაში, მექთებ-ი ჰუყუყში (ოსმ. مكتب حقوق კანონის ბიბლიოთეკა). აქ იგი ეცნობა რეფორმისტულ მიმდინარეობებს, მიემგზავრება კაიროში, სადაც ხვდება ცნობილ რეფორმატორს მუჰამმად 'აბდუჰს, ესწრება მის ლექციებს. მისმა ლექციებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩაუშევიჩზე, რადგან იგი მას თავის ჩანაწერებში პატივცემულ მასწავლებელს უწოდებს. 1901 წელს, მექთებ-ი ჰუყუყის დამთავრების შემდეგ ჩაუშევიჩი ბრუნდება ბოსნიაში.

ბოსნია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოცე საუკუნის დასაწყისი ბოსნიისთვის დიდი კულტურული და პოლიტიკური ტრანსფორმაციების პერიოდი იყო. ბოსნიელ მუსლიმებს მოუწიათ ტრადიციულად ანტაგონისტური ძალების – ჯერ ავსტრია-უნგრეთის, ხოლო შემდეგ – იუგოსლავიის, სადაც სერბეთი დომინირებდა – ხელისუფლების ქვეშ ცხოვრება. მრავალი მუსლიმი ცდილობდა დაეტოვებინა ბოსნია და გადასახლებულიყო ჯერ კიდევ მუსლიმების ხელისუფლების ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.
მუსლიმთა მიერ ბოსნიის მიტოვებამ გამოიწვია არა მხოლოდ დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლა ბოსნიაში, არამედ ბოსნია დატოვეს მუსლიმი სწავლულების დიდმა ნაწილმაც, რომლებმაც მიაშურეს ოსმალეთის იმპერიის დარჩენილ ნაწილს. ჩაუშევიჩი ტოვებს ოსმალეთს, ბრუნდება ბოსნიაში და სამუშაოდ ეწყობა სარაევოს გიმნაზიაში, სადაც ასწავლის არაბულ ენას. 1903 წლის სექტემბერში მას ირჩევენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სწავლულთა საბჭოს წევრად. ამის შემდეგ საბჭოს რწმუნებით ჩაუშევიჩი მოგზაურობს მთელ ბოსნიაში და ამოწმებს მუსლიმურ სასწავლო დაწესებულებებს – მაქთაბებსა და მადრასებს. იმ სიტუაციის ხილვის შემდეგ, რაც ამ სასწავლებლებში სუფევდა, ჩაუშევიჩი რწმუნდება, რომ ბოსნიის ისლამური სეგმენტი გაქრობის საფრთხის ქვეშაა, თუ რელიგიური განათლება არ გავრცელდა და გაფართოვდა იმგვარად, რომ უპასუხოს შექმნილ სიტუაციას ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე.[6]

რაისუ ლ-'ულამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1909 წელს ჩაუშევიჩი სარაევოს ისლამურ სასწავლებელში პროფესორი ხდება, ეს სასწავლებელი სახელმწიფოს ნებართვითა და ჩაუშევიჩის ძალისხმევით დაარსდა. მისი ავტორიტეტი ბოსნიაში იმდენად გაიზარდა, რომ როდესაც სულეიმან სარაჩი ბოსნიის რაისუ ლ-'ულამას (არაბ. رئيس العلماء; სწავლულების მეთაური) თანამდებობიდან გადადგა, მის შემცვლელად ჩაუშევიჩი აირჩიეს 1914 წლის 26 მარტს. იგი ამ თანამდებობაზე დარჩა მთელი ომისა და მის შემდგომი პოლიტიკური ტრანსფორმაციების პერიოდში, ვიდრე 1930 წლამდე. იგი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც იუგოსლავიის ხელისუფლებამ მოისურვა ეკონტროლებინა მუსლიმთა ვაყფები (საქველმოქმედო ფონდები). თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იგი აგრძელებდა რელიგიურ მოღვაწეობას. ჰაფიზ მუჰამმად პანჯასთან ერთად არაბული ენიდან სერბოხორვატულ ენაზე გადათარგმნა ყურანის მნიშვნელობა, რომელიც 1937 წელს გამოიცა.[7][8]

ჩაუშევიჩი გარდაიცვალა 1938 წლის 28 მარტს სარაევოში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯამალუდდინ ჩაუშევიჩმა მოახდინა ბოსნიელების მიერ გამოყენებადი ანბანის – არებიცის კოდიფიკაცია და სტანდარტიზაცია, რომელიც 1907-1909 წლებში სხვადასხვა გაზეთების საშუალებით ბოსნიაში გაავრცელა. მოგვიანებით ბოსნიელები ცდილობდნენ არებიცა სერბოხორვატული ენის ლათინურ და კირილიცა დამწერლობებთან ერთად ექციათ ერთ–ერთ ოფიციალურ ფორმად, მაგრამ მათი რიცხვის სიმცირისა და არაბული დამწერლობის სირთულის გამო ეს ვერ მოახერხეს, თუმცა არებიცაზე წიგნები 1941 წლამდე იბეჭდებოდა, ხოლო 2005 წელს ეს ტრადიცია აღდგა.[9]

ჩაუშევიჩი დაუპირისპირდა კონსერვატიულ სასულიერო წრეებს, როცა მან განაცხადა, რომ უმჯობესი იყო ქალაქების ცენტრებში არსებულ სავაყფო მიწებზე სასაფლაოების ნაცვლად სასწავლებლები და სამლოცველოები აეგოთ. ასევე იგი გარეგნული რწმენის წინააღმდეგი იყო და მას მიაწერენ შემდეგ ფრაზასაც: "მირჩევნია ვნახო გოგონა, რომელიც ჩარშაფის (ბურყას მსგავსი მთლიანი სამოსელი) გარეშე სწავლობს და შემდეგ მუშაობს, რომ მოაწყოს თავისი ცხოვრება, ვიდრე ის, ვინც ქუჩაში ჩარშაფში გახვეული დადის, საღამოს კი ტავერნაში ატარებს".
მისი შეხედულებით ჩარშაფი ხალხური ტრადიცია იყო, ისევე როგორც ფესის ტარება და იგი ორივეს წინააღმდეგ გამოდიოდა, ამის საწინააღმდეგოდ სარაევოს მუსლიმთა უმაღლესმა საბჭომ რამდენიმეჯერ ოფიციალურად უარყო მისი პოზიცია და გაავრცელა მისი შეხედულებების საწინააღმდეგო არგუმენტაცია, სადაც მორწმუნეებს მოუწოდებდნენ როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად დაეცვათ ისლამური ნორმები.[10]

ჩაუშევიჩის მაგნუმ ოპუსი არის ყურანის მნიშვნელობის თარგმანი და მისი განმარტება სერბოხორვატულ ენაზე. იგი ჰაფიზ მუჰამმად პანჯასთან ერთად დაახლოებით ათი წელი მუშაობდა ამ თარგმანზე და მის განმარტებაზე, რომელზეც 'უმარ რიდას გავლენებია.[7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database
  3. Mehmed Džemaludin ef. Čaušević, bosanskialim.com დაარქივებული 2013-10-31 საიტზე Wayback Machine. ; pristupljeno: 22. 1. 2015.
  4. Poznati Krajišnici: Džemaludin ef. Čaušević. krajina.ba (11/06/2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-16. ციტირების თარიღი: 09/05/2015.
  5. Džemaludin ef. Čaušević. Bosanski alim. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-31. ციტირების თარიღი: 09/05/2015.
  6. Mahmud Traljić, Islamska misao H. Mehmeda Džemaludina Čauševića: izbor radova, Rijaset Islamske zajednice, 1998.
  7. 7.0 7.1 KURAN ČASNI; Prijevod Čaušević & Pandža, izdanje iz 1937
  8. 8.0 8.1 Riječ izdavača KUR’AN ČASNI, Muhammed Pandza i Dzemaluddin Čaušević; 1937 g.
  9. Predgovor knjige "Epohe fonetske misli kod arapa i arebica". Aldin Asim Mustafić (27/04/2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 09/05/2015.
  10. Smail Balić, [Das unbekannte Bosnien: Europas Brücke zur islamischen Welt Das unbekannte Bosnien: Europas Brücke zur islamischen Welt], Bohlau, 1992, ISBN 9783412063917.