ხუტულუნი
| ხუტულუნი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
1260 ჩაღათას ულუსი, მონღოლთა იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 1306 |
| მოქალაქეობა | მონღოლთა იმპერია |
| საქმიანობა | მოჭიდავე, მეომარი და სამხედრო პირი |
| ცნობილია როგორც | მოჭიდავე ქალი, მეომარი |
| მშობლები | მამა: კაიდუ |
| ნათესავები | უგედეი ყაენი, ჩინგიზ ყაენი |
ხუტულუნი, დაუმარცხებელი მოჭიდავე ქალი (დ. დაახ. 1260 – დაახ. 1306) — ცენტრალური აზიის მონღოლი მმართველის ქალიშვილი, უგედეი ყაენის შვილიშვილი და ჩინგიზ-ყაენის შვილთაშვილი.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუტულუნი დაახლოებით 1260 წელს დაიბადა.[1] 1280 წლისთვის მისი მამა, კაიდუ, ცენტრალური აზიის ყველაზე ძლიერი მმართველი გახდა, რომლის სამფლობელო მოიცავდა ტერიტორიებს დასავლეთ მონღოლეთიდან ოქსუსამდე და ცენტრალური ციმბირის პლატოდან ინდოეთამდე.
ისტორიულ ქრონიკებში ხუტულუნს აღწერენ, როგორც ძლიერ მეომარ პრინცესას, რომელიც მონაწილეობდა მონღოლთა სამხედრო ლაშქრობებში ცენტრალურ აზიაში.
ბავშვობიდანვე მას ასწავლიდნენ მშვილდოსნობას, ჭიდაობას და ცხენოსნობას.ხუტულუნი გახდა გამოცდილი მოჭიდავე, რომელიც მონღოლურ ტრადიციულ შეჯიბრებებში ელიტარულ მამაკაც მეომრებს ამარცხებდა და მათ ცხენს ითვისებდა. არსებობს ვარაუდი, რომ გარდაცვალებისას უკვე 10 000 ცხენი ჰყავდა, რაც მისი დაუმარცხებლობისა და სიმტკიცის ნიშანი იყო.
ხუტულუნზე შუა საუკუნეების მრავალი ისტორიკოსი წერდა, მათ შორის, მარკო პოლო. [2] განსხვავდება წყაროები იმის შესახებ, თუ ვინ იყო ხუტულუნის ქმარი. ზოგიერთი ქრონიკა მიუთითებს, რომ მისი ქმარი იყო სიმპათიური მამაკაცი, რომელმაც სცადა ხუტულუნის მამის, კაიდუს მკვლელობა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და ტყვედ ჩავარდა. სხვა წყაროები კი ამტკიცებენ, რომ მისი ქმარი იყო კაიდუს ერთგული თანამგზავრი ჩოროსის კლანიდან.
მონღოლი ისტორიკოსი რაშიდ ად-დინის ცნობით, ხუტულუნი შეყვარებული იყო ყაზან-ყაენზე — მონღოთა მმართველზე სპარსეთში. აბულ ყასიმ ყაშანის ცნობით კი ხუტულუნის ქმრის სახელი იყო ან აბტაქული, ან იტქული, მისივე ცნობით ხუტულუნის ქმარი და მისი ორი ვაჟი ჩაღათაიდთა მმართველის, დუას ნათესავებმა მოკლეს – წყაროები აღნიშნავენ, რომ ისინი წყალში დაახრჩვეს.[3][4] სხვა ქრონიკები კი მიუთითებენ, რომ ხუტულუნი არ დაოჯახებულა და ცხოვრების ბოლომდე ერთგული დარჩა პირობის — „ის გათხოვდებოდა მხოლოდ იმ მამაკაცზე, რომელიც მას ჭიდაობაში დაამარცხებდა“.
მამის რჩეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაიდუს შვილებს შორის ხუტულუნი ყველაზე მეტად უყვარდა და მასთან ყველაზე ხშირად თათბირობდა, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ საკითხებზე. გამორჩეული იყო როგორც ძალით, ისე სტრატეგიული აზროვნებით, რის გამოც მამამისი ხშირად ეყრდნობოდა მის რჩევებსა და მხარდაჭერას.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, კაიდუმ თავისი სიცოცხლის ბოლოს ხუტულუნი თავის მემკვიდრედ და მმართველად დაასახელა, თუმცა ეს ვერ მოხერდა, რადგან მონღოლთა ტრადიციის მიხედვით, მმართველობა მამაკაც მემკვიდრეებს უნდა გადასცემოდათ.
1301 წელს კაიდუს გარდაცვალების შემდეგ, ხუტულუნმა თავისი ძმის, ორუსის დახმარებით, მამის საფლავის დაცვა დაიწყო, რათა მისი ხსოვნა და გავლენა შეენარჩუნებინა. თუმცა, მისი სხვა ძმები, ამის წინააღმდეგნი იყვნენ, მათ არ სურდათ, ხუტულუნს რაიმე სახის ძალაუფლება ჰქონოდა, რადგან ეს ფაქტი მათ ავტორიტეტს ასუსტებდა.
ხუტულუნი გამბედავად იბრძოდა თავისი უფლებების დასაცავად, 1306 წელს გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მისი სახელი დარჩა როგორც ძლიერი მეომარი ქალის სიმბოლო მონღოლურ ისტორიასა და კულტურაში.
ხუტულუნის სახე ხელოვნებაში და კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუტულუნი მიჩნეულია ტურანდოტის პერსონაჟის პროტოტიპად, რომელიც მრავალი დასავლური ნაწარმოების შთაგონების წყარო გახდა. თუ მონღოლურ კულტურაში ხუტულუნს ცნობილი ათლეტისა და მებრძოლის სახელი აქვს, დასავლურ ხელოვნებაში მას როგორც ამაყ ქალს წარმოაჩენენ, რომელიც ბოლოს მაინც სიყვარულს ემორჩილება.
ფრანსუა პეტის დე ლა კრუას 1710 წლის აზიური ზღაპრებისა და იგავების კრებულში მოთხრობილია ამბავი, რომელშიც ხუტულუნი ტურანდოტად არის მოხსენიებული. ეს სიტყვა სპარსული წარმოშობისაა (Turandokht – توراندخت) და ნიშნავს „ცენტრალური აზიის ასულს“. წიგნში ის ალთუნ ხანის, ჩინეთის მონღოლი იმპერატორის, ცხრამეტი წლის ქალიშვილია. თუმცა, დე ლა კრუას ვერსიაში პრინცესა თავისი რჩეულის შერჩევას ჭიდაობითა და ცხენების სანაძლეოთი წყვეტს. მისი მსურველები სამ გამოცანას უნდა გაეცნობოდნენ,თუ პასუხს ვერ იპოვიდნენ, სიკვდილით ისჯებოდნენ.
50 წლის შემდეგ, 1762 წელს, იტალიელმა დრამატურგმა კარლო გოციმ ეს ზღაპარი დრამად გადააკეთა. მოგვიანებით ფრიდრიხ შილერმა პიესა გერმანულად თარგმნა და მოარგო, ხოლო 1801 წელს გოეთემ ის ვეიმარში სცენაზე წარმოადგინა.
ტურანდოტის ყველაზე ცნობილი ვერსია ჯაკომო პუჩინის დაუმთავრებელი ოპერაა, რომელზეც ის გარდაცვალებამდე, 1924 წლამდე მუშაობდა.
ხუტულუნის შესახებ არაერთი მოთხრობა და რომანი დაწერეს მონღოლმა ავტორებმა, მათ შორის: ხოტოლონ (პურევ სანჯი), კაიდუს საოცარი ქალიშვილი ხუტულუნი (ჩ. ჯანჩივდორჯი), ხოტოლ ჩაღაან (ოიუნგერელ ცედევდამბა), კაიდუ ხანის ისტორია (ბატჯარგალ სანჯაა) და პრინცესა ხუტულუნი (ბ. შუდერტცეტსეგი).
ხუტულუნის როლს Netflix-ის სერიალ მარკო პოლოში კლაუდია კიმი ასრულებს.
ხუტულუნის სახელი ეწოდა ავსტრალიურ საბრძოლო ცხენს, რომელიც 2011-2019 წლებში ასპარეზობდა.
2021 წლის 3 დეკემბერს Shuuder Productions-მა და Voo Broadcasting-მა გამოუშვეს ფილმი პრინცესა ხუტულუნი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- [Weatherford, Jack (2010-09-27)."The Wrestler Princess". Roundtable. Archived from the original on July 1, 2024. Retrieved 2024-12-01.]
- Bakalov, Georgi (2011) Middle ages and the modern times, p. 114: "Nomadic societas and Byzantine empire" (bg). Sofia University "St Kliment Ohridski". ISBN 978-954-07-2935-0.
- M. Biran (2020), "Qutulun: The Warrior Princess of Mongol Central Asia," in (eds.) M. Biran, J. Brack and F. Fiaschetti, Along the Silk Roads in Mongol Eurasia: Generals, Merchants and Intellectuals (Oakland, CA, University of California Press), p. 77, note 30.
- Abū al-Qāsim ʿAbdallāh ibn Muḥammad al-Qāshānī, Tārīkh-i Ūljāytū, (ed.) M. Hambly, (Tehran: Shirkat-i Intishārāt-i ʿIlmī va Farhangī (Science and Culture Press), 1384/2005, p. 40
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Weatherford, Jack (2010-09-27). "The Wrestler Princess". Roundtable. Archived from the original on July 1, 2024. Retrieved 2024-12-01.
- ↑ Bakalov, Georgi (2011) Middle ages and the modern times, p. 114: "Nomadic societas and Byzantine empire" (bg). Sofia University "St Kliment Ohridski". ISBN 978-954-07-2935-0.
- ↑ M. Biran (2020), "Qutulun: The Warrior Princess of Mongol Central Asia," in (eds.) M. Biran, J. Brack and F. Fiaschetti, Along the Silk Roads in Mongol Eurasia: Generals, Merchants and Intellectuals (Oakland, CA, University of California Press), p. 77, note 30.
- ↑ Abū al-Qāsim ʿAbdallāh ibn Muḥammad al-Qāshānī, Tārīkh-i Ūljāytū, (ed.) M. Hambly, (Tehran: Shirkat-i Intishārāt-i ʿIlmī va Farhangī (Science and Culture Press), 1384/2005, p. 40