შინაარსზე გადასვლა

ხუსტო რუფინო ბარიოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუსტო რუფინო ბარიოს აუიონი
ხუსტო რუფინო ბარიოს აუიონი
ბარიოსი, დაახლოებით 1873–1885 წლებში
გვატემალის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივნისი, 1873  2 აპრილი, 1885
ვიცე-პრეზიდენტი  ხოსე მარია ორანტესი; ალეხანდრო მ. სინიბალდი
წინამორბედიმიგელ გარსია გრანადოსი
მემკვიდრეალეხანდრო მ. სინიბალდი

ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი (დროებითი)
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 თებერვალი, 1885  2 აპრილი, 1885
წინამორბედითანამდებობა დაწესდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

გვატემალის მთავრობის დროებითი მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 1871  4 ივნისი, 1873
პრეზიდენტიმიგელ გარსია გრანადოსი
წინამორბედითანამდებობა დაწესდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული19 ივლისი, 1835
სან-ლორენსო, სან-მარკოსი, ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკა (დღევანდელი გვატემალა)
გარდაცვლილი2 აპრილი, 1885
ჩალჩუაპა, ელ-სალვადორი
მოქალაქეობაგვატემალა
ეროვნებაგვატემალელი
პოლიტიკური პარტიალიბერალური
მეუღლეფრანსისკა აპარისიო
პროფესიასამხედრო, პოლიტიკოსი
საქმიანობაარმიის გენერალი

ხუსტო რუფინო ბარიოს აუიონი (ესპ. ესპ. Justo Rufino Barrios Auyón; დ. 19 ივლისი, 1835, სან-ლორენსო — გ. 2 აპრილი, 1885, ჩალჩუაპა) — გვატემალელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გვატემალის პრეზიდენტი 1873 წლიდან სიკვდილამდე, 1885 წლამდე. იგი ცნობილი იყო ლიბერალური რეფორმებითა და ცენტრალური ამერიკის ხელახალი გაერთიანების მცდელობით.

ბარიოსის მმართველობის პერიოდში გვატემალას მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა აშშ-სთან. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ეკლესიის გავლენის შემცირებას, განათლების სეკულარიზაციასა და ეკონომიკურ მოდერნიზაციას. 1885 წელს ცენტრალური ამერიკის გაერთიანების სამხედრო კამპანიის დროს, იგი დაიღუპა ელ-სალვადორში, ჩალჩუაპასთან ბრძოლაში.[1]

ხუსტო რუფინო ბარიოსი ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა გონიერებითა და ენერგიულობით. განათლების მისაღებად იგი ქალაქ გვატემალაში გაემგზავრა, სადაც სამართალი შეისწავლა. 1862 წელს იურისტის ხარისხი მიიღო და ადვოკატად დაიწყო საქმიანობა.

ბარიოსის მეუღლე იყო ფრანსისკა აპარისიო ი აუტიონი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან გვატემალა დატოვა და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბარიოსის მიერ დატოვებული დიდძალი მემკვიდრეობით სარგებლობდა.[2]

ხელისუფლებაში აღზევება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1867 წელს დასავლეთ გვატემალაში აჯანყება დაიწყო. რეგიონის მრავალი მცხოვრები მოითხოვდა მისთვის ყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს — ლოს-ალტოსის — დამოუკიდებლობის აღდგენას. ბარიოსი კესალტენანგოში აჯანყებულებს შეუერთდა, სადაც მალევე გამოავლინა თავი, როგორც ნიჭიერმა სამხედრო ლიდერმა, და დროთა განმავლობაში აჯანყებულთა არმიაში გენერლის წოდება მიიღო.

1871 წლის ივლისში ბარიოსმა სხვა გენერლებთან და დისიდენტებთან ერთად გამოაცხადა „სამშობლოს გეგმა“, რომელიც გვატემალაში ხანგრძლივად დამკვიდრებული კონსერვატიული ადმინისტრაციის დამხობას ითვალისწინებდა. მალევე მათ მიზანს მიაღწიეს: გენერალი მიგელ გარსია გრანადოსი პრეზიდენტად გამოცხადდა, ხოლო ბარიოსი შეიარაღებული ძალების სარდლად დაინიშნა.

ბარიოსის კესალტენანგოში დაბრუნების შემდეგ გარსია გრანადოსი საკუთარი პარტიის წევრებმა სუსტ ლიდერად მიიჩნიეს და არჩევნების დანიშვნა მოსთხოვეს, რადგან ფართოდ იყო გავრცელებული აზრი, რომ ბარიოსი უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა. 1873 წელს ბარიოსი გვატემალას პრეზიდენტად აირჩიეს.[3]

ბარიოსის სახლი

ჰონდურასის კონსერვატიულმა მთავრობამ სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადა გვატემალელ კონსერვატორებს, რომლებიც ხელისუფლების დაბრუნებას ცდილობდნენ. ამის საპასუხოდ ბარიოსმა ჰონდურასის მთავრობას ომი გამოუცხადა. ამავე დროს ჰონდურასის პრეზიდენტ ლუის ბოგრანთან ერთად მან ძველი ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების აღდგენის განზრახვაც გამოაცხადა.

პრეზიდენტობის პერიოდში ბარიოსმა გააგრძელა მიგელ გარსია გრანადოსის მიერ დაწყებული ლიბერალური რეფორმები, თუმცა მათ განხორციელებაში უფრო მკაცრი და რადიკალური იყო. მისი რეფორმების ძირითადად ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული და ემსახურებოდა ეკლესიისა სახელმწიფოსგან საბოლოოდ გამიჯვნას — მან ქვეყნიდან გააძევა რეგულარული სასულიერო პირები (როგორც ეს 1829 წელს ფრანსისკო მორასანმა გააკეთა) და მათი ქონება კონფისკაცია გაუკეთა.

ბარიოსის რეჟიმმა სასულიერო ორდენებს მნიშვნელოვანი ქონება ჩამოართვა. დომინიკელთა ორდენსა და მერსედარებს ჩამოერთვათ მონასტრები, სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართო ნაკვეთები და შაქრის ქარხნები.

იესოს საზოგადოების წევრებს (იეზუიტებს), რომლებიც 1765 წელს ესპანეთის კოლონიებიდან გაძევებულნი იყვნენ და გვატემალაში მხოლოდ 1852 წელს დაბრუნდნენ, 1871 წლისთვის მნიშვნელოვანი ქონება აღარ გააჩნდათ. გვატემალის არქიეპარქიას ჩამოერთვა ასუნსიონის ღვთისმშობლის სახელობის სკოლა და ტრენტინის სემინარია, ხოლო ორატორიანელთა კონგრეგაციას — ქალაქ გვატემალაში მდებარე ეკლესიის შენობა და საცხოვრებელი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებით დაანგრიეს.

ბარიოსმა აკრძალა სავალდებულო მეათედის (ტითის) გადასახადი ეკლესიისთვის, რათა შეესუსტებინა საერო სამღვდელოების და არქიეპისკოპოსის გავლენა. დააწესა სამოქალაქო ქორწინება, როგორც ქვეყნის ერთადერთი ოფიციალური ქორწინების ფორმა. შექმნა საერო სასაფლაოები, სამოქალაქო რეესტრმა ჩაანაცვლა საეკლესიო ჩანაწერები. მისი მმართველობის დროს დაამკვიდრა საერო განათლების სისტემა, უფასო და სავალდებულო დაწყებითი სკოლები. დახურა პონტიფიკალური სან-კარლოსის უნივერსიტეტი და მის ნაცვლად დააარსა საერო ეროვნული უნივერსიტეტი. ბარიოსის ხელისუფლებამ გვატემალა დაჰყო 20 პროვინციად, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობაში.[4]

ბარიოსს ეროვნული კონგრესი სრულად ემორჩილებოდა, რის შედეგადაც 1879 წელს ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელმაც მას პრეზიდენტად კიდევ ერთი ექვსწლიანი ვადით ხელახლა არჩევის შესაძლებლობა მისცა. იგი შეუწყნარებელი იყო პოლიტიკური ოპონენტების მიმართ — მრავალი აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა და ააშენა გვატემალის ცენტრალური საპყრობილე, სადაც არაერთი ადამიანი დააპატიმრეს და აწამეს.[5]

  1. Rippy, J. Fred (1942). „Relations of the United States and Guatemala during the Epoch of Justo Rufino Barrios“. The Hispanic American Historical Review. 22 (4): 595–605. doi:10.2307/2506767. ISSN 0018-2168.
  2. Rippy, J. Fred (1940). „Justo Rufino Barrios and the Nicaraguan Canal“. The Hispanic American Historical Review. 20 (2): 190–197. doi:10.2307/2506950. ციტირების თარიღი: 27 February 2026.
  3. Rippy, J. Fred (1940). „Justo Rufino Barrios and the Nicaraguan Canal“. The Hispanic American Historical Review. 20 (2): 190–197. doi:10.2307/2506950. ციტირების თარიღი: 27 February 2026.
  4. Justo Rufino Barrios, Guatemalan leader, reformer. ციტირების თარიღი: 27 February 2026
  5. Justo Rufino Barrios. ციტირების თარიღი: 27 February 2026