ხუნძეხუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხუნძეხუ
ხუნძეხუს სატელიტური სურათი
ხუნძეხუს სატელიტური სურათი
კოორდინატები: 33°18′27″ ჩ. გ. 118°42′36″ ა. გ. / 33.30750° ჩ. გ. 118.71000° ა. გ. / 33.30750; 118.71000
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული ძიანსუ
სიმაღლე ზღვის დონიდან 15 
სიგრძე 65 კმ
სიგანე 24,4 კმ
ფართობი 1960 კმ²
საშუალო სიღრმე 1,9 
მაქსიმალური სიღრმე 4,5 
აუზის ფართობი 158000 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ხუაიხე
ხუნძეხუ — ჩინეთი
ხუნძეხუ

ხუნძეხუ[1] (ჩინ. 洪泽湖) — ტბა აღმოსავლეთ ჩინეთში, ძიანსუს პროვინციაში. გაწოლილია ჩინეთის დიდი ვაკის ფარგლებში, ზღვის დონიდან 15 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1960 კმ². მაქსიმალური სიღრმე 4,5 მ. სიგრძე 65 კმ. შეიქმნა 1403-24 წლებში ჩინეთის დიდ არხზე ჯებირის აღმართვის შედეგად, რომელმაც გზა გადაუღობა მდინარე ხუაიხეს წყლებს.[2]

ზამთარში დონე იკლებს, სარკის ფართობი და წყლის მოცულობა მკვეთრად მცირდება. მდინარე სანხეს მეოხებით დაკავშირებულია გაობაოხუს ტბასთან. ჩამონადენის დიდი ნაწილი ჩინეთის დიდი არხის მეშვეობით მდინარე იანძიში ჩადის. სარწყავი არხით დაკავშირებულია ყვითელ ზღვასთან. ხუნძეხუს ჩამონადენი კაშხლებითაა რეგულირებული.[2]

ტბამ თავისი სახელწოდება მიიღო სუის დინასტიის იმპერატორის — იან-დის დროს. ტანისა და ადრინდელი სუნის დინასტიის დროს ხუნძეხუ უფრო პატარა იყო ვიდრე იგი დღეს არის, სავარაუდოდ, მესამედზე ნაკლები ამჟამინდელ ზომებთან შედარებით. იგი აგრეთვე გამოეყო მდინარე ხუაიხეს მთავარ ნაკადს, რომელიც მიედინებოდა ტბიდან სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. ხუაიხე იყო თავთხელი და სანავიგაციოდ რთული მდინარე; XI საუკუნეში სუნის დინასტიის დროს (960-1279) მასზე აშენდა სხვადასხვა არხი.[3]

როდესაც 1194 წელს, მდინარე ხუანხემ შეიცვალა თავისი მიმართულება სამხრეთისაკენ მან მიიტაცა მდინარე ხუაიხეს ქვემო დინება, რომელსაც აღარ ჰქონდა პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე. ხუაიხეს წყლები ჩადიოდა ხუნძეხუს ტბაში, რომელიც შემდეგ გაფართოვდა დღევანდელ საზღვრებამდე და ტბორავდა ნოყიერი სარწყავი მიწების ვრცელ ტერიტორიას. ტბის ჭარბი წყლები მიედინებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთით გაობაოსა და ბაოინის ტბების გავლით და ჩინეთის დიდი არხით მდინარე იანძიში მიემართებოდა. ხუნძეხუ წყალმარჩხია და საუკუნეების განმავლობაში მისი ფსკერი ამოილამა. XIX საუკუნეში ტბის რაიონში თავი იჩინა ხშირმა და ძლიერმა წყალდიდობებმა.[3] ნაპირებზე ჭაობები და ბრინჯის მინდვრებია.[2]

1930-იან წლებში ტბის აღმოსავლეთი ნაპირიდან პირდაპირ ზღვისკენ გაიყვანეს ახალი არხი, რომელიც სუბეის არხის სახელწოდებით აღადგინეს და გააუმჯობესეს 1951-52 წლებში და მდინარე ხუაიხეს ხეობაში წყლის შენარჩუნების კომპლექსურ პროექტთან ერთად შეამცირეს დატბორვა. ტბის პრობლემად რჩება დრენაჟი. ხუნძეხუს დიდი ნაწილი წყალმარჩხია, რის გამოც იგი სანაოსნოა მხოლოდ მცირე გემებისათვის.[3] განვითარებულია თევზჭერა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]