ხუნევის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუნევის კვირაცხოვლის ეკლესია
ხუნევის კვირაცხოვლის ეკლესია — საქართველო
ხუნევის კვირაცხოვლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°06′34″ ჩ. გ. 43°21′38″ ა. გ. / 42.1096500° ჩ. გ. 43.3606861° ა. გ. / 42.1096500; 43.3606861
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
დეტალები

ხუნევის კვირაცხოვლის ეკლესია — დარბაზული ეკლესია საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუნევის ძველ სასაფლაოზე. აშენებულია ბერძენი მშენებლების მიერ XIX საუკუნის დასასრულს.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუნევის ეკლესიის დარბაზული ნაწილის გეგმის სწორკუთხედს აღმოსავლეთის მხრიდან ასევე სწორკუთხა, შვერილი საკურთხეველი ასრულებს, რომელშიც ერთი ფართო და მაღალი, მსუბუქი მორკალვით დასრულებული თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის სამხრეთითა და ჩრდილოეთით არსებულ დანარჩენ ორ სასინათლო ღიობსაც ასეთივე, შეუმჩნეველი რკალით დასრულებული ფორმა აქვს. უცნაურია, მაბრამ დასავლეთის მხარეს ეკლესიას სარკმელი არ აქვს, ამ მხარეს მხოლოდ შესასვლელი სწორკუთხა კარია, ისეთივე როგორც გრძივი კედლების მხრიდან. ეკლესიის დეკორაციული გაფორმების ელემენტს შეიცავს მოთეთრო კირქვის კარგად თლილი, გრძელი და მოკლე ფილების მონაცვლეობით ამოყვანილი კუთხეები, თუ ღიობთა საპირეები, რაც მკვეთრად წარმოაჩენს ამ საკმაოდ მასშტაბური ნაგებობის კონტურებს და კარგად აჩვენებს ფასადების დანაწევრების ზოგად სქემას. ეს ეფექტი გაცილებით უფრო შთამბეჭდავია თავდაპირველი გადაწყვეტით მოღწეულ კედლებზე, სადაც უხეშად დამუშავებული ქვის ფაქტურული ზედაპირი და ღრმა ჩრდილები კონტრასტს ქმნის თლილ კვადრებთან, რომლებიც ამასთან ერთად ჩამუქებული კედლის ზედაპირიდან ამოზიდულიც არის. ბოლო წლებში ჩატარებული რემონტის დროს დასავლეთის მხარეს საფასადო კედლის ზედაპირი ცემენტის ხსნარით შეულესავთ, რაც აბათილებს ფასადთა აღნიშნული მხატვრული დამუშავების ეფექტს და უსიცოცხლოს ხდის მას. კიდევ მეტი ზარალი განუცდია რემონტის შედეგად კელესიის ინტერიერს, სადაც კედლები თითქმის მთლიანად არის დაფარული ცემენტის ნალესობით, რასაც სწორკუთხა საკურთხევლის ზედა, ჩანს დაზიანებულ ნაწილებში ბლოკების შიშველი წყობის სამკუთხა ფრონტონი ემატება. აღსანიშნავია აღმოსავლეთ კედლის ორსავე კუთხის ქვედა რიგში ჩაშენებული გრძელი, ერთმანეთის გადამკვეთი შეკონილი ზოლების წნულით მოჩარჩოებული ფილები, რომლებზეც კუთხის ნაწილში ტოლმკლავა ჯვრებია გამოკვეთილი, ყოველი მკლავის ბოლოს ვოლიტისებრი მოტივით და ძირში რკალური სადგამით. ერთი კვადრატული ფილა, ასევე დამუშავებული ჯვრით სამხრეთის კარის მარცხენა წირთხლის ქვედა რიგშია ჩაშენებული. ეს ფილები კარგი ოსტატობით არის ნაკვეთი, და სავარაუდოდ ისიც ბერძენ ოსტატთა ნახელავი, შესაძლოა სხვა, ამ დროისთვის დაზიანებული ეკლესიიდან იყოს მოტანილი და ხელმეორედ გამოყენებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16321