სილოვან ხუნდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხუნდაძე, სილოვან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუნდაძე.
სილოვან ხუნდაძე
დაბადების თარიღი 16 აპრილი, 1860
კალაგონი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი, 1928
ქუთაისი
დაკრძალულია ქუთაისი
ეროვნება ქართველი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
განათლება სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი
პროფესია პედაგოგი
შვილ(ებ)ი ფატი ხუნდაძე
მშობლები მამა: თომა ხუნდაძე
რაჟდენ ხუნდაძის ძმა

სილოვან ხუნდაძე (დ. 16 აპრილი [ძვ. სტ. 3 აპრილი], 1860, სოფ. კალაგონი, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 12 მაისი, 1928, ქუთაისი) — ქართველი პედაგოგი, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი დამდგენი, ლიტერატორი და პუბლიცისტი, ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის რაჟდენ ხუნდაძის (1845-1929) უმცროსი ძმა, საქართველოში ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ ფატი ხუნდაძის (1895-1978) მამა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ კალაგონში, მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში. 1871-1880 წლებში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1879-1880 წლებში მისი რედაქტორობით გამოვიდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალ „სამშობლოს“ ოთხი ნომერი. 1880-1884 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე. აქ ის ისმენდა გამოჩენილი მეცნიერების: პეტრე ერნშტედტის, თადეუშ ზელინსკის, დავით ჩუბინაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და სხვათა ლექციებს. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, ჟურნალ „ივერიას“ 1882 წლის მე-12 ნომერში, გამოაქვეყნა თავისი პირველი საყურადღებო ნაშრომი „ისტორიული კილო გრიგოლ ორბელიანის ლექსებში“.

პედაგოგიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1884 წლის შემოდგომაზე, სილოვან ხუნდაძე შეუდგა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1888 წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. 1888 წელს იგი დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. 1880-იანი წლების დამლევს ხუნდაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად.

1900 წელს ხსენებული სკოლის ინსპექტორის იოსებ ოცხელის და სილოვან ხუნდაძის თაოსნობითა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანადგომით შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დაფუძნება. იგი საქმიანობას შეუდგა, როგორც კერძო სრული გიმნაზია. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა საქართველოში საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა იოსებ ოცხელი, ხოლო ინსპექტორად — სილოვან ხუნდაძე. ამ გიმნაზიასთან იყო დაკავშირებული ხუნდაძის მთელი შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა. მის აღზრდილთა შორის ბევრი იყო შემდგომში გამოჩენილი მოღვაწე, მათ შორის: ნიკო ლორთქიფანიძე, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, კონსტანტინე ერისთავი, არნოლდ ჩიქობავა, პეტრე ქავთარაძე, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი წერეთელი, ალექსანდრე წერეთელი, კონსტანტინე გამსახურდია, ვარლამ თოფურია, ვიქტორ ნოზაძე და სხვანი.

1907 წელს სილოვან ხუნდაძე აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელ წევრად. 1913 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. 1916 წელს იგი იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდა ამისა, 1910 წელს იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა გამომცემლობა „მერანი“, რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო.

1907 წელს სილოვან ხუნდაძე უდიდესი მწუხარებით გამოეთხოვა ილია ჭავჭავაძეს, რომელთანაც აკავშირებდა ხანგრძლივი ურთიერთობა.

ვიკიციტატა
„საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძე არ მომკვდარა, ის ცოცხალია და მარადის ცოცხალი იქნება ქართველი ერის გულსა და გონებაში! საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძემ თავისი მოწამეობრივი სიკვდილით თავისი დიდებული სახელი კიდევ უფრო განადიდა, კიდევ უფრო მკვიდრი, უფრო მშვენიერი ძეგლი დაიდგა! საქართველოს მტერნო, შეძრწუნდით! თქვენი საზარელი მკვლელობით თვით თქვენი თავი მოიკალით, თქვენი გული გამოიღადრეთ! ამიერიდან ქართველი ერი თქვენს საქმეებს დაგმობს, თქვენს სახელს ზიზღით მოიხსენიებს! ქართველო ხალხო! გონს მოდი, გამოფხიზლდი, გაარჩიე მტერი და მოყვარე! გარეშე მტრებმა ვერ შეძლეს შენი დამონება, შენი შერცხვენა. მხოლოდ შინაური მტრები შეიქნენ შენი შემარცხვენელნი! ქართველებო, ნუ დაივიწყებთ შოთას სიტყვებს: „მოყვარე, მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია“-ო!“
(სილოვან ხუნდაძის გამოსათხოვარი სიტყვა)

ილიას ხსოვნას მიეძღვნა იმავე წელს ქუთაისში გამოცემული მისი ნაშრომები „ილია ჭავჭავაძის სახსოვრად“ და „მკვლელები და მცველები“.

1914 წელს კავკასიის სასწავლო ოლქმა ქუთაისის ქართული გიმნაზიის შესამოწმებლად მიავლინა თავისი ინსპექტორი კორიცკი. მას არ მოეწონა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და „ატესტატების სიმცირის“ საბაბით გადაწყვიტა მათი რაოდენობის შემცირება. გიმნაზიის პედაგოგები, პირველყოვლისა - იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე, აღაშფოთა მისმა თვითნებობამ. მეორე დღეს კორიცკის სამასწავლებლოში სილოვან ხუნდაძე შეხვდა და ხელი არ ჩამოართვა. ეს უთანხმოება გახდა გიმნაზიიდან მისი დათხოვნის მიზეზი. ხუნდაძე გიმნაზიას 1916 წლის დამლევს დაუბრუნდა.

1917 წლის 17 მაისს ქუთაისში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში შედგა სხდომა, რომელმაც განიხილა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საორგანიზაციო საკითხები. კრების მონაწილეთა შორის იყო სილოვან ხუნდაძეც. სხდომაზე შეიქმნა „თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება“.

1919 წელს გარდაიცვალა იოსებ ოცხელი. გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა სილოვან ხუნდაძე. ამ მოვალეობას ასრულებდა იგი 1923 წლამდე.

ლიტერატურული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1882 წლიდან სილოვან ხუნდაძე ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ლექსები და სტატიები ხშირად ქვეყნდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში „ივერია“, „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“, „განათლება“, „შრომა“, „სამშობლო“ და სხვა. 1914 და 1926 წლებში ქუთაისში გამოიცა მისი რჩეული თხზულებები ორ ტომად. 1901-1902 წლებში ქუთაისში ორ წიგნად გამოიცა ხუნდაძის „ჩემი აზრი და ფიქრები“.

სილოვან ხუნდაძე ითვლება თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ერთ-ერთ დამდგენად. მისი სახელმძღვანელოებიდან აღსანიშნავია: „ქართული გრამატიკა“ (ორ ნაწილად, 1904, მეორე გამოცემა — 1921), „სალიტერატურო ქართული“ (1901), „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1914), „რაფიელ ერისთავი“ (1918), „გრიგოლ ორბელიანი“ (1917), „ვახტანგ ორბელიანი“ (1918), „აკაკი წერეთელი“ (1918), „ილია ჭავჭავაძე“ (1919), „შოთა რუსთაველი“ (1921), „ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები“ (1927). საყურადღებოა მისი მონოგრაფიული ხასიათის გამოკვლევები: „ქართული ზმნები“ (ქუთაისი, 1891) და „სალიტერატურო ქართული“ (ქუთაისი, 1901).

აღსანიშნავია, რომ სილოვან ხუნდაძე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. 1892–1893 წლებში იგი აქტიურად უჭერდა მხარს „საქართველოს თავისუფლების ლიგას“, ხოლო 1900 წლიდან (დღიდან დაარსებისა) შედიოდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიაში და იყო ამ პარტიის ქუთაისის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ ის მხარს უჭერდა საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობას.

სილოვან ხუნდაძე გარდაიცვალა 68 წლის ასაკში. დაკრძალულია ქუთაისში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქუთაისის ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის ეზოში დადგმულია მისი ბიუსტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]