ხუან ლინდო
| ხუან ლინდო | |
|---|---|
| ესპ. Juan Nepomuceno Fernández Lindo y Zelaya | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 16 მაისი, 1790 |
| დაბადების ადგილი | ტეგუსიგალპა, Comayagua Intendancy, ესპანეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 23 აპრილი, 1857 (66 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ლემპირას დეპარტამენტი |
| მოქალაქეობა |
ესპანეთი ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკა |
| განათლება | გვატემალის სან-კარლოსის უნივერსიტეტი |
ხუან ლინდო (დ. 16 მაისი, 1790 — გ. 23 აპრილი, 1857) — კონსერვატორი ცენტრალურამერიკელი პოლიტიკოსი, სალვადორის რესპუბლიკის დროებითი პრეზიდენტი (1841–1842 წწ.) და ჰონდურასის რესპუბლიკის პრეზიდენტი (1847–1852 წწ.).
წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლინდო მიწათმფლობელთა ოჯახში დაიბადა. იგი ესპანელი ებრაელის ვაჟი იყო.[1] მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეუსაბამობები: ზოგიერთი წყარო დაბადების თარიღად 1790 წელს ასახელებს, გარდაცვალებისად კი — 1853-ს.
1814 წელს მან გვატემალის სან-კარლოსის უნივერსიტეტში სამართლის ლიცენციატის ხარისხი მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ იგი ესპანური რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც 1821 წელს ცენტრალურმა ამერიკამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, იგი კომაიაგუას პროვინციის ინტენდანტი გახდა. იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ცენტრალური ამერიკის აგუსტინ დე იტურბიდეს მექსიკის იმპერიასთან ანექსიისა, რასაც გვატემალასთან კავშირს ამჯობინებდა.
1826 წელს იგი ჰონდურასის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს. მომდევნო წელს იგი დაეხმარა კონსერვატორ ხოსე ხუსტო მილიას ჰონდურასის სახელმწიფოს მეთაურის, დიონისიო დე ჰერერას დამარცხებაში. იგი იყო 1838 წლის ივნისში მოწვეული დამფუძნებელი კრების დეპუტატი, სადაც კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენდა. ასამბლეაში თავისი პოზიციიდან მან ხელი შეუწყო 1838 წლის ოქტომბერში ჰონდურასის გამოყოფას ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკიდან.
სალვადორის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1840 წელს ლინდო ელ სალვადორში გაემგზავრა, სადაც გენერალ ფრანსისკო მალესპინის დახმარებით სახელმწიფო მდივანი გახდა (1840 წლის ოქტომბრიდან 1841 წლის იანვრამდე). ამის შემდეგ იგი აირჩიეს ელ სალვადორის შტატის დროებით მეთაურად (7 იანვრიდან 22 თებერვლამდე), სადაც მან პოლკოვნიკი ანტონიო ხოსე კანიას კინტანილია შეცვალა. იმავე დღეს დამფუძნებელმა ასამბლეამ ელ სალვადორი ცენტრალური ამერიკის ფედერაციისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა და ლინდო გახდა უკვე დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც ამ თანამდებობაზე 1842 წლის 1 თებერვლამდე.
ლინდომ მინისტრად გენერალი და ლიცენციატი ნორბერტო რამირესი დანიშნა. 1841 წლის 16 თებერვალს დამფუძნებელმა ასამბლეამ გამოსცა დეკრეტი ელ სალვადორის უნივერსიტეტის დაარსების შესახებ. ლინდომ გასცა განკარგულება, რომ სკოლები გახსნილიყო ქვეყნის ყველა სოფელსა და დასახლებაში, სადაც სულ მცირე 150 მცხოვრები იყო. მან დაადგინა ჯარიმები ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, თუ ისინი სკოლებს არ გახსნიდნენ და მოსწავლეთა დასწრებას არ უზრუნველყოფდნენ.
ჰონდურასის პრეზიდენტის თანამდებობაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1842 წელს იგი ჰონდურასში დაბრუნდა და კომაიაგუაში დასახლდა. მას შემდეგ, რაც გენერალმა ფრანსისკო ფერერამ პრეზიდენტობაზე უარი თქვა, ჰონდურასის ასამბლეამ ლინდო კონსტიტუციურ პრეზიდენტად აირჩია. ამ თანამდებობას იგი 1847 წლის 12 თებერვლიდან 1848 წლის 4 თებერვლამდე იკავებდა. თავისი მმართველობის დროს მან დააარსა ჰონდურასის უნივერსიტეტი (დღევანდელი ჰონდურასის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი) და შეიმუშავა ახალი კონსტიტუცია. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, იგი მეორე ვადით აირჩიეს, რომელიც 1852 წლის 1 თებერვალს დასრულდა.
ჰონდურასში მისი მეორე მმართველობისას, გენერალი ხოსე სანტოს გვარდიოლა, რომელიც თავად ლინდომ დანიშნა, ტეგუსიგალპაში ეროვნული ასამბლეის წინააღმდეგ აჯანყდა. მისი მიზანი იყო გენერალ ფერერასა და დონ კორონადო ჩავესის დატყვევება, რომლებიც ლინდოს წინააღმდეგ ინტრიგებს აწყობდნენ. ფელიპე ბუსტილო, რომელსაც ლინდოსგან სამთავრობო ფუნქციები ჰქონდა გადაბარებული, კოპანში გაიქცა, ლინდომ კი პრეზიდენტის თანამდებობას დაიბრუნა. მოგვიანებით გვარდიოლა თავად ლინდოსაც აუჯანყდა, თუმცა დამარცხდა და ნებაყოფლობით ემიგრაციაში წავიდა.
ლინდომ ალიანსი დადო ელ სალვადორის პრეზიდენტ დოროტეო ვასკონსელოსთან, რათა ომი გამოეცხადებინა გვატემალის მთავრობისთვის, რომელსაც რაფაელ კარერა მეთაურობდა. მოკავშირეთა ჯარები შეიჭრნენ გვატემალის ტერიტორიაზე, თუმცა 1851 წლის 2 თებერვალს კარერამ ისინი ლა არადის ბრძოლაში დაამარცხა.
ლინდოს მეორე ვადის ბოლოს პრეზიდენტის თანამდებობა გენერალმა ხოსე ტრინიდად კაბანიასმა დაიკავა. ლინდო პოლიტიკიდან წავიდა და ქალაქ გრასიასში (ლემპირას დეპარტამენტი) დასახლდა, სადაც 1857 წელს გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (in Spanish) Juan Lindo - President of El Salvador
- (in Spanish) Biography and information on his term as President of Honduras
- (in Spanish) Biography
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „The World's Other Jewish President“. Haaretz (ინგლისური). 2002-08-16. ციტირების თარიღი: 2019-12-09.