ხუან ალვარეს მენდისაბალი
| ხუან ალვარეს მენდისაბალი | |
|---|---|
| ესპ. Juan de Dios Álvarez Méndez | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 25 თებერვალი, 1790[1] [2] [3] |
| დაბადების ადგილი | ჩიკლანა-დე-ლა-ფრონტერა |
| გარდაცვალების თარიღი | 3 ნოემბერი, 1853[1] [2] [3] (63 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მადრიდი |
| მოქალაქეობა | ესპანეთი |
ხუან ალვარეს მენდისაბალი (დ. 25 თებერვალი, 1790 – გ. 3 ნოემბერი, 1853) — ესპანელი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, რომელიც 1835 წლის 25 სექტემბრიდან 1836 წლის 15 მაისამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი დაიბადა მაუდის ვაჭრის რაფაელ ალვარეს მონტანიესისა და ქრისტიანობაზე გადასული ებრაელის (კონვერსოს) მარგარიტა მენდესის ოჯახში. მან საბანკო საქმე შეისწავლა, თავდაპირველად ბანკში მუშაობდა, ხოლო ნახევარკუნძულის ომის დროს — სამხედრო ადმინისტრაციაში.
1820 წელს იგი დაინიშნა იმ ჯარების სამხედრო მომმარაგებლად, რომლებიც ფერდინანდ VII-მ ამერიკაში აჯანყებების ჩასახშობად გააგზავნა. ამ მდგომარეობის გამოყენებით მან დააფინანსა რაფაელ დელ რიეგოს სამხედრო აჯანყება. გადატრიალების პერიოდში იგი გახდა მასონი, კადისის მასონური ლოჟის, „Taller Sublime“-ის წევრი.[4] „ლიბერალური სამწლეულის“ დროს მენდისაბალმა უარი თქვა საჯარო ადმინისტრაციაში მუშაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მონაწილეობდა აბსოლუტიზმის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებებში.
1823 წელს, როდესაც ფერდინანდ VII-მ უარყო 1812 წლის კონსტიტუცია და თავისი აბსოლუტური ძალაუფლება აღადგინა, მენდისაბალი და მრავალი სხვა რევოლუციონერი ლიბერალი დევნილობაში წავიდნენ. გაერთიანებულ სამეფოში მან სავაჭრო ბიზნესი წამოიწყო.
1835 წელს ხოსე მარია კეიპო დე ლიანოს მთავრობაში იგი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. 14 სექტემბერს მან კეიპო დე ლიანო შეცვალა, თან ფინანსთა მინისტრის პორტფელიც შეინარჩუნა პირველი კარლისტური ომის სამხედრო ხარჯებით გამოწვეული რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე. რეგენტ დედოფალ მარია კრისტინას მიაჩნდა, რომ ლიბერალი პრემიერ-მინისტრი შეძლებდა აჯანყებების შეკავებას. მენდისაბალის პოლიტიკური პროგრამა ითვალისწინებდა საეკლესიო ქონების კონფისკაციას, კარლისტური ომის დაუყოვნებლივ დასრულებასა და სახელმწიფო ვალის ლიკვიდაციას.
ლიბერალურ მოძრაობას, რეგენტ დედოფალსა და მენდისაბალს მხარს უჭერდნენ ჩამორთმეული ქონების ახალი მფლობელები, თუმცა ამ ზომებმა სარგებელი მხოლოდ მსხვილ მიწათმფლობელებს მოუტანა. კარლისტური აჯანყებების დასრულების შეუძლებლობამ 1836 წელს მენდისაბალი აიძულა გადამდგარიყო. რამდენიმე თვის შემდეგ ლა-გრანხაში მომხდარმა აჯანყებამ დედოფალი აიძულა მიეღო რადიკალური მთავრობა და აღედგინა ესპანეთის 1812 წლის კონსტიტუცია. მენდისაბალი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა და გატარდა რევოლუციური ღონისძიებების სერია: გაუქმდა სენიორიები, დაწესდა პრესის თავისუფლება და განხორციელდა ეკლესიის ქონების კონფისკაცია. 1837 წელს უფრო ზომიერი მთავრობა აირჩიეს. 1843 წელს მენდისაბალი კვლავ დაინიშნა ფინანსთა მინისტრად, თუმცა მას ისევ დევნილობაში წასვლა მოუწია, როდესაც ხელისუფლებაში ზომიერები დაბრუნდნენ.
1847 წელს იგი ესპანეთში დაბრუნდა და იკავებდა ადგილს კორტესებში გარდაცვალებამდე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 varios autores Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ Presidentes de gobierno masones (1808-1868). Museo Virtual de Historia de la Masonería. Retrieved on 9 November 2023.