ხრამის მასივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხრამის მასივი
კოორდინატები: 41°35′05″ ჩ. გ. 44°09′57″ ა. გ. / 41.584917° ჩ. გ. 44.166083° ა. გ. / 41.584917; 44.166083
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტი
ფართობი 150 კმ²
ასაკი კამბრიუმამდელი და ზედა პალეოზოური
ხრამის მასივი — საქართველო
ხრამის მასივი
ხრამის მასივი — ქვემო ქართლი
ხრამის მასივი

ხრამის მასივი — კრისტალური მასივი საქართველოში, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს ქალაქ თბილისიდან დასავლეთით დაახლოებით 40–50 კმ-ში და ლოქის მასივიდან ჩრდილოეთით 25–30 კმ-ში. შიშვლდება შავი ზღვა-ცენტრალური ამიერკავკასიის ტერეინის ფარგლებში და წარმოადგენს ართვინ-ბოლნისის ბელტის ჰორსტისებური აზევების გადარეცხილ ნაწილს. მოქცეულია ზეგნის ფარგლებში, რომლის თანამედროვე რელიეფი განპირობებულია პოსტ-მიოცენური ლავების ამოღვრით, რომლითაც ოდესღაც მასივიც იყო გადაფარებული. ამჟამად გაშიშვლებულია და გაჭრილია ღრმა ხეობებით.[1]

ფართობი დაახლოებით 150 კმ². ხრამის მასივი საკმაოდ რთული გეოლოგიური აგებულებისაა. მის აგებულებაში მონაწილეობს კამბრიუმამდელი გნაისურ-მიგმატიტური, გვიანვარისკული გრანიტოიდული და კვარცპორფირულ-გრანიტპორფირული და ზედა პალეოზოური ვულკანოგენ-დანალექი წარმონაქმნები. მცირე გავრცელებით სარგებლობს კამბრიულისწინა (?) სერპენტინიტები და მეტამორფიზმის დაბალი საფეხურის გვიანპალეოზოური ქვიშაქვები.[2]

გეოტექტონიკური თვალსაზრისით, წარმოადგენს აგრეთვე სომხით-აზერბაიჯანის ბელტის გაშიშვლებულ ნაწილს. მთავარი წყლის არტერია, რომლის აუზში შიშვლდება მასივის დიდი ნაწილი არის მდინარე ხრამი, რომელიც სათავე იღებს თრიალეთის ქედზე.[3]

ხრამის მასივი ძირითადად შიშვლდება მდინარე ხრამის აუზსა და მისი შენაკადების ჭოჭიანის, კლდეისისწყლისა და ასლანკის ხეობებში. ღრმად ეროდირებული ანტიკლინური სტრუქტურაა.[4]

ხრამის მასივის გეოლოგიური კვლევა XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო. პირველი ცნობები მასივის შესახებ ზოგადი ხასიათისაა და მოცემულია ჯერ კიდევ გერმანელი გეოლოგის ოტო ვილჰელმ ჰერმან აბიხის შრომებში. ინგლისელი გეოლოგი ფელიქს ოსვალდი მასივს „ხრამის ჰორსტის“ სახელწოდებით მოიხსენიებდა. 1936–38 წლებში შეიქმნა ხრამის მასივის გეოლოგიური რუკა, სადაც ნაჩვენებია მასივის ამგები ქანების ფორმირების თანამიმდევრობა.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Т. Г. Казахашвили. Геолого-петрографический очерк Храмского кристаллического массива //Тр. ТГУ, 1941, вып.5, сc. 56–126.
  2. Схиртладзе Н.И. Новые данные о верхнем палеозое Храмского массива //ДАН СССР, 1960, 130, №1, с.170-173.
  3. Лоладзе Г. Н., Казахашвили Т. Г. Сборы, систематизация материалов, документирующих петрографию и минерализацию Закавказья (Храмский массив). Фонды ГПГУ, 1936, 356 c.
  4. Хуцишвили О. Д. Тектоника и история формирования Храмского кристаллического выступа //АН ГССР. Геол. ин-т, 1977, вып. 56, 109 с.
  5. Лоладзе Г. Н., Казахашвили Т. Г. Геолого-петрографичкское изучение Храмской кристаллической плиты, геологический отчот ГПГУ, Фонды, 1938, 345 c.