ხოსე პატრისიო გუჯიარი
| ხოსე პატრისიო გუჯიარი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 17 მარტი, 1884 |
| დაბადების ადგილი | ასუნსიონი |
| გარდაცვალების თარიღი | 29 ოქტომბერი, 1957 (73 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ბუენოს-აირესი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | Universidad Nacional de Asunción და დაწყებითი სკოლა |
ხოსე პატრისიო გუჯიარი (დ. 17 მარტი, 1884 — გ. 30 ოქტომბერი, 1957) — პარაგვაელი პოლიტიკოსი, რომელიც 1928-დან 1932 წლამდე პარაგვაის 32-ე პრეზიდენტად მსახურობდა.[1] როგორც ლიბერალური პარტიის წევრმა, მან გაიმარჯვა პარაგვაის ისტორიაში პირველ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში.[2]
მისი პრეზიდენტობის დროს არსებობდა საზოგადოებრივი უკმაყოფილება ბოლივიასთან ჩაკოს ომის მისეული მართვის გამო, ისევე როგორც მისი პირადი მცველების როლის გამო სტუდენტურ აქციაზე 11 ადამიანის მკვლელობაში, რომლებიც გუჯიარის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმომავლობა და პოლიტიკური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერები მოწმობს, რომ იგი დაიბადა პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში 1884 წლის 17 მარტს, პედრო გუჯიარისა და პეტრონა კორნილონეს ოჯახში, რომელთაც იტალიური და შვეიცარიული ფესვები ჰქონდათ. დაქორწინებული იყო როზა რამონა როხასზე და იყო მარია ესტელას, ხოსე ანტონიო გუჯიარი როხასისა და კლემენტინას მამა.[3]
დაწყებითი განათლება ქვეყნის შიდა რეგიონში, ქალაქ ვილიარიკაში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება „Colegio Nacional de la Capital“-ში, რომელიც მეცნიერებისა და ლიტერატურის ხარისხით დაამთავრა. ამის შემდეგ მან სამართალი შეისწავლა ასუნსიონის ეროვნულ უნივერსიტეტში. 1908-დან 1910 წლამდე მას ეკავა პროკურორის, მოგვიანებით კი სახელმწიფოს გენერალური პროკურორის პოსტები. შემდგომში იგი შეუერთდა „ლიბერალურ პარტიას“, რომლის თავმჯდომარეც 1924 წელს გახდა.[3]
იგი აირჩიეს ეროვნულ დეპუტატად 1913 წელს. იყო დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე 1918, 1923 და 1924-1927 წლებში.[4][5][6] ამავდროულად, იგი მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრად მანუელ გონდრას ადმინისტრაციაში 1920 წელს. 1928 წლის აპრილის არჩევნებში იგი პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო მოვალეობის შესრულებას 1928 წლის 15 აგვისტოს შეუდგა.
პრეზიდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიცე-პრეზიდენტ ემილიანო გონსალეს ნავეროსთან და მინისტრთა კაბინეტთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ელიხიო აიალა, როდოლფო გონსალესი და ხუსტო პასტორ ბენიტესი (ფინანსთა სამინისტრო), ბელისარიო რივაროლა, ლუის დე გასპერი, ხუსტო პასტორ ბენიტესი და ვიქტორ აბენტე აედო (შინაგან საქმეთა სამინისტრო), როდოლფო გონსალესი, ელადიო ველასკესი, ხუსტო პასტორ პრიეტო, ხუსტო პასტორ ბენიტესი და ალეხანდრო არსე (იუსტიციის, კულტისა და სახალხო განათლების სამინისტრო), ელისეო და როზა, მანლიო სკენონი და რაულ კასალ რიბეირო (ომისა და საზღვაო საქმეთა სამინისტრო), ხერონიმოს ზუბისარეტა და იგინიო არბო (საგარეო საქმეთა სამინისტრო), იგი ცდილობდა მოემზადებინა პარაგვაი ბოლივიასთან კონფლიქტისთვის, რომელიც მაშინ გარდაუვლად მიიჩნეოდა.
1928 წელს შეიქმნა თავდაცვის ეროვნული კონგრესი, რომელმაც არსებული გარემოებების მიუხედავად, მცირე წარმატებას მიაღწია. 1929 წელს, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, ჩამოყალიბდა ასუნსიონის არქიეპარქია, ხოლო პირველ არქიეპისკოპოსად ხუან სინფორიანო ბოგარინი დაინიშნა. 1931 წელს ძველ ქალაქ ახოსს სახელი შეეცვალა და ეწოდა „კორონელ-ოვიედო“. შეიქმნა სტომატოლოგიისა და ეკონომიკის სკოლები, რაც საფუძვლად დაედო ასუნსიონის ეროვნული უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, რომლებიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა. დამტკიცდა საუნივერსიტეტო რეფორმა. 1931 წელს დადგინდა დედაქალაქის ეროვნული კოლეჯის სწავლების ახალი გეგმა. შეიძინეს ქვემეხები: „Humaitá“ და „Paragua“. მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ბოლივიასთან ჩაკოს ომის დროს, რომელიც მისი მმართველობის მიწურულს დაიწყო.
ამავდროულად, გააქტიურდა ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი მემარცხენე ფრთა, რაც აისახა მანიფესტში „Nuevo Ideario Nacional“ და ქალაქ ენკარნასიონის დაკავებაში.
23 ოქტომბრის ტრაგედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1931 წლის მარტში მოხდა „სამხედრო ამბოხების“ მცდელობა, რომელიც იმჟამინდელ მაიორ რაფაელ ფრანკოს მიეწერებოდა. 23 ოქტომბრის ტრაგიკულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა არა მხოლოდ მისი მთავრობის შეფასებაზე, არამედ პირადად მის განცდებზეც. პროტესტი გამოიწვია პრეზიდენტ გუჯიარის გადაწყვეტილებამ, ჩაკოს რეგიონში ჯარების გადაადგილება საიდუმლოდ შეენახა, რადგან მიიჩნევდა, რომ ინფორმაციის პრესისთვის გაზიარება საშიში იყო და შესაძლოა მოწინააღმდეგე — ბოლივია — გაეფრთხილებინა.
საუნივერსიტეტო სტუდენტურმა ცენტრმა, აგუსტინ ავილას ხელმძღვანელობით, 1931 წლის 22 ოქტომბრის წინა დღეს, ურუგვაის მოედნიდან მსვლელობისკენ მოუწოდა. იქიდან ისინი სამთავრობო სასახლისკენ გაემართნენ, რათა რესპუბლიკის პრეზიდენტის, დოქტორ ხოსე პატრისიო გუჯიარის წინაშე პროტესტი გამოეხატათ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი იქ არ დახვდათ, მათ ქუჩებში მსვლელობა განაგრძეს, რაშიც პოლიციას ხელი არ შეუშლია, და მის სახლთან მივიდნენ. წარმოითქვა სიტყვები, სიტუაცია უმართავ ბრბოს დაემსგავსა და სახლს ქვები დაუშინეს. მანამდე სტუდენტები მაიორმა რაფაელ ფრანკომ გაამხნევა. საბოლოოდ, პოლიციამ სტუდენტები მკვეთრი ზომებით დაშალა.
მომდევნო დღეს, ეროვნული კოლეჯისა და ნორმალური სკოლის სტუდენტები ახალ დემონსტრაციაზე მიიწვიეს, რათა გაეპროტესტებინათ წინა დღით პოლიციის მხრიდან გამოვლენილი აგრესია. სტუდენტთა კოლონამ გაზეთების რედაქციები გამოიარა, ქვები დაუშინა „El Liberal“-ის შენობას და მივიდა სამთავრობო სასახლესთან, სადაც რესპუბლიკის პრეზიდენტი იმყოფებოდა. მუხტი გაიზარდა, ბრბომ გაარღვია სასახლის დამცავი პოლიციის კორდონი და პრეზიდენტის კაბინეტისკენ მიმავალი კიბეებისკენ გაეშურა. სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. სასახლის გვარდიის მიერ ნასროლმა ტყვიამფრქვევის ჯერმა ტრაგიკული სცენები გამოიწვია. პრეზიდენტი გუჯიარი აივანზე გამოჩნდა და ცეცხლის შეწყვეტა ბრძანა. ამის შემდეგ, მან თავი სამხედრო სკოლას შეაფარა, საპრეზიდენტო მმართველობა გონსალეს ნავეროს გადააბარა და ეროვნულ კონგრესს მისი პოლიტიკური გასამართლება სთხოვა. ეს იყო ქვეყნის ისტორიაში დასრულებული პოლიტიკური გასამართლების პირველი შემთხვევა.
ამ მძიმე მოვლენების დროს, როდესაც ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა პოლკოვნიკ არტურო ბრეის დაეკისრა, დოქტორმა გუჯიარიმ კონგრესის მიერ გასამართლება მოითხოვა. ამ თარიღიდან 1932 წლის 17 იანვრამდე უმაღლესი ხელისუფლება გადაეცა ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ემილიანო გონსალეს ნავეროს. პარლამენტმა იგი ბრალდებისგან გაათავისუფლა და გაამართლა. ამით იგი გახდა ლათინური ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ სამსჯავროს დაექვემდებარა და ბრალდებები მოეხსნა.
არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც ამ არეულობების უკან პარაგვაის კომუნისტური პარტია იდგა.
ბუენოს-აირესი და მისი უკანასკნელი დღეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1936 წლის 17 თებერვლის რევოლუციისა და პრეზიდენტ ეუსებიო აიალას გადადგომის შემდეგ, ხოსე პატრისიომ პარაგვაი დატოვა. იგი გარკვეული დროით არგენტინის ქალაქებში, კლორინდასა და ფორმოსაში იმყოფებოდა, სადაც შეიტყო შემაშფოთებელი ამბავი პრეზიდენტ აიალასა და ომის დიდებული ლიდერის, გენერალ ხოსე ფელიქს ესტიგარიბიას დაპატიმრების შესახებ. მოგვიანებით იგი საცხოვრებლად ბუენოს-აირესში გადავიდა.
ხოსე პატრისიო დაქორწინებული იყო როზა როხასზე. გადასახლებაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი შვილებიც, მათ შორის მარია სტელა, რომელიც ჩაკოს ომის დროს მოწყალების დად იყო და მოგვიანებით როსარიოში ცხოვრობდა. მისი მეორე ქალიშვილი, კლემენტინა, ვენსესლაო პერალტაზე დაქორწინდა და ლა-კოლმენაში დასახლდა ხოსეს შვილიშვილებთან (ხოსე, ტიტინი, პედრო ბრუნო, ტერესა და მარტა) ერთად. ხოსეს ერთადერთ ვაჟს ხოსე ანტონიო ერქვა.
1940 წლის ივნისში, გენერალ ესტიგარიბიას პრეზიდენტობისას, დედის გარდაცვალების გამო, იგი მატარებლით ვილიარიკაში, პარაგვაიში დაბრუნდა. თუმცა, მას შემდეგ რაც 1940 წლის სექტემბერში პრეზიდენტის პოსტი გენერალმა იგინიო მორინიგომ დაიკავა, გუჯიარი კვლავ ემიგრაციაში წავიდა. როდესაც 1946 წელს პრეზიდენტმა მორინიგომ დემოკრატიული კურსი აიღო და ყველა პარაგვაელისთვის ამნისტია გამოაცხადა, გუჯიარის დაბრუნება 14 აგვისტოს დაუვიწყარი იყო. თუმცა, ეს დემოკრატიული პერიოდი მხოლოდ 6 თვეს გაგრძელდა და გუჯიარი კვლავ გადასახლებაში წავიდა.[3] მას შემდეგ იგი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და 1957 წლის 30 ოქტომბერს ემიგრაციაში გარდაიცვალა.
მის ერთ-ერთ ცნობილ გამონათქვამად ითვლება: „ლიბერალობის სიამაყეს მხოლოდ პარაგვაელობის პატივი თუ აღემატება“.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „JOSE GUGGIARI, 73, OF PARAGUAY DIES; President 1928 to 1932 Was Opposition Party Leader in Exile in Buenos Aires Long Party Ascendancy“. The New York Times (ინგლისური). 1957-10-31. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2025-05-10.
- 1 2 Lewis, Paul H. (1991), Bethell, Leslie, რედ., "Paraguay since 1930", The Cambridge History of Latin America (Cambridge University Press) 8: Latin America since 1930: Spanish South America: pp. 233–266, , ISBN 978-0-521-26652-9, https://www.cambridge.org/core/books/abs/cambridge-history-of-latin-america/paraguay-since-1930/CBBCEF364F4003F50F2604111C2B6E5D
- 1 2 3 Hilton, Ronald (1948). Who's who in Latin America, 3, გვ. 207.
- ↑ https://www.csj.gov.py/cache/lederes/R-1-011924-L-702-0.pdf დაარქივებული 2021-05-19 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Portal Guaraní - REPÚBLICA DEL PARAGUAY (GOBIERNO Y GEOGRAFÍA).
- ↑ Registro oficial correspondiente al año de... (1927).