შინაარსზე გადასვლა

ხოსე ანტონიო რემონ კანტერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოსე ანტონიო რემონ კანტერა
ესპ. José Antonio Remón Cantera
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1908(1908-04-11)
დაბადების ადგილი პანამა
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 1955(1955-01-02)[1] (46 წლის)
გარდაცვალების ადგილი პანამა
მოქალაქეობა  პანამა
ჯილდოები ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი და ბრტიანეთის იმპერიის ორდენი

ხოსე ანტონიო რემონ კანტერა (11 აპრილი, 19082 იანვარი, 1955) — პანამის მე-16 პრეზიდენტი, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 1952 წლის 1 ოქტომბრიდან 1955 წლის 2 იანვრამდე, სიკვდილამდე ეკავა. იგი პანამის პირველი სამხედრო მმართველი („ძლიერი ხელი“) იყო, რომელიც ქვეყანას კულუარებიდან ჯერ კიდევ 1940-იანი წლების ბოლოს მართავდა. რემონი „ეროვნული პატრიოტული კოალიციის“ (CNP) წევრი და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო 1952 წლის მაისის არჩევნებში.

1931 წელს იგი ეროვნულ პოლიციას შეუერთდა, 1947 წელს კი მისი უფროსი გახდა.[2] ამ პოზიციაზე ყოფნისას მან მოაწყო გადატრიალება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დანიელ ჩანის პინსონის წინააღმდეგ.

1953 წლიდან მისმა ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერთან პანამის არხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამ პროცესს მოჰყვა შეთანხმება, რომელიც 1955 წელს იყო რატიფიცირებული. შედეგად, პანამისთვის გადასახდელი ყოველწლიური რენტა მნიშვნელოვნად გაიზარდა (430,000 დოლარიდან 1.9 მილიონ დოლარამდე), ხოლო „პანამის არხის კომპანიამ“ ქვეყანას დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გადასცა.

გენერალი ხოსე რემონი 1940-იან წლებში კულუარებში მოქმედი გავლენიანი ფიგურა იყო. მან მოაწყო რამდენიმე გადატრიალება, რის შედეგადაც ხელისუფლებას ჩამოაშორა დოქტორი არნულფო არიასი და კიდევ ორი პრეზიდენტი. რემონის პრინციპების ყველაზე დასამახსოვრებელი ფორმულირება იყო ფრაზა: „არც მილიონები და არც მოწყალება – ჩვენ გვსურს სამართლიანობა“. 1952 წელს რემონი პანამის პრეზიდენტად „აირჩიეს“ მეტად საეჭვო არჩევნებში, რომელიც სავსე იყო თაღლითობისა და მის სასარგებლოდ პოლიციის ჩარევის აშკარა მაგალითებით.[2]

იგი იყო პანამის პირველი სამხედრო მმართველი, რომელიც პრეზიდენტებს საკუთარი სურვილისამებრ ნიშნავდა და ათავისუფლებდა. მას შემდეგ, რაც თავიდან პოლიტიკურ თანამდებობებზე უარი თქვა, მან პოზიცია შეიცვალა და 1952 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღეს ოპოზიცია იდევნებოდა და მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. 1952 წლის მაისში იგი გამარჯვებულად გამოცხადდა.

1955 წლის 2 იანვარს, საღამოს 7:30 საათზე, იპოდრომზე რემონს ჩასაფრება მოუწყვეს და ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა პირებმა. რემონი ორი საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდასხმისას კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რემონის ერთ-ერთი მცველი.[3]

მკვლელობის გამოძიება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რემონის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები ბურუსით იყო მოცული. თავდაპირველი გამოძიებისას დააკავეს ამერიკელი მარტინ ირვინგ ლიპშტეინი, თუმცა იგი მოგვიანებით გაათავისუფლეს,[4] მას შემდეგ, რაც 1955 წლის 12 იანვარს ადვოკატმა რუბენ ო. მირომ დანაშაული აღიარა.გარდა ამისა, ლიპშტეინს ჰქონდა ალიბი — რამდენიმე მოწმე ადასტურებდა, რომ რემონის მკვლელობის დროს (ხუან ფრანკოს იპოდრომზე) იგი შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ შორს იმყოფებოდა.

აღიარებით ჩვენებაში მირო ამტკიცებდა, რომ იგი ხოსე რამონ გიზადოს დავალებით მოქმედებდა, რომელმაც რემონის სიკვდილის შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. გიზადო თანამდებობიდან გადააყენეს და 15 იანვარს დააპატიმრეს,[5] 29 მარტს კი იგი დანაშაულში თანამონაწილეობისთვის ცნეს დამნაშავედ.[6]

გიზადო ყოველგვარ თანამონაწილეობას უარყოფდა, თუმცა ემოციური სასამართლო პროცესის შემდეგ მას 6 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი 1957 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მირო და კიდევ ექვსი ეჭვმიტანილი სასამართლომ გაამართლა.[7][8] მკვლელობა საბოლოოდ გაუხსნელი დარჩა. გიზადო ესპანეთში გადასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას. რაც შეეხება მიროს (უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაჟს), იგი პანამის ცენტრში, ბანკიდან გამოსვლისას, დღისით-მზისით გაიტაცეს და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

  1. Munzinger Personen
  2. 1 2 Shultz, Richard H. (2000). In the Aftermath of War. DIANE Publishing, გვ. 5–6. ISBN 9781428992719. 
  3. „Assassins Fire From Ambush At Race Track“. Pittsburgh Post-Gazette. 3 January 1955. pp. 1, 4.
  4. „Yank Denies Panama Crime“. Toledo Blade. 7 January 1955. p. 2.
  5. „Playboy Lawyer Admits He Was Triggerman In Remon Slaying“. St. Petersburg Times. 16 January 1955. p. 1.
  6. „Ex-President of Panama Is Convicted“. St. Joseph News-Press. 29 March 1955. p. 2.
  7. „Seven Acquitted In Murder Of Panama President“. 7 December 1957. p. 8.
  8. „Guizado Out Of Jail In Panama“. The Miami News. 11 December 1957. p. 10B.