ხორტოკოპის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხორტოკოპის ციხე — ციხე თურქეთში ტრაპიზონის სამხრეთით, თანამედროვე მაჩკიდან დაახლოებით 5 კმ-ში, თანამედროვე სოფელ აშაღიქოიში. ციხე აგებულია ამაღლებულ ადგილას. იგი საკმაოდ მოზრდილი ნაგებობაა. მისი დიამეტრი 60 მ-ია და თითქმის წრიული ფორმისაა. თავის დროზე ჰქონია ცხრა გარეთ გატანილი მომრგვალებული კოშკი. გალავნის კედლები დღეისათვის 1-2 მ სიმაღლემდეა შემორჩენილი. მისი უახლესი ანალოგია ვალენტინიანესა და ვალენსის ეპოქაში აგებული ე.წ. „ზარისებრი“ ფორმის ფორტები. ამ ძეგლიდან გვაქვს ერთადერთი, III საუკუნის მონეტა. ტოპონიმი ხორტოკოპ-კალე, ისევე როგორც მის სიახლოვეს, მაჩკას ჩრდილოეთით არსებული ხორტოკობუზირი, ხორტოკობუ-ვასეტი და ხორტოკობუბალა მოგვაგონებენ პროკოპისთან დამოწმებულ ოკენითის ჭანების საზღვარზე განლაგებულ ხარტონის ციხეს. ეს ძველადვე ადგილობრივთა მიერ აგებული და შემდეგ მოუვლელობის გამო ნანგრევებად ქცეული საფორტიფიკაციო ნაგებობა იუსტინიანემ განაახლა და იქ გარნიზონი ჩააყენა. თუმცა, მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ხარტონი ჭოროხის სათავეებიდან ჭანეთში და ოფიდან ბაიბურთისკენ მიმავალ გზათა შესაყარზე მდებარე ხარტ ღართის ციხეს უნდა შეესაბამებოდეს. არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ის არის „ნოტიციის“ ღაზანეიკა, მით უმეტეს, რომ მის გვერდით მოხსენებული ყველა პუნქტი ჰინტერლანდშია, ხოლო ერთ-ერთი სისილა, სადაც Cohors Miliaria Germanorum-ი იყო დაბანაკებული, დამოწმებულია პროკოპისთან სისილისონის ფორმით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 22 ISBN 978-9941-0-6458-6.