შინაარსზე გადასვლა

ხორკლებიანი გუდაფშუკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორკლებიანი გუდაფშუკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  აგარიკასისნაირნი
ოჯახი:  Lycoperdaceae
გვარი:  Lycoperdon
სახეობა:  Lycoperdon perlatum
ლათინური სახელი
Lycoperdon perlatum
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090665

ხორკლებიანი გუდაფშუკა (ლათ. Lycoperdon perlatum) — მისი ნაყოფსხეული მსხლისებრი ან გურზისებრი ფორმისაა და ზოგჯერ მჯდომარეა. მას კარგად განვითარებული ცრუ ფეხი აქვს. მისი ზომა 3-8 სანტიმეტრის სიმაღლეს და 3-6 სმ დიამეტრს აღწევს. გარეთა გარსი, ანუ ეგზოპერიდიუმი, თავდაპირველად მოთეთროა, ხოლო მოგვიანებით მურა შეფერილობას იღებს. მისი ზედაპირი დაფარულია პირამიდისებრი ხორკლებით, რომლებიც დროთა განმავლობაში სცილდება, რის შემდეგაც ზედაპირზე ბადისებრი ორნამენტი რჩება. შიგნითა გარსი, ანუ ენდოპერიდიუმი, თხელი და პერგამენტისებრია, მურა ფერის და მომწიფებისას იხსნება ცენტრალური, მომრგვალო ნასვრეტით.

სპორები მურა-მომწვანო შეფერილობისაა, სფეროსებრი და ნაზხორკლიანი. მათი დიამეტრი 3-4 მიკრომეტრია.

რბილობი, ანუ გლება, თავდაპირველად რბილი და ღრუბლისებრია, თეთრი ფერის, მაგრამ მომწიფების პროცესში მომწვანო-მოყავისფრო ხდება. საბოლოოდ, ის ფხვიერ სტრუქტურას იძენს და მთლიანად სპორებით ივსება. სოკოს მკვეთრი სუნი არ აქვს და ჰაერზე ფერს არ იცვლის.

იგი ზაფხულსა და შემოდგომაზე იზრდება ნიადაგზე, ზოგჯერ ჩამონაცვენ ფოთლებზე და დამპალ მერქანზეც. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მდელოებზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში. მისი გავრცელების არეალი მოიცავს როგორც დაბლობებს, ასევე ალპურ და სუბალპურ ზონებს. ის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოკოა.

ამ სოკოს მსოფლიო გავრცელება აქვს და თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება. საკვებად ვარგისია მხოლოდ ნორჩ ეტაპზე, სანამ მისი რბილობი თეთრი ფერისაა. ხალხურ მედიცინაში მისი სპორების მტვერი გამოიყენება ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად. თუმცა, დიდი რაოდენობით სპორების შესუნთქვა ალერგიულ რეაქციებს იწვევს, მათ შორის სურდოს, გულის აჩქარებას, თავბრუსხვევას და გულისრევის შეგრძნებას. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი.

  • ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 68-69, ISBN 978-9941-8-4547-5