ხოვლეგორა
ხოვლეგორა — გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლი, სოფელ ხოვლეს (კასპის მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე. გათხრები მიმდინარეობდა 1954-1961 წლებში (ნ. ბერძენიშვილი, გ. ცქიტიშვილი, დ. მუსხელიშვილი, ტ. ჩუბინიშვილი, დ. ხახუტაიშვილი). გამოვლინდა ნამოსახლარის 8 სტრატიგრაფიული ჰორიზონტი.
- VIII-VII ჰორიზონტები — ძვ. წ. XV-XIV საუკუნეები;
- VI ჰორიზონტი — ძვ. წ. XIII საუკუნე;
- V ჰორიზონტი — ძვ. წ. XII-X საუკუნეები;
- IV ჰორიზონტი — ძვ. წ. IX-VII საუკუნეები;
- III ჰორიზონტი — ძვ. წ. VI საუკუნე;
- II ჰორიზონტი — ძვ. წ. V საუკუნე;
- I ჰორიზონტი — ძვ. წ. IV საუკუნე.
ძველ ხოვლეგორელთა (VIII-IV ჰორიზონტები) საცხოვრებელი სახლები ძელურია. საძირკველი ნაგებია ნატეხი ქვით ტალახის ხსნარზე, ხოლო კედლები ორივე მხრიდან ბათქაშითაა შელესილი. იატაკი თიხატკეპნილია. ძირითადად ერთოთახიანია. როგორც წესი, შესასვლელის მარცხენა უკანა კუთხეში პურის საცხობი ღუმელია მოწყობილი. მარჯვენა კუთხეში საკურთხეველია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში თიხის ვერძის თავის ქანდაკებითაა შემკული. ამ დროს ხოვლეგორას თხრილი ჰქონდა შემოვლებული. ძვ. წ. VI საუკუნეში დასახლება გასცდა ბუნებრივი გორის ფარგლებს და თხრილთან ერთად მას უკვე ქვის განიერი გალავანი შემოავლეს. ამ დროს დასახლება დადასტურებულია გალავნის შიგნით გორის ფუძესთან. რამდენიმეოთახიანი სახლები 1 მეტრ სიმაღლეზე ნაგებია ქვით ტალახის ხსნარზე, შემდეგ კედლები ტკეპნილი თიხით ან ალიზითაა ამოყვანილი. ამ დროს გორის თხემზე გაჩნდა ერთი საერთო სალოცავი – ქვით ნაგები, გეგმით კვადრატული მაღალი საკურთხეველი. ძვ. წ. IX-VII საუკუნეებში (IV ჰორიზონტი) ხოვლეგრის მოსახლეობას გაუჩნდა საერთო ბოსელი. ხოვლეგორის ყველა პერიოდის სახლები ბანურგადახურვიანია და გორის ფერდობებზე ტერასულად განლაგებული იყო.
ხოვლეგორის კომპლექსში შედის გორის გარშემო განლაგებული ნასოფლარი, სადაც მოსახლეობა ძვ. წ. XII-X საუკუნეებში გაჩნდა და ძვ. წ. IV საუკუნემდე იარსება. ერთოთახიანი, ბანურგადახურვიანი სახლები ტალახის ხსნარზე ქვითაა ნაგები. ზოგი ნახევრად მიწურულია. სახლები სიგრძივ ღერძზე ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი ბოსლად იყო გამოყენებული. ყველა სახლში, საცხოვრებელი ნაწილის კუთხეში, პურის საცხობი ღუმელია მოწყობილი, მოპირდაპირე მხარეს საკურთხეველია. ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან ამის ნაცვლად გაჩნდა ახალი ელემენტი – შუაცეცხლი. ხოვლეგორის ნასახლარებზე მოპოვებული მასალის უდიდესი ნაწილი კერამიკაა: შავად და ლეგად გამომწვარი ჭურჭელი (VIII–IV ჰორიზონტი), წითლად გამომწვარი ჭურჭელი (IV ჰორიზონტის დასასრულიდან). ნაკლები რაოდენობითაა ქვის სამეურნეო იარაღი, უფრო ნაკლები - ლითონისა და ძვლის იარაღ-სამკაული.
ცალკე აღსანიშნავია უნიკალური აღმოჩენები: 2 კევრი (IV ჰორიზონტი) და გამომწვარი თიხის სამეთუნეო ჩარხი (III ჰორიზონტი).
ნასოფლარის მახლობლად გათხარეს მეჭურჭლეთა ცალკე უბანი. გამოვლინდა ქრონოლოგიურად ერთმანეთის მომდევნო 3 სახელოსნო, რომლებშიც ერთმანეთისაგან განსხვავებული კონსტრუქციის, მაგრამ გენეტიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ქურები იყო მოწყობილი. სახელოსნოში შედიოდა ჭურჭლის საწვავი ქურა, სამუშაო მაგიდა, თიხის შესანახი ორმო, წყლის შესანახი დერგები და ხელოსნის საცხოვრებელი სახლი. სახელოსნო უბნის ტერიტორიის გამოყოფა დასახლების ძირითადი ნაწილისაგან იმაზე მიუთიტებს, რომ ძვ. წ. I ათასწლეულის ნახევარში ქართლის ბარში მიწათმოქმედებისაგან ხელოსნობის გამოყოფის პროცესი ღრმად იყო წასული.
ხოვლეგორის სამხრეთით 0,5 კმ-ზე გათხარეს ძვ. წ. VII–V საუკუნეების სამაროვანის ნაწილი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ორმოებში მოკუნტულად მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამარხები ჯგუფურად იყო განლაგებული და ქრონოლოგიურ-ტიპობრივი ნაირსახეობის მიხედვით ჩანს ხოვლეგორის ყოფაში მომხდარი დიფერენციაცია.
სხვადასხვა ჰორიზონტის არქეოლოგიური მასალა არსებითად თითოეულის შემდგომი განვითარებაა და მიუთითებს ხოვლეგორის მოსახლეობის როგორც კულტურულ, ისე ეთნიკურ ერთიანობასა და თანამიმდევრობაზე. ხოვლეგორის არქეოლოგიური კულტურა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის კულტურულ არეში შედის და ბევრი ნიშნით მომიჯნავე მხარეების ლოკალურ კულტურულ წრეებს (ქვემო ქართლი, თრიალეთი, შიდა ქართლი, სამთავრო) ენათესავება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 494.
- მუსხელიშვილი დ., ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, თბ., 1978
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 257.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ნამოსახლარი № 6023
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № სახელოსნო უბანი № 23071
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № სამაროვანი № 23072