შინაარსზე გადასვლა

ხლებინის სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაივური ხელოვნების გალერეა სოფელ ხლებინეში.

ხლებინის სკოლა (ხორ. Hlebinska škola) — ჩრდილოეთ ხორვატიაში, დრავის ხეობაში, კოპრივნიცასთან ახლოს მდებარე სოფელ ხლებინესა და მის მიდამოებში მოღვაწე რამდენიმე თაობის გლეხ-თვითნასწავლ მხატვართა პირობითი აღნიშვნა.

ნაივური (პრიმიტივიზმი) პოდრავის მხატვრობა ხასიათდება ყოველდღიური სოფლის ცხოვრების მოტივებით, მშვიდი ლანდშაფტებით, აგრეთვე ცოცხალი, „ლოკალური“ ფერებით, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია მინაზე ფერწერის უნიკალური ტექნიკისთვის. მოტივები, ფერები და ტექნიკა ისეთი ტიპურია, რომ ხლებინის სკოლის ნამუშევარს ადვილად ამოიცნობენ როგორც მსოფლიო ექსპერტები და კრიტიკოსები, ისე ჩვეულებრივი ხელოვნების მოყვარულები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხლებინის სკოლის ოსტატებმა მინაზე ფერწერის ტექნიკა ისეთ ვირტუოზულ დონეზე აიყვანეს, რომ მათ XX საუკუნის მსოფლიო ხელოვნებაში პრაქტიკულად თანაბარი არ ჰყავთ.

სახელწოდების წარმოშობის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხლებინის „სკოლის“ იდეური მამა და დამაარსებელი იყო ხორვატი აკადემიური მხატვარი კრსტო ჰეგედუშიჩი (1901-1975). მისი ბავშვობის ნაწილმა, მამის მხრიდან მამულში, სოფელ ხლებინეში გაიარა. როგორც მრავალი ახალგაზრდა ინტელექტუალი იმ დროისთვის, ჰეგედუშიჩმიც დაინტერესდა მემარცხენე იდეებით და ეროვნულ-თვითმყოფადი გამოხატვის ძიებით ხელოვნებაში. 1926-1928 წლებში პარიზში სტაჟირებისას ის გაეცნო ავანგარდულ მიმდინარეობებს და თანამედროვე ევროპული ხელოვნების შთაბეჭდილებით იყო გატაცებული. იქვე მან დაინახა ფრანგი მხატვრის, ვალენტინ პრაქსის (ცადკინა) მინაზე შესრულებული ნამუშევრები, რომლებმაც შეახსენეს მას პოდრავინეში ნანახი ძველი პოსტ-ბაროკოს სტილის სასოფლოს მინის ფერწერა.

ჰეგედუშიჩმა მოახერხა ორი დაშორებული წარმოდგენის, კონკრეტული ტრადიციისა და თანამედროვეობის, დაკავშირება და საკუთარი ვიზუალური ენის პოვნა.

1929 წელს ზაგრებში ჰეგედუშიჩი პროგრესული მხატვრული გაერთიანება „მიწის“ („Zemlja“) ერთ-ერთი დამფუძნებელი ხდება. ამ პერიოდში ის დროდადრო ხლებინეში ცხოვრობს, სადაც 1930 წელს ამჩნევს ადგილობრივ თვითნასწავლ გლეხ მხატვრებს – ივან გენერალიჩს (1914-1992) და ფრანიო მრაზს (1910-1981). ჰეგედუშიჩი მათ კრეატიულ რჩევებს აძლევს და ფერწერის ძირითად ტექნიკებს ასწავლის.

„მიწის“ ჯგუფის პროგრამაში ემატება პუნქტი — „მუშაობა ხლებინელი გლეხ-მხატვრებთან“ და ჩნდება ე.წ. „სოფლის მხატვრული სკოლა ხლებინეში“ ან მოკლედ – „ხლებინის სკოლა“. ჰეგედუშიჩი მიიჩნევდა, რომ მხატვრული ნიჭი წარმოშობასთან არაა დაკავშირებული და არც რომელიმე კონკრეტული კლასის პრივილეგიაა.

1931 წელს ის თავის მოწაფეებს „მიწის“ III გამოფენაზე ზაგრებში მიიწვევს. ამის შემდეგ გლეხი თვითნასწავლი მხატვრები ხალხური გამოფენების მუდმივი მონაწილეები ხდებიან და პოპულარობას იძენენ.

კრსტო ჰეგედუშიჩის მოღვაწეობა გლეხ მხატვრებთან წარმოადგენდა ტრადიციის, კულტურისა და იდეოლოგიის თავისებურ შერწყმას, რომელიც XX საუკუნის 20-30-იან წლებში ხორვატიის სოფლის სოციალურ ტრანსფორმაციასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა გლეხური და საქალაქო კულტურების თავისებური სიმბიოზი.

ჰეგედუშიჩის მიერ შემოთავაზებული დებულებები და მისი გავლენა შემოქმედებით პროცესზე მინიმალური იყო. მისი ძირითადი პოსტულატი მოწაფეებისთვის — „ხატავ იმას, რასაც ხედავ“ — ხალხური აღქმისთვის ადვილად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა. მინაზე ფერწერის ტექნიკამ კი მთელი სოფლის და მისი შემოგარენის მხატვრებს შთაგონება მოუტანა.

ხლებინის სკოლის პირველი თაობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ივან გენერალიჩი
  • ფრანიო მრაზი
  • მირკო ვირიუსი

ომამდელი პერიოდის გლეხი მხატვრების ნამუშევრებში გამოხატული სოციალური თემატიკა დომინირებდა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული „მიწის“ ჯგუფის შემოქმედებასა და იდეებთან.

ხლებინის სკოლის მეორე თაობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხლებინის ახალმა მხატვრულმა თაობამ სოფლის ცხოვრების იდეალიზებულ და სტილიზებულ გამოსახვაზე ფოკუსირება დაიწყო, რომელიც ძირითადად მათი ფანტაზიიდან გამომდინარეობდა. ივან გენერალიჩი ხლებინის სკოლის ცენტრალურ და დომინანტურ ფიგურად იქცა. მან გააერთიანა ნიჭიერი სოფლის ახალგაზრდობა — ფრანიო დოლენცი, ფრანიო ფილიპოვიჩი და დრაგან გაჟი — და ჰეგედუშიჩის მსგავსად, მათ ფერწერის ძირითად ტექნიკებს ასწავლიდა.

1952 წელს ზაგრებში გლეხური ხელოვნების გალერეის (1994 წლიდან — ხორვატული ნაივური ხელოვნების მუზეუმი) გახსნამ და გენერალიჩის პირადი გამოფენის დიდმა წარმატებამ 1953 წელს პარიზში, პოდრავინელი მხატვრებისთვის დიდი სტიმული გახდა.

1950-იანი წლების პირველ ნახევარში ფერწერას იწყებენ: ივან ვეჩენაი, მიო კოვაჩიჩი, მარტინ მეჰკეკი, იოსიპ გენერალიჩი. ეს მხატვრები, ადრე ხსენებულ ფრანიო ფილიპოვიჩთან და დრაგან გაჟისთან ერთად, ქმნიან ხლებინის სკოლის მეორე თაობას. ისინი ხორვატული და მსოფლიო ნაივური ხელოვნების კლასიკოსებად ითვლებიან. მათი ნამუშევრები ინახება: ყოფილი იუგოსლავიის მუზეუმებში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე შეტანილნი არიან „მსოფლიო ნაივური ხელოვნების ენციკლოპედიაში“ (World Encyclopedia of Naive Art)

შემოქმედებითი ურთიერთქმედება და მემკვიდრეობა, ივან გენერალიჩისა და ახალგაზრდა მხატვრების ერთობლივი გამოფენები, პირდაპირი კონტაქტები, გამოცდილების გაცვლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც თითოეული მხატვრის ინდივიდუალურ შემოქმედებაზე, ასევე ხლებინის სკოლის ხელოვნების მთლიან ხასიათზე. ამ პერიოდის მხატვრებმა ნაივური ხელოვნების ახალი სტანდარტები დაამყარეს, რამაც მათ მსოფლიო აღიარება მოუტანა.

1950-იანი წლების შუა პერიოდში ხორვატული ნაივური ხელოვნება მსოფლიო აღიარებას აღწევს. ამის საუკეთესო მაგალითებია: 1955 წელს — სან-პაულუს ბიენალე. ხლებინის სკოლამ ბრაზილიაში გამართულ მესამე ბიენალეზე განაპირობა სენსაციური წარმატება. 1958 წელი — ბრიუსელის ისტორიული გამოფენაზე გენერალიჩმა მონაწილეობა მიიღო ეპოქალურ გამოფენაზე „50 წელი თანამედროვე ხელოვნება", სადაც წარმოდგენილნი იყვნენ XX საუკუნის პირველი ნახევრის უდიდესი მხატვრები. ამ გამოფენის შემდეგ მან პერსონალური გამოფენის ორგანიზების მოწვევა მიიღო ბრიუსელის დამხვედრი ხელოვნების სასახლეში. ბრიუსელის მოვლენებმა საბოლოოდ დაამტკიცეს ივან გენერალიჩის საერთაშორისო მნიშვნელობა და ხლებინის სკოლის მსოფლიო მასშტაბის წვლილი ხელოვნების ისტორიაში.

ხორვატული ნაივური ხელოვანების ნამუშევრები მონაწილეობენ მრავალ პრესტიჟულ გამოფენებზე, მათზე გამოიცემა სავალდებულო მონოგრაფიები ყველა მთავარ ენაზე, და მათ გამოფენებს მასწპინძლობენ საუკეთესო მუზეუმები მთელს მსოფლიოში. ხლებინის სკოლის ხელოვანთა ნამუშევრები რამდენჯერმე იყო გამოფენილი საბჭოთა კავშირში — სახელმწიფო ერმიტაჟში, პუშკინის მუზეუმში და რუსულ მუზეუმში.

სერიოზული სახელმწიფო მხარდაჭერა გამოფენების პროექტების ორგანიზებაში, რომლებიც მიეძღვნა ნაივურ ხელოვნებას, მნიშვნელოვნად დააჩქარა ამ ფენომენისადმი საერთო ინტერესის ზრდა როგორც თავად ყოფილ იუგოსლავიაში, ისე მთელს მსოფლიოში.

ხლებინის სკოლის მესამე და მეოთხე თაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ მრავალრიცხოვან თაობათა შორის, ხელოვნებათმცოდნეებისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო შემდეგმა მხატვრებმა: ივან ლაცკოვიჩმა, ნადა შვეგოვიჩ ბუდაიმ, ნიკოლა ვეჩენაი ლეპორტინოვმა, მარტინ კოპრიჩანეცმა, სტეპან ივანეცმა და დრაჟენ ტეტეცმა. მათი ნამუშევრები დაცულია ზაგრებში მდებარე ხორვატული ნაივური ხელოვნების მუზეუმსა და სხვა მრავალ მუზეუმსა და გალერეაში.

1980-იანი წლების ბოლოსთვის ევროპული პუბლიკის ინტერესი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო იუგოსლავიის დაშლამ და სამოქალაქო ომმა ფაქტობრივად დაუსვა წერტილი ამ მოძრაობის განვითარებაში. მიუხედავად ამისა, ხლებინის სკოლამ მოახერხა მნიშვნელოვანი როლის შესრულება ნაივური ხელოვნების, როგორც XX საუკუნის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების აღიარებასა და ინსტიტუციონალიზაციაში.

ვიკიციტატა
„..ძნელია ველოდოთ სხვა ანალოგიური მოვლენების გაჩენას იმ ტენდენციების კონტექსტში, რომლებმაც თანამედროვე ხელოვნებაში ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ მიიღეს კონკრეტული და დასრულებული სეგმენტის ხასიათი და სტატუსი. ამ თვალსაზრისით, „ხლებინის სკოლას“ არ გააჩნია საკუთარი მუდმივი და ტრანსისტორიული გაგრძელება. აქა-იქ, ამ რეფლექსებით განპირობებული, ხანდახან ჩნდება ამ ფენომენის ბაზაზე საინტერესო სახელები, მაგრამ ხლებინის ეპიზოდი, ისევე როგორც ზოგადად „ხორვატული ნაივი“ წარმოადგენს ჩამოყალიბებულ და ისტორიულად დასრულებულ პროცესს.“
  • Hergešić, I. (H.): Seljačka slikarska škola Hlebine. Jutarnji list 10.IX.1931.
  • Bihalji-Merin, Oto: Umetnost naivnih u Jugoslaviji. Монография. Beograd 1963.
  • Tomašević, Nebojša: Naivci o sebi. Монография. Beograd 1973.
  • Gamulin, Grgo: Pittori naïfs della Scuola di Hlebine. Монография. Milano 1974. (итал.франц.нем.)
  • Kelemen, Boris: Naivni slikarstvo u Jugoslaviji. Монография. Zagreb 1976.
  • Tomašević, Nebojša: Naivni slikari Jugoslavije. Монография. Beograd 1977. (франц.англ.)
  • Bihalji-Merin, Oto; Tomašević, Nebojša: Enciklopedija Naivne Umetnosti Sveta. Энциклопедия. Beograd 1984. (англ.франц.нем.японск.)
  • Vrkljan-Križić, Nada: Naivna umjetnost. Монография. Zagreb 1991.
  • Depolo, Josip; Vince, Ratko; Rogić Nehajev, Ivan: Čudo hrvatske naive. Монография. Zagreb 1996. (нем.англ.итал.)
  • Crnković, Vladimir: Umjetnost Hlebinske škole. Монография. Zagreb, 2005.
  • Crnković, Vladimir; Thumm, Cynthia; Zander, Charlotte: Die Schule von Hlebine – 75 Jahre. Бённигхайм 2005.
  • Kušenić, Helena: Putevima Hlebinske skole. Монография. Koprivnica, 2018.
  • Gamulin, Grgo: Naivni slikari Hlebinske škole. Монография. Zagreb, 2019.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]